"არ ვიცი, შენს თავს რა ხდება, მაგრამ ბედნიერი მინდა იყო, სცადე, დედა"
14-05-2018
"არ ვიცი, შენს თავს რა ხდება, მაგრამ ბედნიერი მინდა იყო, სცადე, დედა"
დასაწყისი იხილეთ: დაკარგული კოცნა

დღეს დიდი და პატარა გოგონების დღეა. დიდები, დედაჩემი და მამიდაჩემი, სამოცდაათს გადაცილებული არიან, პატარები კი ჩვენ ვართ, 70-ს ქვევით - მე, ლიკა, ნატა და დღეს არც ერთს არ გვიწერია დილის ძილი, რადგან მამიდაჩემი, როგორც ყოველთვის, ჩვენი ძილის, ქცევის, ბოლოს და ბოლოს, ბედის სადარაჯოზეა.

- მამიდა, არაფერი დაგავიწყდეს! - მესიჯით ვიღებ დღის პირველ ბრძანებას და თავს ვაიძულებ ავდგე, ახლა უკვე რეკავს:
- ლიზა, გარეთ გაიხედე? ქარია, არ
იბანაო! - ახალ დირექტივას მაძლევს და განაგრძობს, - ასე მოდუნებული როდემდე უნდა იყო, სასწრაფოდ გადასწიე ფარდები და შემოუშვი მზე!
"Today is the day of girls, I will come at night, live!" - ვტოვებ მაცივარზე მიკრულ წარწერას დერეკისთვის და ახალი თავგადასავლის საძიებლად ჩემს მტვრიან ქალაქში გავდივარ.

კვირაა. ამიტომ, ლოგიკურად, თბილისი საცობების გარეშე დამხვდება და არავინ დამადანაშაულებს, რომ ცუდად დამყავს მანქანა.
ერთი საათის შემდეგ მამიდაჩემის სახლის სადარბაზოსთან ვარ აყუდებული.

- რატომ გადაწყვიტა სამყარომ, რომ ქალებს ცუდად დაგვყავს მანქანა? - ვეკითხები მამიდაჩემს, რომელიც ყურადღებით აკვირდება, რა პროდუქტებს ვიღებ იმ უთვალავი პარკიდან, რომელიც სამ გზად ამოვათრიე კიბეზე.

- კაცები ეგოისტები არიან, - უხვსიტყვიანობაზე უარს ამბობს მამიდა, დედაჩემი კი გაზქურასთან თავდახრილი თავის საფირმო კექსს ასანთის ღერით ამოწმებს, გამოცხვა თუ არა.

- ნატა, აგვიანებთ, - მამიდაჩემი ახლა ჩემს დაქალებს გადასწვდა ტელეფონით. მომენტით ვსარგებლობ და დედას ვეხუტები. მის რბილ, თბილ სხეულს პატარა ბავშვივით ვიკრავ, მის სურნელს ღრმად ვისუნთქავ და წამით მაინც არ მეეჭვება, რომ ბედნიერი ვარ.

ცოტა ხანში ყველანი დიდი გოგონების გაშლილ სუფრას ვუსხედვართ. დიდრონ ნაჭრებად დაჭრილი ცხელი კექსი და კაკაო - ჩემი წარსულიც და აწმყოც. თუ შემედავებით და მეტყვით, რომ საჭმელს მხოლოდ ის დანიშნულება აქვს, რომ ცილებით, ცხიმებით ან სულაც ნახშირწყლებით მოამარაგოს ჩვენი ორგანიზმი, ნურას უკაცრავად, ადამიანი იმაზე გაცილებით მაღალი არსებაა, ვიდრე ვიღაც ცინიკოს ტიპებს ჰგონიათ - ამ ნახშირწყლებსა და ცხიმებს გაცილებით მაღალი ფუნქცია აკისრია - ისინი ჩვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტების დამახსოვრებაში, გაფერადებაში გვეხმარებიან.
- აღიარეთ, რომ ადამიანებს სხვისი ბედნიერების უფრო ხშირად შურთ, ამიტომ არ გვიყვება ლიზა თავის ახალ თაყვანისმცემელზე, - მოულოდნელად აცხადებს ნატა, - ეშინია შურის.

- მე კი იმაზე მინდოდა მესაუბრა, - თავის დაძვრენას ვლამობ, მაგრამ ვინ მაცდის. მამიდა აშკარად ბრაზობს, რომ ახალი ინფორმაცია ნატასგან გაიგო და თავად ვერაფერს მიხვდა, ვხვდები, რომ თუ რამე არ მოვიმოქმედე, მისი რისხვა ცოტა ხანში მეხივით დამეცემა.
- ნატა ტყუის, ახალი თაყვანისმცემელი რომ მყავდეს, განა შენ პირველი არ შემატყობდი, მამიდა, - ენას ვიჩლექ მისი გულის მოსალბობად.
- მაშინ რატომ აგელეწა სახე, როდესაც ნატამ ახალი ამბავი გვითხრა? - იხტიბარს არ იტეხს მამიდა.
და მეც მათივე სიმშვიდისთვის, უმჯობესია, თავი დავიცვა. ფეხზე ვდგები და ვიწყებ.

- გგონიათ, არ ვიცი, რომ არ შეიძლება დაუსრულებელ ძიებაში იყო? ან დამავიწყდა, რომ ორი ქმარი მყავდა? ეს ქალაქი, ეს ხალხი არასდროს გაძლევს საშუალებას, დავიწყებაში შეიყუჟო და როცა ძველი არ გამოგდის, ახალზე იფიქრო. არა! არ სურს! მაგრამ ვინ არის ის, ვისაც უნდა, რომ მე, და სხვათა შორის, შენც, ნატა, წმინდანებად ვიქცეთ? გასაოცარი ამბავია, მიუხედავად ამდენი უბედურებისა, მშიერი და მიტოვებული ადამიანებისა, ჩვენს საზოგადოებას მაინც სცალია, რომ ჩემი დეგენერატი თაყვანისმცემლები დაითვალოს. გამაგებინეთ, ვინ არის ეს ხალხი, ვინ დგას ჩემი წესიერების სადარაჯოზე, ვის დაამშვიდებს აზრი, რომ სექსუალური ცხოვრება დავამთავრე?

მართალი ხართ... არც ეს უნდა მეთქვა, იმიტომ, რომ დედამ თვალი ამარიდა. მამიდამ კი იკითხა:
- ეს ბიჭიც რომ დეგენერატი გამოდგეს?

- და ახლა რომ სასეირნოდ წავალთ, რატომღაც ლისის ტბიდან ტალღები რომ მოვარდნენ და ჩაგვახრჩონ? ან შენი საყვარელი ქაბაბის საჭმელად როცა შევივლით, მიმტანმა კოწახურის ნაცვლად, საწამლავი რომ მოგვიყაროს?
- ჩემი გიჟი გოგო, - გაეღიმა დედას.

საშინლად მომინდა ტირილი, მაგრამ ლიკას მოსვლამ მიხსნა.
- მზე სანამ ზენიტს მიაღწევს, წავიდეთ.

ჯერ "მძიმე არტილერია" დაიძრა - მამიდაჩემს ერთი ხელჯოხის ნაცვლად ჩემი ორი მეგობარი ამოუდგა გვერდში, მე და დედამ კი უცებ ავალაგეთ სუფრა. როცა სადარბაზოდან გავედით, მამიდა ერთი ვაი-ვაგლახით ჯდებოდა მანქანაში.
- არ ვიცი, შენს თავს რა ხდება, მაგრამ ბედნიერი მინდა იყო, სცადე, დედა, - გავიგონე უცებ, მაგრამ რაკი ეს თემა "დახურულია", განაგრძო, - მამიდაშენს შეხედე, დაბერდა, არა? არადა, სახლში ისე ომახიანად იქცევა, ვერც კი ვატყობ.
გულზე მომეშვა. როგორც ჩანს, დედის დარიგებაც ასეთია - გადასწიე ფარდა და შემოუშვი მზე! გაგრძელება
თამარი
24 მაისი 2018 00:58
ვგიჟდები შენს წერის სტილზე და უსაზღვრო ფანტაზიაზე...