არჩევნის შეუძლებლობა ჩვენს რეალობაში
არჩევნის შეუძლებლობა ჩვენს რეალობაში
მძიმე ემოციური მდგომარეობაა ქვეყანაში. ერის ძირითადი ნაწილი მიცემულია ნიჰილიზმს და ვერანაირ სოციალური ქმედებას ვერ აიძულებ, ვერასგზით. დღევანდელი შედეგი, პროგნოზირებადი იყო 2012 წლიდან მოყოლებული, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში დგებოდა.
ბუნებრივია, მეც, როგორც ამ ქვეყნის ყველა აქტიურ მოქალაქეს, მაწუხებს ეს საკითხი იმდენად, რამდენადაც ბოლო წლების განმავლობაში ამ განწყობებისთვის თვალის დევნება და მიზეზთა ძიება ჩემი ნებაყოფლობითი საქმიანობაა და ამის შესახებ კარგად უწყის ჩემმა მკითხველმა, ახლა კი მთავარზე...

ბიძინა ივანიშვილის ხელში ძალაუფლების მოხვედრას
უმალ მოჰყვა ქართველი საზოგადოების გახლეჩისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერავინ დამაჯერებს, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ორგანიზაციები, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზებისთვის აკეთებდნენ, რომლის შედეგიც მხოლოდ შიდა პოლიტიკური უპირატესობის მოპოვება უნდა ყოფილიყო! ანუ, როგორც იტყვიან, -
ერთგვარ "პოლიტიკური ბრძოლის იარაღად" გამოიყენეს, მაგრამ ეს გამოყენება, გაცილებით დიდი დოზით მოხდა, ვიდრე იყენებენ პოლიტიკური ძალები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხს, ერთმანეთის წინააღმდეგ "სტანდარტული" ბრძოლისას. აშკარა და დაუფარავი იყო ივანიშვილის ნეგატიური დამოკიდებულება იმ "ამბიციაზე", რომელიც ქვეყანას გააჩნდა მისი ხელისუფლებაში მოსვლის მომენტში (ნიმუში.) სწორედ ამ განწყობას დაარტყა, პირველ რიგში, იმ სისაძაგლის (იგ. - ციხის და სხვა კადრები) უკონტროლო ტრანსლირებამ ყველგან, სადაც ხელეწიფებოდათ, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლა უზრუნველყო და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ციხის კადრების ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერიც რუსეთი აღმოჩნდა! სხვა მხრივ, ვერაფრით აიხსნება ლადო ბედუკაძის დაჯილდოვება მოსკოვში - "სიმამაცისა და მედიაში მომხდარი გარღვევისთვის"!!!. ეს საკითხი ბევრჯერ მაქვს განხილული და აქ იმის აღწერას აღარ მივყვები, თუ რაოდენ დიდია ის კვალი, რომელსაც 2012 წლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რუსული გავლენა ტოვებს. ამ გავლენას კი მთელი ამ წლების განმავლობაში ემატებოდა მმართველი გუნდის ლიდერების ლექსიკიდან ნებისმიერი განსხვავებულის მიმართ "ბოლშევიკური" დამოკიდებულებების ზედოზირებული გამოხატვა, რომელმაც მათ ხელქვეითებში ისეთი შიში გამოიწვია, რომ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანები სოციალურ ქსელებში ოპოზიციური განწყობების მქონე მეგობრებს განუდგნენ და თან ეს მათთან შეთანხმებით გააკეთეს, იმ დრომდე, ვიდრე თანამდებობაზე არიან. ასევე, იმუშავა დიდ ნაწილში "სტანდარტულმა" (მოხელეობრივმა) კონფორმიზმმა, რომელმაც ლიდერების მიერ ტრანსლირებული "ბრალდებები" სრულიად წარმოუდგენელი დრამატიზმით გააჯერა და ასე გახდა "ბოლშევიზმის" გამავრცელებელი. ცოტა დროის შემდეგ უბრალოდ გამეორებულმა მტკიცებულებებმა ემოციური მუხტიც შეიძინა და გაიხლიჩა საზოგადოება...

ნებისმიერ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და აქტუალური განსჯის საგანია, თუ კარგად დაუკვირდებით, მყისიერად ექმნება მოწინააღმდეგე მხარე. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი სიციალური თანაცხოვრების რომელ სფეროს განეკუთვნება - იქნება რელიგიური, სპორტული, ეკოლოგიური, მორალისტური თუ სხვა... ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ პროცესს მოექცევა სათავეში, აუცილებლად გამოუჩნდება მაკომპრომეტირებელი რამ, რომელიც მოწოდებული იქნება იმისკენ, რომ ჩამოართვას მას ლიდერობის უფლება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, წარმოაჩინოს - "თანამდებობისთვის შეუფერებლად"!

დემოკრატია ძალიან უცნაურად გავიგეთ ქართველებმა. რატომღაც ჩავთვალეთ, რომ დემოკრატია და ერთ აზრზე ყოფნა შეუთავსებელი ფენომენებია და აუცილებელია, არსებობდეს მოწინააღმდეგე აზრი. ხოლო ეს აზრი რომ მსჯელობაში მხოლოდ პოზიციისთვის უნდა არსებობდეს და არა - ერთმანეთის გაჟუჟვის წინაპირობად, ამ ნიუანსს დემოკრატიას ვეღარ მივუხვდით! ეს მექანიზმი მით უფრო მაღალ ხარსიხში აგვყავს, როდესაც საქმე სახელმწიფოებრიობას, ოღონდ - არა პერსონალურ დონეზე, არამედ - საერთო ეროვნულ მასშტაბის, ლოზუნგების დონეზე ეხება.

შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის მაფორმირებელი მასისთვის სრულიად წარმოუდგენელია ჭეშმარიტების დადგენა და სრულყოფილი კონსესუსის განცდის ჩამოყალიბება რამე საკითხისადმი მაშინ, როდესაც თავად არც მოვლენის განმაპირობებელი წინაპირობა იცის, არც მონაწილე პირების სუბიექტური შეფასების შესაძლებლობა აქვს და არც საკითხის ექსპერტული ცოდნა. ბუნებრივია, უნებლიე შეცდომისგან ან, უბრალოდ, მისი ყოფითი მოცემულობისთვის არასაჭირბოროტო საკითხით თავის არიდების მოტივით, რჩება პროცესის მიღმა და ცდილობს, არ ჰქონდეს კონკრეტული პოზიცია ან თუ აქვს, არ გააჟღეროს უცხო გარემოში!

ამიტომაც არის, რომ ვერც ერთ პოლიტიკურ პროცესს ვერ მიეცა მასობრივი ხასიათი. ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ გავერთიანდით ვერაფრის დასაცავად და უკვე აღარც მოხდება ეს, რადგან მივეჩვიეთ ამ მდგომარეობას. ყველაზე ცუდი კი წინ გველის...!

ამ ყველაფრის თავიდათავი, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენი დაუძინებელი ჩრდილოელი მტერი, რუსეთი და მისი სპეცსამსახურებია, რომლებიც ადგილობრივი კოლაბორანტებისა და სასარგებლო იდიოტების გამოყენებით, საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს - "დაშალე და იბატონეს" ტაქტიკას (ეს ფაქტიც არაერთგზის მაქვს აღწერილი). უკვე ვართ იმ კონდიციაში, როდესაც ვერასგზით ვერ მივალთ შეთანხმებამდე და ახლა სრულად ხელფეხგახსნილია რუსეთი სამოქმედოდ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ყველა აპოლიტიკურ პროცესს, მყისვე მიეტმასნებიან ღიად პრორუსული ძალები. დაზვერავენ, შეისწავლიან და მერე რაღაცნაირად ქრებიან, რომელთა შემცვლელადაც სრულიად უცნობი ადამიანები ამოტივტივდებიან ხოლმე და სტანდარტულად იწყება ბაკქანალია, რომელშიც ეშმაკიც ფეხს მოიტეხს, არათუ - რიგითი ადამიანი გაერკვეს, ვის რა ამოძრავებს და ვინ ვის ინტერესს იცავს.

ახლა, მიმდინარე მოცემულობაში თუ კარგად დაუკვირდებით, მთავარი არასტაბილურობის ზონა დასავლეთ საქართველოა და ძალიან არასასიამოვნოა ის ყველაფერი, რაც ხდება. ვგულისხმობ ნამოხვანის ჰესისა და ჭყონდიდის ეპარქიის პროცესებს. თუმცა, კიდევ უფრო არასასიამოვნოა ის ზემოაღნიშნული "შესაძლებლობა", რომელიც რუსებს ეძლევათ და დაიწყეს კიდეც გამოყენება ნამოხვანის ჰესის პრობლემის კონტექსტში. რამდენიმე კვირის წინ “ფეისბუკით“ გავრცელდა ვიღაც ადამიანის განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნამოხვანზე სამუშაოების დასაცავად თურქული სპეცდანიშნულების რაზმი იყო ჩამოსული საქართველოში. (ბმული) თავად წყარო რამდენად ავტორიტეტულია, თუნდაც რუსოფილების გარემოში, ძნელი სათქმელია, მაგრამ იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იმდენი "დამჯერი" გამოუჩნდა ამ აბსურდულ სენსაციას, რომ აქტუალური გახდა და თავისი წილი ეფექტიც იქონია, გარკვეული დოზით. ეს ვიდეომიმართვა ჩემთან მოვიდა რამდენიმე მკითხველისგან, რომლებმაც უბრალოდ, კომენტირება მთხოვეს და გადაამოწმეს, სარწმუნო იყო თუ არა, ზოგადად, ეს ინფორმაცია. ბუნებრივია, უმარტივესია ამ ადამიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაში იმ პროვოკაციის ამოკითხვა, რომელსაც ან შეგნებულად აკეთებს, ან "სასარგებლო ოდიოტის" როლის საუკეთესო შემსრულებელია!

ანტითურქული და ანტიმუსლიმური განწყობების პროვოცირებას რუსეთი ხშირად მიმართავს. პერმანენტულად უბრუნდება ამ საკითხს, როგორც კი ამისი საფუძველი ეძლევა. ბოლო დროს ეს საკითხი რუსული პროპაგანდისთვის აქტუალური გახდა, რასაც რუსულ მედიად წოდებულ სივრცეშიც ასახვა მოჰყვა. გამოჩნდა ე.წ. ანალიტიკური სტატიები საქართველოში, თურქული ე.წ. რბილი ძალის გამოყენების შესახებ, რაც პრაქტიკულად, ცინიზმია რუსეთის მხრიდან, რადგან თავად ტანკებით დგას ჩვენს მიწაზე და არც “რბილი ძალით“ დესტრუქციას გვაკლებს! რუსებს განსაკუთრებით აშფოთებთ ჩვენი და თურქების ეკონომიკური კავშირი და ძალიან ცდილობენ ამ კავშირის დაზიანებას. ამას უკვე ღიად და დაუფარავად აკეთებენ ხელქვეითი ბიზნესმენების, მართლმადიდებელი მოძღვრებისა და მათ მიერ გაბითურებული მრევლის მეშვეობით.

იგივე მალაყი ჩაგვიტარეს რუსებმა სრულიად პოლიტიკურ სივრცეში და არც სახელმწიფო მართვის სისტემა დარჩენიათ "ეფექტს" მიღმა. რიგითი მოქალაქისთვის, პოლიტიკურ თემატიკად აღიარებულ საკითხებზე მსჯელობა და, მით უმეტეს - მკვეთრი პოზიციის ფორმირება, დიდი ემოციური, მორალური და ინტელექტუალური გამოცდაა, რომელიც იმდენად მომაბეზრებელი და ზედმეტი რამ არის იმ ყოველდღიურ კონტექსტში, რომელშიც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს, რომ, უბრალოდ, თავის იძულებაც კი აღარ შეუძლია, გონება დაძაბოს და ფაქტების ლოგიკას მიჰყვეს! ამიტომაც მარტივ გამოსავალს პოულობენ და იმ ემოციურ იმპულსებს მიჰყვებიან, რომელსაც მასმედიის საშუალებით ან თემატური ავტორიტეტებისგან იღებენ, რომელთა ავტორიტეტიც ხშირად მხოლოდ კონფორმიზმს ან პირად კონტაქტს არის დაფუძნებული და მაშინვე განილევა, როგორც კი ძალაუფლებასა და, შესაბამისად, "ტელეეკრანს" მოშორდება ავტორიტეტი!

სახელმწიფოს მიმართ პრეტენზია იმ ყოფაზე, რომელშიც უმრავლესობა, ამ ქვეყნის მოქალაქე იმყოფება, ცალკე, უცნაური ფენომენია - თითქოს ეს პრეტენზია ყველას გვაქვს, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ მოვიყარეთ თავი ერთად, რომ ეს გავაგებინოთ სახელმწიფოში პასუხისმგებელ პირებს და ამასაც აქვს მიზეზი - რომელი პერიოდის პრობლემაზე უნდა შევაწუხოთ და რომელი "პასუხისმგებელი პირი"?! აი აქ ცალკე ბაკქანალია გვეწყება გონებაში და ისევ თავის არიდების მექანიკა ირთვება, რომელსაც სრულიად გაუცნობიერებლად მოჰყვება ხოლმე ფრაზა - "პოლიტიკოსებს თავს არ გამოვაყენებინებ"! რაც, თუ კარგად დაუკვირდებით, გულისხმობს შემდეგს - "თავს მხოლოდ იმ პოლიტიკოსს ვაყენებინებ, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია", სხვა ყველა რაკურსით ეს ფრაზა სრული აბსურდი და ალოგიკურობაა და ცოტათი კიდევ უფრო მეტი ანალიტიკური მიდგომით მივიღებთ შემდეგს - ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავს არ გამოვაყენებინებ! მარტივი მისახვედრია, რომ ასეთი განწყობებით ფონს ვერ გავალთ და უკეთეს ქვეყანას ვერ შევქმნით.

ქვეყანას მართავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და შეუძლებელია მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ცხოვრობს, ელემენტარულ სოციალურ ცხოვრებას ეწევა - არ იყოს პოლიტიკის ობიექტიც და სუბიექტიც ერთდროულად...!

და ბოლოს... მოკლედ რომ დავახასიათოთ დღევანდელი მდგომარეობა, გამოდის რომ -
1) რიგით მოქალაქეს უბრალოდ არ გვაქვს შესაძლებლობა დავადგინოთ ჭეშმარიტება რამე მოვლენაში იმ მრავალი პოლუსების გამო, რომელიც ყველა პროცესს თან სდევს სხვადასხვა ეგიდით;
2) ჩრდილოეთიდან წარმოებული "დაშალე და იბატონეს" ტაქტიკა უკვე შედეგზეა გასული;
3) არ გაგვაჩნია ერთიანი, ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი მიზანი, რომელიც გახდებოდა სხვადასხვა საკითხებზე კონსენსუსის საფუძველი!

პ.ს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოიდგინეთ ის რიგითი ქართველი, რომელიც საკუთარ თავთან განსჯაშია ჩაბმული იმაზე, თუ რა გზას დაადგეს...! ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს...!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ალექს
28 აპრილი 2021 06:09
ჩვენს დიქტატურას სხვა სახის დიქტატურების მრავალი წესი აქვს-ერთერთია შენს მაგივრად რომ დიქტატორი ფიქრობს !

რუბრიკის სხვა სიახლეები