კინაღამ მაკოცა! - კვირის პალიტრა

კინაღამ მაკოცა!

დასაწყისი იხილეთ: დაკარგული კოცნა სახლთან მივედით და წვიმამ იმატა. კოტემ, წვიმის გადაღებას მანქანაში დაველოდოთო, მაგრამ მივხვდი, რომ გაჩერებულ მანქანაში, აწეული შუშებით და წვიმის მელოდიით, ხაფანგში ვიყავი, ამიტომ "ვივაჟკაცე", თავსხმა წვიმაში მანქანიდან გადავხტი, გუბეებში თამამად გავტოპე და, მგონი, სტუმარზე სველი ავედი სახლში. ერთგულ დერეკს ჩაი უკვე გაემზადებინა. მხოლოდ ჩაი და კიდევ აზიური, უცნაური ტკბილეული, რომელიც ვითომ თავისთვის მოაქვს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში მე ვანადგურებ. კოტეს სახლში დაპატიჟება ადრეც მინდოდა, მაგრამ მაშინებდა ამ ამბის ოფიციალური მხარე. ქართული წესისა და რიგის დაცვა, ნაირ-ნაირი კერძების დახვავება, სადღეგრძელოები, უხერხული დუმილი. არა, სტუმრის პატივისცემის წინააღმდეგი კი არა ვარ, მაგრამ იმ ადამიანის პირველად სახლში შემოყვანა, რომელზეც სერიოზულად ვფიქრობ, ძალიან მინდოდა და, მგონი, ეს თავისით მოხდა. გალუმპულმა კოტემ, როგორც კი დერეკს ჩამოართვა ხელი, სააბაზანოს მიაშურა, მე კი - ჩემს ოთახს. გამოვიცვალე, თმა მაგრად გავიწურე, დავიწანი და კოტეს "მისახედად" პირსახოცით ხელში სააბაზანოსკენ გავეშურე, მაგრამ ჩემი საქმე დერეკს უკვე მოეგვარებინა. ბიჭები მაგიდასთან დამხვდნენ - კოტე აბრეშუმის გველეშაპებიან ლურჯ პერანგში ჩაის სვამდა. ზედმეტად მეგობრულად საუბრობდნენ. უცნაური სანახავი იყო, რადგან ყველაფრის წარმოდგენა შემეძლო და არა ამ სურათის. თითქოს დერეკმა კოტე წამართვა! მაინც როგორ მოახერხეს ასე უცებ მორიგება? ათ წუთში ეს ორი, უცხო კაცი ისე დამეგობრდა, რომ ერთმა მეორეს თავისი ტანსაცმელი შესთავაზა და მეორემ მიიღო, ახლა კი ერთმანეთს შესციცინებენ და ყურადღებასაც არ მაქცევენ?

- ლიზა, დაჯექი, - შემნიშნა დერეკმა. ჰო, ესღა მაკლდა, ჩემს სახლში, ჩემს სუფრასთან მდგმური მეპატიჟება!

- კარგად უნდა გავახშმოთ, - "ავანთე" მასპინძელი. ჰო, ეს კარგად მოვიფიქრე, რადგან ვიცი, თუ ამ სურათს არ მოვშორდი, სახეს ვერ გავასწორებ.

- გვავახშმებ? - ჩაიქირქილა მდგმურმა, რომელმაც იცის, როგორ მძაგს სამზარეულო. - ჰო, მანამდე კი კოტეს დაპირებულ წიგნს ვაჩუქებ. - დაპირებულ წიგნს? - ახლა კოტემ ჩაიქირქილა, იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი მითქვამს მისთვის. არა უშავს, მიყუროს! ფეხშიშველი ავძვერი ტახტის ზურგზე. კარგად გავსწორდი, წონასწორობა შევინარჩუნე და გადმოვხედე ჩემს საშველად წამომდგარ ორ ყაზილარს. კოტე ერთი თავით მაღალი იყო დერეკზე, მაგრამ მე მათზე მაღალი ვიყავი, ჰოდა, კმაყოფილმა გადმოვიღე სულ ზედა თაროდან ჩემი წიგნი. - აი, არ ჩამოვვარდი, - გავიღიმე კეკლუცად, ორივე კაცი ისევ ფეხზე იდგა და, ალბათ, ტერფებს მითვალიერებდა. ნეტავ რომელი დამიჭერდა, რომ ჩამოვვარდნილიყავი? ან რომელს ერჩივნა, დავეჭირე? კოტეს ჩემი წიგნი გავუწოდე და სამზარეულოში ამაყად გავედი. გენიოსი ვარ, სიტუაცია შემოვაბრუნე, ახლა ჩემზე ილაპარაკებენ და არა ჩაიზე! რა თქმა უნდა! დაახლოებით ათ წუთში, როცა სამზარეულოდან ჩემი საფირმო ბოსტნეულით და ყველის ნაჭრებით მომზადებული ერბოკვერცხით ხელში გამოვედი, სურათი აბსოლუტურად შეცვლილი დამხვდა - კოტე წიგნს ჩასცქეროდა, დერეკი კი მის ინგლისურ თარგმანზე უყვებოდა. - მწერალი ხარ? - მკითხა კოტემ ქართულად, ბუნებრივია, დერეკს არ უნდა სცოდნოდა, ეს რომ მხოლოდ ახლა შეიტყო.

მწერალი, რომელიც საკუთარ წიგნებს ყველაზე მაღალ თაროზე ინახავს, იმიტომ, რომ არ იცის, როგორ გაყიდოს - აი, ვინ ვარ სინამდვილეში, მაგრამ ერთხელ უფლება ხომ მაქვს, რომ შევირგო ეს სიტყვა, ამიტომ ვუპასუხე: - ჰო, მწერალი ვარ. - ლიზა სამი წლის წინ გავიცანი ამ სახლში, - დაიწყო დერეკმა. ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ არ უხსენებია, რომ ჩემთან სტუმრად ის მარკომ მოიყვანა, - მაშინ საქართველოში ლექციების კურსის წასაკითხად მომიწვიეს და ვეძებდი ასეთ უბანს საცხოვრებლად - ნამდვილს, თბილისურს. ამ სახლით მოვიხიბლე. მთელ სახლში ფურცლები, წიგნები, ფოტოები ეყარა, მზით იყო განათებული, ფანჯარაში ცაცხვის ხის ტოტები ლამობდნენ შემოსვლას... ისე მომეწონა, ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ამისი ყურება. - არ არის საჭირო ახსნა, - წავეხმარე დერეკს.

- არა, საჭიროა... მერე კიდევ მოვედი, ეს სახლი მექაჩებოდა. ამიტომ მოვედი და ვთხოვე, შენი სახლი მომყიდე მეთქი. ისევ არ უხსენებია მარკო. კარგი დღე იყო... მარკო ამ ტახტზე იჯდა, დერეკს უყურებდა და დაუფარავად დასცინოდა, შეხარხარებდა სახეში თავისი საოცარი, თვალისმომჭრელი სიცილით. უკვე ვგრძნობდი, რომ ვკარგავდი, ამიტომ გადავწყვიტე, მისი სიცილი, მისი გამარჯვება ცოტათი გამეფერმკრთალებინა. - და ლიზა დაგთანხმდა? - გავიგონე კოტეს ხმა.

- ლიზამ ბევრი იცინა და მითხრა, მართალია, ბიჭი ხარ, მაგრამ დაივიწყე ეგ ამბავი და ჩემს ერთ ოთახში გადმოდი საცხოვრებლადო. - ასე უთხარი? - ისევ ქართულად მკითხა კოტემ. ალბათ, გულისხმობდა "შენ ხომ არ გაგიჟდი, გოგო?!" მარკო ქართველი არ არის, მაგრამ მაშინ მანაც დაახლოებით ასეთი შინაარსის სულ სხვა ფრაზა მითხრა: "კარგად დაფიქრდი?"

- დერეკმა დაივიწყა, რომ ბიჭია? - განაგრძო კოტემ, რადგან პასუხი არ გავეცი. - დავივიწყე, - ჩუმად, მაგრამ გარკვევით თქვა დერეკმა. მომეჩვენა თუ ეს კაცური ურთიერთობის გარკვევა იყო? მერე და მერე მივხვდი, რომ არ მომჩვენებია, რადგან როდესაც კოტეს ვაცილებდი, ტაქსიში ჩაჯდომამდე, დაიხარა და ტუჩთან ახლოს მაკოცა. ჰო, ეს ურთიერთობის გარჩევა იყო. სანამ დერეკმა კაპიტულაცია არ აღიარა, კოტეს არც კი უცდია სიახლოვე, ახლა კი კინაღამ მაკოცა.