გადადებული ომი უკრაინაში - კვირის პალიტრა

გადადებული ომი უკრაინაში

რამდენიმე კვირაა, მსოფლიო მედიისა და, ძირითადად, სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ანალიტიკური გამოცემების მთავარი განხილვის თემა უკრაინა-რუსეთის შესაძლო კონფლიქტია, რომლის განახლების ალბათობა დღის წესრიგში გასული თვის მიწურულს რუსული არმიის მასშტაბურმა გადაადგილებებმა დააყენა.

თავდაპირველი აქტივობა, რომელიც რუსულმა არმიამ წამოიწყო, ძირითადად, მასშტაბური სამხედრო სწავლების ეგიდით დაიწყო და მალევე გახდა განსჯის საგანი, რადგან ყველა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც რუსული არმია მასშტაბურ წვრთნებს იწყებდა, ძირითადი მოქმედებები კონცენტრირდებოდა ერთ მონაკვეთზე, ამ შემთხვევაში კი, უცნაურ სინქრონს ჰქონდა ადგილი ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის აკვატორიაში, ავიაციასა და საზღვაო ძალებს შორის. ხმელეთის ნაწილზე კი გადაადგილდებოდა რუსული არმიის, თითქმის, ყველა სახეობის სახმელეთო სამხედრო შენაერთი. ბუნებრივია, მთელი ის ძალები, რომელიც რუსეთმა თითქოსდა სწავლების ეგიდით გადაისროლა ყირიმში, დასავლეთ საზღვრებსა და ბელარუსში, ადგილზევე დატოვა და ამის შემდეგ დაიწყო უამრავი ვიდეომტკიცებულებების გამოჩენა ინტერნეტსივრცეში, რომელზეც ასახული იყო რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინის საზღვრებისკენ უზარმაზარი სამხედრო კოლონების გადაადგილება. ასეთი ვიდეო მტკიცებულებების გავრცელება, ამ შემთხვევაში, ასევე უცნაური რამ იყო, რადგან ძალიან ბევრი ვიდეომტკიცებულება, რომელიც გავრცელდა, ძირითადად, წინა წლებში გადაღებული კადრები იყო და მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა რეალური.

გასული თვის მიწურულს საერთაშორისო მედიაში უკვე გამოჩნდა განგაშის შემცველი სტატიები, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციის შესახებ იუწყებოდა და ამ მედიააქტივობას ძალიან მალე მოჰყვა რუსული მილიტარისტული გვერდების გააქტიურება და დაიწყეს ათასგვარი სულელური ისტორიების გავრცელება, რომელთა ძირითადი შინაარსიც რუსი სამხედროების მიერ NATO-სა და აშშ-ის სამხედროების გაბითურებას ეხებოდა. ბოლო დროის ასეთი გავრცელებული ამბავი ბალტიის ზღვაში NATO-ს ხომალდებისგან რუსული წყალქვეშა ხომალდის "დამალვის" ამბავი იყო, რომელსაც, თითქოს, დასავლელი სამხედროები მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვერ პოულობდნენ ბმული. იქვე ვრცელდებოდა რუსული ბომბდამშენების ან გზამჭრელი თვითმფრინავების საჰაერო მანევრების შესახებ ისტორიები ან კადრები, რომელზეც საჰაერო ხომალდების დაახლოება იყო აღბეჭდილი, ხოლო ამ ისტორიების მთავარი მოტივი კი იყო იმის გადმოცემა, თუ რამდენად შიშით ძრწიან დასავლელი სამხედროები, რუსეთის არმიის გამოჩენისას ან მათთან მიახლოების შემთხვევაში.

ცალსახად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უკვე ადვილად შესამჩნევი ხდება, თუ როგორ სინქრონდება რუსული არმიის წვრთნები პოლიგონებზე და რუსული პროპაგნდის "წვრთნები" ინტერნეტსივრცეში. უკრაინის მიმართულებაზე წამოწყებული ესკალაციის ეს ფაზა, ჩემის აზრით, სწორედ ამითიც არის საინტერესო.

რუსული პროპაგანდა გააფთრებული ცდილობს, შექმნას წარმოდგენა, რომ მიმდინარე ესკალაციაში მთავარი დამნაშავე არის კიევი, რომელმაც წლის დასაწყისში საკუთარ თავს უფლება მისცა და რეზერვისტთა მობილიზაციის მასშტაბური გეგმა განიხილა, ქვეყნის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე. ამ ეპიზოდიდან მოყოლებული, რუსი და სეპარატისტი პროპაგანდისტები სულ ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ გაზაფხულისთვის უკრაინა დონბასზე შეტევას წამოიწყებდა და ამისთვის შესაბამის სამზადისად ინათლებოდა ყველაფერი, რაც კი უკრაინის სამხედრო სფეროში ხდებოდა. სტანდარტულად, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, პარალალურად უკრაინის მისამართით ბრალდებების სროლისა, აქტიურად მიმდინარეობდა რუსული სამხედრო დანაყოფების გადასროლა უკრაინის საზღვრების უშუალო სიახლოვესა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის - ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც რუსული არმიის საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული, თუმცა ამ პერიოდში გამაგრდა ნახევარკუნძულის მატერიკთან გადასასვლელები და გადაისროლეს საკმაოდ სოლიდური ძალები, რამაც, ბუნებრივია, უკრაინული მხარის შეშფოთება და შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობა გააჩინა, რომელიც, რა თქმა უნდა, ისევ რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი აგრესიული გეგმები აქვს კიევს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

მიმდინარე ესკალაციის ყველაზე რთული ეტაპი იყო 31 მარტი - 1 აპრილი, როდესაც, დღის განმავლობაში NATO-ს საჰაერო ძალებს ათჯერ მოუწიათ ჰაერში აწევა, რუსული ავიაციის პროვოკაციული აქტივობის გამო, 1-ლი აპრილის ღამით კი დაძაბულობამ იმ მასშტაბს მიაღწია, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის გენერალური შტაბების უფროსების რამდენიმე სატელეფონო საუბარი გაიმართა, რამაც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად განმუხტა დაძაბულობა და იმ მომენტში შეჩერდა საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის წამოწყებული შეტაკებები ფრონტის ხაზზე. შედეგი მყისვე აისახა პროპაგანდისტულ პლატფორმებზეც.

ამ რთული დღის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებისთვის, რასაც, პარალელურად, მოჰყვა მინსკში მოლაპარაკებათა მაგიდის პრაქტიკულად "აყირავება" მოსკოვის მხრიდან, რომელმაც ყველაფერში, სტანდარტულად, უკრაინა დაადანაშაულა და დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომელიც ერთიერთში იმეორებს იმ შინაარსს, რომელიც სააქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენეს, 2008 წლის აგვისტოს ომისას.

დონბასის კონტექსტში გაკეთდა განცხადებები მოსკოვიდან, რომ რუსეთი დაიცავს თავის მოქალაქეებს ყველგან, სადაც მათ საფრთხე დაემუქრებათ, პარალელურად, "რუსული სამყაროს" იდეის რეტრანსლიატორ, ე.წ. მედიაპლატფორმებზე დაიწყო დონბასის რუსეთის შემადგენლობაში "დაბრუნების" შესახებ აქტიური პროპაგანდა - მტკიცება, რომ რუსეთი არ მიატოვებს დონბასს და დაიცავს "ახალგზარდა რესპუბლიკებს"!

საკითხში საერთაშორისო აქტორების, მათ შორის - NATO-ს ჩართვას მოჰყვა სრული ისტერიკა კრემლის მხრიდან, რომელიც ალიანსისგან მომდინარე საფრთხეზე გაჰკიოდა და გაჰკივის დღემდე. ზედვე, რუსული ე.წ. დიპლომატიისთვის, სტანდარტულად ქცეული მანტრაც მიაყოლა, რომ ნებისმიერი სახით, უკრაინის NATO-ში წევრობას ან ალიანსის მხრიდან დახმარების გაწევას რუსეთი მისთვის უშუალო საფრთხედ აღიქვამდა, თუმცა ამავე, უშუალო საფრთხეზე რუსეთი უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობს, ბალტიის ზღვის ქვეყნების და ახლა უკვე - ბელარუსის კონტექსტში. ჰიპოთეტური საფრთხის პრაქტიკული გამოხატულების კონკრეტული მაგალითი კი რუსულმა მხარემ ვერასოდეს დადო.

ის, რაც დღეს უკრაინის მიმართულებაზე ხდება, არის საერთაშორისო ერთობლივი მოქმედების შემაკავებელი ეფექტი, ეს ცხადია, და ისიც ცხადია, რომ ამ შემაკავებელ ეფექტში, ყველაზე დიდი წვლილი აშშ/ბრიტანეთის და მათი სამხედრო ძალების სიძლიერით არის განპირობებული, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ძალების ჩართულობამ და იმ პოზიციამ, რომელიც სხვადასხვა დონითა და მექანიზმებით გაცხადდა, განაპირობა, რომ რუსეთმა თავდასხმა უკრაინაზე გადადო, თუმცა სრულად ეს საფრთხე არ განეიტრალებულა და ამას მიანიშნებს ის გაგრძელებული გადაჯგუფება, რომელსაც რუსული არმია ამ მომენტამდე განაგრძობს.

ფაქტია, ამ ეტაპზე დიდი ომის საფრთხე გადადებულია, თუმცა არა - დიდი ხნით და მორიგი ესკალაციის ფაზას მაისის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ, თუკი ნორმანდიული ოთხეულის მორიგი შეხვედრა შედგება და ამ შეხვედრას რამე შედეგი მაინც მოჰყვება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს ლადო ჩალათაშვილის ბლოგი