საწოლი - ლაკმუსი
28-05-2018
საწოლი - ლაკმუსი
სიყვარული დიდი სპექტაკლია, რომელშიც ერთმანეთისგან სრულიად უცნობი ადამიანები მონაწილეობენ, ოღონდ ეს, ეშმაკმა დალახვროს, "საშინლად" სასიამოვნო სპექტაკლია.
მაგრამ როგორ უნდა გაარკვიო, ეს ნამდვილი სიყვარულია თუ ერთი ბანალური ამბის დასაწყისი? არც ამისი პასუხი არსებობს.
- რატომ უნდა დასვა ეს კითხვა, თუკი პასუხი არ არსებობს? - აინტერესებს ნატას.
- იმიტომ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, - ამბობს მამიდაჩემი.
- იმიტომ, რომ საკუთარ თავს შანსი მისცე გასარკვევად, - ამტკიცებს ლიკა.
დედაჩემი დუმს, რადგან მან,
მგონი, ყველაზე უკეთ იცის, რომ იმ ამბიდან, რომელსაც ადამიანებმა სიყვარული დავარქვით, ყველაზე უკეთესი გაურკვევლობაა, ამ თამაშის ყველაზე სულისშემძვრელი ნაწილი, ოღონდ ყველას მაინც გარკვეულობა გვირჩევნია, ჰოდა, ვარკვევ.
მე და კოტე ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს და როგორც კომუნისტურ ეპოქაში დაბადებული ადამიანები შესაბამისად ვიქცევით - ანუ არ ვჩქარობთ. თუმცა ვიცი,
რომ ორივენი ვთამაშობთ იმისათვის, რომ საკუთარი თავი უკეთ წარმოვადგინოთ და მაქსიმალურად გავექცეთ ყოფით ურთიერთობაში გარევას. ჰო, ასეა, ახალი ურთიერთობის პირველ ეტაპზე ადამიანები საკუთარი ქცევით გულმოდგინედ ავსებენ "რეზიუმეს", სადაც ფორმულირება "ვარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი ადამიანი", ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში, ტყუილია.
მოკლედ, ჩვენ შორის არც არაფერი ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვგრძნობთ. მე მასთან ყველა შემთხვევით შეხებაზე დენი მარტყამს.
ნეტავ თავადაც ამას გრძნობს?
ან თუ იმავეს გრძნობს, ამას მხოლოდ ჩემთან განიცდის?
- ეჭვიანობა სიყვარულის მტერია! - ეს მამიდაჩემია.
არ ვეჭვიანობ, თვლა კი დავიწყე. კოტე 40 წლისაა. თუ მისი სრულწლოვანების დღიდან ვიანგარიშებ, მას საშუალოდ 22 წელიწადი ჰქონდა ურთიერთობებისთვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთელი ეს პერიოდი დაუღალავად შრომობდა განვითარებისთვის, სავარაუდოდ, მას არ ექნებოდა შანსი, ბევრი სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდა. სამაგიეროდ, იოლად მოახერხებდა ერთჯერადი ურთიერთობებით დატკბობას.
- ბოლომდე გააფრინე, - კისკისებს ლიკა, - 40 წლის კაცის განვლილი ცხოვრების წლებსა და სავარაუდო ქალებზე ეჭვიანობ.
ეგებ სიყვარულის დრო მხოლოდ თინეიჯერობის ასაკშია, როდესაც ასეთი კითხვები არ ჩნდება, შემდეგ კი ხელი უნდა ჩავიქნიო?
- და დავტკბები მისი სიმდიდრითო, შენ არ ბრძანე? - სერიოზული გამომეტყველებით მეუბნება ნატა.
მოკლედ, სახლში ყველა მე მიტევს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი გაქცევაა და მეც საღამოს "პეროიანი" გავდივარ სახლიდან, კოტეს მანქანაში ვჯდები და მხოლოდ ჩემი გულისძგერა მესმის.
თბილისის ქუჩებში ქაოსია. ვცდილობ მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგს შემოვუარო ელექტრონული მუსიკის თანხლებით. როგორ მინდა, მეც ამათი ტოლი ვიყო. ნეტავ თუ იციან, რომ სამყარო, რომელიც აგრერიგად მძიმე და უსამართლო ეჩვენებათ, მათთვის თუნდაც იმ თვალსაზრისითაა გახსნილი, რომ ისინი ჩაკეტილ სივრცეში არ დაიბადნენ და არ დაიდაღნენ.
- რა ლამაზი ხარ, - ვეუბნები ვარდისფერთმიან გოგონას, რომელსაც შემთხვევით დავეჯახე და ბოდიში მომიხადა. მიღიმის. ნეტავ მან იცის, როგორ უნდა მოიქცე, როცა სიყვარულისთვის მზად ხარ?
- იქნებ მატყუებს? - ვსვამ კითხვას.
- ამას ვერ გაიგებ, სანამ მის საწოლში არ აღმოჩნდები, - დამცინის ლიკა.
ასეა, საწოლი ურთიერთობის ლაკმუსია. იქ ან იწყება, ან მთავრდება. "სპექტაკლის დასასრული" შეგიძლია გაიკრა თავთან... ან "გაგრძელება იქნება". ე.ი. საბრძოლველიც არაფერია.
- ხომ არსებობენ ქალები, რომლებსაც არასდროს ტოვებენ? ქალები, რომლებსაც მთელი სიცოცხლე აღმერთებენ და ღრმა სიბერეშიც კი ჩუქნიან ყვავილებს?
- ვერ ვიტან ყვავილებს, - ეს ნატაა.
- ჰო, მეც სუნამო მირჩევნია, - ეს ლიკა.
- სუნამო ყველაზე გაცვეთილი საჩუქარია, - ვაპროტესტებ.
- რა არის გაცვეთილი, კარგად შეფუთული, ბაფთიანი კოლოფი თუ მისი შიგთავსი? - დამცინის ლიკა.
ისევ დგება საღამო. ისევ უკან იხევს ჩემი ბობოქარი ეჭვი და კოტესთან შესახვედრად ვემზადები.
- სპორტულად ჩაიცვი, - ბურდღუნებს დერეკი და იქვე განმიმარტავს, - სანამ ასე თეატრალურად ივლი შეხვედრებზე, ვერაფრით მოხვდები ჩვეულებრივ გარემოში.
მართალია!
ჩემს ოთახში გავდივარ, ყველაფერს ვიხდი, მაკიაჟს ვიშორებ, მხოლოდ პომადა და ფანქარი. თინეიჯერივით ვიცვამ და მისაღებში გავდივარ.
- ასე საკუთარ თავს ჰგავხარ, - მოვწონვარ დერეკს.
ტელეფონს ვიღებ და კოტეს ვურეკავ:
- დღეს მე გამოგივლი, სად მოგაკითხო?
მერე ცაცხვის ქვეშ დგომისგან გაწებილ ჩემს მანქანას ვქოქავ და მივდივარ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!