როგორ შევაჩეროთ რუსეთი... - კვირის პალიტრა

როგორ შევაჩეროთ რუსეთი...

ბოლო დროს, ჩვენს საზოგადოებაში ნებას მიშვებული რუსოფილიზმი, ისეთ მასშტაბზე გავიდა, სრულიად რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებსაც კი აურია თავგზა.

მთავარი მესიჯი, რომელიც გააქტიურებული რუსული პროპაგანდის მიერ იქნა შემოტანილი, რა თქმა უნდა, ახალი არ არის და კარგად ნაცნობი მტკიცებულებაა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სამხედრო უძლურებასა და რუსული არმიის სიდიდეს. უამრავ ქართველს, ხელები აქვს ჩამოშვებული და ფიქრობს, რომ რუსული არმიის ძლევა, ჩვენი ძალებით შეუძლებელია. ამას ემატება, ცინიკური დამოკიდებულება დასავლეთის მხრიდან "აღშფოთებული განცხადებების" კეთება და არავინ, მათ შორის, ყველაზე გათვიცნობიერებული ადამიანებიც კი არ ხსნიან ამ განცხადებების პრაქტიკულ მნიშვნელობას, ამიტომაც მათდამი ნდობის საკითხი, მრავალ პროდასავლურად განწყობილ ადამიანსაც კი უნდობლობას უღვივებს და კიდევ უფრო ამტკიცებს მოსაზრებას, რომ რუსულ არმიასთან, ქართველებს, მოგების 1% შანსიც კი არ გვაქვს. არადა, ამ ყველაფერს, ისევ რუსებისთვის და მათი მხარდამჭერი კოლაბორაციონისტებისთვის, სრულიად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ მიზნით თესავენ შესაბამის განწყობას ჩვენში.

საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, შეუძლია გაუმკლავდეს ისეთი მასშტაბის მტერსაც კი, როგორიც რუსეთია. ეს მტკიცებულება სულაც არ არის არარეალური და აქვს ძალზედ პრაგმატული საფუძველი. მაგალითისთვის, პირველი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის სახელმწიფოს მოწყობისა და მომავლის იდეის შექმნა, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები და იარსებებს საერთო ეროვნული კონსესუსი. გვერდით გადავდებთ იმ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც გასცდა ყოველგვარი რაციონალურობის ზღვარს. ელემენტარულია ამის შემჩნევა - უამრავი ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგედ აპოზიციონირებს თავს, ამბობს, რომ "ნაციონალები" საქართველოსთვის, რუსებზე მეტი მტრები არიან! რაც სრული აბსურდია და არცერთი ლოგიკური მსჯელობა ამ შედეგამდე არ მიგვიყვანს, თუკი კონკრეტულად რუსულ იდეოლოგიას, მათთვის წარმატებული საქართველოს მიუღებლობის მოდელს არ ვიზიარებთ.

წარმატებული, დასავლურ ყაიდაზე მოწყობილი ქვეყნა, რუსეთს საკუთარი საზღვრების უშუალო სიახლოვეს იმ მარტივი მიზეზის გამო არ აწყობს, რომ ასეთ სახელმწიფოს აქვს პოტენციალი რუსეთში საპროტესტო მუხტი გააღვივოს, იგივე წესრიგის მოთხოვნის მიზნით. ასეთი მაგალითი ჩვენი და რუსეთის უახლესი წარსულიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც მოსკოვში გამართულ აქციაზე, რუსეთის რიგითი მოქალაქეები ითხოვდნენ პოლიციის ისეთ რეფორმას, როგორიც საქართველოში განხორციელდა. სწორედ ეს იყო და რჩება კრემლისთვის უდიდეს პრობლემად. ამიტომ საქართველოს დასჯა, რუსეთისთვის პირველ რიგში, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისა და დასავლური იდეის, დედამიწის ამ წერტილში უპერსპექტივობის დემონსტრირებაა. ამ ეტაპზე, რუსეთმა თითქმის მიაღწია საწადელს და ბევრი ქართველი, საკუთარი პირით უარყოფს წინა წლებში, ქვეყნის წარმატებას. თუმცა კი, იმაზე არ ფიქრობენ, რომ მტრისგან "შემოგდებული" იდეები, ვერ იქნება სასარგებლო ქვეყნისთვის, მაგრამ ყოველ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ქართველი უარყოფს წინა წლების წარმატებას, მისი მტკიცებულებების უკან ყოველთვის მერკანტილური ინტერესები იმალება და არა რეალური, ლოგიკურ მსჯელობას დაფუძნებული მტკიცებულებები.

თუკი შევძელით და ეს გახლეჩილობა დავძლიეთ, ამით პირველ რიგში გავაკეთებთ იმას, რომ რუსებისთვის ასე მოწონებულ და შეიარაღებაში აღებულ - "დაშალე და იბატონეს" სტრატეგიას ჩავაფლავებთ, და ვერავინ იტყვის, რომ ეს ჩაფლავება, არ იქნება სასარგებლო ჩვენი ერისთვის. ეს კი, ერთი პატარა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება რუსულ აგრესიაზე.

მომდევნო საკითხი, რომელსაც ასევე მინდა შევეხო, არის რუსული არმიისადმი შიში, რომ თითქოს ქართველებს არ შეგვწევს ძალა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ არმიას. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ რუსული პროპაგანდა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტები, ხშირად გვთავაზობენ მტკიცებულებას, თითქოს ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი იყოს და აქ ხალხი არაფერ შუაშია. ესეც ძალზედ მავნე მტკიცებულებაა და აი რატომ - არცერთი პოლიტიკოსი, არ იღებს გადაწყვეტილებას საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესახებ, თუკი არმიაში, რომელშიც შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეები მსახურობენ, არ იქნება შესაბამისი განწყობა და აგრესია, საპირისპირო მხარის მიმართ. შესაბამისად ის ერი, რომელიც საკუთარი მეზობლისადმი აგრესიის აღსრულებაში ეხმარება თავის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არის თანამონაწილე ამ დანაშაულისა და ეს მტკიცებულებაც ვერაფრით გამოდგება, რუს და ქართველ ერებს შორის ძმობის საილუსტრაციოდ. მარტივად რომ ვთქვა - პუტინი არ დამჯდარა ტანკში და არ წამოსულა საქართველოს ტერიტორიების დასაპყრობად, იმ ტანკებსა და შაშხანების სამიზნეების უკან, რომლებითაც ქართველებს უმიზნებდნენ ტყვიას, ჩვეულებრივ რიგითი რუსები იდგნენ!

თუკი ომამდე ისევ მივიდა საქმე, და დიდი ალბათობით მივა, აქაც არ ვართ უპერსპექტივოდ და ტყუილია ის, რომ ქართველებს, რუსული არმიის შეჩერება არ შეგვიძლია. შეგვიძლია თუკი დღეიდანვე, შეიცვლება დღეს არსებული დამოკიდებულება სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების მიმართ და არმიის განვითარება-გაძლიერებას გავაგრძელებთ. ნებისმიერი ომის გეგმაში, არსებობს დასაშვები მსხვერპლის პარამეტრი, რომლის ზემოთაც მსხვერპლი, თავდამსხმელი მხარის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან იწვევს დემოტივაციას. ხოლო დემოტივირებული ჯარი, ყველაზე უსუსური და ადვილი დასამარცხებელია, მით უმეტეს თუ ეს არმია დამპყრობლურ მოქმედებას ახორციელებს და არა თვადაცვითს. შესაბამისად, საქართველოს არმიისა და ზოგადად, საზოგადოების მზადება უნდა იყოს იმ მასშტაბის, რომ რუსული არმიისთვის არარენტაბელური ზიანის მიყენების შესაძლებლობა გვქონდეს. ამას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტიც და თუკი ამ მიმართულებით მიზანმიმართულ ღონისძიებებს გავატარებთ, ჩვენი დაპყრობა იმდენად ძვირი სიამოვნება იქნება რუსეთისთვის, რომ ძალიან დიდი ხნით გადავავადებთ მათი მხრიდან ჩვენზე თავდასხმას.

კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს თუ რაზე ვლაპარაკობ ამ ნაწილში, შემდეგნაირად ავხსნი - თუკი დავუშვათ და რუსები გეგმავენ საქართველოზე თავდასხმას (და დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ რომ გეგმავენ) მათ გათვლაში, სხვა ათას პარამეტრთან ერთად, აუცილებლად იქნება "დასაშვები მსხვერპლის ოდენობა", რომელიც მოწინააღმდეგის, ანუ ამ შემთხვევაში, ქართული არმიის შესაძლებლობებიდან და საბრძოლო მოქმედებების გამართვის გეოგრაფიის მიხედვით იქნება გამოთვლილი. თუკი დავუშვებთ, რომ ეს დასაშვები მსხვერპლი არის 10 000 და აქედან, ქართულ არმიას შეუძლია გაანადგუროს მხოლოდ 5000-ი, რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო მონაცემია რუსეთის არმიის სარდლობისთვის და პირველივე საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ შეტევის წამოწყების გადაწყვეტილებას. მაგრამ, თუკი ქართული არმიის შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაძლო მსხვერპლი გაიზრდება 20 000-მდე, მაშინ იმ დრომდე გადაიდება ეს შეტევა, ვიდრე არ გახდება საქართველოს დაპყრობა იმდენად საჭირო, რომ ასეთი მასშტაბის მსხვერპლი დასაშვები გახდეს. ამასობაში კი დრო ჩვენზე იმუშავებს და გამოვიყენებთ მას კიდევ უფრო მეტი გაძლიერებისთვის, თავდაცვითი ბრძოლებისთვის მომზადებასა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავდაცვისთვის მომზადებულ მხარეზე შეტევისას, თავდამსხმელი მას მინიმუმ სამჯერ უნდა აღემატებოდეს, რაც ჩვენს პირობებში, რუსული არმიისთვის დიდი მსხვერპლის მიღების გაზრდილი რისკია და შესაბამისად ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს.

როგორც ხედავთ, რუსეთისგან თავდაცვის შესაძლებლობა რეალურად გვაქვს და პრინციპში, სხვა გამოსავალი საქართველოს არც გააჩნია, თუკი მისი მოქალაქეების აბსულუტურ უმრავლესობას საკუთარ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე უარი არ უთქვამს. ხოლო ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც რუსული პროპაგანდა და ე.წ. "გავლენის აგენტები" გვთავაზობენ, მხოლოდ შიშზეა დაფუძნებული და მიზნად მსგავსი რეალისტური განსჯების ჩახშობას ისახავს.

საკითხის ასეთი განსჯა კი მიგვიყვანდა იმ ღონისძიებათა გეგმის შემუშავებამდე, რომელიც ყოველდღიურობაში იქნება გასატარებელი და აუცილებლობით გულისხმობს ერის ერთიანობას, რაც სამწუხაროდ დღეს არ გაგვაჩნია - თუ რატომ, ეს სხვა საკითხია და სამწუხაროდ ისევ რუსეთის ფაქტორთან არის დაკავშირებული!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი