ამ ქალაქში საშინლად ბნელა
04-06-2018
ამ ქალაქში საშინლად ბნელა
თბილისის ქუჩებში სიარული გადაადგილებისთვის ბრძოლას დაემსგავსა, ამიტომაც, როგორი სიყვარულით აფრთიანებულიც უნდა მიქროდე შენი "რაშით", გზაზე ბევრი ფიქრი და ოფლი არაფრით აგცდება. მით უფრო, როცა ეს მარშრუტი ქალაქის ერთი ცენტრალური უბნიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს.
- როგორ კარგ ქალაქში დავიბადე?!
ამ ფრაზას ქუჩაში ყოველ გასვლაზე ახმოვანებს მამიდაჩემი, როგორც კი პირველ საცობში ვიჭედებით. არასდროს მიკითხავს, რას გულისხმობს, რადგან ეს კითხვა რიტორიკად მივიღე და ჩავთვალე, რომ როცა ის თბილისის ქუჩებში პირველად გამოვიდა თავისი
"პობედით", საცობი რა მოვლენა იყო, არავინ იცოდა. არც ის იცოდა ვინმემ, როგორი შეგრძნებაა, საცობში შავი გამონაბოლქვით ახრჩოლებული ძველი, დანჯღრეული მანქანის უკან როცა მოხვდები.
"კოტე, საცობია, ცოტა მაგვიანდება", - ვწერ მესიჯს.
არ ინერვიულოთ, დაძრული მანქანიდან კი არ ვწერ, უკვე მეშვიდე წუთია გაუნძრევლად ვდგავარ ტელევიზიის წინ, აღმართზე, და
აქეთ-იქით ვიყურები.
მუსიკა თუ გადამარჩენს. ჩემი უძვირფასესი მომღერლის, რობი კუხიანიძის ალბომს ვდებ, რომელიც მე თვითონ გადმოვწერე. მისი ყველა ფრაზა მიყვარს. ამ სიმღერას "დუმილი" ჰქვია. მოუსმინეთ თქვენც და ნახეთ, რაზე მღერის ეს კაცი - უცხო ამ ქალაქში, უცხო ამ ქვეყანაში, უცხო ამ საზოგადოებაში. კაცი, რომელსაც ადამიანები ზოგჯერ სიმართლესაც ეუბნებიან, იმას, რომ მაგარია.
- სადა ხარ? - მამიდა რეკავს. ეს საღამოს მოციონია, ჩემით უნდა განტვირთვა, მაგრამ ახლა ამას ვერ გავუძლებ, ამიტომ სიმართლეს ვეუბნები, - საცობში!
ქართველებს ერთმანეთი რამდენიმე მიზეზითღა გვეცოდება, რადგან უილაჯობის გამო ბევრ თანაგრძნობაზე უარი განვაცხადეთ, ერთ-ერთი, "გადარჩენილი სიბრალულის განცდა", საცობში მოხვედრილის თანაგრძნობაა.
- ეჰ, როგორ კარგ ქალაქში დავიბადე?!
მესმის მამიდას ბებრული ხმით ნათქვამი სინანულიანი ფრაზა.
ახლა დრო ბევრი მაქვს, ასე რომ, შემიძლია ვკითხო, რას გულისხმობს.
- ჩემს ქალაქში საჭესთან მხოლოდ რამდენიმე გოგო ვიჯექით, მამიდა, ამიტომ არ იყო საცობები, ამათ კი ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ გლობალიზაციის, დაკარგული ტერიტორიების, დევნილების, საშოვარზე სოფლებიდან ჩამოსული გლეხობის, ამ მერის, იმისწინა მერის ან კიდევ ვიღაც სხვა, უხილავი მტრის დანაშაულია.
- ჰო, ახლა მძღოლების უმრავლესობა ქალია... ან 50/50-ზე, ანუ ემანსიპაცია და საცობი სინონიმებია?
ანუ ჩემი "პრადვინუტი" მამიდა ფიქრობს, რომ თბილისი კარგი ქალაქი მაშინ იყო, როდესაც ქალები ბაზარში ავტობუსებით დადიოდნენ, მანქანებს კი მხოლოდ მამაკაცები მართავდნენ? და ეს ქალაქი კაცებმა საკუთარ თავს აუშენეს?
"ლიზა, სად ხარ?" - ეს კოტეს მესიჯია. კაცებს დიდი ნებისყოფა და პატარა მოთმინება აქვთ და ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს.
- ყველაფერი წვიმის ბრალია, - "ყურში მყავს" მამიდა, - ამიტომ არ გაგეცინა ჩემს ნათქვამზე.
ვერ ვიგებ, რაზე მელაპარაკება, იმიტომ, რომ წვიმამ მოიმატა, მანქანები კი, როგორც იქნა, დაიძრნენ და ყურადღებით უნდა ვიყო.
წვიმის წვეთები შუქს ირეკლავს და ისე ეცემა ფანჯრის შუშას. "შენი დუმილი". "ჩემი დუმილი", - მღერის რობი. ასეა, ჩვენი დუმილი, შეგუებაა ყველაზე დიდი ბოროტება. ჩვენ კი ყველაფერს ვეგუებით - რობი პროტესტანტია და მხოლოდ ჩემნაირებს, მოხუცებს ან ძალიან ახალგაზრდებს უყვართ. ეს სიმღერა კი საომარი მარშია თუ კაპიტულაცია, ჯერ კიდევ არ ვიცი. ჰო, არც მე მესმის მისი?
- ეტყობა, ძალიან გეჩქარება - განაგრძობს მამიდა, - მე ხომ გეხუმრე!
მეხუმრა?
- ჰო, გეხუმრე, ჩემი ქალაქი, რომელშიც დავიბადე, კარგი იმიტომ იყო, რომ ახალგაზრდა ვიყავი, ბევრი ჟანგბადი, უამრავი გეგმა და პერსპექტივა მქონდა. თავგადასავლები, სიცილი, ქუჩაში ყველა ერთმანეთს ვცნობდით, ახლა....
მამიდა ყურმილს კიდებს. როგორც იქნა, აღმართზე ავაღწიე და პირველივე შუქნიშანთან სველი კოტე დავინახე. დაუჯერებელია! 15 წუთი ვერ გაუძლო ლოდინს და ჩემს შესახვედრად ფეხით წამოვიდა?!
- სველ სტუმრებს იღებთ ოჯახში? - ეცინება. ანუ მაინც ისე გააკეთა, როგორც უნდოდა, აქეთ მომაკითხა. არაფრით დავთმობ ინიციატივას, მძღოლი მე ვარ!
- სად მივდივართ? - ინტერესდება მაშინვე.
- ისეთი სველი ხარ, სხვა გზა არა მაქვს, სახლში უნდა წაგიყვანო, გაგაშრო და მოგიარო.
მგონი, მოსწონს, რაც ვუთხარი, ამიტომ ზედმეტად რომ არ აღფრთოვანდეს, ტელეფონზე ვრეკავ.
- დერეკ, 10 წუთში სახლში ვიქნები, შეგიძლია შენი ჯადოსნური ჩაი დამიყენო? გმადლობ.

კინაღამ მაკოცა!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!