რუსეთის საპასუხო ნაბიჯი დასავლეთის დიპლომატიურ დემარშზე - კვირის პალიტრა

რუსეთის საპასუხო ნაბიჯი დასავლეთის დიპლომატიურ დემარშზე

რუსეთი, ქვეყნიდან 23 ქვეყნის დიპლომატს აძევებს. შესაბამისი ნოტა უკვე გადაეცათ შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლებს. რუსეთი მხოლოდ ამ ნაბიჯით არ შემოიფარგლება.

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, დასავლეთმა მასშტაბური დიპლომატიური დემარში მოაწყო რუსეთის წინააღმდეგ და მრავალმა ქვეყანამ, საკუთარი ტერიტორიიდან გააძევა რუსი დიპლომატები.

ასეთი მასშტაბური შეტევა, რუსულ დიპლომატიურ მისიებზე დასავლეთში, მთავარი განხილვის საგანია, აგერ უკვე ერთი კვირაა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა ის, თუ როგორ უპასუხებდა რუსეთი, დასავლეთს და გუშინ ცნობილი გახდა რუსების პასუხიც.

ქვეყნის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთიდან 23 ქვეყნის დიპლომატების, უწყებაში დაბარებისა და მათი წარმომადგენლების გაძევების შესახებ. ამავე განცხადებაში ლაპარაკია საქართველოზეც, რომელიც ამ ეტაპზე არ მოხვდა გამოძევებულთა სიაში, მხოლოდ იმ მიზეზით რომ საქართველო ბელგია, უნგრეთსა და მონტენეგროსთან ერთად, მოგვიანებით შეურთდა რუსი დიპლომატების გაძევების აქციას. შესაბამისად, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნების მიმართ ზომები, მოგვიანებით იქნება გატარებული წყარო.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ რუსეთი თავისი ტერიტორიიდან აძევებს ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლიტვა, ლატვია, მაკედონიის, მოლდავეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატებს. აღნიშნულ განცხადებაში არფერია ნათქვამი "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებულ დიპლომატთა რაოდენობების შესახებ, თუმცა ნათქვამია, რომ გადაწყეტილება შეეხებათ, ამ ქვეყნების წარმომადგენელთა შესაბამისი რაოდენობას. რუსების თქმით, ეს არის სარკისებური პასუხი, დასავლეთის დიპლომატიურ დემარშზე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ რუსეთი მხოლოდ ამ ნაბიჯებით არ შემოიფარგლება და ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად ექნება. ამის დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისიც, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, ვაშინგტონმა დახურა ის საკაბელო გავრცელების კომპანიები, რომლებიც უცხოური ტელეკომპანიების რეტრანსლირებას ახდენდნენ და შესაბამისად, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ტელეარხის "RT"-ს მაუწყებლობაც, აშშ-ის ტერიტორიაზე მინიმუმ ერთი წლით შეჩერდა, რადგან ამერიკული მხარის განცხადებით, საკაბელო გავრცელების დახურვა ტექნიკური ხასიათისაა და მათ გამოყენებაში არსებული სიხშირეების გაყიდვა იგეგმება, რომელიც ერთი წლის შემდეგ მოხდება. აღნიშულ საკითხზე განცხადება გააკეთა არხის დირექტორმა მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც რა თქმა უნდა, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, თუმცა ამავე განცხადებაში მან რუსული მხარეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი იყო, რის შესახებ ის აფრთხილებდა რუს ჩინოვნიკებს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დასავლური საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლობები და არასმთავრობო ორგანიზაციები, რუსეთში "უცხოელ აგენტებად" გამოაცხადეს და ეს ტერმინი ოფიციალურ სტატუსად განსაზღვრეს წყარო.

ჩემი სუბიექტური შეფასებით, რუსების პასუხი მრავალფეროვანი იქნება და მხოლოდ დიპლომატების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებით არ შემოიფარგლება. ამ თვალსაზრისით, მოსკოვს საკმაოდ ბევრი მიმართულება აქვს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოცემულ მომენტში, სწორედ ამ თვალსაზრისით გასატარებელი ღონისძიებების ანალიზით უნდა იყვნენ დაკავებულები რუსეთის სხვადასხვა უწყებები.

მთელს ამ პოლემიკას, მომდევნო დღეების განმავლობაში დაემატება ის, რომ რუსი პოლიტიკოსები, სხვადასხვა დონეზე, დაიწყებენ ვაშინგტონის დადანაშაულებას, დასავლეთის ქვეყნების იმ სახელმწიფოების მთავრობების იძულებაში, რომლებმაც წინა დღეებში რუსი დიპლომატები გააძევეს.

არ არის გამორიცხული, საპასუხო ქმედების თვალსაზრისით, რუსეთმა ხელოვნურად გაზარდოს დაძაბულობა უკრაინისა და სირიის მიმართულებებზე, რომლიდანაც ყველაზე დიდი რისკი, მაინც უკრაინის მიმართულებაზე არსებობს რადგან იქიდან ბოლო დღეებია, ვრცელდება ვითარების ესკალაციის შესახებ ინფორმაცია და ლოგიკურია, რომ ამ ესკალაციასა და დიპლომატიურ "ომს" შორის კავშირი არსებობდეს. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის თავად რუსული პოლიტიკური ელიტის ბუნება. მათთვის, წმინდად შურისძიების თვალსაზრისით, მისაღები იქნება დაძაბულობა ან საპასუხო ნაბიჯი დედამიწის არა სხვა რომელიმე წერტილში, არამედ ევროპის საზღვრებსა და თუ შესაძლებელია, კონკრეტულად მის ტერიტორიაზე. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ასევე შეინიშნება ვითარების დესტაბილიზების მცდელობა ბალკანეთის მიმართულებაზე, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ, კოსოვოში დაკავებული იქნა სერბი დიპლომატი მარკ დჟურიჩი. ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ადგილობრივ მედიაში გამოჩნდა შეტყობინება, რომ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს და მას რჩევა სთხოვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წყარო. კიდევ ერთ ასეთ მიმართულებად, შეიძლება ასევე განხილულ იქნას ავღანეთი. მიმდინარე თვის ბოლოს, ამერიკელმა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა, ავღანეთში ვიზიტისას პირდაპირ განაცხადა, რომ რუსები ეხმარებიან "თალიბანს" წყარო.

ზემოთ მოყვანილი მოქმედების შესაძლო მიმართულებები, აუცილებლობით არ გულისხმობს იმას, რომ მაინც და მაინც ერთ რომელიმე მიმართულებას აირჩევს რუსეთი და ამით გამოირიცხება სხვა რეგიონებში აქტიურობა. სავსებით შესაძლებელი და რეალურია ის, რომ კომბინირებული ქმედება დაიგეგმოს და ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ მიმართულებაზე, სხვდასხვა ხარისხის გართულებები ვიხილოთ.

ის თუ რომელ ვერსიას აირჩევენ კრემლში, ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ან სულაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, როდესაც რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება.

ყველაფერთან ერთად, ეს ნიშნავს იმასაც რომ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და მშვიდობიანობის პერიოდისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ლოგიკა, კიდევ უფრო გამოუყენებელი გახდა, პროცესების პროგნოზირებისთვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი