ერევანში "ხავერდოვანი რევოლუცია" გამოცხადდა
18-04-2018
ერევანში "ხავერდოვანი რევოლუცია" გამოცხადდა
სერჟ სარგსიანი ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადა. სხვადასხვა ქალაქებში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

რამდენიმე დღეა ჩვენს მეზობლად, სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რამდენიმე შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრატებს შორის, რომლებიც ქვეყნის პარლამენტისგან ითხოვენ, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინიტრად კენჭისყრის გაუქმებას, რომელიც ქვეყნის სათავეში 2008 წლიდან დგას.

ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც სათავეში უდგას საპროტესტო გამოსვლებს,
ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში "ხავერდოვანი რევოლუცია" დაიწყო. მან ასევე მოუწოდა საკუთარ მხარდამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ, რათა მოხდეს მათი პარალიზება წყარო.

17 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიციის აქტივისტები ქალაქის სხვადასხვა რაიონებში ახდენდნენ მოძრაობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბლოკირებას, რაც ერთგვარი ხერხი იყო, მოსახლეობის ყურადღების მიქცევის. მიტინგები საკმაოდ
ხალხმრავალი და აქტიური იყო, თუმცა ეს არ გახდა შემაკავებელი ფაქტორი პოლიციასთან ძალოვანი დაპირისპირების აღსაკვეთად და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეტაკებების შედეგად, ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში 46 ადამიანი მოათავსეს. მათგან ყველაზე მძიმედ, ერთი პოლიციელია დაშავებული, რომელსაც ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა და მკურნალობას განაგრძობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 80 მოქალაქე წყარო, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, მათ შორის არის საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ვაჟიშვილიც წყარო.

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის და მოქალაქეების ყურადღების მისაქცევად ძალზედ საინტერესო სტრატეგია აირჩია. ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩებზე, რამდენიმე ასეული აქტივისტი ერთდროულად გავიდა და დაიწყეს ქუჩების ბლოკირება მცირე ჯგუფებით. ზოგი სამედიცინო უნივერსიტეტში შევიდა და სასწავლო პროცესი ჩაშალა, ზოგი მეტროს ვაგონების ბლოკირებას ახდენდა და ა.შ. 15-16 აპრილს პოლიცია აგრესიულობით არ გამოირჩეოდა და მხოლოდ გადაკეტილი გზების გათავისუფლებას ცდილობდა.

დაკავებით ამ დროს არავინ დაუკავებიათ. ვითარება 16 აპრილს დღის მეორე ნახევარში დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა ქვეყნის პარლამენტის შენობასთან მიახლოება და მომდევნო დღისთვის, ამ შენობის ბლოკირება გადაწყვიტეს. სწორედ აქ მოხდა პირველი შეტაკება პოლიციასთან და აქ დააკავეს პირველად მომიტინგეები.
მიუხედავად ასეთი მაღალი საზოგადოებრივი პროტესტისა, 17 აპრილს მაინც გაიმართა პარლამენტის სპეციალური სხდომა, სადაც სერჟ სარგსიანის კანდიდატურას კენჭი უყარეს და რა თქმა უნდა, ხმათა უმრავლესობით (76 მომხრე. 17 მოწინააღმდეგე), ის "დანიშნულ იქნა" ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წყარო.

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებდა უკან დახევას, ოპოზიციის ლიდერები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუმორჩილებლობის აქციის დაწყების მოწოდებებით გამოვიდნენ. ამ მოწოდებას უმალ მოჰყვა გამოხმაურება რეგიონებში და ერევნის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა საკმაოდ მასშტაბური საპროტესტო აქციები. მაგალითად, ქალაქ ვანადზორში მოხდა შეტაკება პოლიციასთან, თუმცა სერიოზული შედეგების გარეშე ჩაიარა და ამ დროისთვის, აღნიშნულ ქალაქში საპროტესტო აქცია გრძელდება წყარო.

აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ორი ლოზუნგით მიმდინარეობს - "ჩემი ნაბიჯი" და "უარი სერჟს". ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, რაიმე შედეგის მქონე იქნება თუ არა ეს აქციები, რადგან გაცილებით უარესი სისასტიკისა და სიმძაფრის გამოსვლებიც ყოფილა მეზობელ სომხეთში, რომელიც რუსეთის ჩარევის შემდეგ, როგორც წესი, უშედეგოდ სრულდება. ასეთები იყო, მაგალითად, გიუმრიში, რუსი ჯარისკაცის მიერ სომხური ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ განვითარებული მოვლენები. თითქმის ასეთივე მასშტაბის იყო "ელექტრომაიდნად" გამოცხადებული საპროტესტო აქციები, რომელიც ელექროენერგიაზე ტარიფების ზრდას მოჰყვა და მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ტარიფების გაზრდა, გარკვეული პერიოდით გადაავადეს, შემდეგ ეს საკითხი ქვეყნის პოლიტიკურმა მმართველებმა გარკვეული მიზნებისთვის გამოიყენეს და რუსეთისგან დამატებითი პრეფერენციები მიიღეს... დენის ტარიფი კი მაინც გაიზარდა.

ცნობისათვის, სერჟ სარგსიანმა თავისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია და საპრეზიდენტო მმართველობიდან, საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდნენ. დღეს მისი პრემიერ-მინისტრად "დანიშნვნა" კი ნიშნავს იმას, რომ სერჟ სარგსიანი, სომხეთის მარადიული მმართველი გახდა, რომლის ჩამოცილებაც ძალაუფლებიდან მხოლოდ რევოლუციის გზით იქნება შესაძლებელი.

სომეხი ოპოზიციონერები და სომეხთა დიასპორები, მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ზემოქმედება მოახდინონ ქვყენის ხელისუფლებაზე და გონს მოიყვანონ სერჟ სარგსიანი წყარო.

როგორც წესი, სომხეთში ასეთი სახის აქტივობები საფრთხის შემცველია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა, რუსეთმა ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის პერსპექტივის შემთხვევაში, მოახდინოს ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია და სომხები, აზერბაიჯანთან ერთი-ერთზე დარჩენის პერსპექტივით დააშინოს, რომელიც კარგად აპრობირებული მეთოდია და ხშირად ყოფილა გამოყენებული, წინა წლებშიც.


სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა საერთაშორისო მედია და თითქმის ყველა ავტორიტეტულმა დასავლურმა გამოცემამ მიუძღვნა მინიმუმ ერთი საინფორმაციო სტატია მაინც, რომელიც დეტალურად აღწერს იმას თუ რა ხდება ერევანში და რამ გამოიწვია პროტესტი ნიმუში, თუმცა დასავლელი ლიდერების მხრიდან, რაიმე სახის განცხადებები არ გავრცელებულა და არც მოწოდებები გაჟღერებულა სარგსიანის მისამართით.
ერთადერთი, ვინც ოფიციალურად გამოეხმაურა ერევანსა და სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად მოერიდონ იმ ქუჩებზე გავლას, სადაც აქციები მიმდინარეობს წყარო. ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელება იმით არის განპირობებული, რომ მიუხედავად რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობისა, რუსებისთვის კარგად არის ცნობილი ანტირუსული განწყობები სომხურ ოპოზიციაში, რაც წინა წლებში, განსაკუთრებით კი გიუმრის ტრაგედიას მოყოლილი საპროტესტო აქციებისას გამოჩნდა და ეს განწყობა დღემდე შენარჩუნებულია.

რა თქმა უნდა, საპროტესტო გამოსვლების მარგინალზებას ცდილობს რუსული პროპაგანდის მთავარი ფლაგმანი გამოცემები და პერსონები, რომლებმაც სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მარგინალიზება იმავე ფორმულით სცადეს, როგორადაც ამას უკრაინის შემთხვევაში აკეთებენ. მაგალითისთვის სერგეი მარკოვის facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსი შეიძლება გამოდგეს ბმული, რომელშიც აშშ-ისა და ევროკავშირის დადანაშაულების მცდელობის გარდა არაფერი იკითხება და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა პრობლემებმა გაიყვანა ხალხი ქუჩაში!

რა შედეგამდე მივა საპროტესტო გამოსვლები სომხეთში, ჯერ არავინ იცის, თუმცა რეაქციებსა და მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და შესაძლოა, ეს აქციებიც ისეთივე ილუზორული შედეგებით დასრულდეს, როგორიც ყველა სხვა, წინა წლების განმავლობაში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!