დიპლომატიური შეტევა მოსკოვზე - კვირის პალიტრა

დიპლომატიური შეტევა მოსკოვზე

ევროპული ქვეყნები რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას აანონსებენ. მოსკოვიდან გაწვეულია ევროკავშირის ელჩი. გუშინ დღის განმავლობაში მოხდა ორი ტერორისტული აქტი საფრანგეთსა და აშშ-ში

ბრიტანეთში, ყოფილ ორმაგი აგენტისა და მისი ქალიშვილის სკრიპალების მოწამვლის გამო მოსკოვზე მასშტაბური დიპლომატიური შეტევა იგეგმება.

ამაზე წერს მთელი ევროპული მედია და ლოგიკურია, დღის მთავარი თემაც ეს არის.

გარდა იმისა, რომ ეს საკითხი, დღის მთავარი თემაა, ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, თუ რა მასშტაბის კონსოლიდაცია მოახდინა ევროპამ, რუსეთის წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას გეგმავენ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და საფრანგეთი წყარო. ევროპაში, რუსული ჯაშუშური სისტემის დემონტაჟის მოწოდებით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოვიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს ესწრებოდა.

მეის ამ გამოსვლაში პრაქტიკულად სრულად იყო აღნუსხული ის დანაშაულები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩაიდინა - დაწყებული კიბერ თავდასხმებით და დასრულებული სოლსბერიში, სკრიპალების მოწამვლით. საქმე იმდენად სერიოზულ ხასიათს იძენს, რომ ევროკავშირმა, რუსეთში საკუთარი ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა კი განაცხადა, რომ კავშირი განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ ზომების გატარებას, თუმცა უარი განაცხადა დაესახელებინა კონკრეტულად ის ქვეყნები, რომლებიც გეგმავენ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას. მისი თქმით ასეთი იქნება ბევრი წყარო.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისგან თუ საგარეო საქმეთა სამინისტროების სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებისგან, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომელიც შესაძლოა მიიღონ მათი ქვეყნების მთავრობებმა. ამ რიგიდან გამონაკლისი მხოლოდ საბერძნეთი და იტალიაა, რომლებმაც ევროკავშირის ერთობილივი მკაცრი განცხადების მიღება შეაფერხეს და ამიტომაც აუცილებელი გახდა ცალ-ცალკე ქვეყნების მიერ, ერთი ხასიათის ქმედებაზე ანუ დიპლომატების გაძევების ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად სენსაციურიად მოსჩანს "Brexit"-ის ფონზე. ამ სკითხს ცალკე უნდა შევეხო...

რუსებმა ალბათ, დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც სკრიპალის ამ გზით მოშორება გადაწყვიტეს და იმედი ჰქონდათ, რომ "Brexit"-ის გამო განაწყენებული დანარჩენი ევროპა, ბრიტანეთის მხარეს არ დადგებოდა. ვერ მოახერხებდნენ ბრიტანელები მთლიანი ევროპის კონსოლიდაციას და ლიტვინენკოს მოწამვლის გზით მკვლელობის ეპიზოდის მსგავსად, პრაქტიკულად უმტკივნეულოდ ჩაივლიდა ეს ამბავი. როგორც ხედავთ, ეს გათვლა რუსებს ჩაუვარდათ და ახლა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, არ იქნება დამაჯერებელი.

ცხადია, ევროკავშირის პასუხი არ შემოიფარგლება მხოლოდ დიპლომატების გაძევებითა და გამკიცხველი განცხადებებით, რადგან რამდენიმე ლიდერის, კერძოდ კი, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაში, გაისმა ისეთი ხარისხის შეფასება, როგორიც არის "საფრთხე ევროკავშირის სუვერენიტეტისთვის" წყარო, რაც აქამდე არცერთი კრიზისის პირობებში არ გაჟღერებულა და ნიშნავს იმას, რომ დიპლომატების გაძევების პარალელურად, დიდი ალბათობით, რუსეთთან დაკავიშრებული საკითხებისადმი უსაფრთხოების სისტემა გააქტიურდება და ასევე, რუსეთისთვის სანქციების დამატება, როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო და ტურიზმის სფეროებზე...

სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შესახებ, ცოტა ხნის წინ დაწერილ სტატიაშიც აღვნიშნე და ახლაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ რუსების ბრალეულობას ადასტურებდა ის აგდებული რეაქციაც, რომელიც მათ ჰქონდათ ტერეზა მეის პირველივე განცხადებაზე. ასეთი ბრალდების ადრესატი, არანაირი ლოგიკით არ უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც რუსები და განსაკუთრებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა მოიქცა, ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში და ბრიტანელების განცხადებას, 48 საათიანი ვადის შესახებ, რიტორიკული კითხვით უპასუხა - "ვის უყენებთ ულტიმატუმს, ზეთანამედროვე ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს"?, რაც გამოძახილი იყო პუტინის მიერ, ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის წარდგენილი მასობრივი განადგურების იარაღის სადემონსტრაციო მასალებითა და იმ რიტორიკით, რომელიც ამ დემონსტრირებით გააჟღერა პუტინმა.

ცალსახად ფაქტია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის, ხანგრძლივი და ნელი მოქმედების ბრძოლა დაიწყო, რომელიც ნერვების ომის ფორმატში გაგრძელდება და მუდმივად ე.წ. ცხელი ომის დაწყების საშიშროების ზღვარზე მოქმედების რისკებს გააჩენს. ასეთი მდგომარეობა არავისთვის არის მისაღები, გარდა პუტინისა, რომელიც პრაქტიკულად ბირთვული იარაღით ჟონგლიორობს და აშანტაჟებს მთელს პლანეტას.

ცალსახად ფაქტია, თუკი მოხდება ის რაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა საერთაშორისო მედიაში და ევროპის გარკვეული ქვეყნები, რუს დიპლომატებს საკუთარი ქვეყნიდან გააძევებენ, დაიწყება დიპლომატიური კრიზისი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. შედეგად რუსეთი, დიდი ალბათობით, აამოქმედებს მის მიერ მართულ ულტრამემარჯვენე ძალებს ევროპის ტერიტორიაზე, რომლებსაც არ არის გამორიცხული, დაემატოს სხვადასხვა ჯურის ტერორისტთა მიერ მოწყობილი აქტები, მთელი ევროპის ტერიტორიაზე, რომლის ნიშებიც უკვე არის. 23 მარტს ISIS-ის წევრმა საფრანგეთში მძევლები აიყვანა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, დაემთხვა აღნიშული კრიზისის დაწყებასა და საფრანგეთის პრეზდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას რუსეთთან დაკავშირებით წყარო. ვერც მანამდე და ვერც დღეს, ვერ ვხდები რატომ არიან ISIS-ის წევრები ასე აგრესიულად ამხედრებულები მაინცდამაინც საფრანგეთის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც საფრანგეთი, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან არაფრით განსხვავებულ მონაწილეობას არ იღებს სირიის კონფლიქტში, ან ზოგადად, ISIS-ის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში.

გუშინ დღის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი მოხდა აშშ-ში, კალიფორნიის შტატში განთავსებულ სამხედრო ბაზა "Travis"-ის შესასვლელთან, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ავტომობილში, რომელშიც ჟანგბადის ბალონები იყო განთავსებული. უცნაური დამთხვევაა ასეთი კოორდინირებული ტეროროსტული შეტევის წამოწყება დასავლეთზე, რომელიც ძნელად დასაჯერებელია, რომ ტერორისტებმა უბრალოდ რუსეთ-დასავლეთს შორის კრიზისის დაწყებას დაამთხვიეს!

და ბოლოს... რუსეთში ახლა ისეთი განწყობაა, რომ პუტინის რეჟიმის მიერ "სანგრებში ჩაყრის" პოლიტიკის წარმატებულად განხორციელების შესახებ, შეგვიძლია აღარც ვიდავოთ. შესაბამისად, თუკი არ მოხდა ამ რეჟიმის მიერ დეკლარირებული "გამარჯვებებისა" და "წარმატებების" მიზანმიმართული, დემონსტრაციული გაბათილება, რუსი ერის ეს განწყობა, ევროპის კონტინენტზე ახალი მასშტაბური ომის პროვოცირებას გარდაუვალს გახდის!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი