სიყვარული სხვა რაკურსით
21-05-2018
სიყვარული სხვა რაკურსით
დასაწყისი იხილეთ: დაკარგული კოცნა

- ყავას მეც მიკეთებ? - ვეკითხები დილაუთენია დერეკს. მგონი, არ აპირებს, მიპასუხოს, რადგან ცოტა ხნის წინ, დერეფანში, როცა ერთმანეთს მივესალმეთ, მითხრა:

- ლიზა, კოტესთან პაემნის ამბავი გაქვს მოსაყოლი! - მოკლედ, ახლა დერეკიც, ჩემი მოხუცებიც და დაქალებიც ჩემგან აღიარებას მოელიან, რადგან არ მეყო კეთილგონიერება და, დედაჩემის თქმისა არ იყოს, როგორც კი "ახალ ანკესზე წამოვეგე", ანუ როგორც კი კოტე მომეწონა, ეს მაშინვე მთელ მსოფლიოს შევატყობინე.

მაძალებენ? მაინც არაფერს
ვიტყვი! რადგან ჯერ იმ ერთადერთი, ჯადოსნური შეხვედრის შთაბეჭდილება არ გამნელებია. ისიც ვერ გამიგია, რა არის მოსაყოლი. არც ის ვიცი, რას უამბობენ ერთმანეთს ასეთ დროს, იმას, თუ მრგვალ მაგიდასთან როგორ ვისხედით და ერთმანეთით დატყვევებული გარშემო მყოფების არსებობას ვერ ვგრძნობდით, ან იქნებ იმას, როგორ მომწონდა მისი ყელიდან
ამოსული ბგერები, რომლებიც სინამდვილეში ჩვეულებრივი სიტყვები იყო?

არასდროს ვიცოდი და არც ახლა ვიცი, რა მინდოდა ან რა მივიღე კაცებისგან. არც მაშინ ვიცოდი, როდესაც პატარა გოგო მწვანეთვალებიან, შავგვრემან ბიჭს გავყევი ცოლად...

- დღეს გვიან მოვალ, - ყავას მიდგამს მაგიდაზე დერეკი. აშკარად ნაწყენია, კოტეზე რომ არაფერს ვუყვები.
ბოლო ხანებში აღმოვაჩინე, რომ პირადზე საუბარი სხვის ენაზე გაცილებით იოლია. იოლია თქვა, "მიყვარს" ან "მძულს" ინგლისურად, ფრანგულად, ალბათ, ინდურადაც, ამიტომ იოლად ვეკითხები:

- შენს ქვეყანაში რას მოითხოვენ ქალები მამაკაცისგან?
როგორ მიყვარს ასეთი დერეკი - დერეკი, რომელიც გულიდან მიღიმის. მიხვდა, რომ ჩემი საიდუმლოს გასაღები ჩავუდე ხელში და ღიმილმა გაანათა.
- მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში დიდ პატივს ვცემთ განათლებას, ეს არ გვიშლის ხელს პატივი ვცეთ ოჯახის შექმნის ტრადიციასაც. ინდოელთა უმეტესობა, მიუხედავად რელიგიური განსხვავებულობისა, დღემდე მშობლების მოძებნილ საბედოზე ქორწინდება და ეს უკვე მილიონჯერ მაქვს შენთვის ნაამბობი.

საცოდავ სახეს ვიღებ, ჰოდა, განაგრძობს:

- ჩემს ქვეყანაში ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიძე-პატარძალი პირველად მხოლოდ ქორწილის დღეს ხვდება ერთმანეთს, ან მათ 12-13 წლის ასაკში, მათი ნების გარეშე ნიშნავენ ერთმანეთზე, მაშინ, როდესაც ადამიანს წარმოდგენაც არა აქვს სიყვარულზე. ასეთი წყვილები არასოდეს შორდებიან და მერე, წლების შემდეგ, შვილებსაც ამ გზით აქორწინებენ...

- ჰო, მაგრამ რა გამოდის? გამოდის, ჩემი შეკითხვა, რას მოვითხოვთ ქალები მამაკაცებისგან, ინდოეთში ასე გაისმის - რას მოითხოვენ ნეფე-პატარძლის მშობლები რძლისა და სიძისგან და მათი ოჯახებისგან?

- ლიზა, წვალობ და მაწვალებ... დიახ, ასეა, რადგან სიძის ოჯახი სარძლოს რამდენიმე პარამეტრით არჩევს: რძალი მათი წრის, კასტის და რელიგიის წარმომადგენელი უნდა იყოს. უმჯობესია, თუ გარეგნულადაც მშვენიერი იქნება, მაგრამ ხშირად ამას ყურადღება არ ექცევა. გოგონას ოჯახსაც თითქმის იგივე მოთხოვნები აქვს სასიძოსთან, თუმცა ამას ისიც ემატება, რომ მშობლები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ ქალიშვილს ქმარი მთელი ცხოვრება გამოკვებავს და ჩააცმევს...

- მე სიყვარულზე გელაპარაკები, დერეკ! - მგონი, ვყვირი.
- არა, ჩვენ ოჯახზე, ქალის და კაცის ურთიერთობის ერთადერთ სწორ ფორმაზე ვსაუბრობთ, - მპასუხობს ის.
ნეტავ არ მეკითხა. ანუ ის ყველაფერი, რასაც მე ზეცაში გადასაწყვეტ ამბად განვიხილავ, დედამიწაზე მატერიალურის გათვალისწინებით ხდება? იქნებ მე ვართულებ და მართალია ეს ხალხი? იქნებ მამაკაცებს მარტივი მოთხოვნები უნდა წაუყენო, პრიმიტიული, ისეთი, მათ ძალ-ღონეს რომ არ აღემატება და მშვიდად იცხოვრო? ზუსტადაც ასეა! მართალია ინდოელი ხალხი - კაცისა და ქალის ურთიერთობა მამაკაცის შესაძლებლობებზეა აწყობილი და მათი ცხოვრებაც ზუსტად ისეთია, რამდენი და როგორი ქონების დაგროვება მოახერხა კაცმა ან მისმა ოჯახმა. ბევრი აქვს? ბევრი კაბა უნდა მოსთხოვო, ცოტა აქვს? მაშინ უნდა ეცადო, რომ ცოტა პროდუქტით მოამზადო კერძები, ოღონდ როგორ გადმოვიტანო ეს ქართულ რეალობაში?

- საქართველოშიც ასეა, - ჩამესმის უცებ დერეკის ხმა, - ქართველები სიყვარულით ქორწინდებით და მერე ერთმანეთს იმიტომ სცილდებით, რომ კაცებს ოჯახის რჩენის თავი არა აქვთ.
მწარე მოსასმენია, მაგრამ მე ხომ კოტეს ცოლობას არ ვგეგმავ? ოღონდ ეს არ უნდა ვუთხრა დერეკს. არა, არც მამიდას, არც ლიკას, ნატას კიდევ შეიძლება...

ვფიქრობ. არა, ვგრძნობ, როგორ ვიწყებ დარდს და ის მშვენიერი შეხვედრა, მე რომ ჩემთვის შევინახე და არავისთვის მემეტება გასაზიარებლად, სხვა რაკურსით მიდგება თვალწინ. მე და კოტე ძვირფას სასმელს ვსვამთ, მიმტანი მაამებლურად გვიღიმის და დელიკატესებს გვთავაზობს. მერე მისი ტელეფონი, საათი, მანერა, სამოსი მახსენდება, რომელსაც თითქოს ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როგორც ხედავთ, დამიმახსოვრებია. მდიდარ კაცს გადამყარა ბედმა. ეს პირველად მოხდა. ეგებ ამან გაამართლოს?
Ng
23 მაისი 2018 21:37
:) დავიწყე თავიდან კითხვა, მიდი ლიზა :)
ირა
22 მაისი 2018 23:54
აჰაჰ, ბოლოდან კითხულობდა ამიტომ ვერ გაიგე
Ng
22 მაისი 2018 07:41
აუ რას ბოდავ, რა გინდა თქვი ბოლობოლო, რა დერეკიო, რა მარეკიო :)