ახლა თვითონ მელოდოს! - კვირის პალიტრა

ახლა თვითონ მელოდოს!

იხილეთ დასაწყისი: დაკარგული კოცნა

ზუსტად იმ მზიან დღეს დილაუთენია მივაშურე ოფისს. კარი ამირანმა გამიღო, სახეზე ბალიშის "ნაკვალევით, ოფისი კი თევზის კონსერვის, სიგარეტის და ლუდის სუნით ყარდა.

"გავაგდებ", - გავიფიქრე, მაგრამ სულ სხვა რამე ვთქვი:

- ბატონო ამირან, შემკვეთს ველი, გააღეთ ფანჯრები! - ამირანმა მორჩილად აალაგა ლუდის ბოთლები და ისე წავიდა, რომ ფანჯრების გაღება არც უფიქრია.

სხვა გზა არ მქონდა, ფანჯრები გამოვაღე და დამლაგებელს დავურეკე. ახლა ქეთომ ამიწეწა ნერვები, მაგვიანდებაო, რომ მითხრა, და მეც ოფისის დალაგება დავიწყე.

მოკლედ, საშინელი დღე დაიწყო, თუმცა სიურპრიზები კიდევ მელოდა.

შემკვეთი, რომელიც ერთ საათში უნდა მოსულიყო, ორი საათის შემდეგაც არ ჩანდა. ოფისში ნელ-ნელა ჯერ დიზაინერი მოვიდა, მერე ბუღალტერი, რომელმაც განმიცხადა, დღეს მე აქ არაფერი მესაქმებაო და წავიდა, სამაგიეროდ, არსად მიდიოდა კახა, მეტიც, ოცი წუთის განმავლობაში შვიდჯერ შემომაკითხა სხვადასხვა წვრილმანის დასაზუსტებლად. აი, ვანიკო კი არაფრით მაწუხებდა, იჯდა და ჭერს ათვალიერებდა...

წამით მომეჩვენა, რომ ყველა მე მამასხარავებდა და გარეთ გავედი, მერე უცებ უკან მოვბრუნდი და ოფისის კარი გარედან ჩავკეტე. განრისხებული ვიყავი, შემკვეთს ველოდი და არ მოვიდა, დამლაგებელმაც კი გადამაგდო, თანამშრომლებიც რაღაც ინერტულები გახდნენ, ხელფასს უხდი, თითქოს კმაყოფილები უნდა იყვნენ, მაგრამ... ძალიან კარგი, იყვნენ ახლა გამოკეტილები და მელოდონ, სანამ მივალ.

ის იყო, ქუჩა გადავკვეთე, რომ მარკო თავის პატარა გოგონასთან ერთად წინ ამესვეტა, თავისი გრძელი ხელები გაშალა, ფიცარივით ხმელი სხეულით მაგრად მიმიხუტა, როგორ მომენატრეო, ჩამჩურჩულა და იქვე, პატარა რესტორანში შემაგდო.

თავიდან მხოლოდ მარკოს და მის პატარა გოგონას ვხედავდი. ამ გასაოცარმა არსებამ განსაკუთრებულად დამაინტერესა, რადგან თავისუფლად შეიძლებოდა, მისი დედა მე ვყოფილიყავი და არა მარკოს ისტერიკამდე დასული ეჭვიანი ქალი.

ბავშვი შინაურულად იქცეოდა. პირველმა გაიკვლია გზა და იმ მაგიდასთან აფორთხდა სკამზე, სადაც, ალბათ, ხშირად ზის ხოლმე. მომეჩვენა, რომ ირგვლივ ყველა და ყველაფერი მე მიღიმოდა - მიმტანიც, კედლებიც, სუფრაც, დიდრონი თეფშებიც, ელვარე დანა-ჩანგალიც, კრიალა ჭიქაც, რომელშიც წელში გამართულმა მიმტანმა ღვინო ჩამოგვისხა.

ხელმარცხნივ ორნი ისხდნენ - ერთი კრემისფერ ტონებში გადაწყვეტილი, ქერა, ვარდისფერი მარგალიტით ყელდამშვენებული ქალბატონი, აბსოლუტურად გაურკვეველი ასაკით, მეორე კი შავგვრემანი, ხასხასა წითელ კაბაში გამოკვართული გოგო. დარბაზის სიღრმეში ორი დაუდევრად ჩაცმული ახალგაზრდა იჯდა. მიმტანები მაგიდებს შორის ისე დასრიალებდნენ, რომ მათი არსებობა როგორღაც შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ როდესაც მარკოს სამი წლის გოგონას კერძის მოლოდინის გასაიოლებლად სახატავი ფურცლები და ფანქრები მოუტანეს, მე პირველ პრობლემას შევეჯახე - წინ მრავალგვერდიანი რესტორნის მენიუ მედო, სადაც არც ერთი კერძი ნაცნობი ან ხელმისაწვდომი არ გახლდათ... არც მენიუ, არც დამოკიდებულება, არც სურნელი, არც ის კაცი, რომელიც ერთხელ უკვე დავკარგე, არც ფრანგული ღვინო, არც ეს ფასები ჩემთან არაფერ შუაში არ იყო, რადგან მე, საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, არასდროს მივცემ თავს უფლებას, მსგავს დაწესებულებაში შევიდე, რადგან სარჩენი თუ გადასარჩენი მყავს: ლოთი ამირანი, მობერებული ქეთო, კომპლექსებიანი კახა, შეყვარებული ვანიკო, მსუქანი ბუღალტერი, რომელიც ხანდახან ყოჩაღდება კიდეც, კიდევ, დისშვილები და დედა, რომელსაც მილიონერი ვგონივარ.

ჩემთვის ეს რესტორანი, აქ შინაურულად მოკალათებული მარკო, ეს ქალები ან სხვა სტუმრები, რომლებიც უყოყმანოდ უკვეთდნენ ყველაფერს, მათთვის სასურველ მენიუს, სულ სხვა საქართველოს წარმოადგენენ, უფრო ზუსტად, მის პაწაწინა ნატეხს, ისეთივეს, როგორიც ეს რეალობას აცდენილი ლაპლაპა რესტორანია ამ ქალაქში.

დავითრგუნე, მაგრამ თავს ვძლიე და ერთხელ კიდევ ჩავათვალიერე მენიუ და პირველივე ნაცნობ კერძს ხელი დავადე - ოსპის წვნიანი. მერე ძალიან ნაზად წამოვდექი და საპირფარეშოსკენ წავედი, ცოტა ხნით უნდა გავშორებოდი იქაურობას, რომ მარკოს შეკითხვებისგან თავი დამეღწია. ის ხელები, რომლებითაც იაფფასიანი ოსპის ძვირად ღირებული წვნიანი ავირჩიე, დავიბანე და ყურადღებით შევათვალიერე თავი სარკეში. არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდი. მადლობა სარკეს და ქართველი ქალის შეძლებას, იატაკების მორეცხვის მერეც რომ ახერხებს, ქალბატონს ჰგავდეს...

მაგიდებს შორის რომ ჩავიარე, შევამჩნიე, რომ ჩვენს მაგიდასთან სკამის კიდეზე ჩამომჯდარი ქალი მარკოს რაღაცნაირი მოწიწებით თუ აღტაცებით შესციცინებდა.

ჩემი წვნიანი უკვე მაგიდაზე იდგა.

- გაიცანით, ეს ლიზაა, - წარმადგინა მარკომ.

ეს ის ქალი იყო, რომლის პატივსაცემადაც ოფისში დილით იატაკი მოვრეცხე. ქალს მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე და ცხვირი ოსპის შეჭამადში ჩავრგე. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ქალის სული ჩემს ხელში იყო. ორი საათის შემდეგ ჯერ მარკო დამემშვიდობა სიყვარულით, შემდეგ კი ის - ჩემი დამკვეთი. რესტორნიდან ცალ-ცალკე გავიდნენ, კარში გახიდული მანამდე ვიდექი, სანამ ორივემ არ ჩათვალა, რომ ვეღარ ვხედავდი და სხვადასხვა გზით მიმავლები ერთმანეთს არ შეხვდნენ.

რესტორნიდან გამოსულმა უკანა გზა სირბილით ავირბინე. თანამშრომლებს არ უკითხავთ, რატომ დავაპატიმრე, მხოლოდ ვანიკომ შემომბედა, კიდევ კარგი, შემკვეთი არ მოვიდა, თორემ კარს ხომ ვერ გავუღებდითო.

- შემკვეთს სამი დღით გადავუტანე შეხვედრა, რადგან არ გვცალია, - ამაყად განვაცხადე.

- არ გვცალია? - ისევ ვანიკომ შემომბედა.

- ჰო, არ გვცალია, ახლა თვითონ მელოდოს! გაგრძელება