რას მოაწერა ხელი უკრაინამ და რატომ ვერ შედგა შეთანხმება? - კვირის პალიტრა

რას მოაწერა ხელი უკრაინამ და რატომ ვერ შედგა შეთანხმება?

პუტინი ითხოვს უკრაინული მხარისგან - "ნორმანდიული ოთხეულისა" და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფორმატებში მიღებული, უკლებლივ ყველა შეთანხმების უპირობოდ შესრულებას!

ბოლო ერთი თვეა, სირიაში თურქეთის არმიის ოპერაციის დაწყებამდე, უკრაინა მთავარი განხილვის საგანი იყო როგორც პოსტსაბჭოთა, ისე საერთაშორისო მედიაში. საკითხის აქტუალიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულას" ვიკი-ლინკი, რომელიც დიდი მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა, პირველ რიგში თავად უკრაინაში.

შესაბამისად, ის თუ რა გზაზე დადგა უკრაინის ახალი ხელისუფლება და როგორ ფიქრობს ამ ე.წ. "ფორმულის გამოყენებით" შემდგომში, დონბასის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარებას, ბუნერივად იწვევს ჩვენს ინტერესს, რადგან ამ კონფლიქტს ძალიან ბევრი აქვს საერთო საქართველო-რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტთან. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში, რუსული არმიის მონაწილობა და პირდაპირი ჩართულობა საბრძოლო მოქმედებებში, არავისთვის არის შესაგონებელი და დასამტკიცებელი ამბავი, ისედაც ყველამ კარგად ვიცით.

უკრაინაში მიმდინარე ეს პროცესი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ამ დღეებში საქართველოს იგივე შტაინმაიერი სტუმრობდა. რომელ ვიზიტსაც, რატომღაც მოჰყვა მოლოდინი, რომ ჩვენთანაც რაღაც მსგავსი ფორმულის შემოსათავაზებლად ჩამოვიდა, აწ უკვე გერმანიის მოქმედი პრეზიდენტი. თუ საიდან და რატომ გავრცელდა ასეთი ხმები, არ ვიცი და ვიზიტის შედეგადაც არ დადასტურდა, თუმცა ფაქტია ის, რომ შტაინმაიერის გერმანიის პრეზიდენტის რანგში ვიზიტმა, საქართველოში ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიღებული "შტაინმაიერის ფორმულის" საკითხზე. (იხილეთ ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულის" შეთანხმებული ტექსტის ორიგინალი)

ამიტომ, ბუნებრივია ის ინტერესი, რომელსაც ქართული საზოგადოება იჩენს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან მიმართებაში. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ იგივე ქართულ საზოგადოებაში, არ არის ჩამოყალიბებული ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ რას მოაწერა ხელი ზელენსკიმ და რა შედეგი შეიძლება მიიღოს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით!

როგორც თავად ზელენსკიმ განაცხადა, პროცესის დაწყებიდან მეორე დღესვე, აღნიშნულ გეგმაში არ არის ლაპარაკი ისეთზე, რამაც შესაძლოა ვინმეს იმის შესაძლებლობა მისცეს, რომ ის და მისი მთავრობა, კაპიტულაციაში ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულონ.

თუკი ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტების მუშაობას დავუკვირდებით, მართლაც ჩნდება აზრი, რომ რუსები საეჭვოდ აღტკინებულები არიან ამ შეთანხმებით და მისი უსწრაფესად რეალიზებით არიან დაკავებულები. ეს თვალშისაცემი რუსული აღტკინება, ნაწილობრივ უკრაინაში დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა და დაძრულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ჩაახშეს, რომელიც მალევე გადავიდა ბრალდებაში, რომ უკრაინელმა "ნაციონალისტებმა და რადიკალებმა" (გეცნობათ ალბათ ეს ფორმულირება) ჩაშალეს შეთანხმების შესრულების, მხარეთა შორის შეჯერებული გეგმა. დასტურად არაერთი ვიდეო სიუჟეტი გავიდა რუსულ არხებზე, სადაც ასახული იყო, მაგალითად ძალთა დაშორიშორების ადგილებში, სეპარატისტების მხრიდან სამხედრო ძალების გაყვანის მზაობის მანიშნებელი სასიგნალო რაკეტების გაშვება, რომელსაც უკრაინული მხრიდან, ანალოგიური სასიგნალო რაკეტის გაშვება არ მოჰყოლია. პარალელურად, რუსული მედია იმ საპროტესტო ჯგუფის აქტივობას აჩვენებდა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ ჩასულები და იქ აპროტესტებდნენ ზელენკის მიერ "შტაინმაიერის ფორმულაზე" ხელმოწერას. ამ პროცესის კომენტირებისას, რუსული მედია ტრანსლირებდა საფრთხეს, რომ ნაციონალისტები ცდილობდნენ საპოლიციო კორდონის გარღვევას და წინა ხაზზე გასვლას, ვითარების დესტაბილიზების მიზნით - რაც სრული აბსურდი იყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ას კაციანი ჯგუფის მიერ, სამართალდამცავთა ისეთი მობილიზების პირობებში, რომელიც იმ დღეებში იყო ზოლოტოესა და პეტროვსკოეს მისადგომებთან მობილიზებული, მსგავსი სახის პროვოკაციის მოწყობა პრაქტიკულად ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსულ "მედია ვარსკვლავებს" ასეთი კომენტარებისა და ინტერპრეტაციისგან, თავი არ შეუკავებიათ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკის ოპოზიციისთვის "შტაინმაიერის ფორმულიდან" ყველაზე მიუღებელი ნაწილი იყო, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება და აღნიშნულ ოლქებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. მათი თქმით, ამ შემოთავაზებაზე დათანხმება არაფერია, თუ არა რუსული თამაშის წესების მიღება და იმ პოზიციაზე გასვლა, რომელიც კრემლს სავაჭროდ ხელსაყრელ პოზიციაზე აყენებს.

თავის მხრივ ზელენსკის გუნდი ცდილობს ახსნას ის მოტივი, თუ რატომ დათანხმდა "შტაინმაიერის ფორმულას". მათი თქმით, სხვა მხრივ შეუძლებელია რაიმე სახით სამშვიდობო პროცესის დაძვრა და ე.წ. "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის გამართვა, სადაც შესაძლებელი იქნება, ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა, დასავლელი ლიდერების თანდასწრებით. ზელენსკის გუნდში თვლიან, რომ რისკი, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯს არ ახლავს, რადგან კონკრეტულ დოკუმენტზე ხელი არცერთ მხარეს არ მოუწერია, მათ უბრალოდ განაცხადეს წერილობითი თანხმობა, გარკვეული პირობებით და ეს თანხმობები, მომზადებული დოკუმენტის ტექსტის ქვეშ დასმული ხელმოწერებით არ დადასტურებულა. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა ეუთო-ს წარმომადგენელმა და მინსკის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, მარტინ საიდიკმა წყარო. თუმცა რას ცვლის ეს მოცემულობა და რამდენად უტოვებს მოქმედების შესაძლებლობას ზელენსკის, ძნელი სათქმელია.

"შტაინმაიერის ფორმულის" განხორციელება, უკრაინული მხარის მტკიცებით მოიცავს შემდეგ პროცესებს, რომელთა დაუცველობის შემთხვევაში, ზემოთ მოცემული ფორმულის შეთანხმებულ ტექსტში აღწერილი პროცესის განხორციელება, უბრალოდ ვერ მოხერხდება. პროცესების ჩამონათვალი, უკრაინული ვერსიით დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • კონფლიქტის რეგიონიდან ყველა სახის უცხოური სამხედრო ფორმირებების გაყვანა.
  • უკრაინა-რუსეთის საზღვრის, ოფიციალური კიევის მიერ უკონტროლო მონაკვეთზე, უკრაინული კონტროლის სრული აღდგენა.
  • ტყვეთა გაცვლა. (ზელენსკის თქმით მისი მიზანია, უკრაინის ყველა მოქალაქის ტყვეობიდან დახსნა).
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის, დროებით განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, რომელიც მუდმივმოქმედი გახდება მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ვადამდელი არჩევნების შედეგებს, ლეგიტიმურად სცნობს ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, და რომელი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ყველაფერი კი უნდა დაიწყოს იმით, რომ ორ დასახლებულ პუნქტთან, პეტროვსკოესა და ზოლოტოესთან მოხდეს ძალთა დაშორიშორება.

ამ დოკუმენტში ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული და სწორედ ამიტომ შეიქმნა წარმოდგენა, რომ დონბასზე ომის დასრულების სანაცვლოდ, ზელენსკიმ ყირიმი დათმო. სხვა მხრივ, უკრაინის მიერ წარმოდგენილ პროცესთა განვითარებას, თითქოს არაფერი დაეწუნება. თუმცა, ამ ყველაფერზე დათანხმება, ბუნებრივად აჩენს განცდას, რომ კრემლი კაპიტულაციას აცხადებს, რაც მგონია რომ სრული აბსურდია, რადგან გამოდის, რომ თუკი ზელენსკიმ ამ პირობებზე პუტინის დათანხმება შესძლო, სხვა არაფერი გამოვა თუ არა კრემლის კაპიტულაცია. მეორეს მხრივ, გაუგებარია ის აღტკინება, რომელიც რუსი დიპლომატებისა და მედიად წოდებულ უწყების საჯარო აქტივობებში გამოსჭვიოდა.

მიუხედავად უკრაინული მხარის მიერ, პროცესთა ზემოთქმული ვერსიით ტრანსლირებისა, მისი განხორციელება ვერ შედგა, რადგან წარმოუდგენელი იქნებოდა ამ პირობებზე, სეპარატისტებისა და კრემლის დათანხმება. შესაბამისად ამ დეტალების განხილვა, მოხდება "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრაზე, მანამდე კი უკრაინამ უნდა შესძლოს და შიდა პოლემიკაში, მიაღწიოს შეჯერებულ პოზიციას დონბასზე არჩევნების ჩატარების საკითხში. უკრაინელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის განცხადებით, "შტაინმაიერის ფორმულა" მოვლენებს განვითარების ასეთ ლოგიკას გულისხმობს - ჯერ არჩევნები და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება! მათი თქმით კი უკრაინისთვის სასარგებლო პოზიცია ის არის, რაც ზემოთ არის აღწერილი, ანუ - ჯერ სასაზღვრო კონტროლისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, და შემდეგ არჩევნები!

ის, რომ ეს შეთანხმება მკვდრადშობილია ცხადყოფს ის განცხადებებიც, რომელიც ბოლო დღეებია, პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრებისგან ისმის და რომელიც გულისხმობს იმას, რომ უახლოეს მომავალში "შტაინმაიერის ფორმულის" რეალიზება შეუძლებელია ბმული-ნიმუში.

მთელი ამ ისტორიის ფონზე, ინტერნეტის რუსულენოვან სეგმენტში ვრცელდებოდა კადრები, რომელზეც ასახული იყო, უკრაინისკენ მიმავალი, რუსული სამხედრო კოლონები ბმული. კრემლის ეს ქმედება მიუთითებდა იმაზე, რომ რუსებს არც კი ჰქონდათ ფიქრად, უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანი პროცესის დაწყება!

როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, შეთანხმება თავიდანვე მკვდრადშობილი იყო იმ პირობების გამო, რომელიც უკრაინულმა მხარემ წამოაყენა, მარტინ სედიკისთვის გაგზავნილ წერილში. თუმცა, უკრაინული მხარე თვლის, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის გასამართად და ახლა ჯერი კრემლზეა. აღნიშნული განცხადება, პრეზიდენტ ზელენსკისა და შტაინმაიერის, იაპონიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბმული. პარალელურად, გავრცელდა პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შედეგები, რომელშიც პუტინი აყენებს, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის გამართვის პირობებს. პუტინი ითხოვს უკრაინული მხარისგან - "ნორმანდიული ოთხეულისა" და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფორმატებში მიღებული, უკლებლივ ყველა შეთანხმების უპირობოდ შესრულებას და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად დასახელებულია, ძალთა დაშორიშორება ორ დასახლებულ პუნქტთან და "შტაინმაიერის ფორმულის" უკრაინულ კანონმდებლობაში იმპლიმენტაციის მოთხოვნებია ბმული! ამ მოცემულობით გამოდის, რომ "ნორმანდიულ ფორმატში" შეხვედრა ვერ შედგება თუკი მხარეებმა ამ პოზიციებზე ყოფნა გააგრძელეს და "შტაინმაიერის ფორმულით" გამოწვეული ქარიშხალიც, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალის სტატუსით დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის ორგანიზებისთვის მიმდინარეობს სამუშაოები, რომელსაც ამ ეტაპზე ახორციელებენ, ოთხი ქვეყნის ლიდერების წარმომადგენლები და ცდილობენ პოზიციების შეჯერებას იმდაგვარად მაინც, რომ შესაძლებელი გახდეს ამ შეხვედრის გამართვა.

ბუნებრივია, აქ შეიძლება დაისვას კითხვა თუ რა შედეგები ჰქონდა, ყველა წინა სხვა შეხვედრას, რომელიც უკრაინა-რუსეთის კრიზისის დაძლევას ეძღვნებოდა და თუკი ვხედავთ, რომ ამ შეთანხმებებს არანაირი შედეგი, არასოდეს არ მოჰყოლია, მაშინ რატომ არის ახლა ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი, "ნორმანდიული ფორმატის" გამართვის აუცილებლობისთვის!? ძნელი სათქმელია ის, თუ რატომ გახდა ახლა ასეთი აქტუალური შეხვედრების ეს ფორმატი, თუმცა შესაძლებელია გამოთქმული იქნას ვარაუდი, რომ ამ ეტაპზე "ნორმანდიული ფორმატისთვის" ასეთი მნშვნელობის მინიჭება, უბრალოდ უკრაინის ახალი და გამოუცდელი პრეზიდენტის პროცესში ჩართვას უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ძალიან დიდია რისკი, ზელენსკი სამი ევროპული ძლევამოსილი ქვეყნის პრეზიდენტების გარემოცვაში აღმოჩნდება და შეეცდებიან ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გარდატეხა მოახდინონ კონფლიქტში, რომელიც არცერთ მხარეს არ აწყობს (გარდა რუსეთისა - იგულისხმება კონფლიქტი).

ევროპელი ლიდერების ქმედების მთავარ მოტივად ამ პროცესში, არაერთხელ დასახელდა რუსეთისათვის სანქციების მოხსნის სურვილი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მერკელი და მაკრონი, შეეცდებიან ზელენსკის დაყოლიებას გარკვეულ პირობებზე, რომლებიც მისცემს მათ საშუალებას გაამართლონ რუსეთისათვის მათ მიერვე დაწესებული სანქციების მოხსნა!

თუკი ყველა ის ვარაუდი, რომელიც ამ პროცესის მიმდინარეობისას იქნა გაჟღერებული, გარკვეულწილად მაინც ახლოს არის რეალობასთან და ევროპელი ლიდერების მოქმედების მოტივაცია ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, სანქციების მოხსნის ნაწილში. ამ ყველაფერთან ერთად, ასევე გავითვალისწინებთ უკრაინული მხარის მოთხოვნებსა და პოზიციას, მაშინ მივიღებთ ისევ სტაგნაციურ მოცემულობას, რომელიც პოლიტიკური დისკუსიის ჭრილში გაგრძელდება და არანაირი რეალური შედეგი, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, არაფერს ახალს არ შექმნის.

აქვე უნდა დავამატო ისიც, რომ ჩვენ, საკუთარი გამოცდილებით ვიცით რას ნიშნავს რუსეთთან დადებული სამშვიდობო შეთანხმება და როგორ ახდენს შემდეგ რუსეთი ამ მანდატის გამოყენებას, კონფლიქტის ახალი ფორმატით წამოსაწყებად. ამიტომ, ზემოთ აღწერილი პროცესი, არაფერი იყო თუ არა წინა წლებში წამოწყებული პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, სადაც მთავარ მოტივად უკრაინის ახალი მმართველი გუნდის ერთგვარი "გამოცდა" იყო, რომლის შედეგიც, ჯერ არ ვიცით!

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს