"ახლა რაღა ვქნა?!" - კვირის პალიტრა

"ახლა რაღა ვქნა?!"

დასაწყისი იხილეთ: დაკარგული კოცნა

არჩილი მესამე დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან. ლიკამ სახლამდე მიმაყვანინა და წლის კითხვაც დასვა: - მერე კოტე?

- დღეიდან ბავშვობის სიყვარულსა და ინდოელ მდგმურთან ერთად ვიცხოვრებ. არჩილი სუსტად არის, ამიტომ ვერც თავის ქოხში დაბრუნების უფლებას მივცემ და ვერც სხვას ვანდობ, ხომ იცი, მოვლენებს თავად თუ არ ვხელმძღვანელობ, მეჩვენება, რომ ყველაფერი ცუდადაა, - კითხვაზე ვპასუხობ ლიკას. არა, ამას არჩილისთვის არ ვაკეთებ, მისი მოვლა-პატრონობა მე მჭირდება. მე, რომელმაც გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, არეულ-დარეული, ნაომარი და მშიერი ქვეყნის მოქალაქე ვარ, ბედნიერების უფლება მაინც მაქვს.

- აბა, მარტოს ხომ არ მიატოვებდა? - მხარს მიჭერს ნატა და რომ შემეშველოს, პროდუქტების საყიდლად მორჩილად მიდის.

პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩილი ჩემს ზრუნვას არ აპროტესტებს, არც ჭირვეულობს და დერეკსაც იტანს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მიიღებს ახალ კავალერს, ამიტომ კოტეს "მომსახურების ზონიდან" გასული ვარ.

როგორ უნდა აუხსნა თავმოყვარე ქართველ კაცს, რომ გაბურძგნილ მეგობარს წინდებს ვურეცხავ და კოვზით ბულიონს ვასმევ? რა გამოდის, რომ კოტეს ერთ კოცნაში ჩემი თავისუფლება გადავიხადე?

- ჩვენი კაცები წაგებული ომის ჯარისკაცები არიან, - ვუხსნი ლიკას, - ყველანი, მიუხედავად იმისა, იომეს თუ არა. ანუ ჩვენი პოტენციური თუ უკვე შემდგარი მეწყვილეებიც წაგებული ომის ჯარისკაცები არიან.

ლიკა გონიერია, კარგად ესმის, რასაც ვამბობ, მაგრამ ცდილობს ახალი სტერეოტიპისგან მიხსნას და მეწინააღმდეგება:

- ვისაც არ უომია, ისიც?

- ჰო. ის თაობაც, რომელიც ომის დროს ბრძოლისუნარიანი იყო, მაგრამ არ იომა და მათი შთამომავლობაც, რადგან იმ ომში დამარცხება, რომელიც ისტორიულ ტერიტორიებს დაგაკარგვინებს, იმას ნიშნავს, რომ ომი კი არ დამთავრდა, არამედ ბრძოლა წააგე და კაცებს საკუთარი მისია ჯერ არ შეუსრულებიათ.

- ამას არჩილს დღეს ნუ ეტყვი, - ბუზღუნებს ლიკა და გადის. გამექცა? სისულელეებს ვარახუნებ? მაგრამ არჩილის ავადმყოფობის მიზეზი სინამდვილეში ხომ ბანალური ვირუსით გამოწვეული გართულება კი არა, შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც დიახაც რომ ამ დაკარგული მისიის "დამსახურებაა"!

- ლიზა, დედაშენს მე დავხვდე თუ შენ ჩახვალ? რაღაც მძიმე მომაქვსო, - მეძახის არჩილის ოთახიდან ლიკა. დერეკი არ აღიარებს, რომ მშვენივრად ესმის ქართული, იმიტომ, რომ უთქმელად მომყვება დედის დასახვედრად.

- რა ამბები ატეხე, ტო, ათასი კაცი შეაწუხე! - მეტყვის რამდენიმე დღეში არჩილი, მაგრამ რაც უნდა, ის მითხრას, აღარ ვდარდობ. მთავარია, საშუალება მომეცა არჩილს დავეხმარო, უფრო სწორად, დავიმორჩილო, თუმცა ამას როგორ ვიტყვი.

დედა არჩილის ოთახში ფეხაკრეფით შედის. დანარჩენები მისაღებში ვსხდებით და რაღაცის მოლოდინში ვჩუმდებით. ერთი კვირაა, რაც კედლებს ვაწყდები და პირველად ვგრძნობ დაღლას. კიდევ უფრო მეტი, თითქოს ლიკას, ნატას, დერეკს, სანდროს ბინდი გადაეკრათ და ჰაერში ატივტივდნენ. ხმებიც იმავე ჰაერში გაიზილა, მაგრამ მაინც გავიგონე ლიკას სიტყვები:

- დადე თავი და ცოტა დაისვენე.

მიყვარს ჩემი სახლი. ჩემს ფანჯრებზე მომდგარი მზეც და ეზოში მეზობლების ხმაურიანი ფორიაქი.

აივანზე გავდივარ. როცა დერეკი არ ცხოვრობდა ჩემთან, ხშირად ვიძინებდი მისაღებში, ტელევიზორთან, და ზუსტად ასე გავრბოდი ხოლმე აივანზეც ნებისმიერ ხმაურზე.

- ლიზა, როგორ ხართ? რამე თუ დაგჭირდა, აქ ვარ! - მეძახის მეზობელი. ჩანს, დედამ ყველას ყველაფერი მოახსენა, მაგრამ დაე ყველამ იცოდეს ის, რაც აინტერესებს!

სააბაზანოში შევდივარ და დიდხანს ვდგავარ შხაპის ქვეშ. სახლში სიჩუმეა, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა. ეს "რაღაც" ყველაფერს არის მოდებული და არც მე მშორდება. სააბაზანოდან ენერგიით სავსე გამოვდივარ. ჩემი ბიჭები სამზარეულოში სხედან და რაღაც ახალ ენაზე საუბრობენ. არჩილის ინგლისური ისეთივეა, როგორიც დერეკის ქართული. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისია.

ნეტავ რა უთხრა ასეთი დედაჩემმა არჩილს, რომ საწოლიდან ადგომა მოახერხა? ამას არავინ მეტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ რაც ვერ შევძელი მე, ის ჩემმა მოხუცმა დედამ შეძლო. როგორ ვერ მოვიფიქრე თავად, რომ "მძიმე არტილერია" უნდა ჩამერთო ამ ამბავში?

ცხოვრებაში დაბრუნების დროა. ტელეფონს ვპოულობ და ბოლო მესიჯს ვხსნი: "შენთან მოვდივარ". ათი წუთის წინ გამოუგზავნია, მე კი ფეხშიშველი ვარ და თმიდან ისევ ჩამომდის წყლის წვეთები.

- დერეკ, კარი გააღე და რაც გინდა, ის ქენი! - გავძახი დერეკს. ახლა რაღა ვქნა?! რა ვუთხრა კოტეს, ეს თმაგაბურძგნილი არჩილი ვინ არის... არა, ამას კი ვეტყვი, მაგრამ ჩემს საწოლში წამოკოტრიალებული რომ არის, ეს როგორ ავხსნა? ჯერ დერეკი ვერ მოინელა, ვერაფრით ახსნა მდგმურისა და ბინის პატრონის მეგობრობის ამბავი და ახლა კიდევ არჩილი.

ზარის ხმა მესმის. დერეკი კარისკენ მიემართება.