მეგობრობა პეკინის თანხმობით - კვირის პალიტრა

მეგობრობა პეკინის თანხმობით

"ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, პროპაგანდისტული მიზნებისთვის მოწყობილ შეხვედრას უფრო გავდა, ვიდრე ორი, დიდი პრობლემების მქონე ქვეყნის ლიდერების შეხვედრას"

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, საწყის ეტაპზე საინტერესო პოლიტიკურ მოვლენად მოჩანდა, რომელსაც საინტერესოობას ერთის მხრივ თავად კიმ ჩენ ინის პერსონა, ხოლო მეორეს მხრივ ის დაძაბულობა ანიჭებდა, რომელიც აგერ უკვე ბოლო ორი წელიწადია, კორეის ნახევარკუნძულს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქცევს. შესაბამისად მოლოდინები, რომელიც ამ ვიზიტის მიმართ არსებობდა, ძირითადად განპირობებული იყო დაძაბულობის ხარისხისა და შემდგომი პროცესების იმგვარად განვითარებით, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი ლოგიკით განვითარდა და ერთგვარად პოლიტიკური სენსაციის ხარისხშიც კი ავიდა, როდესაც კიმისა და აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც მალევე მოჰყვა, სამხრეთ კორეის ლიდერისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა. მაშინ ამ პროცესებმა, მოსკოვის აქტიური ჩართულობის გარეშე ჩაიარა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა ის, რომ რუსეთის ავტორიტეტი, აზიასა და ზოგადად მსოფლო მასშტაბის პროცესებში, არ არის იმდენად დიდი, რამდენადაც ამას რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს.

ზემოთ მოყვანილი პროცესების განვითარების პარალელურად, რუსულ საინფორმაციო სივრცის მანიპულატორებს, აშკარად ეტყობოდათ ის გაღიზიანება, რომელსაც ბუნებრივია კორეის ნახრევარკუნძულის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში, მათი აუტსაიდერობა იწვევდა. მას შემდეგ, პუტინმა არაერთი რუსი პოლიტიკოსი მიავლინა, კიმ ჩენ ინის რუსეთში მიპატიჟების მისიით, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ მთავრდებოდა ყველა ეს მისია. გამომდინარე ზემოთქმულიდან, პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება მდგომარეობს შემდეგში: რამ გახადა რუსეთი მნიშვნელოვანი ახლა? როგორც ჩანს, ისევ იმ პროცესებმა რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი და შესაძლებელია, კიმის ეს ვიზიტი მთლიანად იმისკენ იყოს მიმართული, რომ საკუთარი საერთაშორისო "წონა" გაიზარდოს, აშშ-სთან მომავალი მოლაპრაკებების წინ. ხოლო რუსეთისთვის, კიმ ჩენ ინის კორეა შესაძლოა განხილული იყოს, როგორც აშშ-ზე და მის აზიურ ინტერესებზე, ირიბი ზემოქმედების ბერკეტი.

ასეთი სცენარი გაცილებით უფრო რეალისტური იქნებოდა, რომ არა ჩრდილო კორეაზე, ჩინეთის მიერ ნაკისრი პატრონაჟი და საგარეო პოლიტიკის მართვის ის ხარისხი, რომელიც ამ ურთიერთობაში ყველასთვის ცნობილი ფაქტია. შესაბამისად უნდა დავასკვნათ, რომ კიმ ჩენ ინისთვის რუსეთში ჩასვლის ნებართვა, გაიცა და შეთანხმდა პეკინთან, შესაბამისად მისი შინაარსი და კონტექსტიც დიდწილად ჩინეთის ინტერესებით იქნებოდა განპირობებული, რაც საბოლოო ჯამში, ვიზიტის დასრულებისთანავე ცხადი გახდა.

ის, რომ კიმ ჩენ ინის ვიზიტი არ იყო პოლიტიკურად წონადი შედეგის მქონე, მიანიშნებს ის მედია აქტივობა, რომელიც ვიზიტს მიეძღვნა და სადაც აქცენტები იმაზე კეთდებოდა თუ რა შეჭამეს, რა ნახეს, როგორ იქცეოდა დაცვა და რა საჩუქრები გაცვალეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, ბოლო ნიშანი რომ ამ შეხვედრიდან არაფერი გამოვიდა, შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კიმ ჩენ ინმა, ვლადივოსტოკი 7 საათით დაგეგმილზე ადრე დატოვა! ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ კიმი უფრო მეტად უკმაყოფილო დარჩა ვიზიტით, ვიდრე კმაყოფილი ან ნეიტრალური.

მოლაპარაკებების შემდეგ, მედიასთან, ისიც მხოლოდ პუტინის მუდმივად თანმხლები მედია საშუალებების წარმომადგენლებთან, პუტინი მარტო გამოვიდა და ინტერვიუს ძირითადი ნაწილი, უკრაინის ორი დროებით ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის თემას დაუთმო. რამაც ცხადი გახადა, რომ კიმ ჩენ ინი ვიზიტის მსვლელობისასვე გამოყენებული იქნა იმ საჭირო დანიშნულებით, რომელიც პუტინს სჭირდებოდა და ვლადივოსტოკისკენ მიმართული მსოფლიო მედია, ამსჯელა უკრაინის პასპორტიზაციაზე.

შესაძლოა ამანაც გააღიზიანა კიმ ჩენ ინი და იმიტომაც წავიდა დაგეგმილზე ადრე.

რაც შეეხება კიმ ჩენ ინსა და მის ფუნქციას, რუსეთის სამომავლო გეგმებში, ალბათ ერთადერთი რამ არის, რაშიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ის და ეს არის მისთვის ბირთვული ან სარაკეტო ტექნოლოგიების გადაცემის მუქარა, რომელიც ისევდაისევ ჩინეთის თანხმობის გარეშე ვერაფრისდიდებით ვერ მოხდება, მაგრამ რუსეთმა თუ ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა, მაშინ ჩინეთის გარეშეც შეუძლია მიაწოდოს საჭირო ტექნოლოგიები, მაგალითად ირანის მეშვეობით და ა.შ.

კორეელი ლიდერისთვის ალბათ არსებობდა კონკრეტული საკითხები, რომელშიც პუტინის დახმარების იმედი ჰქონდა, სანაცვლო სამსახურის გაწევის გარეშე. ასეთ ინტერესებად ორი რამ შეიძლება ყოფილიყო - პირველი, სამხედრო დახმარება და მეორე სურსათით დახმარება. თუმცა, როგორც ჩანს ეს იმედი არ გაუმართლდა და ამიტომაც ჩაიარა ვიზიტმა ისე როგორც ჩაიარა, დღეს ეს ვიზიტი უკვე აღარავის ახსოვს...!

სხვა მხრივ, კიმის ვიზიტი რუსეთში საკმაოდ საინტერესო გამოდგა მისი პერსონის თავისებურებებისა და ავადმყოფური შიშების დანახვის თვალსაზრისით. ძალზედ საინტერესო იყო ის, თუ როგორ იქცეოდა მისი თანმხლები დაცვა, როგორ მუშაობდა პროტოკოლის სამსახური და ა.შ. ჩემი ბლოგის თემატიკა, არასოდეს ყოფილა ქვეყნების ლიდერების ამ კუთხით განხილვა. ამიტომაც აქ ამ თემებს ტრადიციულად არ შევეხები, ამ ქმედებათა ამსახველი ვიზუალური მასალა ისედაც ბლომად მოიპოვება ინტერნეტში...

რაც შეეხება მის პოლიტიკურ შედეგს, ამ მოცემულობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ნულოვანი შედეგის მქონე შეხვედრა იყო, რომელსაც ორივე მხარე მხოლოდ პროპაგანდისთვის თუ გამოიყენებს.

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს