მე ვიცი, რა არის ბედნიერება - კვირის პალიტრა

მე ვიცი, რა არის ბედნიერება

დასაწყისი იხილეთ: დაკარგული კოცნა

მაშინვე, როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ჯანმრთელი ვარ და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს შემიძლია ვიარო დედამიწაზე, საკაცობრიო პრობლემებზე დავიწყე ფიქრი. ნატას ძალიან ცუდად დაყავს მანქანა, ამიტომ ერთ-ერთი ასეთ პრობლემაზე, ბედნიერების ნაკლებობაზე საუბრით აღარ დავაბნიე და ჩემთვის, ჩუმად დავიწყე ფიქრი.

"დედამიწა, სამწუხაროდ, სამოთხე არ არის" ეს ბებიაჩემის, ნინას საყვარელი ფრაზაა, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში დაბადებული ადამიანის იმედგაცრუადგაცრუებების ლოგიკური დასკვნაა. საინტერესოა, რა იქნება ჩემი ცხოვრებიდან გამოტანილი ლოგიკური დასკვნა? ცოდნა, რომელსაც დღეს ან ხვალ გაჩენილ შვილიშვილებს დაუზარებლად გავუმეორებ?

ადამიანებს უამრავი მიზეზი აქვთ საიმისოდ, რომ ბედნიერები არ იყვნენ და ამას სადარდებელს აბრალებენ. მეც გამოვძებნე ამას წინთ ასეთი დარდი, ჩემი უხასიათობა ავადმყოფობას მივაწერე, ჩამოვუარე ექიმებს და მათაც მონდომებით "დადეს" დასკვნა. შეეშალათ, სინამდვილეში ხომ ეს შეუძლოდ ყოფნა, მხოლოდ ჩემი დარდები იყო, დარდები, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის პრობლემაა, ოღონდ მე ახლა საკუთარი მაინტერესებს, ჩემი ტერიტორიებ წართმეული, ღარიბი და ამ სიღარიბისგან რელსებიდან გადასული მოსახლეობის დარდები, სადაც პრიორიტეტებიც აღრეულია და რწმენაც შერყეული.

- ჩვენ ყველაფერზე ვდარდობთ, - ვუხსნი ცოტა ხანში ლიკას, რომელიც სამზარეულოში ჩვენგან ზურგშექცევით დგას და საკმაოდ დაგვიანებულ სადილს გვიმზადებს.

- ჩვენ ყველაფერზე ვდარდობთ, რადგან არ ვიცით რა არის კაცობრიობის ყველაზე უმნიშვნელოვანესი სადარდებელი. - ვაგრძელებ ომახიანად. რა უცნაურია, როგორც კი გავიგე, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, მიუხედავად დაღლილობისა, სასტიკად მშია და აბსოლუტურად მხნედ ვგრძნობ თავს.

- ლიკა, და ნუ აადუღებ რა, ძალიან მშია, და მომეცი ცივი! - მოითხოვს ნატა, მე კი ვერ ვჩუმდები.

- კაცობრიობის განვითარებამ უამრავი სიკეთე მოუტანა ადამიანებს. აი, მაგალითად: ჩვენ სადილად ვსხედვართ კომფორტულ სამზარეულოში, მეხუთე სართულზე, ლიკა გვიცხელებს სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტებისგან მომზადებულ კერძს. ასეა, ჩვენ სადილის გასამზადებლად არ გვჭირდება სანადიროდ წასვლა, შუაცეცხლის დანთება ა.შ. და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამ და სხვა უამრავი პრივილეგიისა პირველყოფილებთან შედარებით, ჩვენ მაინც არა ვართ ბედნიერები. - ლიკა ცხელ კერძს მიდგამს წინ და ამით საუბარს მაწყვეტინებს. პრინციპში, ამიტომაც ვართ აქ. ის ყოველთვის გვაბრუბნებს ზემოდან.

- ლიზა, მე და შენ დღეს უნდა დვალიოთ, მაგრამ ჯერ ეს ბოლომდე შეჭამე! - ეს ბრძანებაა. ზოგჯერ, როდესაც არ იცი რა უნდა გააკეთო ან იფიქრო, ბრძანება, მითითება, ძალდატანებაც კი, გადარჩენასავით ჩაგესმის.

ვჭამ. უფრო სწორად, ვშთანთქავ მორთმეულს. ცხელ, ცხარე, სურნელოვან უცხო თუ საუცხოო წვნიანს. ლიკას წვნიანები ჩემთვის საბჭოთა კავშირის დარღვევის კიდევ ერთი სიმბოლოა, ბეჭედი თავისუფლებას, ღია სივრცეს, რომელიც მწვანე შჩის, ხორციანი და უხორცო ბორშის და ტყუილი სუფის ტყვეობიდან თავის გამოხსნას გავს. წარმოდგენა არ მაქვს რა დამემართა, თითქოს შიმშილი თავს დამესხა და სანამ თვითონ გადამსანსლავს, მე უნდა ჩავყლაპო. თავი დახრილი მაქვს თეფშისკენ, ნატა პურის მოზრდილ ნაჭერს მაწვდის ხელში, იმ პურს ორივე ხელით ვამტვრევ და ისე ვიტენი პირში, ერთი, ორი, ათი, თხუთმეტი ლუკმა, ყველა დაუღეჭავად ჩაყლაპული. არ მეყო.

- ეხლა ეს დააყოლე - ცარიელ თეფშს მაცლის ლიკა და წინ მეორე კერძს მიდგამს. თავი არ მაქვს ხორცის ნაჭერს ვებრძოლო, ამიტომ ჩანგლით მთლიანად აღებას ვლამობას და კბილებით დაღრღნას ვლამობ, მაგრამ ის იშლება და ზედ დალაგებული პაწაწინა ქამა სოკოები თეფშზე მეყრება.

- ღვინოში მოამზადე? - ვეკითხები და ამასაც ვსანსლავ, ჯერ ხორცის ნაჭერს, შემდეგ გარნირს და ვგრძნობ როგორ მოდის ის. "ის" ანუ განცდა, რომ წუთი წუთზე ხვრინვით დავიძინებ. ესეც პირველყოფილის ბედნიერება.

- ეხლა ეს დალიე - მაწევს ახალ ბრძანებას ლიკა. წინ საკმაოდ მოზრდილი პორცია კონიაკი მიდგას. ეს ლიკას რჩეული სასმელია, მხოლოდ ამ ერთს აღიარებს, ჩვენც შეიძლება ითქვას, რომ მის რჩეულზე "შეგვსვა" მაგრამ ვერ გაგიმხელთ მარკას, რადგან რეკლამაში ჩამითვლიან და დამაჯარიმებენ... ვსვამ. ჯერ ენის წვერს ვისველებ, შემდეგ წვრილი ჭავლით ვუშვებ სასისკენ, ვაგემოვნებ და როდესაც სითხე მთელს პირის ღრუს იკავებს, უფლებას ვაძლევ კუჭისკენ გააგრძელოს გზა.

- და აუ რა ჭამა?! - ფხუკუნებს ნატა.

- ლიზა, ორი ჭიქაც გეკუთვნის და შემდეგ დესერტიც მოვა, - აგრძელებს ჩემს "მართვას" ლიკა, სანამ ამ მეორეს დავლევ, რეზიუმე უნდა გავუკეთო დღევანდელ ფიქრებს.

ან იქნებ არ ღირს? რაში აინტერესებთ ჩემს გოგოებს რას ვფიქრობ ბედნიერებაზე? ყველა ადამიანს ხომ თავისი, უნიკალური ბედნიერების ფორმულა აქვს? ეგებ სახლში წავიდე, ჩავწვე საწოლში და ორკვირიანი წამების შემდეგ ერთი კარგად გამოვიძინო?

ჩემი სახლი მიტოვებულ გემს გავს. გრძელი, აჭრიჭინებული იატაკით და ბევრი ავეჯით. ვინ ვარ მე? ვინ არის ლიზა, რომელიც ძველ სახლში ცხოვრობს? კონიაკის, ყავის მოყვარული ქალი, ერთ დროს კარგი ცოლი, მერე საყვარელი, მერე ისევ ცოლი, მერე მაძიებელი... ჰო, კიდევ ვინა ვარ? მოქალაქე? რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელსაც საინფორმაციო საშუალებები არ აცლიან სიცოცხლეს. ან, რას ვერჩი საინფორმაციო საშუალებებს, განა მე ტყუილების მოსმენა მინდა? მაგრამ იმ განწყობისთვის რომელმაც ექიმებთან სიარული მაიძულა, დამნაშავე მჭირდება.

- ლიზა, გძინავს? - ნატამ ჩემი მარტო დატოვება არ ისურვა, ამიტომ მისაღებ ოთახში ჩათაობს.

აი, რა აკლიათ ადამიანებს - სანდო ადამიანებთან გულახდილი საუბარი. ან კიდევ უფრო უარესი - ადამიანებს, მთელ დედამიწაზე, ცივილიზაცამ კომფორტული სამზარეულოები და სუპერმარკეტები კი მოგვცა, მაგრამ ბონუსად სხვების აზრებიც მოაყოლა და პარტიებიც, რომლებიც ამ აზრებს აფრქვევენ და ამიტომ ჩვენი, საკუთარი აზრები დავკარგეთ.

- ნატა, არ გინდა ჩემს დიდ საწოლში ერთად დავიძინოთ?- ვეძახი ნატას

ვწევართ, ვსაუბრობთ.

- მე ვიცი რა არის ბედნიერება, - ვეუბნები ნატას.

- და რა არის?

- ბედნიერება საკუთარი აზრია ცხოვრებაზე. - ოღონდ არ ესმის, უკვე სძინავს.

დილით კარზე კაკუნი ჩამესმის, მაგრამ მხოლოდ გვერდს ვიცვლი. ბოლო ხანებში უშედეგოდ ვოცნებობ გამოძინებაზე. ხან მეზობლის "მსხვერპლი" ვხდები ხან "მალინის". ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი მტერია, მაგრამ ახლა ეს "მტერი" სხვაა და ვიცი ვინც შეიძლება, რომ იყოს. ნატას ვეძებ, მაგრამ როგორც ჩანს, სამსახურში წავიდა. როდემდე არ გავაღებ კარს, ის ხომ არსად წავა, არც კაკუნი მობეზრდება - ბეჭდით, ხელის გულებით, მუშტებით. ზარი დიდი ხნის წინ გავაუქმე, რადგან ჩემი ზარის ჩიტის ჭიკჭიკი სრულებით არ შეეფერებოდა ჩემი განწყობების არც ერთ კასკადს. იმ ზარის შემდეგ, მგონი ნამდვილი ჩიტებიც შემძულდნენ, იქნებ იმიტომ, რომ ჩემი ჩიტი გამუდმებით რეკდა? იქნებ ბედნიერება სიმშვიდეა? ვაგრძელებ ფიქრს და კარის გასაღებად მივდივარ. მივდივარ რომ ვუშველო. ესეც მესამე ვარიანტი - ბედნიერება სხვისი გადარჩენის შესაძლებლობაა? გაგრძელება: კარგი წყვილი