გამარჯობა, მკითხველო! - კვირის პალიტრა

გამარჯობა, მკითხველო!

ჰოდა, ალბათ სხვა ავტორის სხვა მოთხრობის გამოყოფაც შეიძლებოდა, მაინც საახალწლო ნომერია ეს ჩვენი და იქნებ თავდაპირველად სახსენებელი არც იყო ეს ჩვენი მოთხრობა, მაგრამ მე უპირველესად სწორედ რომ რუსუდან რუხაძის "ჰოიათი" უნდა დავიწყო. ეს მეტისმეტად კარგი, ღირებული ტექსტი, სადაც ნეორეალიზმიცაა და მაგიური რეალიზმიც, როგორც სტილისტურად, ისე სიუჟეტურად ლიტერატურის (მარტო ქართულის არა) საუკეთესო ტრადიციების დაცვით არის დაწერილი. ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოების მოურჩენელ და უსაშინლეს ჭირს ეხება და მეორეც, ისე რბილად, არაადამიანური სიმსუბუქით და უუუკეთილესი იუმორით წერს ავტორი აქამდე არდაბადებულ და არც არასდროს დასაბადებელ გოგოებზე, ისეთი ახლობელი ხდება სიკვდილი, რომ ბოლოს, მგონი, სიკვდილი სიცოცხლე ხდება. ბევრი გელაპარაკეთ ახლა, ჰო ისე, ამ დიდებულ მოთხრობასთან ერთად ჩვენ "ზღვის სუპსაც" ვბეჭდავთ ამ საიანვროდ, მერე რა, რომ მძიმეა, პირში თავისებური, მარილიანი გემოს დატოვება იცის, როგორც ჭეშმარიტად კარგმა ტექსტებმა იციან ხოლმე, სუნი რომ მოჰყვებათ თავისი, ფერი და ამინდი, ისე.

ქართული ნაწილი ჩვენი ჟურნალისა განსაკუთრებული გამოვიდა საახალწლოდ, საპირველნომროდ, ამჯერად ჩამოთვლილ - ჩამოუთვლელებიანად, პოეტებიან - პროზაიკოსებიანად, იმდენად, რომ თებერვლისთვის უკვე აქედანვე მეშინია, რა იქნება, ძნელია, საკუთარ თავს გადაახტე და მერე ეს ნახტომი სულ გაიმეორო, ხშირად გამეორებაც ძნელია.

ჰო, თანამედროვე ავტორებთან ერთად, ვინც რომ დღევანდელობას ქმნის ჩვენი პროზისას, კლასიკოსიც გვყავს, ნახვით ნახავდით უკვე ყდაზე მის სახელს და გვარს, ჩემგან ქებამ აბა რა უნდა შეჰმატოს მას, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ ბატონი თამაზი სწორედ იმგვარი მწერალია, ჟურნალისთვის დიდი პატივი რომაა მისი დაბეჭდვა. პერიოდული ლიტერატურული გამოცემების მიზანიც და დანიშნულებაც, ერთგვარი აღრიცხვაა, ერთგვარი ნატერფალის თვლა და ზომვაა, ერთგვარი კვალში მიყოლაა მისდარი შემოქმედებისათვის. დანარჩენი მკითხველის გადასაწყვეტია.

რაც თარგმანებს შეეხება, ახალი ფილიპ კლოდელი და ჯონ ჩივერია ჩვენს ნომერში, დანარჩენი ადგილი უკვე შარშან დაწყებული რომანების დასრულებას ეძღვნება. ჰო, აი უკვე მთავარ საახალწლო საჩუქართანაც მოვსულვართ, მკითხველო, ამ ლაპარაკ-ლაპარაკში და მეც ცოტა შორიდან უნდა მოვუარო. ორიოდე კვირის წინ ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის, მთავარ საახალწლო ამბად, ცხადია, ჩივერის მოთხრობების თარგმნას ვიტყოდი. მოგეხსენებათ, ამერიკული პროზა, ისიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის, ისიც ჩივერისა, იშვიათად ითარგმნება ჩვენში და მეც სრული უფლება მქონდა, მეამაყა ამ სიახლით, კიდევ ორი მოთხრობით და ისიც გამემხილა თქვენთვის, რომ მთელ ამ 2015 წელში, კიდევ ბევრ ამ ეპოქის ამერიკელს გავკრავთ-მეთქი კბილს, ეგებ თომას პინჩპონიც მეხსენებინა და დამეტრაბახა წინდაწინ და იქნებ ზოგიერთ, სულ უკანასკნელი ხანის ავტორსაც გადმოვწვდომოდი, მაგრამ ეს ამ ორიოდე კვირის წინ იქნებოდა და არა ახლა, არა ამჯერად. მერე რა, რომ, რაც აქვე ორიოდე სიტყვის წინ მოგახსენეთ, კვლავაც ძალაში რჩება, კვლავაც სიმართლეა და წყალი არ გაუვა, მერე რა. ახლა სხვა, სულ სხვა მასშტაბის, სულ სხვა თავგადასავლის გაცნობა და ხარება მინდა, მკითხველო, შენთვის. 2015 წლის უკვე თებერვლის ნომრიდან, ჩვენ ასე გვაქვს დაგეგმილი და ღმერთმა ქნას, არაფერი შეიცვალოს, "ლიტერატურული პალიტრის" გვერდებზე გამოჩნდება უკვე შარშანდელი ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში პატრიკ მოდიანო. გამოჩნდება თავისი 2007 წელს გამოცემული რომანით "დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში".

გილოცავ, მკითხველო, გილოცავ! ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, თვეც არ გასულა, კაცს ნობელის პრემია მისცეს და უკვე ქართულად - მისი რომანი. ბოლოს როდის მოხდა ეს, ჰა?

უჰ, მომილოცნია - მეთქი, ესეც მომილოცნია და ახალი წელიც!