მზადება რუსეთთან დაპირისპირების ნებისმიერი სცენარისთვის? - NATO აღმოსავლეთ საზღვრების გამაგრებას განაგრძობს - კვირის პალიტრა

მზადება რუსეთთან დაპირისპირების ნებისმიერი სცენარისთვის? - NATO აღმოსავლეთ საზღვრების გამაგრებას განაგრძობს

NATO აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერებას განაგრძობს. ევროპაში დამატებით 2 500 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩადის. ნორვეგიის საიდუმლო საცავებიდან ტექნიკა წვრთნაზე გაიყვანეს.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი განაგრძობს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერებას, რომელიც, როგორც ჩანს, არც შეწყვეტილა და ის რომ ინფორმაცია, უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო შენაერთებისა თუ ტექნიკის გადასროლის შესახებ ფრაგემნტულად ვრცელდება, არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოებიც ასეთივე ფრაგმენტულად მიმდინარეობს.

აღნიშნულის დასტურია ის ინფორმაცია, რომელიც 26 მაისს გავრცელდა ევროპულ და ბალტიისპირეთის ქვეყნების მედიაში. გავრცელებული ცნობის მიხედვით, ბელგიიდან, კერძოდ კი ანტვერპენის პორტიდან, გერმანიის გავლით ამერიკული არმიის მძიმე ტექნიკის ორი უზარმაზარი კოლონა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნების მიმართულებით გადაადგილდება. გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ კოლონები მიემართებიან NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც "Atlantic Resolve"-ს (wiki-link) სახელწოდება აქვს მინიჭებული.

ევროპაში ამერიკული არმიის სარდლობამ, ოფიციალური შეტყობინებით მიმართა გერმანიის მთავრობას, სადაც აცნობა ტექნიკის გადაადგილების შესახებ, რომლის ნაწილი უკვე გადაადგილდება აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე წყარო

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ, გადასროლილი იქნება 2500 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელშიც სხვდასხვა მოდიფიკაციისა და დანიშნულების ტექნიკა შევა. ზემოთ მოცემული კადრები, მიმდინარე თვის 25 რიცხვშია გამოქვეყნებული, რომელზეც ანტვერპენის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადმოტვირთვაა ასახული და სავარაუდოდ, კადრებში აღბეჭდილი ტექნიკა, უკვე დისლოკაციის ადგილზე იმყოფება.

ალიანსის და კერძოდ აშშ-ის მცდელობები, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება მოხდეს, რა თქმა უნდა, რომ რუსეთის აგრესიულობით არის გამოწვეული, რომელიც წლიდან წლამდე არ კლებულობს და შესაბამისად, ბადებს საჭიროებას, დასავლეთმა კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს მოკავშრეების დასაცავად.

რუსული საფრთხისადმი საკმაოდ სერიოზული დამოკიდებულებაა მაგალითად პოლონეთში, რომლის დასტურად ბოლო დღეების განმავლობაში გამოქვეყნებული დოკუმენტი შეიძლება ავიღოთ, რომელშიც პოლონეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსებისთვის ორი მილიარდი ამრიკული დოლარი დახარჯოს. აღნიშნული დოკუმენტი გაეგზავნა აშშ-ის კონგრესს, სახელმწიფო უწყებებსა და ანალიტიკურ სამსახურებს. რა თქმა უნდა, პოლონეთის მთავრობის ამ ინციატივის მოტივაციად, რუსეთის ქმედებები და ევროპისადმი მუქარაა დასახელებული. რა პასუხი ექნება აშშ-ის პოლონელების ინციატივაზე ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა ალბათობა, რომ ასეთი პროექტი განხორციელდეს, ძალიან დიდია, გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც რუსეთი ატარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში და მგონია, რომ ანალოგიური შეთავაზებით ძალიან მალე გამოვლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც.

ის, რომ დასავლეთი სერიოზულად უდგება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, მოწმობს ისიც, რომ სკანდინავიაში, გასული თვის განმავლობაში გადამოწმდა საიდუმლო რეზერვები, რომლის შესახებაც ადგილობრივი და სპეციალიზებული სამხედრო გამოცემები იუწყებოდნენ. მაგალითად, მიმდინარე თვის 21 რიცხვში, ერთ-ერთმა ამერიკულმა სამხედრო გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია ფინეთში, ამერიკელი სამხედრო ქვეითების წვრთნების შესახებ, რომლებმაც ნორვეგიის ტერიტორიაზე, საიდუმლო სამალავიდან გამოტანილი ტექნიკითა და აღჭურვილობის გამოყენებით გამართეს წყარო. ასეთი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ვიხსენებ და ეს ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არა მხოლოდ ახალი ტექნიკის გადასროლა, არამედ "ცივი ომის" პერიოდში შექმნილი სარეზერვო სისტემის აღდგენა და განახლებაც მიმდინარეობს. ეს კი ლოგიკურად იმავე შინაარსის საფრთხემ განაპირობა, რომელიც ცივი ომის პერიოდში განაპირობებდა ამ სისტემის შექმნას.

გამოყენებული სამალავი, გამოცემის ინფორმაციით, 4600 საზღვაო ქვეითის სრულ აღჭურვასა და რამდენიმეკვირიანი, ავტონომიური მოქმედებისთვის არის გათვლილი, რომელშიც შედის ტანკები, საარტილერიო დანადგარები და ა.შ. ამ მიზნისა და პერიოდისთვის საჭირო ყოველგვარი აღჭურვილობა თუ რესურსები წყარო.

სადამადე მივა ესკალაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის ძნელი სათქმელია, თუმცა ზემოთ მოცემული ფაქტებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მზადება მიმდინარეობს "მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის", რაც გულისხმობს ღიად აგრესიულ დაპირისპირებასაც და ამიტომაც ხდება აქტიურად სამხედრო კომპონენტის მნიშვნელოვანი გაძლიერება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საერთაშორისო პროცესებსა და გავლენებში, უხეში ძალის ფაქტორი კვლავ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთის მსგავსი დესტრუქციული ძალის შეკავება მოხდეს და ასევე ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების იმედად ყოფნა, თუკი მომლაპარაკებელს ზურგს ძლიერი სამხედრო ძალა არ უმაგრებს, ფუჭი ოპტიმიზმია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი