პუტინის "მულტი-პულტი"
07-03-2018
პუტინის "მულტი-პულტი"
პუტინმა ქვეყნის პოლიტ-ელიტას "მულტფილმები" უჩვენა. მთელი ეს დემონსტრაცია, მუქარა იყო დასავლეთის მისამართით.

პუტინის მიერ გასულ კვირას, რუსეთის სათათბიროს დეპუტატებისათვის და პოლიტიკური ელიტისთვის წარდგენილი სადემონსტრაციო მასალა, ბუნებრივია, საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.

განხილვებიდან, უმრავლესობა ცინიკური შინაარსისაა, რაც განაპირობა იმ "მულტფილმებმა" (ბმული), რომელიც პუტინმა წარუდგინა ზემოთ დასახელებულ პუბლიკას.

უცნაურია, იმ ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, რომელიც დღეს არსებობს დედამიწაზე, ზესახელმწიფოს პრეტენზიების მქონე ქვეყნის ლიდერი, ასეთი მდარე ხარისხის სადემონსტრაციო მასალით წარსდგეს, ასეთი მნიშვნელოვანი პუბლიკის წინაშე და
ამ პუბლიკას არ დაეუფლოს შეურაცხყოფის განცდა
.
ის, რაც დარბაზში სადემონსტრაციო მასალის მონიტორებზე გასვლისას ხდებოდა, კარგად ასახავს რუსეთის პოლიტიკური მმართველობის სრული სპექტრის მენტალურ მდგომარეობას, რომელიც საბჭოთა კავშირისა და КПСС-ის მსგავსი სხდომების მონატრებითაა გამოწვეული. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რეალობას და მთავარია ის, თუ რამდენად მკაცრ მუქარად
დაიღვრება ლიდერი, მოწინააღმდეგე ქვეყნების მისამართით. სხდომის შემდგომ, მანეჟის ჰოლში ჩაწერილი ინტერვიუები, რომელიც მყისიერად გავრცელდა რუსულ მედიაში, კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ "მულტფილმებით" შეურაცხყოფის ნაცვლად, მათ ბავშვური აღტკინება დაეუფლათ, რომელიც ალბათ იმით განიმტკიცეს, რომ მათმა ლიდერმა ასეთი მდარე ხარისხის მასალა უცხო ქვეყნების დაზვერვისა და სამხედრო ექსპერტებისგან ინფორმაციის დამალვის მიზნით გამოიყენა. თუმცა მიუხედავად ასეთი გამართლებისა, ის, რაც მონიტორებზე გადიოდა მაინც უნდა გამხდარიყო გულისწყრომის საბაბი, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლებელი იყო გაცილებით უკეთესი ხარისხის მასალის მომზადება, რომელიც რეალობასთან ახლოს იქნებოდა.

რა მოყვა პუტინმა იმ შეიარაღების შესახებ, რომელიც "მულტფილმებში" იყო წარმოდგენილი? - ზღაპრები, რომლის დაჯერება თუნდაც მინიმალურ, სასკოლო დონეზე ფიზიკის მცოდნე ადამიანისთვისაც კი დაუჯერებელია, არათუ სამხედრო ექსპერტებისა და სადაზვერვო სამსახურებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც პუტინმა თქვა, ეს იყო მიკრო ატომური რეაქტორი, რომელიც, მისი თქმით, ფრთოსან რაკეტაში ჩაამონტაჟეს. ამ ტყუილში დასარწმუნებლად წარმოიდგინეთ მხოლოდ ის, თუ რა მოცულობის, ზემკვრივი მასალაა საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ერთი გრამი რადიოაქტიული ნივთიერებიდან რადიაციის გაჟონვა იქნეს შეჩერებული და მიხვდებით, რომ სრული აბსურდია ის, რაც პუტინმა თქვა.

ანალოგიური ზღაპრებია სხვა დანარჩენიც. ამაში კი მარტივად დარწმუნდებით გამომდინარე იქიდან, რომ თუკი "მულტფილმებში" ასახული შეიარაღების ტიპები მართლაც არსებობს, მაშინ ლოგიკურად მოხდებოდა მათი გამოცდებიც, რომლის დროსაც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ხდება გამოცდის ყველა ეტაპის ვიდეო დოკუმენტირება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ასეთი მასშტაბის დემონსტრირებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რამ არ/ვერ გააკეთეს, ნიშნავს იმას, რომ ასეთი შეიარაღება არც არსებობს, არც გამოცდები ჩატარებულა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ეს გამოსვლა სრული აბსურდი იყო, მაინც ძალზედ საშიში და საფრთხის შემცველია, რადგან ეს იყო შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული მიმართვა ერთის მხრივ მუქარა, მეორეს მხრივ კონკრეტულად დასავლეთის მისამართით, რომელიც ჩრდილო კორეელი "ყუმბარიანი მაიმუნის" მსგავსად ცდილობს დააშინოს დასავლეთი.

პუტინის "მესიჯები" დასავლეთში სწორად იყო აღქმული და არავის შექმნია იმის ილუზია, რომ "მულტფილმები" რეალობას ასახავდა. თუმცა ის, რომ ასეთი ხანგრძლივობითა და აღტკინებით მასობრივი განადგურების იარაღზე საუბრობდა ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი, რა თქმა უნდა, აღქმული იყო მუქარად და ამან მნიშვნელოვანწილად დაძაბა, ისედაც დაძაბული საერთაშორისო ვითარება.

პუტინის ამ გამოხტომას შიდა მოხმარების ელემენტს თუ დავუტოვებთ, ასევე უნდა მივიჩნიოთ იმ პრობლემების მაკომპენსირებელ ერთგვარ ხერხად, რომელიც დიდი ალბათობით სირიაში, გასული თვის დასაწყისიდან შეექმნა პუტინს და არსებობს საფრთხე, რომ მათი გავრცელება დაიწყება, რუსეთის გავლენების სულ უფრო მეტ სფეროზე, ვიდრე ბალტიის ქვეყნებამდე!

დასავლეთის პასუხი პუტინის ამ მუქარებზე იქნება არაპირდაპირი, მაგრამ პროპორციული. სულ უფრო გახშირდება ეპიზოდები, დედამიწის სხვადასხვა წერტილებში, სადაც რუსული შეიარაღებისა თუ არაოფიციალური რუსი საბრძოლო დანაყოფების განადგურებას, კონკრეტულად ამერიკული შეიარაღებისა და უპილოტო ავიაციის მეშვეობით ვიხილავთ, რომელთაც დაემატება სანქციები და დიპლომატიურ ფრონტზე ისეთი სახის გართულებები, რომელიც პუტინის მიერ შექმნილ რუსეთის "ფეიკ-დიდებას", ყოველჯერზე საფუძველს გამოაცლის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
999
28 მარტი 2018 12:26
თქვენ მშვიდად ხომ ხართ? რაკეტის მულიაჟიაო და ევროპას აშინებსო, თქვენთან რათ უნდა რაკეტის გამოყენება? თქვენ ისედაც გაიქცევით კუდამოძუებულნი დარც ნატო გიშველით და არც ევროკავშირი, ისინი თავიანთ ტყავს იცავენ
111
12 მარტი 2018 10:38
აბ ჰე მიდით ბავსვებო მიდიტ და მოუსმინეტ ზღაპრებს
თინათინი
12 მარტი 2018 10:26
კაცმა არ იცის მართალია თუ ტყუილი, ღმერთმა ქნას ტყუილი იყოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ქართული ზღაპარი ცრუ, როდესაც პატარა მწყემს ბიჭუნას მგელმა მართლა მიაკითხა. მითუმეტეს როდესაც მსოფლიოში არსებობენ პუტინები, ტრამპები, კიმჩეინები, ერდოღანები და სხვა კაცთმოძულე ძალაუფლებას ჩაჭიდებული ავადმყოფები. რეალურად არც ერთ მათგანს არ აწუხებს კაცობრიობა გარდა საკუთარი ამბიციებისა, ამიტომ ასეთი ადამიანების მასხარად აგდება კიარა ფიქრია საჭირო, რომ ხელისუფლებაში მათი ადგილი არ იყოს.