დესტაბილიზაციის სარტყელი რუსეთის საზღვრების გასწვრივ - კვირის პალიტრა

დესტაბილიზაციის სარტყელი რუსეთის საზღვრების გასწვრივ

რუსეთი საზღვრების გასწვრივ, უშუალოდ მის ტერიტორიასა და ზოგადად, მის მიერ ე.წ. "გავლენის პრივილეგირებულ ზონებად" წოდებულ სივრცეში, აშკარა და თვალშისაცემი არეულობაა, რომელიც რუსეთის მიერ წლების განმავლობაში წარმოებულ "მართული ქაოსის" პოლიტიკად წოდებული სტრატეგიის შედეგია და მივიდა იმ ლოგიკურ რეზულტატამდე, რომელსაც ვერ ასცდებოდა ვერასგზით, რაოდენ მარაზმამდეც არ უნდა დასულიყო პუტინი და მისი ვერტიკალი, კრემლში!

საპროტესტო გამოსვლები სომხეთში, ბელარუსში, რუსეთსა და საქართველოში. გაურკვეველი პოლიტიკური ვითარება უკრაინაში და იქ გაციებული დონბასის კონფლიქტი, ყირიმის პრობლემა და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული პროცესები, ერთიანობაში საკმაოდ საშიშ სურათს ქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მომავალი ნორმალური განვითარებისთვის. შესაბამისად, ყველა ეს პროცესი, საქართველოს პოლიტიკური ცნობიერების მიღმა არ უნდა რჩებოდეს რადგან მათი გავლენა ჩვენს შიდა პროცესებზე, გარდაუვალია და ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც რეგიონში ვიღაცამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ლიდერობა. ნუ თუ ლიდერობა სტანდარტული გეოპოლიტიკური გაგებით არ გამოვა, მაშინ, როგორც მინიმუმ პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის შექმნის შესაძლებლობა უნდა იყოს ჩვენს რეგიონში, რომლის ყველაზე დიდი პოტენციალი თუ ისტორიული გამოცდილებაც, საქართველოს გააჩნია და თუკი არ მოხდა ის, რომ დროულად დაიწყოს მუშაობა ასეთი პროცესებისათვის მზადების თვალსაზრისით, მაშინ ძალიან დიდ რისკს ვწევთ, ჩვენი რეგიონი იქცეს არა დასავლეთისა და "ბოროტების ღერძად" წოდებული ქვეყნების "ცივი ომის ბრძოლის ველად", არამედ რეგიონული ამბიციის მქონე თურქეთ-ირანი-რუსეთის სამეულის, ძალზედ გაუგებარ თამაშის მოედნად, რომელშიც უნებლიე მოთამაშეებად ჩათრეულები აღმოვჩნდებით. ამ სამეულის თამაშის პირველ აკორდად, სავარაუდოდ, ასევე უცნაურად "გადაჭრილი" ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მივიჩნიოთ.

ამ კონტექსტში, სრულიად ბუნებრივად მოგეჩვენებათ ის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელით მოაწყო რუსეთმა, დავითგარეჯაში და მიზანდ ისახავდა აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესებას იმ შიდა პოლიტიკურ შედეგთან ერთად, რომელსაც ამ პროცესით იღებდა კრემლისთვის "კომფორტული", საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა (კარტოგრაფების საქმე). თუ კარგად დაუკვირდებით, დავითგარეჯას პროვოკაციაც სრულიად ცამოწმენდილზე დაგვეცა თავს და წინ უძღოდა, რუსეთის მიერ მართული "ფაშინიანის სადამსჯელო" ოპერაციას მთიან ყარაბაღში, რომლის დროსაც, რუსეთს უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ისეთ ბარიერს ჩადებდა, რომელიც ვითარების გართულების შემთხვევაში, მყისიერ შეთანხმებასა და მოკავშირეობას, შეუძლებელს თუ არ გახდიდა, გაართულებდა მაინც დავითგარეჯას შინაარსით ისეთი პროცესების პროვოცირებით, როგორიც იგეგმებოდა აქ საქართველოში, რუსეთის მიერ აშკარად მართული "ქართული მარშისა" და მსგავსი იდეოლოგიების მატარებელი ჯგუფების მეშვეობით და თუ კარგად გაიხსენებთ, ზურაბიშვილის აშკარად პროვოკაციული ნაბიჯის შემდეგ, სწორედ ეს ჯგუფები იყვნენ, რომლებმაც აქტივობა წამოიწყეს ანტი-აზერბაიჯანული და ანტი-თურქული კონტექსტით, რომელსაც პერიოდულად ისედაც მიმართავენ საჭირო დროს!

ზბიგნევ ბჟეზინსკის მთელი ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსეთის საზღვრების გასწვრივ, სხვა ავტორებთან შედარებით, ყველაზე მეტი დეტალიზაციით აქვს აღწერილი , თავის წიგნში - "საჭადრაკო დაფა" და შესაბამისად მოულოდნელი არც არაფერი ხდება, უბრალოდ კითხვას აჩენს, რუსეთის პოლიტიკური ელიტის ქცევა, რომელმაც ზედმიწევნით ზუსტად იცის ასეთი რეჟიმის აღსასრულის დაახლოებითი სცენარი და მაინც იმ რაღაც "განსაკუთრებულს" ებღაუჭება, რომელიც საკუთარი სახელმწიფოებრივი ეგოიზმის (ველიკოდერჟავნიკობა) გამოკვების გარდა, არავის არაფერში ესაჭიროება. სინამდვილეში კი მთელი ეს მარაზმი, დაფუძნებულია რუსეთის ბირთვულ სტატუსსა და იმ საფრთხეზე, რომელსაც ის წარმოადგენს დანარჩენი კაცობრიობისთვის, თუმცა კრემლის ამჟამინდელ მეპატრონეებს ავიწყდებათ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ - გლობალიზაცია და მისი ტექნოლოგიური შედეგები, რომელთა ფუნქციაც, რუსულ პოლიტიკურ მეთოდოლოგიაში აღქმულია, როგორც მხოლოდ თავდასხმის ინსტრუმენტი, რომელზეც მყისიერი სამხედრო პასუხის მიღება მსხვერპლისგან, პრაქტიკულად გამორიცხულია და ამიტომ სხვაგვარი აღქმა მათ ცნობიერებაში არც არის.

მიუხედავად ამისა, რუსეთის დღევანდელ მმართველებსა და ლუბიანკას სცენარისტებს, ხშირად აქვთ ისეთი პროპაგანდისტული ლაფსუსები, რომელიც ცხადს ხდის მთელს იმ სიცრუეს, რომელსაც რუსული პროპაგანდა ტრანსლირებს ქვეყნის შიგნით, ამიტომაც არის რომ რუსული სოციალოგია საოცარ ანომალიებს დებს, სადაც მონაცემთა ვალიდობა, ლოგიკურობა და რელევანტურობა არანაირ სოციოლოგიურ ლოგიკას არ ექვემდებარება. შესაბამისად, რუსეთის მასობრივ ცნობიერში კონფლიქტდება ის თეზისები, რომელსაც აქამდე ძალიან ადვილად იღებდა რუსული საზოგადოებირივი აზრი, რომელიც ძირითადად ეფუძნებოდა ე.წ. "ოფიციალურ მედიას". ნავალნის მოწამვლისა და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსული პროპაგანდა, შიდა სოციალურ პროცესებზე იდეოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად საკმარისი აღარ არის, ხვდება რომ საჭიროა განავითაროს ინტერნეტ მედია და შესაბამისად ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, თუმცა იმასაც ხვდება, რომ ამით, საკუთარ სამარეს ითხრის. აკრძალვებითა და რეპრესიებით კი დროს იგებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რამდენადაც ამის ფიზიკური ატანა შეეძლებაა საზოგადოებას, რომელიც ვერაფრისდიდებით იმდენად უკეთეს მდგომარეობაში ვერ იქნება, რამდენდაც მისი მოლოდინია რომ იყოს! შეასაბამისად, რუსეთის შიგნით ასეთი მოცემულობების პირობებში, ის როგორც წესი, ძალზედ საშიშია იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთ დროს მას ყოველთვის შველოდა მცირე ტრიუმფალური სამხედრო გამარჯვება, რომლის რესურსიც ახლა პრაქტიკულად ამოწურული აქვს და ყველა მსგავსი სცენარის განვითარების არეალში, ვითარება იმდენად ესკალირებულია, რომ "ცხინვალის დაცვის" მასშტაბის ომი აღარ გამოუვა, აწი ნებისმიერი სამხედრო გართულება ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც კი რუსული სამხედრო-პოლიტიკური მანიპულირების წვდომა არსებობს, ძალზედ მასშტაბური შინაარსისა და შედეგის მქონე იქნება, რომლის რესურსიც რუსეთს წესით ახლა უკვე აღარ უნდა ჰქონდეს!

ნავალნის მოწამვლით დაწყებული პროცესი, ეს არის სრულიად ახალი ფორმაციის პროცესი რუსულ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც ამავე დროს ვითარდება მოცემულობაში, როდესაც რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეთა შორისაც კი უმრავლესობას, სხვადასხვა შინაარსისა და ხარისხის შიდა პოლიტიკური პრობლემები აქვთ, რომელთაც ზოგს თავად რუსეთთან აქვს პრობლემა (სომხეთი) და ზოგს საერთაშორისო სამართალთან, იმავე შიდა პრობლემების გამო. შესაბამისად რამდენად ეყოფათ მათ ძალისხმევა, ასეთ მოცემულობაში თავი გაართვან საკუთარ პრობლემებს რუსეთის გარეშე ან პირიქით (იქ სადაც რუსეთს მათი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება), ძნელი სათქმელია.

პუტინის ძალაუფლებისთვის პრობლემების შექმნა ქვეყნის შიგნით, ბუნებრივად აისახება მისი ძალაუფლების სიმყარეს დაფუძნებული, ლუკაშენკოს რეჟიმის მსგავსი მოკავშირე სახელმწიფოების მთავრობების მდგომარეობაზე, რომელთა დამარცხება თუ "კრემლის რაკურსით წარუმატებლობა" იმდენად დააზარალებს თავად კრემლს იმიჯურად, რომ ვერანაირი ტრიუმფალური სამხედრო ოპერაციით ვეღარ გაანეიტრალებს ნეგატივს, რომელიც ქვეყნის შიგნით შეექმნება და მით უმეტეს ვერაფერს უზავს, პროტესტის გადადების ფენომენს, რომელიც აუცილებლად გაჩნდება, როგორც კი ბელარუსში ლუკაშენკო ძალაუფლებას ჩამოშორდება, რომელიც რა თქმა უნდა რომ დროის საკითხია და საბოლოო ჯამში, მაინც მოხდება...!

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წმინდად შეფასებითი პოზიციის საკითხია იმის ინტერპრეტირება თუ რა ხდება ახლა რუსეთის თავს - ყულფის მოჭერის პროცესია თუ უკვე ყულფში გაბმულის კანვულსია!? - შედეგი, ორივე შემთხვევაში ერთია. ჩვენი თავსატკივარი კი ის არის, თუ როგორ გავიდეთ ამ გეოპოლიტიკურ ვაკხანალიაში ყველაზე ნაკლები დანაკარგებით ფონს და პირველი რაც ამისთვის უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ რუსული სცენარების განხორციელების შესაძლებლობა ჩვენს ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პრობლემების ხარისხი, რუსეთის პრობლემებს დაგვავიწყებს და დაგვაკარგინებს იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც შესაძლოა მოგვეცეს პუტინის რეჟიმის რყევის პირობებში, თუკი საქართველო ინსტიტუციურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამართული ქვეყანა ვიქნებით.

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს