მე ვიცი, რა არის ბედნიერება
მე ვიცი, რა არის ბედნიერება
როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ჯანმრთელი ვარ და კიდევ დიდხანს შემიძლია ვიარო დედამიწაზე, საკაცობრიო პრობლემებზე დავიწყე ფიქრი.

"დედამიწა სამოთხე არ არის," - ეს ბებიაჩემის, ნინას საყვარელი ფრაზაა, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში დაბადებული ადამიანის იმედგაცრუებების ლოგიკური დასკვნაა. საინტერესოა, რა იქნება ჩემი ცხოვრებიდან გამოტანილი ლოგიკური დასკვნა? ცოდნა, რომელსაც დღეს ან ხვალ გაჩენილ შვილიშვილებს დაუზარებლად გავუზიარებ?

ადამიანებს უამრავი მიზეზი აქვთ, რომ ბედნიერები არ იყვნენ და ამას სადარდებელს აბრალებენ. მეც გამოვძებნე ასეთი დარდი, ჩემი უხასიათობა ავადმყოფობას
მივაწერე, ჩამოვუარე ექიმებს და მათაც მონდომებით "დადეს" დასკვნა. შეეშალათ - სინამდვილეში შეუძლოდ ყოფნა მხოლოდ ჩემი დარდი იყო, დარდი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის პრობლემაა, ოღონდ მე ახლა საკუთარი მაინტერესებს...

- ჩვენ ყველაფერზე ვდარდობთ,
- ვუხსნი ლიკას, რომელიც სამზარეულოში ჩემგან და ნატასგან ზურგშექცევით დგას და სადილს ამზადებს.
- ჩვენ ყველაფერზე ვდარდობთ, რადგან არ ვიცით, რა არის კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი სადარდებელი, - ვაგრძელებ ომახიანად, - კაცობრიობის განვითარებამ უამრავი სიკეთე მოუტანა ადამიანებს. აი, მაგალითად, ჩვენ სადილად ვსხედვართ კომფორტულ სამზარეულოში, ლიკა გვიცხელებს სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტებისგან მომზადებულ კერძს. სადილის გასამზადებლად არ გვჭირდება სანადიროდ წასვლა, შუაცეცხლის დანთება და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამ და სხვა უამრავი პრივილეგიისა პირველყოფილებთან შედარებით, ჩვენ მაინც არა ვართ ბედნიერები.

ლიკა ცხელ კერძს მიდგამს და საუბარს მაწყვეტინებს. ვჭამ. არ ვიცი, რა დამემართა, თითქოს შიმშილი თავს დამესხა. თავი თეფშისკენ მაქვს დახრილი, ნატა პურის მოზრდილ ნაჭერს მაწვდის. იმ პურს ორივე ხელით ვამტვრევ და პირში ვიტენი.
- ახლა ეს დააყოლე, - ცარიელ თეფშს მაცლის ლიკა და წინ მეორე კერძს მიდგამს.
- ღვინოში მოამზადე? - ვეკითხები და ჯერ ხორცის ნაჭერს, მერე კი გარნირს ვსანსლავ და ვგრძნობ, რომ წუთიც და, ხვრინვას ამოვუშვებ. ესეც პირველყოფილის ბედნიერება.

- ახლა ეს დალიე, - მეუბნება ლიკა და მაგიდაზე კონიაკით სავსე ჭიქას მიდგამს. ეს ლიკას რჩეული სასმელია და მე და ნატა თავის რჩეულზე "შეგვსვა"... ვსვამ. ჯერ ენის წვერს ვისველებ, შემდეგ წვრილი ჭავლით ვუშვებ სასისკენ და როდესაც სითხე პირის ღრუს ავსებს, უფლებას ვაძლევ, კუჭისკენ გააგრძელოს გზა.

- აუ, რა ჭამა?! - აშკარად დამცინის ნატა.
ვდგები და კარისკენ მივდივარ. უნდა წავიდე და კარგად გამოვიძინო!
ჩემი სახლი მიტოვებულ გემს ჰგავს. გრძელი, აჭრიჭინებული იატაკით და ბევრი ავეჯით. ვინ ვარ მე? ვინ არის ლიზა, რომელიც ძველ სახლში ცხოვრობს? კონიაკის, ყავის მოყვარული ქალი, ერთ დროს კარგი ცოლი, მერე საყვარელი, მერე ისევ ცო2ლი... ჰო, კიდევ ვინა ვარ? მოქალაქე? რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საინფორმაციო საშუალებები არ აცდიან ცხოვრებას. ან რას ვერჩი საინფორმაციო საშუალებებს, განა მე ტყუილების მოსმენა მინდა? მაგრამ იმ განწყობისთვის, რომელმაც ექიმებთან სიარული მაიძულა, დამნაშავე მჭირდება.

- ლიზა, გძინავს? - ნატამ ჩემი მარტო დატოვება არ ისურვა, მისაღებ ოთახში კომპიუტერს უზის და ჩათაობს.
- ნატა, არ გინდა, ჩემს დიდ საწოლში ერთად დავიძინოთ?- ვეძახი ნატას.
ვწევართ, ვსაუბრობთ.

- მე ვიცი, რა არის ბედნიერება, - ვეუბნები ნატას.
- და რა არის?

- ბედნიერება საკუთარი აზრია ცხოვრებაზე... - მაგრამ ნატას არ ესმის, უკვე სძინავს.
დილით კარზე კაკუნი ჩამესმის. ბოლო ხანებში უშედეგოდ ვოცნებობ გამოძინებაზე. ხან მეზობლის "მსხვერპლი" ვხდები, ხან იმ საძულველი ქალის, გათენებისთანავე "მალინას" ძახილით რომ შემოვარდება ხოლმე ეზოში. ეს უკანასკნელი ჩემი სიმშვიდის დაუძინებელი მტერია, მაგრამ ახლა ეს "მტერი" სხვაა და ვიცი, ვინც შეიძლება იყოს. ნატას ვეძებ. ეტყობა, სამსახურში წავიდა. არა, ვერ ავდგები, იმ ვიღაცამ კი იმდენი აკაკუნოს, სანამ კარი არ ჩამოვარდება. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, ბალიშებით ყურებიც დავიხშო, რომ კაკუნი აღარ გავიგონო. იქნებ ბედნიერება სიმშვიდეა? და სწორედ ამ სიმშვიდის უფლებას კარს იქით მდგომი მართმევს! არა, ბედნიერება ნამდვილად სიმშვიდეა!

იხილეთ ასევე: დაკარგული კოცნა


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
23-04-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა