ზახარჩენკოს მკვლელობა - კიდევ ერთი რუსული სპექტაკლი? - კვირის პალიტრა

ზახარჩენკოს მკვლელობა - კიდევ ერთი რუსული სპექტაკლი?

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო კაფე "სეპარში" ააფეთქეს. რუსული პროპაგანდა, სრული ძალებით არის მობილიზებული და კიევის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობს.

რუსულენოვანი მედიის დღის მთავარი თემა, ბუნებრივია, დონეცკელი სეპარატისტების თავკაცის, ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობაა, რომლის გამოც, ბრალდებების ნიაღვარი დაიძრა მოსკოვიდან-კიევის მისამართით. რა თქმა უნდა, მოსკოვი მთელი ძალებით ცდილობს ზახარჩენკოს მკვლელობა კიევს დააბრალოს, თუმცა მათ მიერ განცხადებებში გამოთქმული ლოგიკა, არ ჯდება იმ კონტექსტის ლოგიკაში, რომელიც ახლაა შექმნილი აღმოსავლეთ ევროპასა და კონკრეტულად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. ზახარჩენკო, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში, იმ მასშტაბის პიროვნება რომ ყოფილიყო, რომელზეც დამოკიდებული იქნება ამ კონფლიქტის განვითარების შემდგომი სცენარი, მაშინ უკრაინის არმია, უკვე შეტევაზე უნდა იყოს გადასული და დონეცკი, მიწასთან გასწორებული ჰქონდეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონაში ესკალაცია ბოლო დროს მომატებულია, მაინც არანაირი სარგებელი კიევისთვის ზახარჩენკოს მკვლელობაში არ იქნებოდა, ამ მოცემულობაში.

შესაბამისად, ასეთი სიტუაციებისთვის ყველაზე შესაფერისი და სრულიად ლეგიტიმური კითხვა ჩნდება - ვის აწყობდა ზახარჩენკოს მკვლელობა? ცალსახად ფაქტია, რომ არცერთი გახმაურებული მკვლელობა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გამაგრებული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, კონფლიქტის განვითარებაზე არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე და არც ე.წ. რესპუბლიკების თავკაცების ცვლილებას არ მოუხდენია არანაირი გავლენა ამ პროცესზე წინა წლებშიც. მოვლენები იმ სცენარით ვითარდებოდა, რომელიც მოსკოვში დაიწერა და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმით კიევშიც. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია მტკიცებულება, რომ ასეთ პიროვნებებს, რუსული კონფიგურაციით განვითარებულ კონფლიქტებში არასოდეს ჰქონიათ ისეთი მნიშვნელოვანი როლი, მათ არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ჰქონოდეს (მოკლული პრორუსი სეპარატისტების სია). ყველას კარგად გვესმის, რომ აღნიშნული კონფლიქტი იმართება რუსეთის სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობებიდან და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, ყველაზე დიდი ალბათობით, ავადსახსენებელი ГРУ-ა, რომლისთვისაც სახელისა და გვარის ცვლილება, არამგონია რაიმე მნიშვნელოვანს ნიშნავდეს, გარდა იმ მიზეზებისა, რომელიც კონკრეტულად მათ იტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

ზემოთ ჩამოყალიბებული ლოგიკით, ცალსახად მივდივართ დასკვნამდე, რომელიც უკრაინული მედიის მთავარი მტკიცებულებაა და მიუთითებს იმაზე, რომ ალექსანდრე ზახარჩენკო ან რუსული სამყაროსთვის დამახასიათებელი შიდა გარჩევების მსხვერპლია, ან მოშორებული მოწმე, რომელმაც ძალიან ბევრი იცოდა. რუსეთისთვის ზახარჩენკოს მოშორება რამდენიმე მიზეზით იყო სასარგებლო: პირველი, მოიშორეს მათთვის პოტენციურად საშიში ინფორმაციის მატარებელი ადამიანი და მეორე, ეს მკვლელობა შესაძლოა, გამოყენებული იქნას უკრაინის ფრონტზე ვითარების ესკალაციისთვის, რომელიც ისედაც დაძაბულია და სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი უკრაინის მიმართულებით მასშტაბური გააქტიურებისთვის ემზადება. ამაზე მოწმობს ისიც, რომ წინა კვირების განმავლობაში, უკრაინული მედია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აკეთებდნენ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელი იყო ვითარების მასშტაბური ესკალაცია. აქვე საინტერესოა ისიც, რომ ზახარჩენკოს მკვლელობა, უცნაურად დაემთხვა რუსეთის არმიის უპრეცედენტო წვრთნებს დასავლეთ საზღვრებთან, რაც კიდევ უფრო ალოგიკურს ხდის კიევის მიერ ზახარჩენკოს მკვლელობის ვერსიას, რადგან ბუნებრივია, ასეთი კონფიგურაციის ოპერატიული ვითარების პირობებში, არავინ მიიღებს პოლიტიკური მკვლელობის გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტული შედეგის მქონე და თანაც მასშტაბური, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შედეგის გარანტია არ ექნება.

ფაქტია, რომ რუსულმა პროპაგანდამ გუშინდელი დღიდანვე დაიწყო პროპაგანდისტული თეზისების გავრცელება, რომლებიც სრულიად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, პირველ რიგში, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობასა და დონბასელი სეპარატისტების არმიაში. ნიმუში

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ უკრაინის ფრონტზე ვითარება მართლაც უკიდურესად დაიძაბოს და განახლდეს შეტაკებები, რომელსაც ალბათ ვეღარაფერი გააჩერებს და მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი იძულებული იქნება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ყველა საფუძვლით, უკრაინის უპირობო და ტოტალურ დაცვას უნდა ნიშნავდეს.

მომდევნო დღეებში, რუსული პროპაგანდის მიერ კიდევ არაერთ მომზადებულ სიუჟეტს ვნახავთ ზახარჩენკოს მკვლელობაზე, რომელიც თავისი შინაარსით იქნება ერთგვარი მინიშნება იმაზე, გამოიყენებს თუ არა რუსული პროპაგანდა მის მკვლელობას დონბასსა და რუსეთში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის, რომელიც საჭიროა საბრძოლო მოქმედებების გასაახლებლად.

ამ ეტაპზე, მომხდარის შესახებ საბოლოო და მართალი ვერსიის ძიება, უშედეგო საქმიანობად მოჩანს, თუმცა, ცალსახად ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული თეზისები სიმართლეს არ შეიცავს და იმ პოზიციას აჟღერებს, რომელიც სასარგებლოა რუსეთისთვის!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს ლადო ჩალათაშვილის ბლოგი