ასადის პოზიციებზე დასავლურ იერიშს კიდევ ვიხილავთ და არც თუ შორეულ მომავალში - კვირის პალიტრა

ასადის პოზიციებზე დასავლურ იერიშს კიდევ ვიხილავთ და არც თუ შორეულ მომავალში

სირია - რუსეთიVSდასავლეთი - რა იქნება შემდეგ?!

სირიაზე განმეორებითი სარაკეტო დარტყმები გარდაუვალია. ასადი და რუსული პროპაგანდა ცდილობენ, სარაკეტო დარტყმის შედეგების მინიმიზებას.

მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის ბოლო დღეების მთავარი თემა სირია და მასზე დასავლეთის სამი ქვეყნის - საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშია, რომელიც მიმდინარე წლის 7 აპრილს, დამასკოს სიახლოვეს, დასახლებულ პუნქტ გუტაში, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა.

ის, რომ სირიაში, ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ლაბორატორიებსა და სამხედრო ობიექტებზე იერიში გარდაუვალი გახდა, ცხადი იყო ყველასთვის, თუმცა მოლოდინი, რომ ეს იერიში შესაძლოა გლობალურ კონფლიქტში გადაზრდილიყო, ამძაფრებდა კრიზისის შეგრძნებას და ზრდიდა მის მნიშვნელობას.

ასეთი დამოკიდებულება სირიაზე შესაძლო იერიშის შედეგებთან დაკავშირებით ძირითადად რუსეთის პირვანდელმა პოზიციამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერ იერიშს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაუპირისპირდება და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას, რომელიც კი გააჩნია სირიის ტერიტორიაზე და რომ გარდაუვალი იქნებოდა რუსული ჰაერთავდაცვითი სისტემების ამოქმედება, ამერიკული რაკეტების წინააღმდეგ.

საფრთხეს ამძაფრებდა ისიც, რომ არსებობდა წინასწარი მოლოდინი, თითქოს დასავლეთის უპირველესი სამიზნეები, სირიაში გახდებოდა ასადის არმიის ჰაერთავდაცვითი სისტემები, რომელსაც მოჰყვებოდა ქიმიური იარაღის შესაძლო საცავებზე, ლაბორატორიებსა და სამხედრო დანიშნულების სხვა ობიექტებზე იერიში.

რაელურად იყვნენ თუ არა ჩართულები კონკრეტულად რუსი სამხედროები დასავლური იერიშის მოგერიებაში ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, თუმცა ის, რომ მათ მიერ ასადის არმიისთვის გადაცემული C-300-ები იქნა გამოყენებული, ფაქტია და ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად და უტყუარად მათი ეფექტურობის შესახებ. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ასადის არმიის ჰაერთავდაცვითი სისტემების მიერ განადგურებული იქნა 71 რაკეტა, რომელიც დასავლეთ კოალიციამ ასადის არმიის კონტროლირებად ობიექტებს ესროლა.

დასავლეთი კი ამტკიცებს, რომ ყველა გაშვებული რაკეტა მიზანს მოხვდა და რომ მათ არცერთი რაკეტა ან გამშვები მოწყობილობა არ დაუკარგავთ წყარო. ეს თემა კიდევ დიდ ხანს იქნება განხილვის საგანი, რადგან ობიექტური კონტროლის მექანიზმი ისეთ გარემოში, როგორიც სირიაშია შექმნილი, არ არსებობს და დაპირისპირებული მხარეების პროპაგანდისტული ფანდები ართულებს შეფასებების შესაძლებლობას.

რუსეთისთვის ძალზედ კრიტიკული იყო ის, რაც მოხდა, რადგან ამ კონკრეტული ეპიზოდით, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურ შედეგებს რომ თავი დავანებოთ, იტესტებოდა მათ მიერ რეკლამირებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები რეალურ საბრძოლო გარემოში და ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იმოქმედეს აღნიშნულმა სისტემებმა დასავლური "ჭკვიანი" იარაღის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ გავიგებთ, რაც რუსული ჰაერთავდაცვითი სისტემების პოტენციური მყიდველები, საკუთარი სადაზვერვო საშუალებებით, დაადგენენ იგივე C-300-ებისა და "Панцир"-ების ეფექტურობას, რომელიც აისახება მათ გადაწვეტილებაზე შეიძინონ აღნიშნული სისტემები.

რაც შეეხება შედეგებს დასავლეთისთვის, ჩემი სუბიექტური შეფასებით, მგონია, რომ ეს იყო პრელუდია და რომ დარტყმები სირიაზე ამ ეპიზოდით არ დასრულებულა. როგორი ეფექტურიც არ უნდა ყოფილიყო 14 აპრილის იერიში, მისი საინფორმაციო აღბეჭვდა პრაქტიკულად შეუძლებელია და ამიტომ რუსულ-ირანულ-სირიულ პროპაგანდას არ გაუჭირდება ისეთი მცდარი თეზისების ტრანსლირება, როგორსაც უკვე ვხედავთ, ჩამოგდებული 71 რაკეტის მტკიცებულების სახით.

ამავე კატეგორიაში გადის, მაგალითად, ასადის მიერ კონტროლირებადი ტელეეთერით გადაცემული მისი საპრეზიდენტო სასახლეში შესვლის კადრები, რომელიც მოწოდებული იყო იმისთვის, რომ დასავლური იერიშის უმნიშვნელობა ეჩვენებინათ. რა თქმა უნდა, არავინ დაფიქრდება იმაზე, თუ როდის არის ეს კადრები გადაღებული და ა.შ. თუმცა მიუხედავად ამისა, ფაქტია ის, რომ დასავლეთის იერიშის მიზანი ასადის რეჟიმისთვის ქიმიური იარაღის გამოყენებისა და ზოგადად, აქტიური საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობის მოსპობა იყო. ამ იერიშით ასეთი შესაძლებლობა ასადს ჯერ არ მოსპობია, რადგან მათ საკმაო დრო ჰქონდათ გაეტანათ და გადაემალათ ყველაფერი, რაც შესაძლოა დასავლეთის რაკეტების სამიზნე ყოფილიყო, შესაბამისად, ძნელია დაიჯერო, რომ მათ ეს დრო არ გამოიყენეს... ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასადს პოტენციურად კვლავ გააჩნია ქიმიური იარაღის მარაგები, რომელიც შესაძლოა კვლავ გამოიყენოს გარკვეულ შემთხვევებში.

მედიაში მუსირებს აზრი, რომ ამ იერიშით არ დასრულებულა სირიაზე შეტევა და რომ ის გაგრძელდება. ამაზე მიუთითებს ის ნაბიჯებიც, რომელიც გადადგა დასავლეთმა. იმ მასშტაბის სამხედრო ძალის კონცეტრირება, რომელიც სირიის ირგვლივ ხდება, სწორედ ამაზე მიუთითებს. ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც განაცხადა რომ "ბანკეტი გაგრძელდება" წყარო, მომდევნო სერიის შინაარსი კი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას იტყვიან გაეროს ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის მაკონტროლებელი ორგანოს ექსპერტები, რომლებიც გუშინ სირიაში ჩავიდნენ და ემზადებიან იმ რაიონში შესასვლელად, სადაც, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი წყარო. აღნიშნული ექსპერტების მიერ დადებულ დასკვნაზე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და დასავლეთის მხრიდან, სირიაზე სარაკეტო იერიშის მეორე სერია, სწორედ მათი სირიიდან დაბრუნებისთანავე შეიძლება ვიხილოთ.

დაბოლოს, ცალსახად უნდა ითქვას ის, რომ დასავლეთის მიერ უკვე განხორციელებული სარაკეტო იერიში, არასაკმარისია იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც წინასწარი განცხადებით, დასავლეთ კოალიციას ჰქონდა დასახული. შესაბამისად, საჭირო და გარდაუვალია, ამოცანის სრულად შესრულება და ასადისთვის ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის სამუდამოდ მოსპობა... ეს კი ნიშნავს, რომ ასადის პოზიციებზე დასავლურ იერიშს კიდევ ვიხილავთ და არც თუ შორეულ მომავალში!

იხილეთ ასევე: "ამ ავიადარტყმით დასავლეთმა აჩვენა, რომ რუსეთს არაფერს დაუთმობს"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს