ბრიტანეთი ანტირუსულ კოალიციას ქმნის?! - კვირის პალიტრა

ბრიტანეთი ანტირუსულ კოალიციას ქმნის?!

კოალიციის მიზანი რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სანქციების გაფართოვება და სხვა აქამდე თავშეკავებული ქვეყნების მიერთება იქნება

ბრიტანეთში არ ცხრება რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, რომლითაც, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი მზვერავი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს.

რა თქმა უნდა, ასეთ აგრესიულ აქტს ნებისმიერი სახელმწიფო ურეაქციოდ ვერ დატოვებდა, რადგან ეს არის ძალზედ საშიში იარაღი, რომელსაც ზემოქმედების არეალს ვერ შეუზღუდავ და შესაძლოა, სრულიად უდანაშაულო ადამიანების მასობრივი მოწამვლა გამოიწვიოს. ცალკე პრობლემაა, მისი საერთოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანის საკითხი, რომელიც კონკრეტულად სოლსბერის ინციდენტის შემთხვევაში, სავარაუდოდ, რუსული დიპლომატიური მისიის იმუნიტეტის გამოყენებით მოხვდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და სწორედ ამან განაპირობა ლონდონის ის რეაქცია, რომელიც მოჰყვა აღნიშნულ ინციდენტს.

შედეგად, მასიური დიპლომატიური დემარში უკვე ვიხილეთ, რომელსაც მთელი დასავლეთ ბლოკი და ამ ბლოკის მოკავშირე ქვეყნები შეუერთდნენ, სხვადასხვა ხარისხით. თუმცა ლონდონის მოქმედება ამით არ შემოიფარგლა.

დასავლური მედიიდან, ცნობილი ხდება რომ ბრიტანეთი, აშშ-ში მიღებულ "მაგნიტსკის აქტს" შეუერთდა წყარო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრიტანეთის პარლამენტმა ერთსულოვნად, კენჭისყრის გარეშე მიიღო, რადგან მას მხარი წარდგენისთანავე დაუჭირეს როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა. აღნიშნული აქტი, როგორც ცნობილია გამოიყენება იმ რუსი მაღალჩინოსნების თუ გავლენიანი პერსონების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში არიან შემჩნეულნი. გამოცემა "theguardian"-ს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, რომ აღნიშნული აქტის მიღებით, ბრიტანეთმა შეცვალა მიდგომა, რომელიც აქამდე მხოლოდ ფინანსურ ინტერესს ითვალისწინებდა და აძლევდა რუს მილიონერებსა თუ მილიარდერებს ქვეყანაში დიდძალი თანხების შეტანის შესაძლებლობას. აღნიშნული პრინციპი დარღვეულია და რუსი მდიდრებისთვის თანხის ქვეყნიდან გატანის ერთი შესაძლებლობა გადაიკეტა. ამ ნაბიჯით, ბრიტანეთი ცდილობს მოკავშირეებს აჩვენოს, რომ საჭიროა რუსეთისთვის კოორდინირებული წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ეს ვერ მოხდება გარკვეული დანაკარგების გარეშე და ამიტომ, მათ მაგალითი უნდა მისცენ იმ მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ჯერ არ შეერთებიან. ბრიტანელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯით შეიძლება მოკლევადიანი საინვესტიციო პრობლემა შეიქმნას, თუმცა არა ისეთი მნიშვნელოვანი მასშტაბით, რომ ქვეყნის ეკონომიკამ სერიოზული ზიანი მიიღოს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის დიპლომატიური უწყება გეგმავს, მიმდინარე წლის განმავლობაში გამოიყენოს ოთხი საერთაშორისო სამიტი ანტირუსული კოალიციის ფორმირებისთვის, ესენია - G7, G20, NATO-სა და ევროკავშირის მომავალი სამიტები, რომელზეც ბრიტანეთის ინიციატივის საფუძველზე, განხილული იქნება რუსული დეზინფორმაციისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმის შემუშავება, რომელიც მნიშვნელოვანწილად გაურთულებს რუსეთს იმ ალტერნატიული რეალობის ტრანსილირებასა და დეზინფორმაციული ოპერაციების ჩატარებას, რომელსაც მასობრივად აწყობს დასავლეთის წინააღმდეგ.

ამასთანავე, NATO-ს მომავალ სამიტზე, განხილული იქნება რუსეთის შემაკავებელი სტრატეგია, რომელიც მოიცავს როგორც კიბერ უსაფრთხოებას, ისე ალიანსის სამხედრო პოზიციას.

თუკი ბრიტანეთმა მოახერხა ამ კოალიციის შექმნა და ერთიანი მოქმედების გეგმაზე შეთანხმება, რომელსაც რეალურად განახორციელებენ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ავტომატურად გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის მისი ეკონომიკისთვის. ასევე მნიშვნელოვანწილად იმოქმედებს შიდა განწყობებზე, რომელიც უკვე აღარ არის ისეთი პროპუტინისტური, როგორიც წინა წლების განმავლობაში იყო და დააფიქრებს რიგით რუსს იმაზე, თუ როგორ ხდება ის, რომ "სიმართლის მხარეს" მდგომი ქვეყანა, ტოტალურად ავრცელებს მცდარ, დამახინჯებულ ინფორმაციას, წინააღმდეგობაში მოდის მთელს მსოფლიოსთან და მათი სიმართლის მხარეს მხოლოდ ის ქვეყნები დგებიან, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან, ამასთანავე კი მოწინააღმდეგე ქვეყნებს ჩამორჩებიან როგორც ცხოვრების დონით, ისე ტექნოლოგიური განვითარებისა და ეკონომიკური თუ სამხედრო მაშტაბებით!

მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა ბრიტანეთი და სრულიად დასავლეთი, ანტირუსული ქმედითი კოალიციის შეკვრას, ეს პროცესი თავისთავად უკვე პრობლემურია რუსეთისთვის, რადგან გამოდის, რომ მთელი წლის განმავლობაში, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, ანტირუსული თემატიკით წარიმართება და მნიშვნელოვანწილად დააზარალებს რუსეთს, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი