დაკარგული კოცნა
10-04-2018
დაკარგული კოცნა
ლიზას ბლოგი

- ქალბატონო - ჩამესმის სადღაც შორიდან. - ქალბატონო - მესმის განმეორებით, იქვე, სადღაც ჩემთან, მაგრამ ხმის პატრონს ცუდად ვხედავ. მე საავადმყოფოს მეორე სართულის დერეფანში საოპერაციოს კართან ვდგავარ, ხელში ბევრი ფურცლები მიჭირავს, ჩემი ბოლოდროინდელი გამოკვლევების სია და ველოდები დამიდასტურებენ თუ არა სასტიკ დიაგნოზს. ის კი ისევ მეძახის.

- ქალბატონო.
- ლიზა მქვია - ვფხიზლდები და ვიღაც უცნობ კაცს ხელს ვუწვდი.

- დიახ, გამარჯობა, - ხელს მართმევს უცბობი, - მე
ზურა ვარ.
მწვანე ზურა. ასეთი ფერშეცვლილი, მწვანე კაცები, სიბრაზის დროს მყავს მხოლოდ ნანახი. მაგალითად ჩემი ყოფილი ქმარი, რომელიც ზუსტად ასე გამწვანდა, როდესაც ვუთხარი რომ ვშორდებოდი. კიდევ ვიღაც... აი, გავიხსენე - ჩემი თანამშრომელი, ვათული... მაგრამ ვათული ჯერ გამწვანდა და შემდეგ გათეთრდა. ჩემი ბრალი იყო, რადგან ხმამაღლა,
თანამშრომლების თვალწინ მივეცი შენიშვნა. ჰო, კარგი ბიჭია ვათული, მხოლოდ ფერი შეეცვალა, არაფერი უპასუხია, მე კი უტაქტოდ გამომივიდა.

- ლიზა, თქვენც გოგიტას ელოდებით? - შედარებით გრძელ ტირადას აცხობს ის კაცი. "გოგიტას ელოდები" ისეთი ფრაზაა, რომელიც უყურადღებოდ არ შეიძლება რომ დატოვო, რადგან მისი "თარგმანი" ასე ჟღერს "ელოდებით, რომ თქვენს ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის გზები დაგეგმოთ?"
- დიახ, - ვიწყებ, მაგრამ მაწყვეტინებს. ისევე როგორც ადამიანების უმრავლესობას, როგორც ჩანს, ამ კაცსაც სხვის მოსმენას საკუთარის თქმა ურჩევნია.

- მამიდაჩემს უკეთებს ოპერაციას და მოსაწევად გავედი და ვიფირე უცებ ამოვირბენდი, და ხომ არ გამომეპარა მისი გამოსვლა, ნეტავ და ეგებ ექიმი მეძებდა მეთქი და თქვენ აქ დიდი ხანია დგახართ?
ზურა ალბათ "და" კავშირის კორიანტელის დიდოსტატის, ჩემი დაქალის, ნატას მონათესავე სულია." და მივდიოდი და მაგრად გამოვიყურებოდი და შემხვდა... და რა ზმანზე იყო?! და რა ცხვირ-პირი აქვს? და რა სუნი ჰქონდა როცა ვაკოცე?! და მწვანილის საყიდლად გავედი არადა... და აზრზე ხარ ჩემი შორტით და თავზე იმ უაზრო წკაპით რომ ვყოფილიყავი და უმაკიაჟოდ?

- არა, არა, არ გამოსულა. - სასწრაფოდ ვპასუხობ, იმიტომ რომ ეს კაცი აშკარად, ჩემს თვალწინ იცვლის ფერს. მისი სიმწვანე სითეთრეში გადავიდა და მგონი ახლა გული წაუვა. მავიწყდება ჩემი თავი და სკამის ძებნას ვიწყებ, მაგრამ არ არის. არც ერთი სკამი, არც ერთი ადამიანი. ლიფტი ადის და ჩამოდის, მაგრამ აქ არ ჩერდება, მთელი გრძელი, ცარიელი დერეფნის ბოლომდე არც ერთი კარი არ იღება და არ იკეტება, მტრედის ფერი კედლები, მტრედის ფერი იატაკი, მტრედის ფერი კარი - ერთი, მეორე, მეათე, ცარიელი სივრცე, არც ერთი ყვავილის ქოთანი, არც ერთი, თუნდაც უნიჭო ნატურმორტი კედელზე, იმისთვის რომ ეს ნაცრისფერი გარემო დაარბილოს. გეგონება დაავადებასთან შებრძოლების მომლოდინეებს რაღაცას აგუებენ - ზეციურ ფერებს და სიცარიელეს?

- არა, ჯერ დანამდვილებით ვიცი, რომ არ გამოსულა, მაგრამ ასეთივე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საიმედოზე საიმედო ხელში ხართ. თავადაც ხომ იცით ეს?
თვალებში ვუყურებ, უფრო სწორედ, მის სახის კანს ვაკვირდები როგორ იცვლის ფერს და რაკი უცნობი მამიდის ქირურგის ყოველ შექებაზე ეს ფერი ადექვატურს უახლოვდება, საქებარ ეპითეტებს ერთმანეთის მიყოლებით ვთხზავ, თანაც გულწრფელი ვარ, რაკი ეს სიმართლეა.

- დიახ, ის გენიალური ექიმია. ვამთავრებ ბოლოს, რაკი მივხვდი, რომ ზურას გულის წასვლის და ძირს დაბრეხვების პერსპექტივამ ჩაგვიარა.
- მადლობა, დიდი მადლობა - ისევ მართმევს ხელს ზურა. ხელებიც გაუთბა. ჰო, ხელები. მაგრამ რატომ ხელები და არა ხელი? ჰო, მე ხომ მისი ორივე ხელი მაქვს ჩაბღუჯული და მართალია მასაჟს არ ვუკეთებ, მაგრამ მის გათბობას კი აშკარად ვლამობ. აი, შარო, საიდან მოდიხარო. ახლა ამ კაცმა განცხადება რომ გააკეთოს, რომ მის სექსუალრდ შევიწროვებას ვლამობდი ექიმის კართან მიმდგარი, ხომ ვარ ღირსი? ცივად ვუშვებ ხელს. ლიფტიც იღება და იქიდან ორი კარგად თმადავარცხნილი ქალი გამოდის. ერთს ჩამოშლილი, სწორი, ხშირი ღია ყავისფერი თმა უელავს, მეორეს კი ქერა კულულები აყრია მხრებზე. აქედან სად მიდიან რა ვიცი, მაგრამ აქ ნამდვილად სალონიდან მოვიდნენ.

- თქვენც გოგიტას ელოდებით? - მეკითხება სწორთმიანი. უფრო სწორედ, გვეკითხება, რადგან მე და ეს კაცი წყვილს ვგავართ.
- დიახ, ოპერაციას ამთავრებს და გამოვა - პასუხობს ზურა, მე კი ვცდილობ გავიღიმო და ამ უცნობ კაცს მოვშორდე. გოგოები მოშორებით დგებიან და საუბრობენ, ჩვენს შორის კი უხერხული დუმილი ისადგურებს, მაგრამ მცირე ხნით, რადგან ზურას ტელეფონი რეკავს და ის ჯიბეებში იწყებს ქექვას. ჯერ შარვლის, მერე თხელი ქურთუკის და ბოლოს შარვლის უკანა ჯიბეში პოულობს.
- დამთავრდა? გამოიყვანეს? ვახ, გენაცვალე, გამოფხიზლდა? ვახ, შემოგევლე, კარგადაა? გენაცვალე, სადა ხართ, პირველზე? მანდ რა გინდათ? ეგრეა წესი? მოვალ ახლა, აქ ვარ კაცო, აბა სად წავიდოდი!

გოგოები ჩვენსკენ მოტრიალდნენ და რაკი ზურა ტელეფონზე ლაპარაკს აგრძელებს, მე მილოცავენ ზურას მამიდის მშვიდობიან გადარჩენას.

- გილოცავთ, - მომმართავს კულულებიანი. ცოტათი ზედა ტუჩი აქვს აპრეხილი, როგორც ჩანს, ახალი გადიდებული აქვს, ოღონდ ძალიან უხდება.
- გილოცავთ, - ძალიან "სვეცკად" მიღიმის ის მეორეც. ეს ჩემი ფერმოსული ნაცნობი კი დაბეჩავებული კაციდან უცებ როხროხა, ენერგიულ კაცად გარდაიქმნა, - მომიახლოვდა, დაიხარა, მხრებში მწვდა, ოდნავ შემანჯღრია და სრულიად მოულოდნელი ფრაზა მითხრა - გაკოცებდით, რომ შეიძლებოდეს!

გოგოები აიპუწკნენ, ზურამ კი ხელი გამიშვა და პირველი სართულისკენ გაიქცა. მე ის მალევე დამავიწყდა, რადგან ჩემი ექიმი მოვიდა და ილუზიამ, რომ მას თავზე ნათელი ადგა შარავანდედად, მაფიქრებინა რომ გავგიჟდი, ოღონდ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გამგრძელებია. ხუთი წუთის ან ზუსტად იმდენი დროის გასვლის შემდეგ რომელიც გონებაში ჩემი ცხოვრების რეტროსპექტივისთვის დამჭირდა, უკვე ვიცოდი, რომ ჯანმრთელი ვარ და სხვა ექიმებს უბრალოდ შეეშალათ...

გაბრუებული გამოვედი ექიმის კაბინეტიდან. ჩავუყევი კიბეს და ზურაც გამახსენდა. უფრო სწორედ, ზურა მას შემდეგ გამახსენდა რაც საავადმყოფის კიბეზე შემოფეთებულმა ნატამ ყოველი შემთხვევისთვის, დასაზუსტებლად, კიდევ ერთხელ იკითხა - და ე.ი. კიბო არ არისო და ექიმებთან სიარულს თავი დაანებეო? და რა ჯიგარია?!

- დღეს შანსი მქონდა ერთ ბიჭს ჩავხუტებოდი და მხრებში ხელები გვებრახუნებინა ერთმანეთისთვის. - ვიწყებ და ნატას იგივეს ვუყვები რაც თქვენ უკვე გიამბეთ, ის კი კომენტარს ურთავს: და შენ რა "მუჟნიცა" ხაარ?!
- და ნეტავ გეთქვა მაკოცეო და მოსაყოლი ამბავი გვექნებიდა ბოლოს და ბოლოს! - აკეთებს ბოლოს რეზიუმეს.

- და რატომ არ გვაქვს?კაცმა პირველად მითხრა, რომ უნდა კოცნა, მაგრამ აკრძალვას ემორჩილება. წავიდეთ ახლა ლიკასთან და ვუამბოთ.
- და რა ვუამბოთ, როგორ დაფრთხა ერთი მუტრუკელა კაცი სექსუალურ შევიწროვებაზე ამდენმა ლაპარაკმა ტელეეკრანიდან და ავტობუსებში და ქუჩეში და კაფეებში და თუნდაც ბნელ-ბნელ მისახვევ-მოსახვევებში?!
ვიცინით. ზურა კი ეგებ არც დამფრთხალა, მაგრამ პირველ სართულზე ცოლი და ხუთი შვილი ელოდებოდა? (რატომ ხუთი და არა ექვსი ან ორი?) იქნებ პატიოსანი კაცი იყო? ან იქნებ მე მომეჩვენა, რომ მოვეწონე? ან ეგებ მოვეწონე კიდეც, მაგრამ... ან...
და რა დავარქვა ჩემი ბლოგის პირველ თავს? დაკარგული კოცნა? გაგრძელება: მე ვიცი, რა არის ბედნიერება
მარიკა კახაძე
11 აპრილი 2018 19:08
ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ველოდები გაგრძელებას
ირმა ქერაული
11 აპრილი 2018 19:02
მგონი ექიმი ვიცანი. მაგარი, ვირტუოზი, გოგიტა ძაგნიძე. ვცდები ნეტა? სხვას არავის ვიცნობ “ვერაგი დაავადების“ ექიმ გოგიტას. თანაც სხვების დაშვებულ შეცდომებს რომ ასწორებს.... ჩამითრია და დამაინტერესა, ვინ არის ლიზა?
მარიკა
11 აპრილი 2018 18:52
ველოდები გაგრძელებას. საინტერესოდ დაიწყო