"შხამიანი" რუსეთი - როგორ უპასუხებს დასავლეთი კრემლის "ქიმიურ" აგრესიას? - კვირის პალიტრა

"შხამიანი" რუსეთი - როგორ უპასუხებს დასავლეთი კრემლის "ქიმიურ" აგრესიას?

რუსეთის მიერ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება, შესაძლოა NATO-ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედების საბაბი გახდეს

რუსეთის დესტრუქტივიზმი ძალიან საშიშ ფაზაში შევიდა.

ბრიტანეთში მომხდარი ГРУ-ს პოლკოვნიკისა და ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა, საბრძოლო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებით, ანუ ქიმიური იარაღით, ცხადია, ძალიზედ საშიში მოვლენაა, რომელსაც დრამატულობას მატებს, ზოგადად არსებული საერთაშორისო ფონი: პუტინის აგრესიულობითა და ცინიზმით გაჯერებული საჯარო გამოსვლები, პრობლემები უკრაინაში, სირიაში, ავღანეთსა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ევროპაში, კავკასიაში, კორეის ნახევარკუნძულზე და ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში, კიბერ სივრცეში და ა.შ.

შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ამ ფონზე, "ინციდენტი", სპეცსამსხურებს შორის ომის დონეზე შენარჩუნდეს. ფაქტია, საკითხი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ბრიტანეთი გაეროს უშიშროების სხდომას იწვევს. ტერეზა მეი პროცესის დასაწყისშივე მკაცრი იყო თავის განცხადებებში. პირველი განცხადება მან ქვეყნის პარლამენტში გააკეთა, სადაც მის სიმკაცრეს დიპლომატიური დელიკატურობა შენარჩუნებული ჰქონდა და რუსეთი, შესაძლო დამნაშავედ იყო მოხსენიებული, თუმცა 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, ტერეზა მეი რუსეთს პირდაპირ ადანაშაულებს მკვლელობის ძალიან საშიში ფორმით მცდელობაში და აცხადებს რომ ამ აზრისკენ მას რუსეთის საკითხისადმი აგდებული დამოკიდებულება უბიძგებს (წყარო).

რუსეთის რეაქცია მართლაც ძალზედ საეჭვო და ვითარებისთვის არაადეკვატურია, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მომხდარია ტრაგედია, რომელიც გასცდა უშუალოდ მსხვერპლის მასშტაბს და ოცამდე ადამიანი მოიწამლა. შესაბამისად, ნორმალური სახელმწიფოები ამ დროს, თანაგრძნობის შინაარსის მქონე განცხადებებს აკეთებენ და თუკი მათთან რაიმე სახით მაინც შემხებლობაშია საკითხი, გამოძიებაში დახმარებას აღუთქვავენ - ეს როგორც მინიმუმ! რუსეთმა კი ძალიან დაბალი დონიდან დაიწყო ისტერიული უარყოფა და ცინიკური, აგრესიული, ხშირად შეურცხმყოფელი შინაარსის განცხადებებით გამოსვლა. რომლის კარგი მაგალითიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი მარია ზახაროვა იყო ტელეკომპანია "РОССИЯ1"-ს ერთ-ერთ თოქ-შოუში, რომლის პათოსიც, მოიწონა და სრულად გაიზიარა ქვეყნის საგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მოსკოვის ასეთი რეაქცია და ამ კონტექსტში, "პუტინის მულტფილმებში" ნაჩვენები ბირთვული შეიარაღებით "ჟონგლიორობა", მართლაც არ იყო ვითარების ადეკვატური და ძალიან ჰგავდა ეს ქცევა - "ქურდს ქუდი ეწვის" მდგომარეობას.

ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ დასავლეთი, რუსეთისთვის მასშტაბური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობასა და მოსკოვის მხრიდან, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის დესტაბილიზების მცდელობაზე ალაპარაკდა. დაიწყო ახალი სანქციებისა თუ ზემოქმედების სხვა ბერკეტების ამოქმედების შესახებ ლაპარაკიც და გარკვეული ნაწილის მყისიერი ამოქმედება - ბრიტანეთიდან გაძევებული და პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული 23 რუსი დიპლომატი.

ტერეზა მეის განცხდებით, შეწყვეტილია ორმხრივი ურთიერთობები მაღალ დონეზე, გაუქმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა ლონდონში, გამკაცრებულია რუსეთის მოქალაქეების კონტროლი საზღვრებზე, ასევე გააქტიურებულია კონტროლი, ბრიტანეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე, მიუხედავად იმისა, დისიდენტებს წარმოადგენენ ისინი თუ ნეიტრალურ პირებს. მოწმდება ტვირთები და ა.შ. ტერეზა მეიმ ასევე დაიმუქრა, რომ ხელახალი საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, ბრიტანეთი გაყინავს რუსეთის სახელმწიფო აქტივებს.

ასევე დეპუტატებთან გამოსვლისას ბრიტანეთის პარლამენტში, მიანიშნა გარკვეულ "საიდუმლო ზომებზე", რომელთაც აუცილებლად გამოიყენებს ბრიტანული მხარე, რუსეთის წინააღმდეგ. მათ შორის იგულისხმება კიბერ-შეტევები რუსულ სამთავრობო რესურსებსა და "ტროლების ფაბრიკებზე". შემდგომი მოსალოდნელი ნაბიჯია ბრიტანთში, რუსული ტელეარხის და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის, ტელეკომანია "RT" მაუწყებლობის აკრძალვა, რაზეც რუსეთი საპასუხოდ, ყველა ბრიტანული მედიის მუშაობს აკრძალვით იმუქრება, საკუთარ ტერიტორიაზე.

საკითხი ასევე საერთაშორისო დღის წესრიგშია შესული და თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფოს მთავრობებმა გაავრცელეს განცხადებები. ასევე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, საკითხი განიხილება NATO-ში, რადგან ალიანსის არსებობის ისტორიაში, მის ტერიტორიაზე საბრძოლო დანიშნულების ქიმიური ნივთიერების გამოყენების, ეს პირველი ფაქტია და ალიანსმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მომხდარზე (წყარო). ერთ-ერთმა ბრიტანელმა გენერალმა რიჩარდ შირეფმა, რომელიც ევროპაში NATO-ს ძალების სარდლის მოადგილე იყო 2011-14წწ, გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტი სრულად ჯდება, ალიანსის ძირითადი დებულების, მე-5 მუხლის ამოქმედების საფუძველშიო! (წყარო)

მოკლედ, ვითარება ძალზედ დაძაბული და გართულებულია რუსეთის ქცევის გამო, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ზღვარს გადავიდა. სამაგიეროდ მკვეთრი რეაქციები შეინიშნება მთელს მსოფლიოში. ამერიკულ გამოცემებში დაიწერა ისიც, რომ ამ "ინციდენტის" შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი იძულებული იქნება დააჩქაროს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ასე მარტივად ეს საკითხი არ ჩაივლის და მხოლოდ სანქციებზე შეჩერება არ მოხდება. შეიძლება ითქვას, რომ სკრიპალის მოწამვლის ეპიზოდი, შესაძლოა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გახდეს, რუსეთსა და დასავლეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების თვალსაზრისით.

წარმოუდგენელია ასეთ ვითარებაში რუსეთმა პასუხისმგებლობა აიცილოს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემურია ეს საკითხი მისთვის და აი რატომ - პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი იარაღის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნიშნავს ამ სახელმწიფოზე თავადასხმას, რადგან მსგავსი ნივთიერებები მასობრივი განადგურების იარაღის კატეგორიაში გადიან და მეორე, თუკი ამ ნივთიერებამ, რომელიც რუსეთის არმიის დაცვისა და კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რუსეთის სახელმწიფო უწყებების კონტროლის გარეშე გააღწია საცავიდან, გამოდის, რომ არასაიმედოდ არის დაცული ის საცავები და ამით საფრთხე ემუქრება პირველ რიგში თავად რუსეთს, რადგან თუკი უკონტროლოდ არის გასული, სკრიპალის მოწამვლისთვის გამოყენებული ნივთიერება, გამოდის რომ დაცული არავინ არის, მათ შორის არც რუსეთში!

გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, რუსეთს მოუწევს გარკვეული ძალისხმევის დახარჯვა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო დაარწმუნოს საკუთარ უდანაშაულობაში, თუმცა ის რეაქციები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში რუსეთის მხრიდან შეინიშნება, იმედის მომცემი არ არის და ძალზედ აგდებული დამოკიდებულება აქვს საკითხისადმი, რაც როგორც ზემოთ ავღნიშნე, თავისთავად ზრდის რისკს "ინციდენტი" სრულფასოვან კრიზისში გადაიზარდოს, რომლის განვითარების სცენარის პროგნოზირება ურთულესი საქმეა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არსებობს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრიტანელების მხრიდან რეაგირების ფორმების შერჩევა მიმდინარეობს და ძირითად განვითარებას მომდევნო დღეებში, გაეროს უშიშროების სხდომისა და NATO-ში განხილვების შემდეგ უნდა ველოდოთ, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად არსებობს რისკი, რომ "ბრექსიტით" გაბრაზებულმა ევროპამ, ტერეზა მეის მკაცრი პოზიცია შეასუსტოს და ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა, მეოთხედ არჩეული გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ფიცის დადების შემდეგ, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას...

მომდევნო დღეების განმავლობაში გამოჩნდება ჩამოყალიბებულად დასავლეთის პოზიცია და პროცესისი განვითარების შესაძლო კონტურები, რომელიც დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ქცევის რა ფორმას აირჩევს რუსეთი და რამდენად დაჰყვება საერთაშორისო ზეწოლას, გახდეს მეტად ადეკვატური!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი