შეტაკებები ლიბიაში და კრიზისის მოლოდინი ევროპაში - შანსი რუსეთისთვის? - კვირის პალიტრა

შეტაკებები ლიბიაში და კრიზისის მოლოდინი ევროპაში - შანსი რუსეთისთვის?

ლიბიაში წამოწყებული ახალი კრიზისი, როგორც მინიმუმ ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ევროპისთვის, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შეტაკებების მასშტაბის ზრდა, ავტომატურად გამოიწვევს ლტოლვილთა ახალი ნაკადების გაჩენას და იმ ელემენტარული კონტროლის მოშლას, რომელიც დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, მეტნაკლებად დამყარდა კონტინენტებს შორის გადასასვლელებზე. ლტოლვილთა ნაკადები ლიბიაში არალეგალური და ძალიან დიდი შემოსავლის წყაროა, რომლის მოსპობაც, ადგილობრივი კრიმინალიტეტისა და როგორც ჩანს, არა მხოლოდ მათთვის, არასასურველი შედეგია. შესაბამისად, იმ ფონზე როდესაც ევროპა და ზოგადად დასავლეთ სამყარო, საფრთხეებზე რეაგირებას ცდილობს და გარკვეულწილად ჩააცხრო კიდეც, სირიის ომის შემდეგ წარმოქმნილი საემიგრაციო კრიზისი, ნამდვილი კრიზისი შესაძლოა ახლა დადგეს, რომელიც შესაძლოა სრულიად ახალი ფორმაციის ვიხილოთ და აი რატომ...

წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც სირიის კონფლიქტის მიერ პროვოცირებული საემგრაციო კრიზისის წინაშე დადგა დასავლეთი, შესაძლო უახლოესი მომავლის კრიზისი იმით გართულდეს, რომ ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად მილიონობით ემიგრანტი იმყოფება, რომელთა მობილიზება ანტიდასავლური მოტივებით, ერთი მინიმალური შეცდომის შემთხვევაში, რუსულ ან სხვა რომელიმე, დასავლეთ სამყაროში კრიზისის პროვოცირებით დაინტერესებული ქვეყნის სპეცსამსახურებს, არ გაუჭირდებათ. მით უმეტეს, თუკი მუსლიმურ სამყაროში, რელიგიური სწავლების "ონლაინ" გავრცელების მასშტაბსაც დავურთავთ და იმასაც გავითვალისწინებთ, თუ რამხელა პოლიტიკური ბატალიები გამოიწვია კიბერ-მანიპულაციებმა ამერიკაში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაში, მომავალი საემგრაციო კრიზისი იქნება "შიდა" არეულობების ფონზე მიმდინარე, ემიგრანტთა ახალი ნაკადების მიერ ევროკავშირის საზღვრების გარღვევების მცდელობები, რომელიც რა შედეგამდე მიიყვანს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, ღმერთმა უწყის.

ევროპის ტერიტორიაზე, იქ სადაც ლტოლვილთა დიდი ნაკადები უკვე შევიდა და კომპაქტურად განსახლდა, ძირითადად ინციდენტები განპირობებული იქნება ლტოლვილთა ნაკადების შეჩერებისთვის მიმდინარე ღონისძიებებისას მომხდარი "დარღვევებით", ადგილზე მყოფი "მსხვერპლთა თანამემამულეთა" აღშფოთება და ამ მოტივებით გამოწვული მასობრივი მღელვარებები, რომელიც ალბათ ბუნებრივად გააქტიურებს კვლავ ულტრა მემარჯვენე ნაციონალისტებს, რომლებიც ყოველთვის კარგი დასაყრდენი იყო რუსეთისათვის და ალბათ ეს "კოლაბორაცია" შენარჩუნებული იქნება უახლოეს მომავალშიც. ხალიფა ჰაფთარი

მოკლედ, ლიბიის ახალი კრიზისი, უამრავ საფრთხეს მოიცავს თავის თავში. ევროპისთვის, როგორც ახალი და რთული კონფიგურაციის საემიგრაციო კრიზისი და შანსი რუსეთისთვის, გამაგრდეს აფრიკის კონტინენტზე, ანუ იქ სადაც ნავთობიც საკმაო რაოდენობის არის და ქვეყნის მდებარეობაც ხელსაყრელია იმისთვის, რომ ლიბიაში კონტროლირებადი ქაოსის შექმნით, მეზობელ ქვეყნებში გავლენები გაზარდოს დაინტერესებულმა მხარემ. ასეთი მხარე რომ დიდი ალბათობით შესაძლებელია იყოს რუსეთი, უკვე დიდი ხანია ცნობილია და ეს ვერსიები განიხილებოდა. მათ შორის, ჩემს მიერაც იქნა გამოქვეყნებული სტატია ზუსტად ორი წლის წინ ბმული, როდესაც ასადის რეჟიმზე, დასავლეთ კოალიციის მიერ საჰაერო იერიშით გაღიზიანებული რუსეთის რეაქცია განიხილებოდა. იმ მომენტისთვის მუსირებდა მოსკოვის შურისძიების ორი შესაძლო მიმართულება, ესენი იყო ავღანეთი და ლიბია. ავღანეთის ნაწილში, როგორც აღმოჩნდა რუსებმა "თალიბანთან" შეთანხმება ვერ შესძლეს, რადგან "თალიბანმა" კონკრეტული სამხედრო დახმარება მოითხოვა მოსკოვისგან და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვა ის, რომ შესაძლოა მათ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება გამართულიყო. რაც შეეხება გენერალ ჰაფთარს, ეს სახელი მაშინაც გაჟღერდა რუსულ და აღმოსავლეთ ევროპულ მედიებში, როგორც ერთ-ერთი საყრდენი რუსული ინტერესების თვალსაზრისით და მაშინვე გამოჩნდა მწირი ინფორმაცია მოლაპარაკების შინაარსის შესახებ, რომელთა მიხედვითაც ირკვეოდა, რომ გენერალ ჰაფთართან რუსეთი იარაღის მიწოდებასა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს განიხილავდა. როგორც ჩანს ამ პერიოდის განმავლობაში, რუსებმა და ხალიფა ჰაფთარმა, შეთანხმებას მიაღწიეს და იმ კონდიციამდე მივიდნენ, რომ ლიბიელი გენერალი, საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის ასაღებად დაიძრა.

როგორ დამთავრდება ლიბიის მიმდინარე კრიზისი, ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, წინა პერიოდების აქტივობების გათვალისწინებითა და რუსული მედიის რეაქციით, ხალიფა ჰაფთარის სამხედრო ოპერაციაზე, შეგვიძლია დავასკვათ, რომ ეს კრიზისი რუსეთის ინტერესებში ჯდება და შესაბამისად სრიულიად ლეგიტმურია ეჭვი, რომ ამ ყველაფერში, სწორედ მოსკოვის ხელი ურევია.

მეორე და ყველაზე აქტუალური კი ის არის თუ რამდენად ეფექტური იქნება რუსეთის ეს მანიპულაციური ინსტრუმენტი ევროპის წინააღმდეგ და რამდენად მზად არის ევროპა, წინა წლებთან შედარებით უფრო მობილიზებული და მომზადებული დახვდეს აშკარად ხელშეწყობილ და პროვოცირებულ კრიზისს, რომელიც თავის თავში უამრავ საფრთხეს მოიცავს.

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს