საფრთხე, რომელიც ირანისა და რუსეთის თავნებობისგან მომდინარეობს ... - შედეგები მთელი მსოფლიოსთვის იქნება ძალიან მძიმე! - კვირის პალიტრა

საფრთხე, რომელიც ირანისა და რუსეთის თავნებობისგან მომდინარეობს ... - შედეგები მთელი მსოფლიოსთვის იქნება ძალიან მძიმე!

თავდასხმა ARAMCO-ს გადამამუშავებელ ქარხნებზე, ეს არის ინციდენტი, რომელიც ემუქრება მსოფლიო ნავთობით ვაჭრობას და მას აუცილებლად მოჰყვება შედეგები

შემთხვევა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა საუდის არაბეთში, მიანიშნებს იმაზე თუ რამდენად მაღალი სამხედრო დაძაბულობაა რეგიონში.

ფაქტია, კონფრონტაციის ამ ეტაპზე, ისეთი ფაქტორები აღმოჩნდა დასავლური გავლენის წინააღმეგ გამოყენებული, რომლებიც საერთაშორისო რეაგირების გარეშე უბრალოდ ვერ დარჩება, რადგან შეეხება სფეროს, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროა. ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმის ეპიზოდი, ჩემი სუბიექტური შეხედულებით არის, რამდენიმე თვის წინ, ამავე რეგიონში ნავთობმზიდი ტანკერების დაკავების და პორტში აფეთქებების სერიის გაგრძელება, რომლის უკან ყველა ლოგიკით ირანი დგას. რეგიონში, დაინტერესებული მსგავსი სახის ესკალაციით, სხვა ძალა, უბრალოდ, არ არსებობს, თანაც შესაბამისი შესაძლებლობებით თუმცა, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოების დაბომბვამ გარდა იმისა რომ თვალსაჩინო გახადა რეგიონის მთავარი დესტრუქციული ძალა, ასევე ახალი პრობლემატიკა წამოჭრა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც არა მხოლოდ საწარმოო ობიექტების, არამედ რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების უსაფრთხოებასაც შეეხება და ზოგადად, სამხედრო ობიექტების ღრმა ზურგში დაცვის საკითხსაც.

სხვდასხვა ინტერნეტგამოცემებში, საუდიტების ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ARAMCO-ს ობიექტებზე თავდასხმა მოხდა 17 უპილოტო საფრენი აპარატითა (ე.წ. დრონი) და 8 ფრთოსანი რაკეტით, რომელიც ზოგიერთი მონაცემით, ერაყის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. ასეთი რაოდენობით ერთდროული შეტევა, პრობლემა აღმოჩნდა საუდიტების ჰაერთავდაცვითი სისტემისთვის და აქტუალური გახადა, ამერიკული სამხედრო ბაზების უსაფრთხოების საკითხიც. ექსპერტებმა ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყეს, რომელიც იმდენად ადრეულ ეტაპზეა, რომ ერთგვარი დაბნეულობაც შეიმჩნევა. გამოდის რომ ძალიან ძვირი სისტემები, უიაფესი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის განკუთვნილი და გადაკეთებული საგნების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა და ისეთი მასშტაბის პრობლემა შექმნა, რომელმაც მსოფლიო ვაჭრობაზე იქონია გავლენა!

სირიის ომმა და შემდგომ უკვე ზემოთ მოცემულმა ეპიზოდმა, სრულიად ახალი რეალობა დააყენა სამხედროებისთვის და შესაბამისად, პოლიტიკოსების წინაშეც, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, მაგალითად, ასეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ფაქტორებზე იერიშის მიმტანი მხარე, რომელიც ტრადიციული მეთოდებით აღარ მოქმედებს და სრულიად ახალ, კრეატიულ მეთოდებს იგონებს, პასუხი აგებინონ თანაწონადად და თან ეს ისე გააკეთონ, რომ პარალელურად მოძებნონ უკვე გამოცდილებით მიღებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზები. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თანამედროვე ბრძოლა, როგორც ფიზიკურ, ისე არაფიზიკურ ფრონტზე, სრულიად სხვაგვარი გახდა და იმდენად სწრაფად ცვალებადია, რომ უსაფრთხოების ექსპერტები რეალობის გაანალიზებასაც კი ვერ ასწრებენ, რომ სრულიად ახალი, აქამდე გამოცდილებაში არ არსებული მეთოდები ჩნდება მოწინააღმდეგეთა მხრიდან.

ამ რეგიონში და აქ აღწერილ ეკონომიკურ ფაქტორზე მიტანილი იერიშის პოლიტიკური ნაწილი, ასევე ძალიან საინტერესოა და ასევე ახალ მეთოდებს შეიცავს, რომელიც მაგალითად ასევე ARAMCO-ზე მიტანილი იერიშის შემთხვევაშიც იქნა გამოყენებული. ირანმა კვალის დასაფარად (ანუ ბრძოლის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი გამოდის), გამოიყენა იემენელი ჰუტები, რომლებიც სიამოვნებით იღებენ პასუხიმგებლობას ნებისმიერ სამხედრო აქტზე, რომელიც საუდიტების წინააღმდეგ ხორციელდება. რა თქმა უნდა, რომ ჰუტები ამას უანგაროდ, მხოლოდ იმიჯის გამო არ აკეთებენ და კოკნკრეტულ ბარტერს მიიღებენ ირანელებისგან იარაღის სახით, რითიც შემდგომ ისევ საუდიტების არმიასა და საუდიტების მხარდაჭერილ, იემენის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს. ეს შეიარაღება კი მხოლოდ "ავტომატები" არ არის და ხშირად საკმაოდ არასასიამოვნო "სიურპირიზებსაც" უგზავნიან ხოლმე საუდიტებს (ნიმუში - ბმული). მაგალითად, ფრთოსან რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ა.შ.

საუდიტების მიერ გამოფენილი რაკეტის ნარჩენები, რომლითაც მათი განცხადებით, იერიში იქნა მიტანილი ARAMCO-ს გადამამუშავებელ ობიექტებზე

ის, რასაც ირანი აკეთებს, სასარგებლოა რუსეთისთვის. შესაბამისად, ის რომ რუსეთი ხელს არ შეუშლის ირანს მოქმედებაში უკვე ძალიან დიდი ფაქტორია ირანისთვის და სრულიად ლეგიტიმურს ხდის ეჭვს, რომ შესაძლოა ხელსაც უწყობდეს მის მოქმედებას პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც. რუსეთისა და ირანის სირიული კოლაბორაცია ამ ეჭვს კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის და არც მათი "სტრატეგიული პარტნიორობაა" დამალული საქმიანობა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების მოქმედება, უკვე არსებული და ამ სტატიაში აღწერილი შემთხვევების მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას რომ მიმართულია ნავთობის სფეროსკენ, რომელზე ფასის ზრდაც, პირდაპირ შედის როგორც ირანის, ასევე რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ეჭვი რომ რუსეთი ირანის მოქმედებას არ შეეწინააღმდეგება საუდიტებისა და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სრულიად ლეგიტიმურია.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ირანის მიერ მოწყობილი ეს "ინციდენტები", რამდენიმე წლის წინ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყებისთვის სრულიად ლეგიტიმურს საფუძვლად ჩაითვლებოდა, თუმცა ამჯერად საერთაშორისო თანამეგობრობამ, მოქმედების სხვაგვარი მეთოდი აირჩია და ჯერ კიდევ გაუგებარია, რა შედეგები დადგება ირანისთვის ამ ყველაფრის გამო.

ისიც ფაქტია, რომ სანქციადადებულმა სახელმწიფოებმა, მოძებნეს რაღაც გამოსავალი იცხოვრონ იმ ცილიზაციური სიკეთეების გარეშე, რომელსაც საერთაშორისო წესრიგი სთავაზობს/ითხოვს. შესაბამისად, მოსაძებნია ახალი მექანიზმი, რომელიც მსგავსი დესტრუქციული ძალების ასალაგმავად ეფექტიანი საშაულება გახდება და საერთაშორისო სამართალი ისევ იმ "ავტორიტეტულობის" ნიშნულზე დაბრუნდება, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისამდე არსებობდა, წინააღმდდეგ შემთხვევაში ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტების ეფექტურობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ამიტომ, ამ ნორმებისადმი "ერთგულება" სულ უფრო არასერიოზულ სახეს იღებს.

მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების ტერიტორიების ხელყოფისთვის რუსეთი არ ისჯება; როდესაც ასადის რეჟიმის მიერ, ქიმიური იარაღის გამოყენება რჩება დაუსჯელი; მაშინ, როდესაც საერთაშორისო შეთანხმებას მინდობილი უკრაინა, უარს ამბობს ბირთვულ სტატუსზე და ეს შეთანხმება ირღვევა უაპელაციოდ და ამისთვის, გარდა უკრაინისა არანაირი შედეგი არ დგება არცერთი გარანტორისთვის; როდესაც ირანი ასეთი აგრესიულობით მოქმედებს მთელ ახლო აღმოსავლეთში და პრობლემებს უქმნის მსოფლიო ვაჭრობას - საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის დაცვაზე, პასუხისმგებელ ორგანიზაციებს არ უნდა უკვირდეთ, თუკი მათ საქმიანობას აკრიტიკებენ და დაფინანსების გაზრდაზე პრობლემები აქვთ! საფრთხე, რომელიც ასეთი საერთაშორისო თავნებობისგან მომდინარეობს, არის ძალზედ საშიში და შორსმიმავალი.

საუდიტების ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე თავდასხმა, მანამდე კი ტანკერების აფეთქება პორტში - ეს არის ინციდენტები, რომელსაც ძალიან დიდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს უახლოეს მომავალში. ამას ემატება ირანის მიერ გამოცხადებული ბირთვული პროგრამის განახლება ნოემბერში, რომელიც ესკალაციას ისეთ მასშტაბზე აიყვანს, რომ რეალური საბრძოლო მოქმედებების დაწყების დიდი ალბათობა იქმნება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ასე დაუსჯელად ვერ დარჩება მარადიულად ვერც ირანი ამ ქმედებებისთვის და ვერც, მაგალითად, რუსეთი, მსოფლიოს დესტრუქციული ძალების შეფარული მხარდაჭერისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ხელყოფისთვის.

უსაფრთხოების ექსპერტებმა კი სასწრაფოდ უნდა მოძებნონ ეფექტიანი თავდაცვის გზები, ასეთი თავდასხმებისგან თავის დასაცავად და ამავე დროს მოახერხონ ირანისა და რუსეთის, ასევე მათი მხარდაჭერილი ძალების მოქმედების მაქსიმალური შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები მთელი მსოფლიოსთვის იქნება ძალიან მძიმე...!

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს