ვაჟა ექიმი - ვიღაცის გადარჩენას შეწირული "საკრალური მსხვერპლი" - კვირის პალიტრა

ვაჟა ექიმი - ვიღაცის გადარჩენას შეწირული "საკრალური მსხვერპლი"

როგორ მოხდა, რომ ვაჟა ექიმი, რუსულ და სეპარატისტულ სპეც-სამსახურებს, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ოპერატიულ დამუშავებაზე" ჰყავდათ აყვანილი?!

ყველამ ვიცით ეს ისტორია! ყველამ ვიცით, რომ ოს სეპარატისტებსა და რუს ოკუპანტებს ტყვეობაში ჰყავთ საქართველოს მოქალაქე, ექიმი, რომლის ბედიც გაურკვეველია და ისიც გაურკვეველია თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ამ ადამიანის ტყვეობიდან დასახსნელად.

ერთგვარი მოლოდინი იყო, რომ ვაჟა ექიმის საკითხი, განხილული იქნებოდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ამ აბსურდული შეხვედრების პრაქტიკიდან გამომდინარე, ამჯერადაც სრულიად სულელური შედეგით დასრულდა და არცერთი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა, იმ შეხვედრაში მონაწილე პერსონებისგან, არ მოგვისმენია. ეს ორი ხანდაზმული "ავანტიურისტი", ისევ გვაყრის თვალში ნაცარს - ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლები, ჩვენთან, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შეთანხმებას აღწევენ და აქვე გვითხრეს - "ვგეგმვათ პროვოკაციას ამ ცენტრის გახსნის დღისთვის და აბა თქვენ იცით, რამდენად წამოეგებით გადმოგდებულ სატყუარასო" - სხვას არაფერს ნიშნავდა კარასინის განცხადება, რომელიც ცენტრის გახსნაზე, რუსეთიდან ჩამოსასვლელი დელეგაციის უსაფრთხოებას ეხებოდა!

პრაქტიკულად გავრილოვი 2 დაგვიანონსეს...

"ბებერი ავანტიურისტების" გეგმა იქით იყოს და ვაჟა ექიმის საკითხი ბევრად უფრო რთული და ასე იკვეთება, შორს გამიზნული პროვოკაციაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თავდაპირველი ინფორმაცია, რომ ვაჟა ექიმი მორიგი გადასვლისას, სეპარატისტთა და ოკუპანტთა "შემთხვევითი" დაკავების შედეგად აღმოჩნდა ტყვეობაში, არის მცდარი წარმოდგენა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს შექმნილი, სინამდვილე კი სხვანაირად მოსჩანს და აი რატომ...

ამ რამდენიმე დღის წინ, რუსულმა პროპაგანდისტულმა ე.წ. "სააგენტო" - სპუტნიკმა, გამოაქვეყნა მასალა ვაჟა ექიმის შესახებ, სადაც ლაპარაკი იყო მისი, როგორც სამხედრო ექიმის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას რომ ოკუპანტები, ვაჟა ექიმისთვის ბრალის დამძიმებას და სამხედრო დანაშაულში დადანაშაულებასაც არ მოერიდებიან. ამავე მასალაში, მოცემული იყო მტკიცებულება, რომ ვაჟა ექიმი, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის მოწყობის მიზნით წინასწარ გეგმავდა...!? ზუსტად აქ იკვეთება მთელი ამ ისტორიის პროვოკაციულობა - მასალაში, ოსი სეპარატისტების მტკიცებულების დასტურად მოცემულია, ვაჟა ექიმის სატელეფონო საუბრების აუდიო-ჩანაწერები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი და ეს ჩანაწერები, ცხინვალის ე.წ. "КГБ"-ს მფლობელობაშია, რადგან, სწორედ ამ უწყებამ გამოაქვეყნა! ბმული

პირველი და უმთავრესი კითხვა - ვინ, რატომ და როგორ უსმენდა ვაჟა ექიმს, ახალგორის რაიონში გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრე?! რატომ იყო ის ასეთი ე.წ. "ოპერატიული დამუშავების" ობიექტი რუსული სპეცსამსახურებისთვის და რატომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ამ ყველაფერს, საქართველოს შესაბამისმა ძალოვანმა უწყებებმა?!

ვაჟა ექიმთან დაკავშირებული ისტორიის სხვა დეტალები, ამ კითხვის დასმის შემდეგ მეორე ხარისხოვანი ხდება და ჩემი ღრმა წრმენით, ახლა მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, რასაც ქვია - "ყურებზე უნდა იდგეს" და არკვევდეს, საიდან და რატომ მოხვდა ვაჟა ექიმი, რუსული სპეცსამსახურების ასეთი ყურადღების ქვეშ და როგორ განხორციელდა მისი მიყურადება (როგორც მინიმუმ, საქმე იმაზე უნდა აღიძრას, რომ საქართველოს მოქალაქეს უკანონოდ უსმენდნენ. ხომ ვერ ექნებოდათ რუსებსა ან ოსებს, ქართული სასამართლო ორდერი ვაჟა ექიმის მოსმენაზე?!). ამ საკითხის ფუნდამენტური გარკვევის აუცილებლობას აჩენს პირველ რიგში ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება, რაც აჩენს რისკს რომ მათი ტელეფონის ნომრებიც ასევე ცნობილია, რუსებისა თუ ოსებისთვის და მათაც ასევე უსმენენ ოკუპანტები, როგორც ვაჟა ექიმს. შესაბამისად, თუკი მათ დასჭირდებათ რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, შესაფერისი პერსონის ან "მტკიცებულების" შეკერვა, არანაირი პრობლემა არ იქნება, მხოლოდ რამდენიმე აუდიო ფაილის გადამონტაჟება და შესაბამისი პერსონის დაკავება მოუწევთ ე.წ. საზღვარზე, ამით დასრულდება მთელი მათი სამუშაო!

ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან დაცულები და გარდა ადგილობრივი სპეც.სამსახურებისა, როგორც ვაჟა ექიმის ისტორია აჩვენებს, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სპეცსამსახურებიც დაუბრკოლებლად გვისმენენ. (ცალკე თემაა, რომ არავინ არ გამოთქვამს იმის მეასედ აღშფოთებასაც კი რუსების მიერ მოსმენების ფაქტის დადასტურებაზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში გამოთქვამდნენ!)

უცნაური ის არის, რომ არავინ ამოიღო ხმა და არ შეაფასა ამ თვალსაზრისით ვაჟა ექიმის საკითხი.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვაჟა ექიმი, კონკრეტულად შერჩეული "მსხვერპლია", რომელიც ოკუპანტს დატყვევებული ჰყავს "განსაკუთრებული შემთხვევისთვის" და როგორც ჩანს, მის "გამოყენებას" აპირებს გარკვეული შედეგის მისაღწევად აქ, თბილისში...!

უცნაურია ისიც, რომ საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციები სდუმან და არ იღებენ ხმას იმ ხარისხით, რა ხარისხითაც მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩემის აზრით, ეს განპირობებულია სახელმწიფოს მხრიდან, ერთგვარად შეგუებული პოზიციით, რომელიც არ ცდილობს ამხილოს მოწინააღმდეგე მხარე სიცრუეში, უკანონო, პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებში. შესაბამისად, მათაც ვერ ექნებათ მკაფიო რეაქცია მანამ, ვიდრე ქვეყნის შიგნიდან არ დაფიქსირდება უკიდურესი და მკაფიო გეგმა/პოზიცია, ვაჟა ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც რა თქმა უნდა რომ მხარდაჭერილი იქნება სახლმწიფოს მიერ.

მოკლედ! ვაჟა ექიმი დიდი საფრთხის წინაშეა და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანის გააზრებული და სწორად გაცხადებული პოზიცია, რომ ვაჟა ექიმი გამოვიხსნათ ტყვეობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში არვინ ვიცით რით შეიძლება დასრულდეს ეს ისტორია რადგან, დატყვევებულის ინტერესებსა და ფიზიკურ უსაფრთხოებას სათანადოდ ვერავინ იცავს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს