საიდან ან რატომ გაჩნდა კორონავირუსი ან ვინ უნდა აგოს პასუხი!? - კვირის პალიტრა

საიდან ან რატომ გაჩნდა კორონავირუსი ან ვინ უნდა აგოს პასუხი!?

"კონკრეტულად ჩინეთი პასუხისმგებელია ვირუსის შესახებ თავდაპირველი ინფორმაციის დამალავაზე, თუმცა არანაკლები დანაშაულია ამ ყველაფრის საინფორმაციო ომის ინსტრუმენტად გამოყენება"

საიდან ან რატომ გაჩნდა "CovID - 19" ან ვინ უნდა აგოს პასუხი? - ბუნებრივია ეს კითხვა ძალიან მალე, როგორც კი გადაივლის პანდემია მაშინვე აქტუალური გახდება. აქტუალური ახლაც არის, თუმცა ჯერ კიდევ ჭარბობს ყურადღება თავად პროცესზე და ამიტომ, მეტ-ნაკლებად მინავლებულია ინტერესი ან განსჯა იმის შესახებ, თუ საიდან და რატომ გაჩნდა ე.წ. "კორონავირუსი" და ვინ არის პასუხისმგებელი მისი ასეთი მასშტაბებით გავრცელებაზე!?

ეს საკითხი პირველად აქტუალურ გახადა ჩინურმა მხარემ. ნახევრად ოფიციალური განცხადება, Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა და ბუნებრივია, მაშინვე აქცია განხილვის საგანად. აღნიშნულ განცხადებაში, ჩინელი ჩინოვნიკი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ახალი კორონავირუსი, ამერიკელების მიერ იყო "შეგდებული" და დასტურად მოჰყავდა, ეპიდემიის აფეთქებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უჰანიში ამერიკელი სამხედროების სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა, რომლებიც, მისი მტკიცებით გამოყენებულები იყვნენ გადამტანებად. ამ თეორიის დასტურად კი გარკვეული სტატია ჰქონდა გაზიარებული (ბმული)! ცნობისთვის ეს ადამიანი, რომელმაც მსგავსი შინაარსის დეზინფომრაციის გავრცელება დაიწყო, არ არის ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგითი წარმომადგენელი, ის არის ამ უწყების ინფორმაციისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული მოსაზრება ვერაფრისდიდებით ვერ იქნება აღქმული, კერძო პირის მოსაზრებად და ჩინეთში არსებული რეალობაც, ამას პრაქტიკულად გამორიცხავს, თანაც ასეთ ვითარებაში!

რა თქმა უნდა, ეს განცხადება უყურადღებოდ არ დარჩენილა შესაბამისი პერსონების მიერ და ძალიან მალე გამოქვეყნდა 2018 წელს, ასევე ჩინური სააგენტოების მიერ გვარცელებული სტატია, ერთ-ერთ ახლგზარდა ჩინელ ვირუსოლოგზე, რომელიც იგივე ქალაქ უჰანის ლაბორატორიაში ატარებდა ცდებს ღამურებზე, რომელთაც აღმოაჩნდათ კორონავირუსი. კვლევის საგანი კი იყო ღამურების ორგანიზმის იმ უნარის შესწავლა, რომელიც უზრუნველყოფდა ღამურის ორგანიზმის დაუზიანებლად, ვირუსის გადატანას და როგორც აღნიშნული მეცნიერის მიერ გამოქვეყნებული 28-თავიანი ნაშრომიდან ირკვევა, საკმაოდ წარმატებული იყო მისი და მისი ჯგუფის კველევები და ამას სიხარულით აღნიშნავს კიდეც, გამოქვეყნებულ სტატიაში (ბმული), რომელშიც ნათქვამია, რომ უჰანის ლაბორატორია და ჩინეთი, მსოფლიო ლიდერები გახდნენ მსგავსი ვირუსებისგან თავდაცვის საკითხში!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ძნელი დასაჯერებელია შემთხვევითობათა ისეთი წყება, რომელშიც ასე ემთხვევა ყველაფერი - ღამურა, კორონავირუსი, აფეთქების ეპიცენტრად ზუსტად ეს ქალაქი... გასაგებია რომ ასეთი შემთხვევა შესაძლოა მომხდარიყო და ლაბორატორიიდან შემთხვევით გავიდა ისეთი ღამურა, რომელიც დასნებოვნებული იყო და შემდეგ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ეს თავდაპირველად გავიგეთ (გველმა ჭამა ღამურა, გველი ჭამა ჩინელმა).

გარდა ამისა ასევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ თუ რატომ არ მოახდინა დროულად ჩინურმა მხარემ, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება ახალი კორონავირუსის გამოჩენის შესახებ, რომელიც მისცემდა საშუალებას მთელს მსოფლიო ფარმაკოლოგიას, ორი თვის წინსწრებით ემოქმედა და პანდემია თავიდან აცილებულიყო! ბუნებრივია, თუკი ჩინური მხარის მიერ ინფორმაციის დამალვა დადასტურდა და ალბათ ასეც იქნება, მაშინ აუცილებლად დადგება ჩნეთის პასუხიმგებლობის საკითხი. ის თუ როგორი იქნება პასუხისგება, ამას ახლა ვერავინ იტყვის, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, რა დანაკრგებით გავა კაცობრიობა ამ კრიზისიდან!

თავად ვირუსის წარმომავლობა, რომ მეტ-ნაკლებად გარკვეულია, ეს გასაგებია და არც ისე ადვილი დასამალი ამბავია შესაბამისი სპეციალიზებული ორგანიზაციებისთვის, მაგრამ პანდემიასა და მის სამედიცინო შედეგებზე მეტად, საინტერესო ის "ინფოდემიაა", რომელიც თან ახლდა "ახალი კორონავირუსის" გავრცელებას. ის რომ ვიღაც აშკარად მანიპულირებდა არსებულ მდგომარეობაში ინფორმაციული შესაძლებლობებით, ეს ცხადი იყო და ძალიან მალე გაჩნდა კიდეც განცხადებები, რუსული ჰაკერული ჯგუფების, ბოტებისა და ტროლების აქტივაციის შესახებ, რომლებიც იგივე მეთოდებს იყენებდნენ, რომელიც გამოყენებული იქნა 2016 წელს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში (ბმული). ეს მეთოდოლოგია შემდეგნაირად მუშაობს - რუსული ტროლების ფაბრიკები აკვირდებიან ან აპროვოცირებენ საჭირო კომენტარებსა და პოსტებს. შედეგად მათთვის საჭირო კომენტარს, ხდიან ყველაზე პოპულარულს მასშტაბური "დალაიქების" გზით და რიგით მომხმარებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ აზრი ტრენდულია, ანუ პოპულარული და მაშასადამე სარწმუნოც. შემდეგ კი ხდება პროვოცირებული "ტრანდული ვერსიის" გავრცელება. კონკრეტულად ეს მეთოდი რუსებმა გამოიყენეს, ხოლო ჩინელებმა და ირანელებმა შედეგად წარმოქმნილი ე.წ. "ტრენდულ" ვერსიებს კი, გავრცელების არეალი გაუზარდეს და ინტერნეტის საკუთარ სეგმენტში შეეცადნენ შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს ვირუსი ამერიკის მიერ იყო გავრცელებული იმ სახელმწიფოებში, რომლებიც მის მიმართ, მტრულად არიან განწყობილნი.

ამასთანავე, აღნიშნული სამივე ქვეყნის პროპაგანდისტებმა გამოიყენეს პანდემია ირიბი ზემოქმედებისთვის. მაგალითად, ირანი გააფთრებული ტრანსლირებდა ამერიკელების მიერ გავრცელების იდეას, რომელსაც ძალიან მალევე მოაყოლა სანქციების მოხსნის აუცილებლობის მოთხოვნა, თუმცა კი ის ვერ ახსნეს, კონკრეტულად ვირუსთან საბრძოლველად რას მისცემდა მათ სანქციების გაუქმება და შედეგად მიიღეს პასუხი, რომ "ჰუმანიტარული დახმარება სანქცირებული არ არის"!

რუსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და შეეცადნენ ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში არსებული ვითარება გამოეყენებინათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მიმართ, იტალიელებში ნეგატიური მუხტის გაჩენისთვის და ყველაფერი იკადრეს! საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსები აშკარა და დაუფარავ ტყუილებს ავრცელებდნენ. მაგალითად, როგორიც იყო ალექსეი პუშკოვის მიერ გავრცებული ინფორმაცია, თთქოს პოლონეთმა უარი თქვა საკუთარი საჰაერო სივრცე დაეთმო იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც რუსეთიდან იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდათ (ბმული). აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა არავის მიერ, ხოლო შედეგად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უარყოფითი რეაქცია და პუშკოვის ტყუილში მხილება მოჰყვა (ბმული). სოციალურ ქსელებში ალბათ იმ ფოტოებსაც შეხვდებოდით, სადაც იტალიელები, თითქოს ევროკავშირის დროშებს ხსნიან და რუსეთის დროშებს ამაგრებენ სადროშეებზე წყარო (დეზინფორმაცული რესურსი). ასევე ავრცელებდნენ ჭორებს თითქოს გერმანიამ, იტალიელებს უარი განუცხადა პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიწოდებაზე, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ გერმანელი და ფრანგი მედიკოსები რუსებზე ადრე ჩავიდნენ და ეხმარებიან იტალიელ კოლეგებს, ხოლო გერმანიამ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პციენტები მიიღო და საკუთარ კლინიკებში განათავსა (ბმული).

მოკლედ რუსები თავის ამპლუაში არიან და იმას აკეთებენ, რაც ყველაზე კარგად გამოსდით - აუფასურებენ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებათ და ეს პირველ რიგში არის ადამიანებსა და ერებს შორის სოლიდარობის, ჰუმანიტარული საკითხები (უკრაინის მაგალითი) და შემდეგ უკვე პოლიტიკა...

დღეს მიმდინარე პანდემიაზე ცალსახაა, რომ პასუხისმგებლობა ჩინეთს და მის ამჟამინდელ ხელისუფლებას დაეკისრება თუმცა, არც რუსეთი დარჩება დაუსჯელი იმ ყველაფრის გამო, რაც ჯერ პანდემიის თემატიკით იჟონგლიორა და შემდეგ უკვე იმ სანავთობო ომის გამო, რომელიც საუდიტებთან წამოიწყო და ვირუსის ეფექტის გამოყენებით, მსოფლიო ეკონომიკას იმაზე მეტი საზრუნავი დაუმატა, ვიდრე უნდა ჰქონოდა მხოლოდ პანდემიის შემთხვევაში.

ირანი ისედაც დასჯილია და მათი აქტივობა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე, უკვე იწვევს ამერიკისა და მისი მოკავშირეების საპასუხო სამხედრო რეაქციებს. ერთადერთი რჩება ჩნეთის საკითხი, რომლის პასუხიმგებლობაც მგონია, რომ წმინდად ეკონომიკური ხასიათის იქნება და მნიშვნელოვანწილად "განტვირთავს" მის საწარმოო სიმძლავრეებს იმ აუცილებელი და პირველადი პროდუქტების წარმოებისგან, რომლითაც მანიპულირების შესაძლებლობა აქვს ჩინეთს. შედეგად ჩინეთი მიიღებს ათეულობით მილიონ დაკარგულ სამუშაო ადგილს და ძალიან დიდ შიდა სოციალურ პრობლემას, რომელიც ნებისმიერი რეჟიმისთვის, ნებისმიერ ომზე ცუდი პერსპექტივაა!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს