"მარადიული" სი - ძიანპინი ჩინეთის უვადო მმართველი გახდა - კვირის პალიტრა

"მარადიული" სი - ძიანპინი ჩინეთის უვადო მმართველი გახდა

ჩინეთის პრეზიდენტს თანამდებობაზე უვადოდ ყოფნის კონსტიტუციური უფლება მიენიჭა

ჩინური მედია პრაქტიკულად მზად იყო ასეთი გადაწყვეტილებსითვის და ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურადაც განიხილებოდა საკითხი საზოგადოების სხვადასხვა ფენებში.

თუმცა, საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, მაინც არსებობდა მოლოდინი, რომ პროცესი ასეთი სისწრაფით არ განვითარდებოდა და არ იქნებოდა ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაჩქარებით მიღებული. ზოგიერთი კი პირიქით, ფიქრობდნენ, რომ ძიანპინის ეს მისწარაფება დიდი ხანია იკითხებოდა მის შიდა პარტიულ გადაწყვეტილებებში.

გავრცელდა ინფორმაცია რომ ჩინეთის სახალხო წარმომადგენლობითი კრების სხდომაზე, რომელსაც 3000-მდე დელეგატი ესწრებოდა, თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილება და ჩინეთის პრეზიდენტს, ამავე დრო კი ჩნეთი კომუნიტური პარტიის გენერალურ მდივანსა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს - სი ძიანპინს, უვადოდ ძალაუფლების ფლობის უფლება მიენიჭა (წყარო). ანალოგიური უფლება ჩინეთის მმართველებისთვის, ჯერ კიდევ 1982 წელს გააუქმა ძენ სიაოპინმა, მაო ძედუნის სიკვდილის შემდეგ, რათა არ მომხდარიყო იმ საშინელი რეპრესიებისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის განმეორება, რომელიც მაოს მმართველობის ბოლო წლებში გადაიტანა ჩინეთმა.

ჩინელი კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებამ ბევრს გაახსენა 1976 წელის გამოსვლები და რეპრესიები, რომლის გამეორების შესაძლო პოტენციასაც დღეს თუ არა, უახლოეს მომავალში ხედავენ და შიშობენ, რომ ძალაუფლების ასეთი მასშტაბით კომუნისტური პარტიის ხელში კონცენტრირება, იგივე შედეგამდე მიიყვანს ქვეყნას, სადამდეც სსრკ მივიდა... ანუ დაშლამდე!

რეალურად სი ძიანპინისთვის ასეთი უფლების მინიჭებას, ძალაუფლების გამტკიცების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა რადგან ჩინეთში, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნობა და არმიის მთავრსარდლობა უვადოა ისედაც, ხოლო პრეზიდენტობა, რეალური ძალაუფლების ძალზედ მცირე ნაწილს მოიცავს. ასეთი ცვლილება, ჩინელი ექსპერტებისა და პოლიტიკური ოპოზიციისთვის, ძირითადად, პარტიის ძალაუფლების განმტკიცებისთვის გადადგმულ ნაბიჯად იქნა შერაცხული, რომელსაც კომენტატორების აზრით, მომდევნო ეტაპზე მოჰყვება ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრების უვადო დანიშვნები და დახშული პოლიტიკური კასტის ჩამოყალიბება, რომელიც გარდაუვლად დეგრადირდება რადგან ეს ფენომენი ახასიათებს ნეისმიერი მენტალობის პირობებში ჩამოყალიბებულ, დახშული ტიპის პოლიტიკურ სისტემას.

ჯერ კიდევ 1995-2002 წლებში, როდესაც სი ძაინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეგიონალურ კომიტეტებში, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, ჩინელ ლიბერალებს იმედი ჩაესახათ მისი რეფორმატორული მისწრაფებების გამო და გარკვეული იმპულსებიც იყო ამ თვალსაზრისით, მის გამოსვლებსა და რეგიონებში განხორციელებულ რეფორმებში. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი 2013 წელს, პოპულარობა მოიხვეჭა კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლის გამოცხადებით, რომლის ფარგლებშიც, 2013 წლიდან მოყოლებული 1,34 მილიონი ადამიანი დაისაჯა. რამდენიმე კვირის წინ, იყო ისეთი შეტყობინებებიც, რომელშიც ნათქვამია რომ ციხეები გადავსებულია კორუფციონერი ჩინოვნიკებით (წყარო).

2015 წელს, სი ძიანპინმა ისეთი საგარეო პოლიტიკა აწარმოა, რომ მეც და ძალიან ბევრ დამკვირვებელსაც გაუჩნდა საფუძვლიანი იმედი, თითქოს ჩინეთმა დასავლეთთან დამეგობრება გადაწყვიტა. მას შემდეგ, ძალიან ბევრი ისეთი იმპულსი იყო, რომელიც ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამტკიცებდა რადგან ჩინეთის ლიდერის ამ პერიოდის ვიზიტებისას, ისეთი მასშტაბებისა და ხასიათის სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებები ფორმდებოდა, რომ სხვაგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობას არც იძლეოდა. ახლა კი როგორი რეაგირება ექნება დასავლეთს ჩინელების ამ გადაწყვეტილებაზე და იქონიებს თუ არა ეს ყველაფერი გავლენას წინა წლებში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე ჩინეთსა და დასავლეთს შორის, ძნელი სათქმელია. თუმცა მგონია, რომ 2023 წლამდე, ანუ მანამდე ვიდრე ძიანპინის მეორე ვადით არჩევის პერიოდი არ დასრულდება, განსაკუთრებულად არც არაფერს შეცვლის ეს ცვლილება. შემდეგ კი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა გზას აირჩევს ჩინეთი, საერთაშორისო თვალსაზრისით და ასევე მნიშვნელოვან წილად იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ რა გეოპოლიტიკური ვითარება იქნება ამ დროისთვის დედამიწაზე.

მანამდე კი, ჩინეთის კონსტიტუციის ამ ცვლილებების შესაძლო საფრთხეს, ყველაზე მძაფრად თავად ჩინეთის შიგნით განიცდიან და ფრთხილობენ იმ გამოცდილების გამო, რომელიც თავად ჩინეთისა და ასევე სხვა ქვეყენების მაგალითზე, კომუნისტური იდეოლოგიის მქონე "მარადიული" მმართველობების შედეგად არსებობს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი