ქართული პოლიტიკური კრიზისი და გეოპოლიტიკური ფონი - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკური კრიზისი და გეოპოლიტიკური ფონი

"შიდა ქართული მოლაპარაკებები არ და ვერ იქნებოდა თავისუფალი გეოპოლიტიკური კონტექსტისგან, რომელიც სარკესავით აირეკლა მის შედეგზე"

ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები და მის შედეგად დამდგარი კრიზისი, რომელსაც თავის წილ ეპიდემია ამძიმებს და უკვე რთული გასარჩევი გახდა, ინფექციური პრობლემაა თუ პოლიტიკური, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ პროცესებს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბში ვითარდება და, რა თქმა უნდა, თავის ასახვას ჰპოვებს სწორედ იმ პროცესებზე, რომელიც ჩვენთან ვითარდება.

ამ კორელაციის დანახვა თბილისში გამართული მოლაპარაკებებისას კიდევ უფრო მარტივი გახდა მაშინ, როდესაც სალი კლდესავით შეუვალი გახდა "ქართული ოცნება" და მით უფრო ემატებოდა ეს შეუვალობა, რაც უფრო იძაბებოდა მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობა. ბაიდენის მიერ პუტინის მკვლელად მოხსენიება და პასუხისგების დაყენების გარდაუვალობის შესახებ გაკეთებული განცხადება ცხადყოფდა მოვლენების იმ განვითარებას, რომელიც აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან და რომელსაც მე - ფლანგებზე შეტევას ვეძახი ხოლმე.

ამ ვითარებაში და ბოლო რამდენიმე თვის, რუსული პროპაგანდის მიერ პედალირებულ თემატიკას თუ გავითვალისწინებთ, ცხელი კონფლიქტის განახლების ყველაზე მეტი ალბათობა უკრაინის მიმართულებაზეა, რომელსაც ინფორმაციულად რუსული მხარე რამდენიმე კვირაა, აქტიურად ამუშავებს და გაღმა შედავების ბანალურ სტრატეგიას იყენებს. ადგილობრივი რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ე.წ. საინფორმაციო სააგენტოები და რუსული მილიტარისტული ვებსაიტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს უკრაინული მხარე ფრონტის ხაზისკენ ჯარების მასშტაბური გადაადგილებით არის დაკავებული და რომ გაზაფხულისთვის, NATO-ს წახალისებით, "დონბასის" წინააღმდეგ მასშტაბურ შეტევას წამოიწყებენ. (ნიმუში - 1 / ნიმუში - 2). ამ საინფორმაციო შეტევის პარალალურად, უკრაინული მხარე შესაბამის ინფორმაციას და მტკიცებულებებს ავრცელებდა (ნიმუში - 1 / ნიმუში - 2), რომელთა მიხედვითაც, ტრადიციულად სრულიად საწინააღმდეგო მტკიცდებოდა! პარალალურად, ბელარუსულმა მედიამ და რუსულ მედიად წოდებული უწყების იმ დანაყოფებმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მიმართულებაზე მუშაობს, შესაბამისი "საფრთხობელა" აამუშავა და NATO-ს სტანდარტული წვრთნებისთვის სამხედრო ტექნიკის მობილიზება, ბელარუსსა და რუსეთზე თავდასხმისთვის მზადებად გამოაცხადა. ამას მოჰყვა ის, რომ რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრების გახსნა დაიწყეს, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ აქ მნიშვნელოვანია ბელარუსის ტერიტორიაზე მოქმედი საწვრთნელი ბაზა, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება და რეალურად კი ერთ-ერთი მოწინავე ბაზის ფუნქციას შეასრულებს, რომელზეც სწავლების წარამარა გამოცხადების ეგიდით, აურაცხელ ტექნიკას და შეიარაღებას შეზიდავს.

რეალურად, NATO-ს სწავლების დაწყებას წინ უძღოდა, რუსეთის სამხედრო ფლოტისა და სახმელეთო ძალების მასშტაბური მანევრები, რასაც ადასტურებს შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თარიღების მიხედვით ასახავს, რუსეთის მიერ საზღვაო წვრთნების მიზეზით, შავ ზღვაში მის მიერ კონტროლირებადი აკვატორიის გადაკეტვის მასშტაბებსა და რაოდენობას (ბმული). რუსეთის მიერ ზღვაში, ცასა და ხმელეთზე აგრესიული სამხედრო მანევრების გამო, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი იძულებული იყო, რუსეთის აგრესიულობის გამო, გაეძლიერებინა შავი ზღვის უსაფრთხოება და მიეღო შესაბამისი ზომები, ალიანსის წევრთა და მოკავშირე სახელმწიფოების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, რაც, პირველ რიგში, სამხედრო ტექნიკისა და შეირაღების ზრდაში გამოიხატება (ბმული). რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, პოლონეთმაც დაიწყო იმ რეგიონების უსაფრთხოების გაძლიერება, რომელიც უკრაინას, ბელარუსს, კალინინგრადსა და ბალტიის ქვეყნებს ესაზღვრება (წყარო).

აი, ამ ფონზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოში და სულაც არ არის გასაკვირი ის შედეგი, რომელიც დადგა - ანუ უშედეგობა!

ასეთ მოცემულობაში გაიჟღერა, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებამ პუტინის შესახებ და დაპირებამ, რომ ის აუცილებლად აგებს პასუხს დანაშაულებისთვის. ბუნებრივია, ბაიდენის ეს განცხადება იქნებოდა პუტინისთვის "წითელი ნაჭრის" აფრიალების ტოლფასი და არ არის გამორიცხული, ჟურნალისტის ეს კითხვაც და მთელი ეს დიპლომატიური ისტერიკაც სწორედ იმისთვის მოეწყო, რათა მოხდეს პუტინის პროვოცირება იმ "ნაღმების" ამოქმედებაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადებული აქვს სამომავლო მანიპულაციებისთვის და რომელიც, ამავე დროს, ევროპისთვის უარყოფის შეუძლებლობის კონტექსტით, თვალსაჩინოს გახდის იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც იგივე რუსეთი, ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ და აშშ-ევროპის ურთიერთობის გაფუჭების მიმართულებით ატარებს, ევროპელი "რუსოფილების" ხელით. ამის მანიშნებელია ბრიტანეთის მიერ რუსეთის #1 საფრთხედ გამოცხადება (წყარო) და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ასევე რამდენიმე რუსი ჯაშუშის დაპატიმრებაც (ბმული).

ფაქტია, რუსული ძალოვანი უწყებები და კრემლის მესვეურნი, აბსოლუტურ სინქრონში არიან დასავლეთთან, დაძაბულობის მატების საკითხში და რამე რაციონალური ნაბიჯი მათი მხრიდან ამ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ჯერ არ ჩანს. სულ პირიქით...!

საქართველოში ჩაშლილი მოლაპარაკებებით ძალიან ბედნიერები არიან რუსი პროპაგანდისტები და გუშინდელი დღიდან აქტიურად შეუდგნენ ევროპელების "წარუმატებელი" მისიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წყარო-ნიმუში, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთმა სააგენტოდ წოდებულმა ვებსაიტმა ისიც კი განაცხადა, - NATO საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ითრევსო (წყარო). ბოლო ე.წ. ჰედლაინი იმდენად ალოგიკურია, რომ გაოცებას იწვევს, როგორ არავის აქვს ასეთი თეზისების მიმართ უნდობლობა. ვისაც არ ახსოვს (?!), შევახსენებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ომი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და აწი ვერავინ რუსეთის წინააღმდეგ ომში ვერ ჩაგვითრევს, გარდა თავად რუსეთისა, რომელთანაც, კიდევ ერთხელ ვმეორდები და ვიტყვი - ომი უკვე გვაქვს!

რუსული პროპაგანდის ეს აქტიურობა, რა თქმა უნდა,  შემთხვევითი არ არის და ძალიან კარგად უწყიან, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე აქ, ადგილობრივად, და ისიც ზედმიწევნით კარგად უწყიან, თუ რატომ არ შედგა კონსენსუსი "ქართული ოცნებასა" და ოპოზიციას შორის.

უცნაურია ის, რომ მოლაპარაკებებში ჩართული ოპოზიციური ძალებიდან, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აღნიშავს იმას, რომ მოლაპარაკებების შედეგები განპირობებული იყო მოსკოვიდან მიღებული დირექტივის შესაბამისად და ამის უარყოფა, რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის - ნარიშკინის განცხადების შემდეგ, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა. შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ საკუთარ მხარდამჭერებში "ქართული ოცნება" პედალირებს აზრს, თითქოსდა რუსეთთან "ომის საფრთხის არ არსებობა", მათი რუსული პრობლემისადმი "ინერტულობით" არის განპირობებული, რომელსაც ნეიტრალური საერთაშორისო პოლიტიკის შედეგად ასაღებენ, სინამდვილეში კი, რუსეთთან შეთანხმებულ თამაშს თამაშობენ და ომის საფრთხე, ეს არის ის საფრთხობელა, რომელიც არა ერთხელ მოგვივლინა რუსეთმა მაშინ, როდესაც მის მიერ მხარდაჭერილ კოლაბორანტ პოლიტიკურ ძალებს დახმარება სჭირდებოდათ.

მაგალითისთვის მეტად ნიშანდობლივია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მაშინ გართულებული მდგომარეობა, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის არჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით, როდესაც პირველი ტური აშკარა წარუმატებლობით დასრულდა და მეორე ტურამდე რუსი ოკუპანტები ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ვერტმფრენით საჰაერო სივრცე დაარღვიეს და საოკუპაციო ხაზის გასავლებად მასშტაბური სამუშაოების წარმოების ილუზია შექმნეს, რომელიც ერთგვარი სამაშველო რგოლი იყო, გადმოგდებული ივანიშვილისთვის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის უნდა გამოყენებულიყო და გამოიყენეს კიდეც (ამ თემაზე იმ პერიოდის ბლოგი).

ასეთი მანიპულაცია ბევრი გვახსოვს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან და ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ამ სატყუარებს აღარ გადავყლაპავთ და სამუდამოდ დავასრულებთ ამ ქვეყანაში კოლაბორანტების ხელისუფლებაში მოსვლას, რისი ძალიან დიდი იმედიც მაქვს, თუმცა ამ საქმეში, დასავლელი პარტნიორების გარეშე ფონს ვერ გავალთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის მოშლილი უსაფრთხოების სისტემა, რომელმაც უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ვერაფერი სასარგებლო ვერ გააკეთა ამ მიმართულებით და იქამდეც კი დაეცა, რომ მტერი სახელმწიფოს დეპუტატი ჩასვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში!

ახლა, როდესაც ეს მოცემულობაც იცით და ისიც, თუ რა ხლართები მოგვიწყო "ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებლობის მოპოვების ამ ურთულეს გზაზე, მგონია, რომ უნდა გაადვილდეს რიგითი მოქალაქისთვის, ვითარების სრული სიცხადით დანახვა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რომელიც ახლა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე 1989 წლის გაზაფხულზე იყო. ეს არ არის უტრირება ჩემის მხრიდან და, თუკი ჩემს სუბიექტურ განცდას მივენდობი, რომელიც ბუნებრივია, არსებული ინფორმაციის ჯამურ შედეგს ეფუძნება, - დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი და რთულია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, ვიდრე ეს ოთხმოციანი წლების მიწურულს იყო, რადგან მაშინ მთელი ერი, ერთ მუშტად ვიყავით შეკრული საერთო მტრის წინააღმდეგ, რომლის სამართალმემკვიდრეც დღეს ისეთივე ვერაგული განზრახვით ცდილობს ჩაიბუდოს ჩვენს შიდა საქმეებში, როგორც ამას მისი წინაპარი აკეთებდა ყოველთვის!

ამ ფონზე, იმედის მომცემია ის დამოკიდებულება, რომელიც დასავლეთიდან იგრძნობა და რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასავლეთისთვის საქართველო ჯერ კიდევ აქტუალურია იმდენად, რომ საკუთარი სამხედრო ძალებით ცდილობს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ მიზნით სამხედრო ხომალდები შემოდიან შავ ზღვაში.

პ.ს. ის, რომ დასავლეთი აქტიურად ცდილობს რუსული საფრთხის განეიტრალებას ჩენს რეგიონში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილნი ვისხდეთ და ველოდოთ, როდის გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს დასავლეთი. იმისთვის, რომ დასავლეთს ამის შესაძლებლობა მიეცეს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რაც შეიძლება ხმამაღლა და გადაწყვეტილად - არა, რუსეთსა და რუსულ სამყაროს!

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს