დეურბანიზაცია - პანდემიების გარდაუვალი შედეგი?! - კვირის პალიტრა

დეურბანიზაცია - პანდემიების გარდაუვალი შედეგი?!

პანდემია, პანდემიად და გარდა ამ საშინელებისა, კაცობრიობა დგას "მრავალ უცნობიანი" განტოლების აუცილებელი ამოხსნის წინაშე, რომლის ამოხსნა და რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა, ეს იქნება მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პოპულარული საკითხი.

თუკი ამჟამად ჩვენს წინაშე მდგომ საფრთხეს დავუკვირდებით და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასეთი პანდემიები უახლოეს მომავალში კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ მივდივართ საზოგადების წევრებს შორის - "ქვეცნობიერი დისტანცირებისკენ". ამ შინაარსის მსჯელობას, არაერთ ავტორიტეტულ გამოცემასა თუ მათი სოციოლოგი კომენტატორებისა და რესპოდენტების ინტერვიუებში შევხდებით, რომლებიც ამტკიცებენ - "ჩვენი ცხოვრება ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც კორონას პანდემიამდე იყო"! ბუნებრივია, ადამიანთა დიდ ნაწილს, პანდემიის გადავლის შემდეგაც შემორჩება "სიფრთხილის ზომების დაცვის ჩვევა" და რა თქმა უნდა, რომ ეს აისახება ჩვენს ყოველდღიურ ქცევაზეც. ახლა, გაცილებით მეტი ყურადღება მიენიჭება იმას, თუ სად და რამდენად სანიტარულ გარემოში ვარსებობთ. ეს ყველაფერი კი წარმოქმნის სოციალური მექანიკის ახალ ფენომენებს, რომელიც ჯერ შესწავლილი და ჩვენთვის ჩვეული არ არის.

ბუნებრივია, ინდივიდუალურ დონეზე შეცვლილი წვრილმანი ქცევითი თვისებები, თავის ასახვას ჰპოვებს მასის ქცევაში, რომელიც ამ გადმოსახედიდან შემდეგნაირად მესახება:

უახლოეს წარსულში, ისედაც ტენდეციად ქცეული ქალაქგარეთ საცხოვრებლად გასვლის პროცესი, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლ არგუმენტებს შეიძენს და შესაბამისად, მოტივს გაუჩენს ქალაქად მცხოვრებ შეძლებულ ნაწილს, გავიდეს საცხოვრებლად ქალაქის შორიახლოს, რომელიც თავისით გაიყოლებს, ახლახანს რეგიონებიდან ქალაქისკენ დაძრული და იქ უკვე ფეხმოკიდებული დაბალანაზღაურებად მასას. თუ რატომ მაინცდამაინც შეძლებული ნაწილი, იმიტომ, რომ ისინი იქნებიან ის "ინვესტორები", რომლებიც სოფლის მეურნეობასა თუ დისტანცირებად ინდუსტრიებში მოახდენენ საკუთარი დანაზოგებისა და შესაძლებლობების ინვესტირებას.

ფაქტია, დისკომფორტი გახდება ადამიანებისთვის ისეთ დასახლებებში ცხოვრება, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალი იქნება. მოსახლეობის სიმჭიდროვეში, რომელიც ჩვენთვის პრაქტიკულად გაუგებარი რამ არის, იგულისხმება ისეთი სიმჭიდროვეც კი, როგორიც შეიძლება გვქონდეს ჩვენი ურბანული და რეგიონული მოწყობის ქვეყანას. მაგრამ მიუხედავად ამისა და ასევე იმის გათვალისწინებთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, სულ უფრო შეამცირებს საწარმოების ფიზიკურ მოცულობებს, გეოგრაფიული თავკომბალები (მეგაპოლისები) მაინც დაიშლება და განაწილდება ტერიტორებზე, რომელიც ან სპეციალურად საწარმოებისთვის იქნება გამოყოფილი, ან გავა ქალაქიდან ისეთ მანძილებზე რომ ლოჯისტიკა მარტივი იყოს. ლოჯისტიკა - ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური ინდუსტრია, რომელიც მასშტაბურ ტრანსფორმაციას განიცდის და შესაბამისად, კიდევ უფრო გაამარტივებს დეურბანიზაციის პროცესს.

ძალიან მალე აქტუალური გახდება მიწის ფლობა, რადგან ყოველი ხანგრძლივი კრიზისისას ან გაუგებარი მომავლის წინაშე აღმოჩენილი ადამიანების უმრავლესობა, იქ სადაც შესაძლებელია მიწათმოქმედებას იწყებენ ინსტიქტურად (90-იანების პოსტსაბჭოთა სივრცე ამის კარგი მაგალითია) ან იმ ტრადიციული მეურნეობებისადმი მიბრუნებას, რომელიც ისტორიულად არსებობდა ამ ტერიტორიაზე, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს რაიმე სახის ნივთების წარმოება, მეცხოველეობა თუ მეფრინველეობა! ამას ასევე განაპირობებს, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების პრობლემაც, რომელიც ბაქტერიული და ვირუსული საფრთხეების პერიოდში, ასევე გარემოს დაბინძურების გამო, ისედაც იყო და აწი უფრო მეტად აქტუალური გახდება.

ერთი პატარა დაკვირვებაც - მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით და აქამდე ჩვენთვის უჩვეულო აკრძალვების პირობებში გადავიდა ჩვენი ცხოვრება, თბილისის გარეუბნებში, ადამიანები მიუბრუნდნენ იმ მცირე შემოფარგლული მიწების დამუშავებას თუ ახალი შემოფარგვლების გავლებას, რომელიც 90-იან წლებში, პრაქტიკულად მოდებული იყო მთელს თბილისს. რომელთა ნაწილიც საბოლოო ჯამში ავტოფარეხებად ან კომერციულ ფართებად გადაიქცა, მაგრამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, კიდევ იყო შემორჩენილი ეს ბაღჩები, რომელთაგან პატრონის ხელი ძალიან მცირე ნაწილს თუღა ეტყობოდა, ისიც რომელიმე ყვავილების მოყვარული დიასახლისის ყვავილოვანი ბაღჩები იყო და იქ საკვები მცენარეები თითქმის აღარ შეინიშნებოდა. ახლა კი მოიმატა ბოსტნად ქცეულმა ასეთმა შემოფრგლულმა მიწის ნაკვეთებმა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მასობრივი ტენდენციაა, თუმცა ის, რომ რაღაც ნაწილში, "გაუგებარმა მოვლენამ" ინსტიქტურად წარმოშვა ქმედების აუცილებლობა, რომელიც შემატებდა ადამიანს ავტონომიურობის განცდას, საარსებოდ მინიმალურად აუცილებელი პროდუქტების უზრუნველყოფით, ეს ნათლად ჩანს...

გაცილებით ადვილი იქნება დეურბანიზაცია ისეთი პროფესიების მქონე ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა არ არის მიბმული კონკრეტულ შენობებს და შეუძლიათ "ონლაინ", ანუ დისტანციაზე საკუთარი საქმიანობის განხორციელება თუკი წვდომა ექნებათ გლობალურ ქსელთან! ასეთი ნაწილი ადმიანებისა დასავლეთშიც და ჩვენთანაც უკვე გასულები არიან ქალაქებიდან, რომელთაც მიბაძავს უამრავი ადამიანი პანდემიის შემდეგ!

ვერფრით ვერ ვიტყვიმ რომ ის რაც ზემოთ დავწერე, უტყუარი ჭეშმარიტებაა და გარდაუვლად ასე იქნება-მეთქი, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება მომავლის ასეთ ჭრილში განხილვა, რადგან დაზუსტებით არავინ ვიცით, რა შედეგებით გავალთ ფონს!

აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ შესაძლოა ამ კონკრეტულ პანდემიას, არც არაფერი განსაკუთრებული შედეგები არ მოჰყვეს სოციოლოგიური თვალსაზრისით და უბრალოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევოლუციური გარდატეხის წერტილი გახდეს, რომელსაც ყველა ბიოლოგიური არსება და მათ შორის ადამიანიც, მუდმივად გადის.

იხილე ასევე: "ომი კორონასთან", ანუ რატომ გახდა საჭირო ვირუსის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს