დასავლეთის სამხედრო ძალის გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან
დასავლეთის სამხედრო ძალის გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან
სინამდვილეში რეგიონიდან გადის ის ძალა, რომელიც საჭირო იყო უშუალოდ ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებასა და მხარდაჭერისთვის.

მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან ამერიკისა და NATO-ს სამხედრო ძალის გაყვანის შესახებ გახდა ცნობილი, რომელსაც მალევე მოჰყვა ინფორმაცია, ამერიკის არმიის საჰაერო თავდაცვითი დანაყოფების შემცირების შესახებ რეგიონში, აქტუალური გახდა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის უშუალოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩაბმულნი, არამედ - მიმდებარედ, როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე -  კავკასიის რეგიონში (ანუ მთელ ე.წ. დიდ
ახლო აღმოსავლეთში).

ავღანეთის კამპანია დასრულდა ფრიად საკამათო შედეგებით და ახლა აქ ამ შედეგების განხილვას ჯერ აზრი არ აქვს, რადგან, არსებული მოცემულობით, წარმოუდგენელია, დასავლეთმა ავღანეთის ტერიტორია სრულიად უკონტროლოდ მიუშვას, არაფრის დიდებით არ გამოვა ეს და თუკი დავუშვებთ, რომ ეს მოხდება, მაშინ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სულ
რამდენიმე წელიწადში ავღანეთი ჩინეთის თავისტკივილი გახდება, რომელიც ცენტრალური აზიიდან და აზიის სხვა მუსლიმანური ქვეყნებიდან შეეპარება... ავღანეთი ერთგვარი "სახადივით" არის იმ ზესახელმწფოებისთვის, რომლებიც გლობალურ სტატუსზე აცხადებენ პრეტენზიას. ასეთი ჯერი ახლა ჩინეთზეა და ამ ლოგიკის მართებულობას მოწმობს ის შიშები, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოების საინფორმაციო სივრცეში ფიქსირდება, იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც ცნობილი გახდა ავღანეთიდან დასავლეთ ალიანსის სამხედრო ძალის გაყვანის გადაწყვეტილება.

ბუნებრივია, ეს პრობლემა რუსეთსაც შეეხება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ სსრკ-ის შეცდომა გაიმეოროს და მარტომ შეჰყოს თავი ავღანეთის უდაბნოებში. თუკი რუსეთის ჩართულობა იქნება ავღანეთის შიდა საქმეებში, ეს იქნება, დაახლოებით, ისეთივე დოზით, როგორც ეს სირიაში ხდება, სადაც ძირითადი მოთამაშე, ასადის რეჟიმის ფარდაგებს მიღმა, ირანია, ხოლო ავღანეთის შემთხვევაში კი - ჩინეთი იქნება!

რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის საკითხს, თუკი იმ ხმაურს ჩავუწევთ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ირანულ და რუსულ პროპაგანდას აქვს ატეხილი ყველა სახის მედიაში, რეალურად გამოდის, რომ აშშ-ის საგარეო სამხედრო განთავსების სისტემა იცვლება და ეს ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ იქ, სადაც საბრძოლო ძალთა კონცენტრაცია იყო, ბუნებრივად, ლოგისტიკური, სადაზვერვო და სხვა დამხმარე ძალებიც მეტი რაოდენობით იქნებოდა განთავსებული და, შესაბამისად, საბრძოლო დანაყოფების გაყვანას მოჰყვება მათი გაყვანა ან გადანაწილება იმ რეგიონებში, სადაც საფრთხეები გაზრდილია. მტრული პროპაგანდის მამხილებელ მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ჰერ-თავდაცვითი სისტემების გატანა რეგიონიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი "გასაზვიადებელი" საკითხი გახდა, თუმცა (ბმული) მათ მიერ ტრანსლირებული მოცემულობა და რეალობა, ძალიან შორს არის ერთმანეთისგან, რადგან აღნიშნული სისტემების სრულად გაყვანა არ ხდება. ის მცირდება იმ დოზით, რა დოზითაც ამას საჭიროებდა საბრძოლო მოქმედებების წარმოების ინტენსივობა რეგიონში. სტატიკური უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის კი სრულიად საკმარისი ძალები ჰყავს აშშ-ის კონცენტრირებული რეგიონში იმისთვის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში საჭირო ძალოვანი ზომები მიიღოს, გართულების შემთხვევაში. ბმული

ის, თუ სად წავლენ ავღანეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გაყვანილი სამხედრო ძალები, მარტივი მისახვედრი უნდა იყოს - იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტი პრობლემაა! პრობლემურ რეგიონებად კი შეგვიძლია განვიხილოთ ყველა ეს ადგილი დედამიწაზე, სადაც ჩინეთისა და რუსეთის გავლენები ან ასეთ გავლენაზე პრეტენზია - აქტუალურია. იმ საერთაშორისო პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ჯოზეფ ბაიდენის ევროპული ტურნეს ფარგლებში ვიხილეთ, ცხადყოფს იმას, თუ სად არის ახლა საჭირო ძალა. რადგან NATO-ს სამიტზეც და ევროპელ ლიდერებთან ცალკეულ შეხვედრებზე, დასავლეთის მთავარ საფრთხეებად ჩინეთი და რუსეთი დასახელდნენ, შესაბამის ქმედებებსაც უნდა ველოდოთ და ამიტომაც ვვარაუდობ, რომ ახლო აღმოსავლეთიდან გამოყვანილი სამხედრო ძალების პროპორციულად გამოთავისუფლებული რესურსი გადანაწილდება ევროპასა და აზიის მოკავშირე ქვეყნებში (ბმული). ამას მოწმობს გააქტიურებული სამხედრო წვრთნები და წლების განმავლობაში მიმდინარე სამხედრო აღჭურვილობის გადასროლა, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებსა და ბალტიის ზღვის აკვატორიაში, სადაც სამხედრო წვრთნები წლის დასაწყისიდან, პრაქტიკულად, არ წყდება ნიმუში.

კიდევ ერთი, ძალზე სერიოზული დაძაბულობის ზონაა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე და ამაზეც მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა, აქ მოცემული მსჯელობის კონტექსტში - NATO-ს სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ყველას ყურს მოხვდებოდა ის, რომ სამხედრო ალიანსმა ზედმეტად მეტი ილაპარაკა კლიმატურ ცვლილებაზე და მისით გამოწვეულ საფრთხეებზე. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ, ერთი მხრივ, კლიმატური ცვლილებები ფუნდამენტურად ცვლის კონფლიქტების შინაარსს და მეორე ის, რომ გლობალური დათბობის შედეგად, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეზე იხსნება ახალი საზღვაო გზები, რომელთა კონტროლზე პრეტენზიას უკვე აცხადებს რუსეთი და ამიტომაც არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსული არმია არქტიკული ბაზებისა და შესაბამისი კლიმატისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა-შექმნით არის დაკავებული. ანალიტიკოსების აზრით, მომავალი ცხელი კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის თუ გარდაუვალია, სწორედ ამ ტერიტორიებზე მოხდება! შესაბამისად, სულაც არ არის ლოგიკას მოკლებული ის აქტივობა, რომელიც ახლა ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს. შესაბამისად, როდესაც სამხედრო ალიანსის მხრიდან ან მილიტარისტულ კონტექტსში განიხილება გლობალური დათბობის შედეგები, შეგიძლიათ ივარაუდოთ ეს მოცემულობა, რომელიც ამ აბზაცშია აღწერილი და მოქმედი იქნება იმ მომენტამდე, ვიდრე უშუალოდ ამ პრობლემით გამოწვეულ კონფლიქტებამდე არ მივალთ.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ის დარჩება დესტაბილიზაციის უზარმაზარ ზონად, სადაც რეგიონული მოთამაშეები გაზრდიან საკუთარ ჩართულობას და დაკავდებიან უკვე არსებული კონფლიქტების ისეთი კონფიგურაციის გადაწყვეტით, რომელიც მათი ინტერესებისთვის იქნება მისაღები და ეს აუცილებლად გამოიწვევს თავად კონფლიქტების ცვლილებას, როგორც ხარისხობრივ, ისე - რაოდენობრივი თვალსაზრისით. ერთი მხრივ, დასავლეთთან უცნაურ მოკავშირეობაში მყოფი თურქეთი და, მეორე მხრივ, არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების უმეტესობა დარჩება დასავლეთის მოკავშირე ძალად, რომელიც განაპირობებს რეგიონში მეტ-ნაკლები წესრიგის შენარჩუნებას და ირანის შიიტური ალიანსის წინააღმდეგ ზომების გატარებას.

მანამდე კი, ახლო აღმოსავლეთით, კერძოდ ავღანეთის, ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე გაგრძელდება აშშ-ის სამხედრო უპილოტოებით ოპერაციების წარმოება და იმ რადიკალი საველე მეთაურებისა თუ ტერორისტული ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი პირებისა და ინფრასტრუქტურის დისტანციური განადგურება, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და მოკავშირეობრივი ვალდებულებების მიხედვით, საფრთხის კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად ნაადრევია ის ყიჟინა, რომელიც ირანულმა და რუსულმა მედიებმა შემოსცხეს და, ასევე, ნაადრევია ის გლოვაც, რომელიც პროამერიკული განწყობების მქონე ქვეყნებსა და მედიებში შეინიშნება, განსაკუთრებით - პოსტსაბჭოთა სივრცეში. გამოდის, რომ ავღანეთიდან საბრძოლო დანაყოფების გაყვანის საკითხი ახლა უფრო მეტად აქტუალურია იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ რუსული პროპაგანდა ჩვეული გააფთრებით არის ჩაფრენილი საკითხს და ცდილობს, დასავლეთის ეს ნაბიჯი წარმოაჩინოს, როგორც მარცხი. სინამდვილეში კი, რუსეთის თავის ტკივილი არის ის, რომ გამოთავისუფლებული რესურსი მის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მნიშვნელოვანწილად შეეზღუდება მოქმედების თავისუფლება იმ რეგიონებში, სადაც ცალმხრივად აღიარებს - "საკუთარი გავლენის პრივილეგირებულობას"!

ბოლო სიტყვად კი უნდა ითქვას ის, რომ ყველა გეოპოლიტიკური გადაჯგუფების შედეგი დამოკიდებულია პარტნიორთა მხრიდან საფრთხეების ერთგვაროვან აღქმასა და შეფასებაზე; მოქმედების ერთ პრინციპზე შეთანხმებასა და ამ პრინციპებისადმი ზედმიწევნით ერთგულებაზე. სხვა მხრივ, ყველა იმ შემთხვევაში, რამდენჯერაც ევროპა არ დაუჭერს მხარს ჩინური, ირანული ან რუსული დესტრუქციის წინააღმდეგ ძალოვანი ზომების გატარებას, იმდენჯერ გართულდება ყველა იმ ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი დესტრუქციული ქვეყნების გავლენების ზონებში ვექცევით!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები