მაიკ პომპეოს საიდუმლო ვიზიტი ჩრდ. კორეაში - ტრამპის ისტორიული გარღვევა აზიაში?! - კვირის პალიტრა

მაიკ პომპეოს საიდუმლო ვიზიტი ჩრდ. კორეაში - ტრამპის ისტორიული გარღვევა აზიაში?!

27 აპრილს ერთმანეთს შეხვდებიან ორი კორეის ლიდერები. იგეგმება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, რაც ფორმალურად დაასრულებს ომს ორ კორეას შორის. ზაფხულში ერთმანეთს შეხვდებიან კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი.

საკმაოდ აქტიურად ვითარდება მოვლენები აზიაში, კერძოდ კი კორეის ნახევარკუნძულზე. წინა წლის კრიზისისგან, თითქმის აღარაფერია დარჩენილი გარდა იმისა, რომ მაშინდელი კრიზისი ერთგვარ ანალიტიკურ მასალად იქცა, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი პროცესები და თან მეტად პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება.

ბოლო დღეებია დასავლური მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას ორ კორეას შორის სამშვიდობო შეთახნმების შესაძლო გაფორმების შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე თვის ბოლოს გაფორმდება, ანუ მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის ლიდერი მუნ ჩჟე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდებიან! ამ შეხვედრის შემდეგ კი შედგება კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის პირისპირ შეხვედრა.

ცნობისთვის:

1953 წელს, კორეული ომი შეჩერდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, მაგრამ ომის დასრულების შესახებ ოფიციალურად არ გაფორმებულა არანაირი დოკუმენტი, რაც განაპირობებს იმას, რომ ორ კორეას შორის, საომარი მდგომარეობა ამ დრომდე არსებობს.

ბოლო დღეებია დასავლურ და რეგიონულ მედიაში აქტიურად განიხილება ისეთი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, რომელიც ოფიციალურად და ფორმალურად დაასრულებს ომს ორ კორეას შორის წყარო. თუმცა, მთავარი საკითხი ეს არ არის და მხარეებს შორის მომავალ მოლაპარაკებებზე უმთავრეს საკითხად ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია იქნება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია და რადგან მხარეები თანხმდებიან ასეთი ეგიდით უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების გამართვას, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის არსებობს ასეთი შეთანხმების პოტენციალი ბმული.

ამაზე მიანიშნებს ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორი და აწ უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მაიკ პომპეო, მიმდინარე თვის დასაწყისში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილო კორეაში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით შეხვდა ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მათ შორის კიმ ჩენ ინსაც წყარო.

რა თქმა უნდა, ინფორმაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა გზავნილი ჩაიტანა ან რა თემებზე ისაუბრეს მაიკ პომპეომ და ჩრდილო კორეელმა ლიდერმა არ გავრცელებულა. შემდგომ განვითარებული პროცესებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ვიზიტი შედეგიანი გამოდგა. ამაზე მიუთითებს კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი დეტალი - ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც აშშ დედმიწის რომელიმე წერტილში იყენებდა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ჩრდილო კორეული პროპაგანდა ამას თავის მხრივ იყენებდა საკუთარი ბირთვული პროგრამის გასამართლებელ არგუმენტად და ჩვეული პათოსით გმობდა ამერიკულ იმპერიალიზმს. სირიაზე სარაკეტო თავდასხმის ბოლო ეპიზოდის შემთხვევაში კი ჩრდილო კორეულმა პროპაგანდამ ეს ტრადიცია დაარღვია და იერიშის შესახებ ერთ-ერთ გაზეთში მხოლოდ მწირი და მშრალი ინფორმაცია დაიწერა წყარო.

გასათვალისწინებელია ის, რომ სირია და ჩრდილო კორეა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ მეგობრობას ეფიცებოდნენ ერთმანეთს და შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ ჩრდილოელები სირიაზე თავდასხმას გამოიყენებდნენ ტრადიციულად, აშშ-ის და ზოგადად დასავლეთის დემონიზებისთვის, რაც არ მოხდა.

დიალოგი ორ კორეას შორის დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც სამხრეთის ტერიტორიაზე ზამთრის ოლიმპიადა გაიმართა და რომელსაც საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა ჩრდილოეთიდან. სწორედ ამ დროს შედგა პირველი კონტაქტი მხარეებს შორის და დაიწყო პროცესი, რომელიც იმედს აჩენს, რომ დედამიწას ერთი ცხელი წერტილი მოშორდება!

იხილეთ ასევე: კორეის ომის გაკვეთილები – როგორ იწყებოდა კონფლიქტი 67 წლის წინ

პროცესის ყველაზე საინტერესო ეტაპები ჯერ კიდევ წინ არის. მიმდინარე თვის 27 რიცხვში პირველი შეხვედრა გაიმართება კიმ ჩენ ირსა და სამხრეთ კორეის ლიდერს მუნ ჩჟე ინს შორის, რომელზეც იგეგმება სამშვიდობო შეთანხმების, ანუ ორ კორეას შორის ომის ოფიციალურად შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება. რა თქმა უნდა, თუკი ეს შეხვედრა ასეთივე პათოსითა და შინაარსით შედგა, იქნება ისტორიული მნიშვნელობის, რომელსაც ძალზედ შორსმიმავალი შედეგები ექნება წყარო.

რაც შეეხება კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას, თავად ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვის დასაწყისში ან ცოტა უფრო ადრე გაიმართება, ხოლო გამართვის ადგილის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ტრამპის განცხადებით განიხილება შეხვედრის ხუთი ლოკაცია წყარო.

მთელი ეს ოპტიმიზმი, რა თქმა უნდა, მხარეთა დიპლომატიური სამსახურების განცხადებებზე დაფუძნებით არის შექმნილი, რომელიც არ არის გამორიცხული, რაიმე გაუსაჯაროებელი პროცესის შედეგად, ისევ ძველ, მტრულ რიტორიკას დაუბრუნდეს და არც არანაირი გარღვევა არ მოხდეს, რაზეც მიანიშნა კიდეც საკუთარ განცხადებაში დონალდ ტრამპმა.

მაგრამ, თუკი მოხდა ის, რომ შეთანხმებები გაფორმდა და კორეის ნახევარუნძულის დენუკლეარიზაცია რეალურად დაიწყო, მაშინ შეგვეძლება ცალსახად ვთქვათ, რომ ტრამპმა, აზიაში წარმატებული გარღვევა განახორციელა და დედამიწას ერთი ბირთვული პრობლემით ნაკლები პრობლემა აქვს!

სკეპტიციზმს აქ მოცემული ოპტიმიზმის შესახებ მხოლოდ ჩრდილო კორეის ლიდერის ექსცენტრულობა და წარსული უპროგნოზობა იწვევს, რომელიც ჯერჯერობით არ არის აქტუალური და მთელი დასავლეთი ამ პროცესს საკმაო ოპტიმიზმით, თავშეკავებულობითა და იმედით ეკიდება, რაც აისახება კიდეც სხვადასხვა ანალიტიკურ თუ საინფორმაციო სტატიებში.

რა თქმა უნდა, იმის იმედი არავის აქვს, რომ კიმ ჩენ ინი უცებ დასავლოფილად გადაიქცევა და აშშ-ისთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ ბირთვული პროგრამის შეჩერება და საომარი რიტორიკის დაწევა ან გაქრობა უკვე ძალზედ პოზიტიური შედეგი იქნება. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ის, რომ ჩრდილოელები თავის მხრივაც დააყენებენ გარკვეულ მოთხოვნებს, რომელიც აშშ-ისა და მისი მოკავშირე სამხრეთ კორეისთვის პრაქტიკულად შეუსრულებელი პირობა იქნება. ასეთი საკითხი კი ნახევარკუნძულზე აშშ-ის არმიის ნაწილებია, რომელიც ვერ და არ იქნება გაყვანილი იმ დრომდე, ვიდრე ნახევარკუნძული გაყოფილია.

ფაქტია, ძალზედ საინტერესო პროცესის მომსწრენი ვხდებით ნებისმიერ შემთხვევაში და დიდი ალბათობით, ტერმინი "კორეის კრიზისი" დიდი ხნით გაქრება, მსოფლიო მედიის ყურადღებიდან...!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი