არეულობა ირგვლივ და ქართული არჩევანი - კვირის პალიტრა

არეულობა ირგვლივ და ქართული არჩევანი

"არასტაბილურობა დედამიწაზე იმდენად მასშტაბური გახდა, რომ სრული უგუნურობა იქნება, მათი გავლენა საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაზე უარყო და თქვა რომ ისინი შენ არ გეხებიან"

ჩვენთან ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც გამოცხადებული იქნა, როგორც რეფერენდუმი, იმის გასარკვევად, თუ რომელი სამყაროს წევრობას ირჩევს ქვეყანა - დასავლურს თუ რუსულს, ჩატარდა და გარკვევით ჩვენი სათქმელი მაინც ვერ ვთქვით. ისევ ინსინუაციებისა და ორგვარი "რეალობის" პირობებში გვიწევს ცხოვრება, თუმცა ასეთი მოცემულობის ქვეყანა, საბედნიეროდ, მხოლოდ ჩვენ არ ვართ.

როგორც წესი, ასეთი პოლიტიკური წყალგამყოფები აუცილებლად გულისხმობს გეოპოლიტიკურ კონტექსტს და უდავოა მისი გავლენა ერის განწყობაზე, რომელიც ასეთი მნიშვნელობის არჩევანს აკეთებს. შესაბამისად, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის ის მოცემულობა, რომელიც ახლა შექმნილია დედამიწის იმ წერტილებში, რომელთაც გარკვეული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია საერთაშორისო პოლიტიკაზე და, რომელიც აისახება მეტ-ნაკლები შედეგებით, საქართველოს უახლოეს მომავალზე.

ზოგადად, ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება მოკავშირე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის ან მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზონებში. ასეთ ზონებში დიდი ქვეყნების ჩართულობისა თუ ახლად პროვოცირებული პრობლემების ხარისხი ყოველთვის გულისხმობს ქცევის ცვლილებას და ეს ცვლილება, რა თქმა უნდა, აისახება, როგორც მოკავშირეთა მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე, ისე - მოწინააღმდეგეთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ხარისხსა და მეთოდებზე. შესაბამისად, ასეთი მოცემულობები ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში.

მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან, საერთაშორისო კოალიციის და, განსაკუთრებით, აშშ-ის სამხედრო ძალები გავიდნენ, ვითარება, გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, სრულიად სხვაგვარი გახდა. თავად ამ მოვლენის შეფასება იმდენად არასწორი შინაარსით მოხდა, რომ რუსული და ჩინური პროპაგანდის გადამლაშებულმა შეფასებამ, სრულიად არარეალური წარმოდგენა შექმნა ინფორმაციის, რიგით მომხმარებელში, განსაკუთრებით - პოსტსაბჭოთა სივრცეში. ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ეპიზოდმა მაშინვე გააჩინა მთავარი კითხვა, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა დასმულიყო და მასზე პასუხი უნდა გამხდარიყო აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების საგარეო პოლიტიკის გადაწყობა. მაშინვე აშკარა იყო, რომ გამოთავისუფლებული სამხედრო ძალა, გადანაწილდებოდა პრობლემურ რეგიონებში, სადაც დასავლურ ინტერესებსა თუ მოკავშირეებს საფრთხეები ექმნებოდათ, ან პროგნოზირებადი იყო ასეთი გართულებები.

როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ასეთი კრიტიკული რეგიონი რამდენიმეა დედამიწაზე, რომელიც ახლა, დღევანდელი მოცემულობით, უკვე აქტუალურია, თუმცა ზედაპირზე ჯერ კიდევ ამ პრობლემების წვერები ჩანს და არა ის საბოლოო შედეგები, რომლებადაც შესაძლოა თითოეული მათგანი ტრანსფორმირდეს.

დღევანდელი მოცემულობით, ძალზე დიდი პრობლემებია შექმნილი შემდეგ საკითხებსა და შესაბამის რეგიონებში, ესენია - ირანის ბირთვული საკითხი; ტაჯიკეთ-თალიბანის კონფლიქტის საკითხი; კუნძულ ტაივანის პრობლემა, აშშ-ისა და ჩინეთს შორის; უკრაინის და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულება; ბალტიის ზღვა; კიბერუსაფრთხოება და ახალი ენერგეტიკული რეალობა ევროპაში, რომელიც "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ევროპის გაზის სისტემისადმი მიერთებას მოჰყვა.

ჩვენი ქვეყნის უშუალო სიახლოვეს, რომელსაც ყველაზე მყისიერი შედეგი შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის, ეს არის ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები, რომელიც პროვოცირებული იქნა ირანის მიერ და, რომლის მიზეზიც გახდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც, შესაძლოა, მოჰყვეს ისრაელის სამხედრო ოპერაცია, ირანის ტერიტორიაზე ბირთვული წარმოების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და ამ დანიშნულებით შესაძლებელია, გამოყენებული იქნას აზერბაიჯანის ტერიტორია, რომელსაც ისრაელი ძალზე აქტიურად ამარაგებდა იარაღით და, როგორც აღმოჩნდა, ამ მომარაგების პოლიტიკური კომპონენტი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ, ირანთან სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, ისრაელი გამოიყენებდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს ან სულაც - ტერიტორიას ავიაციის ბაზირებისთვის და იქიდან საბრძოლო გაფრენების განხორციელებას ირანის ტერიტორიის სიღრმეში, სადაც, დიდი ალბათობით, განთავსებულია ბირთვული იარაღის წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. (ბმული) სწორედ ამ საკითხს უკავშირდება ის მოულოდნელი ესკალაცია ირანსა და აზებაიჯანს შორის, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ მომენტისათვისაც გრძელდება და, შეიძლება ითქვას - რთულდება. ირანის სამხედრო აქტივობის გამო, თურქეთი ვერ დარჩებოდა თამაშგარე ასეთ მოცემულობაში, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოკავშირეობის შესახებ ყველამ კარგად ვუწყით და, ასევე, კარგად ვუწყით ანკარის როლი ყარაბაღის ბოლო ომში და იმ გამარჯვებაში, რომელიც მოიპოვა აზერბაიჯანმა. თეირანის მიერ აზერბაიჯანის საზღვრებთან სამხედრო დანაყოფების გადასროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი წვრთნების გამართვა ნახიჩევანის რაიონში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 8 ოქტომბერს დასრულდა (წყარო). ირანისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური ლიდერების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის რაიმე სახის დეესკალაციური ნაბიჯები ჯერ არ მოსჩანს და მხოლოდ ურთიერთ ბრალდებისა და გაფრთხილების შემცველი შინაარსის განცხადებები ვრცელდება. ირან-აზერბაიჯანის მიმდინარე კრიზისი, თავის შინაარსიდან გამომდინარე, რთული კონფიგურაციის არის და მრავალცვლადიანია, რომელიც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გადაწყვეტენ ისრაელი და მისი მოკავშრე ძალები!

რიგითობით, მეორე რიგის საკითხად შეიძლება ახლა ჩამოვწიოთ უკრაინის მიმართულება და იქ მიმდინარე ომი, რომელიც თავისი პოლიტიკური შედეგებით, ცხადად ჩანს, რომ რუსეთის ხელში მანიპულაციური ინსტრუმენტია და, ბუნებრივია, აისახება ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

"ჩრდილოეთ ნაკადი 2" -ის, ევროპის გაზის სისტემისადმი მიერთების შემდეგ, ვითარება უკრაინის მიმართულებით გართულდა და ბუნებრივია, რადგან, უკრაინაზე გატარებული გაზის სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ხმარდებოდა, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო და დასავლეთ ევროპის ქვეყნების, ძირითადად კი, გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას განაპირობებდა. შესაბამისად, ამ რესურსის ჩანაცვლების ალტერნატივის გაჩენის შემთხვევაში, რუსეთი შეეცდება უკრაინის სატრანზიტო მნიშვნელობის შემცირებას და ასეთი გზით მასზე ზემოქმედებას, რომელიც ძალზე რთულ ვითარებაში აყენებს უკრაინას, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე - უსაფრთხოების თვალსაზრისით. წარმოქმნილი ახალი რეალობის საკონპენსაციო ნაბიჯად აღვიქვი მე, პირადად, ევროკავშირის მიერ ახლახან ინიცირებული სასწავლო-სამხედრო მისიის დაწყების განხილვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია (წყარო), რომელიც ჯერ მართალია განხილვის სტადიაშია, თუმცა ოფიციალური კიევის მიერ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მისი მხრიდან ხდება საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება და დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს შესძენს უკრაინას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოწინააღმდეგე რუსეთია და ვიცით მისი ქცევის მოდელის თავისებურება, ნაკლებად სავარაუდოა, მხოლოდ სასწავლო სამხედრო მისიის იმედად იყვნენ ევროპელები და უკრაინელები, რომ რუსეთი არ წამოიწყებს ახალ ფართომასშტაბიან შეტევას უკრაინის აღმოსავლეთით და შავი ზღვის სანაპირო რეგიონებზე!

მესამე რიგად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტაჯიკეთ-ავღანეთის შესაძლო კონფლიქტი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ასევე, ძალზე აქტუალური გახდა და ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ არავინ უწყის, რა მომენტში შეიძლება დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ძალა და, პირველ რიგში, რუსეთი ცდილობს, რამენაირად აიცილოს საკუთარი სამოკავშირეო პასუხისმგებლობის ზონაში ასეთი მასშტაბის კონფლიქტის დაწყება. თუმცა, ამ ეტაპამდე ეს მცდელობები უშედეგო მოსჩანს და ესკალაცია სულ უფრო მძიმე ფორმას იძენს. საქმე იქამდე მივიდა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური განცხადება გავრცელდა, სადაც უწყების სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთის რეაქცია იქნება მკვეთრი და იმოქმედებს ტაჯიკეთთან არსებული სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში. უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთი მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ ვითარების გართულებისგან! (წყარო)

ცენტრალურ აზიაში ვითარების გართულება და იქ ახალი საბრძოლო მოქმედებების დაწყება, ტაჯიკეთსა და თალიბანის ავღანეთს შორის, შექმნის ახალ რეალობას ჩვენი რეგიონის სიახლოვეს და აუცილებლად აისახება ის რეგიონულ უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, საემიგრაციო კრიზისის სახით, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე იქცა დაპირისპირების მიზეზად, თალიბებსა და დუშამბეს შორის. შეგახსენებთ, რომ თალიბანის გაღიზიანების მიზეზი გახდა, ტაჯიკეთში გადასული სამხედრო მფრინავები და მათი ტექნიკა, რომელიც ოფიციალურმა დუშამბემ უკან არ დაუბრუნა თალიბებს, ხოლო პილოტები და მათი ოჯახის წევრები გაიყვანეს ჯერ საუდის არაბეთში და შემდეგ უკვე დასავლეთის სხვდასხვა ქვეყნებში გადაანაწილეს.

ამავე კონტექსტში ძალზე სერიოზულად მოიმატებს ტერორისტული საფრთხეები, როგორც თავად ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ისე - რუსეთსა და ჩინეთში, რაც ქმნის სრულიად ახალ მოცემულობას და რეალობას არა მარტო უშუალოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ - მიმდებარე რეგიონებსა და რეგიონების ქვეყნებისთვის, რომელიც არავინ უწყის, ჯერ კიდევ რა ფორმაციის პრობლემებში გადაიზრდება, რა სახის მცირე კონფლიქტებს წარმოშობს ცენტრალური აზიის და კასპიის ზღვის რეგიონში და როგორ აირეკლება ის ჩრდილო-კავკასიის მუსლიმურ რესპუბლიკებსა და იქ მოქმედ იატაქვეშეთის მოძრაობაზე.

ზოგადად, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალის შემცირების შესახებ განაცხადა, ნათელი გახდა, რომ მოცემულობა აღნიშნულ რეგიონში შეიცვლება და შეიცვლება, რა თქმა უნდა, არა უკეთესობისკენ. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ის აქტივობები, რომელიც შეინიშნება ამ განზრახვის გასაჯაროების შემდეგ და ვხედავთ, რომ რეგიონში არსებული, მცირე თუ დიდი ანტიდასავლური ძალები გააქტიურდნენ ახალი შემართებით, რომელთა ძირითადი მხარდამჭერი ამ ეტაპისთვის ირანია და ცდილობს იმდენი დესტაბილიზების წერტილი შექმნას რეგიონში, რომ დასავლეთმა და მისმა ადგილობრივმა მოკავშირეებმა ვერ შეძლონ მათზე მყისიერი რეაგირება იმ შეკვეცილი შესაძლებლობებით, რომელიც დატოვებული აქვს იქ დასავლეთ კოალიციას და კონკრეტულად აშშ-ის.

ისიც ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ყველაზე სტაბილური და ძლევამოსილი მოკავშირე აშშ საკუთარი საგარეო პოლიტიკის ცვლილებით არის დაკავებული და ამ ცვლილების პერიოდში, მისი ინტერესების ზონებზე მიტანილია იერიში ყოველმხრივ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახლა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა ერთგვარ ტესტს გადის გამძლეობაზე და ამას მოწმობს ის აქტიურობა ჩინეთის მხრიდან, რომელიც კუნძულ ტაივანის მიმართულებაზე წამოიწყო პეკინმა და ამისივე მაჩვენებელია ის, რომ ჩრდილოეთ კორეამაც სარაკეტო გამოცდები მოაწყო. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ანტიამერიკული ძალები ცდილობენ, მოასწრონ ამ პერიოდში საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, ან ასეთი ნაბიჯებისთვის საფუძველის მომზადება, რომელთა სრულად მოქმედებასაც უფრო მოგვიანებით ვიხილავთ.

და ბოლოს... რა თქმა უნდა, ძნელია, ერთ ბლოგში ყველა იმ პროცესის აღწერა, რომელიც ახლა დედამიწაზე კონფლიქტის ან პოტენციური კონფლიქტის ხარისხშია ასული და რომელსაც, რა თქმა უნდა, ირიბი ან პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს მდგომარეობაზეც, ამა თუ იმ ფორმით. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პროცესები განაპირობებენ მოკავშირეთა მიმართ გასატარებელი პოლიტიკის თავისებურებებს და ამიტომ სრული უგნურებაა ასეთი პროცესების უგულებელყოფა და საკუთარი შიდა პოლიტიკური კონტექსტის ამ ყველაფრისგან მოწყვეტა მაშინ, როდესაც საგარეო კურსი დასადგენი და გასამყარებელი აქვს ქვეყანას. ასეთი მეთოდებით მოქმედებენ ისეთი ტიპის სახელმწიფოები, როგორიც არის რუსეთი, ირანი და ა.შ. ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ობიექტური რეალობისაგან განსხვავებული რეალობა და ამისთვის იყენებენ სწორედ ამ ე.წ. "ინტერპრეტირებული რეალობის" მეთოდს.

ამიტომაც იქცა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნები გეოპოლიტიკური შინაარსის რეფერენდუმად და ეს სტატუსი სრულად ასახავდა იმ მოცემულობას, რომელშიც ახლა ჩვენ ვარსებობთ და ვაკეთებთ ნებისმიერ არჩევანს, იქნება ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნები.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი, ბუნებრივია, ჩვენი ქცევის გარკვეულ სპეციფიკურობას გულისხმობს და თუკი მხედველობაში ვიღებთ მტკიცებულებას, რომ აშშ ახლა საკუთარი საგარეო პოლიტიკის ცვლილებით არის დაკავებული და გადაწყობის პროცესშია, შესაძლოა, მას მოკავშირეთა მხარდაჭერის თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები შეექმნას ამ პერიოდში, რაც არ უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის მომავალის გაწირვის საფუძვლად და ახლა ჩვენი პასუხისმგებლობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთ სამყაროს ვაჩვენოთ ჩვენი ურყევი, გაცნობიერებული და მტკიცე ნება გავხდეთ დასავლეთ სამყაროს სრულფასოვანი წევრი, რომელიც სასარგებლოა იგივე იმ დასავლეთ სამყაროსთვის და ამ სარგებლიანობის სანაცვლოდ იღებს მხარდაჭერას, რომელიც დაგვეხმარება ცივილიზაციური ჩამორჩენის ამოვსებასა და ცხოვრების განორმალურებაში.

ასეთ საერთაშორსო მოცემულობაში ჩვენ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია საკუთარი აწმყოს და მომავალის დაცვის თვალსაზრისით და ეს, პირველ რიგში, მოკავშირეების მხარდაჭერაში გამოიხატება, რომელთაც საკუთარი ინტერესები გააჩნია რეგიონში და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც. სწორედ ამ ინტერესების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა და ამის შემდეგ, შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ მათი მხარდაჭერაც სრულყოფილი იქნება!

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს