უცნაური დილემა - "ავიცრა თუ არ ავიცრა!?"
უცნაური დილემა - "ავიცრა თუ არ ავიცრა!?"
ბოლო პერიოდში გართულებული ეპიდემიური ვითარების გამო, ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდა და გაიმართა დიდი სჯა-ბაასი თემაზე - "ავიცრათ თუ არა"!?

აქვე ვამბობ, მე აცრილი ვარ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი დოზით და არც არასოდეს ვყოფილვარ აცრის მოწინააღმდეგე, რადგან კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე ვერაგი დაავადება დღემდე მხოლოდ იმიტომ არის მიყუჩებული და უპრობლემო, რომ ვაქცინა არსებობს და ვაქცინირებულები ვართ! ყოველი ასეთი ვაქცინაციის დასაწყისს, თან სდევდა ათასგვარი შეთქმულება, შიშები, დეზინფორმაცია და მანიპულაციები (ნიმუში-ბმული) თუმცა, აქვე ისიც
უნდა ითქვას, რომ აქამდე არსებული დაავადებები, რომელთა გამკლავებისთვისაც საჭირო გახდა მასობრივი ვაქცინაცია, ბუნებრივი წარმოშობისა იყო, რომელთა შემთხვევაშიც უკვე არსებული ვაქცინის შექმნის ტექნოლოგიები, მეტნაკლებად ცნობილ მოცემულობებს ეფუძნებოდნენ. ახლა მიმდინარე პანდემიის გამომწვევი ვირუსის წარმოშობა კი, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი სრული სიცხადით - ბუნებრივი წარმოშობისაა თუ ხელოვნური!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, დიდია ალბათობა ის ხელოვნური იყოს და მისი დანიშნულება ბიოლოგიური იარაღის ფუნქციით გამოყენება ყოფილიყო! ამაზე მიანიშნებს ავსტრალიის დაზვერვის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომ 2015 წელს, ჩინელი მაღალჩინოსნები და მეცნიერები, SARS ტიპის ვირუსების ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების საკითხს განიხილავდნენ ბმული. შესაბამისად, თუკი კორონა ვირუსი, რომელიც ახლა მძვინვარებს მთელს დედამიწაზე არის ხელოვნური წარმოშობის, როგორც მინიმუმ საომარი მდგომარეობის შესაბამისი მოქმედების ლოგიკით უნდა მივუდგეთ და ალეგორიები ე.წ. "ანტივაქსერული" დეზინფორმაციული კამპანიის გასანეიტრალებლად, სწორედ საბრძოლო მოქმედებების ზონის შესაბამისი უნდა ავიღოთ. ყოველ ჩვენს ნაბიჯს, ქმედებას და ა.შ. ამ ლოგიკის შესაბამისად შევხედოთ...!

პირველ რიგში, ვაქცინაციის საკითხი რომ ავიღოთ და წამოჭრილი დილემის გადაჭრის პროცესში საკუთარი თავისთვის არგუმენტი მოვძებნოთ, შეგვიძლია შევხედოთ ამ პროცესს ასე - ვაქცინირება ახლა და ამ მოცემულობაში, ზუსტად იგივე ფუნქციის მატარებელია, რომელი ფუნქციაც აკისრია საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჯავშანჟილეტს! ჯავშანჟილეტი არ არის ის პანაცეა, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე ნებისმერ შემთხვევაში და 100%-ით დაგიცავს, თუმცა მნიშვნელოვანწილად ზრდის გადარჩენის შანსს და ამის გამო, არცერთი მებრძოლი ამ თავდაცვის საშუალებაზე უარს არ ამბობს, როგორც არ უნდა უჭირდეს მისი ტარება, ჟილეტის სიმძიმისა თუ სხვა მიზეზის გამო!

მეორე საკითხი - არის თუ არა ეფექტური აცრა და ხომ არ გამოიწვევს ის რაიმე ისეთ გვერდით ეფექტებს, რომელიც შემდეგ, ვაქცნირებულთა ახალი თავისტკივილი გახდება! ისევ ზემოთ შემოთავაზებულ ლოგიკას რომ მივუბრუნდეთ, არც ამ შემთხვევაშია რისკი იმაზე მეტი, ვიდრე თავად ვირუსია, რომელიც უკვე ცხადი საფრთხეა და მისგან თავდაცვის სხვა არანაირი საშუალება არ არსებობს. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ თანამედროვე ფარმაკოლოგია განვითარების არცთუ ცუდ ეტაპზეა და დავამატებთ ომის ლოგიკას, რომელშიც თავდასხმის იარაღის საწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობისა და სტრატეგიის გამომუშავება გარდაუვალი ქმედებაა, მაშინ გამოდის რომ ვაქცინის მიღება, ვერ იქნება იმაზე მეტად საზიანო, ვიდრე ვირუსია იმ ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, რომ მისი შემქმნელების მოტივაცია, "თავდაცვის საშუალების" შექმნა იყო!

მთელი ეს დილემა კი მხოლოდ იმიტომ გვადგას თავს, რომ პრობლემის ორივე კომპონენტი - ვირუსიც და ვაქცინაც, მოკლებულია - ინდივიდის მიერ საფრთხის მყისიერი და ობიექტური კონტროლის ჩვეულ მექანიკას და შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში ძალზედ ადვილია მანიპულაციების გზით ისე დააშინო ადამიანები, როგორც ამ კონკრეტული პანდემიის და ჩვენი ეპოქის პირობებში ხდება!
ის, თუ ვინ რა მოტივით აკეთებს ამას, ძალიან დიდი საკითხია და ათასგვარი მიზეზი შეიძლება გამოინახოს, თუმცა ასეთ მოცემულობაში, თუკი ვიღებთ ფაქტად, რომ ვირუსი ხელოვნური წარმომავლობისაა, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ რომ ე.წ. "ანტივაქსერული" საინფორმაციო კამპანიაც, ორგანიზებული და მანიპულირებულია იმ მხარის მიმართ, ვინც ვირუსი გაავრცელა - ანუ თავდამსხმელის მიერ! ნებისმიერი სხვა მოტივის ძიება არის სრული სისულელე და თვადამსხმელის მიერ გათვლილი შედეგის დადგომის უზრუნველყოფისთვის მსახურება.

სხვა საკითხია ის, თუ რამდენად პოლიტიზებულია მთელი ეს პროცესი და პანდემიის მართვის პროცესი ცალკეული, ძირითადში კი ავტორიტარული გადახრების მქონე ხალისუფლებების მიერ. მათ ვისაც შიდა პრობლემები ჰქონდათ, ძალაუფლების განმტკიცებისა თუ შენარჩუნებისთვის, მშვენიერი შესაძლებლობა გაუჩნდათ - ემართათ საზოგადოება შიშზე დაფუძნებით, რომელიც ნაწილობრივ რეალობას ეფუძნებოდა და ვერავინ დაადანაშაულებდა მათ იმაში, რომ რაიმე სახით ავტორიტარიზმის განმტკიცებას ამსახურებდნენ იმ აკრძალვებს, რომელიც თითქოსდა ეპიდემიის მართვისთვის იყო საჭირო, თუმცა ეს არის საკითხი, რომელიც ამ სტატიის ამოცანას სცილდება და ამიტომ მასში ჩაღრმავებას არანაირი აზრი არ აქვს. ამ საკითხზეც არაერთი სტატიაა დაწერილი და მათ შორის მეც მაქვს გამოქვეყნებული რამდენიმე თვის წინ. ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გადავიდეს ბმული-ზე და უფრო სიღრმისეულად გაეცნოს მას.

და ბოლოს, ისევ სტატიის მთავრ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, უნდა ითქვას შემდეგი - ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ დილემის წინაშე დგას - "ავიცრა თუ არ ავიცრა", უნდა გაითვალისწინოს ის მოცემულობა, რომ საფრთხე ახლა და აქ - რეალურია! ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ კი, სხვა რაიმე ეფექტური ან თუნდაც პრევენციისთვის ქმედითი საშუალება ვიდრე ვაქცინაციაა, არც არსებულა და არც ახლა არსებობს. შესაბამისად, მასზე უარის თქმით უნდა აცნობიერებდეს შემდეგი სახის ორ საფრთხეს - ერთი რომ საკუთრ თავს ტოვებს დაუცველს ვერაგი ბოროტმოქმედის მიერ გამოყენებული იარაღის წინაშე და მეორე, რისკის ქვეშ აყენებს სხვათა სიცოცხლეს, რომლის ხელყოფის უფლება, რაიმეს არ დაჯერების გამო, არავის ამ დედამიწაზე არ გააჩნია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლია
01 აგვისტო 2021 11:16
ქვეყნები სადაც აცრილია 60% და მეტი,სიკვდილიანობა თითქმის არაა კოვიდისაგან. ქვეყნები სადაც ჩვენსავით ვაქცინირებულია მხოლოდ 4% სიკვდილიანობა მაღალია მაგალითათ დღეს 24 საათში 33 ადამიანი.ამას რად უნდა ბევრი ტვინის ჭყლეტა? გადახედეთ სტატისტიკას ქვეყნებში და ნახავთ რომ ფაქტი სახეზეა და ვაქცინაცია აუცილებელია პანდემიის დაამარცხებლად,სხვა მხრივ არ დამარცხდება.
!!!!!!!!!!!!!
01 აგვისტო 2021 10:34
აცრილს და აუცრელს ორივეს შეიძლება შეხვდეს ვირუსი და სხვებისთვის ორივე ერთნაირად საშიშია თუ პირბადეს არ გაიკეთებენ. ცოტა განახვავებაცაა. აუცრელი შეუძლოდ იგრძნობს თავს და სახკში ან საავადმყოფოში ჩაიკეტება. აცრილი კი თუ პირბადეზე უარს იტყვის და ფსიქიკა ისეთი რამეა, აცრილების 100 დან 90 აღარ ხმარობს პირბადეს (აბა რისთვის აიცრა?), გახდება უსიმპტომო მატარებელი და ძალიან ბევრს დააინფიცირებს. მათ შორის ბავშვებს, რომელთაც არ ცრიან. ამიტომ იფეთქა კორონამ, ამიტომ აცრებთან ერთად რეგულაციები კი არ უნდა შემსუბუქებულიყო, პირიქით, უნდა გამკაცრებულიყო.
მიშა
01 აგვისტო 2021 02:23
ჯერ ბოლომდე ამ ვაქცინების ზუსტი შემადგენლობა არაა ცნობილი...
ჯავშანჟილეტს ვენაში და სხეულში არ ვუშვებთ!
ჯერ არვიცით რატომ შეიქმნა ვირუსი? საიდან მოვიდა? დედამიწის მბრძანებლებს რა გეგმები აქვთ დედამიწის ეკოლოგიის გადასარჩენად? ვინ უნდა წავიდეს და ვინ დარჩება?
ჩვენ პლანეტას სერიოზული პრობლემები აქვს!!!
მედიცინაშიც არის შემთხვევა, როცა არჩევანია ადამიანის დაღუპვისა და ერთი ორგანოს ან ნაწილის ამპუტაციას შორის...
ჩვენი პლანეტა ძალიან ცუდ დღეშია და განეხილება სხვადადხვა ვარიანტები...

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები