ბრძოლა დედობისთვის - კვირის პალიტრა

ბრძოლა დედობისთვის

სადღაც ა.წ. იანვრის დასაწყისში მოვკარი ინტერნეტსივრცეში ინფორმაციას ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი როგორ იპოვეს. ჩვენს სინამდვილეში ჩვილთა მიტოვების, ხშირად პატარას ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებშიც, ფაქტებს არცთუ იშვიათად ვისმენთ და მე რატომღაც ყოველი ამგვარი შემთხვევისას მახსენდებიან ის ქალები ჩვენს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძვიან დედობისთვის...

მახსნედებიან გინეკოლოგთა თუ რეპროდუქტოლოგთა კაბინეტებთან რიგში ჩამდგარი, თვალებზე დარდშეყინული ქალები, ვინც რაზე არ მიდიან დედობის სასწაულისთვის...

ისინი დადიან ექიმიდან ექიმთან, მზად არიან მოუსმინონ და გაითვალისწინონ ყველას რჩევა, მრავალწლიანი ჰორმონალური და სხვა ათასგვარი მკურნალობის შედეგად იჩანაგებენ ჯანმრთელობას, ნერვებს... ხარჯავენ უკანასკნელ თეთრებს, მზად არიან ყველაფერი გაიღონ სასწაულისთვის, ოღონდ კი...

მათგან ბევრს უმართლებს, ბევრსაც - არა...

უშვილობა მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური პრობლემაა, მოსახლეობის გამრავლება და ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირება სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს, საქართველოსთვის კი ამ პრობლემის მოგვარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ქვეყანას შობადობის ისედაც დაბალი მაჩვენებელი აქვს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 30 000 წყვილია უშვილო. მიუხედავად ამისა, სადაზღვევო პროგრამები მის მკურნალობას არ ითვალისწინებს. არადა, ეს მკურნალობა ძვირადაღირებულია...

სამედიცინო დაწესებულებებს ეს მიმართულება განსაკუთრებით სარფიან ბიზნესად აქვთ ქცეული. დედობას მოწყურებული ქალები არცთუ იშვიათად უსინდისო გარიგებების და თაღლითობის მსხვერპლნიც ხდებიან, თუმცა ისინი მრავალჯერადი დაბრკოლების მერეც არ ყრიან ფარ-ხმალს და აგრძელებენ თავდაუზოგავ სვალს მიზნისკენ...

ასეთ დროს ბევრისთვის ერთადერთ გამოსავლად რჩება ხელოვნური განაყოფიერება, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ გზით დაორსულების შესაძლებლობაც დიდად არ სცდება 30%-ს და ქალები ხშირად არაერთ ცდაზე მიდიან ოცნების ასახდენად...

და თუ მიზანს აღწევენ, მათი მრავალწლიანი ტკივილის, ღამისთევის, ცრემლების ფასად იბადება ახალი სიცოცხლე, აუწონელი სიხარული...

ამ ურთულესი ბრძოლისას, ჩვენში არიან ადამიანები, ვისაც უბრუნდება ენა, რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით, ეს ქალები გაკიცხონ.

არადა, ისინი ასგზის ძლიერები არიან ჩვენზე, ათასგზის უკეთესი დედები, როლებიც საუკეთესო შვილებს ზრდიან... იმიტომ, რომ მათ დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს დედობის უფლება და... შვილის სიყვარული!

პ.ს. როგორც მითხრეს, ქუთაისში ნაპოვნი ბიჭუნა ჯანმრთელად და ყოჩაღად არის, ის მიატოვეს მათ, ვისაც მასზე ყველაზე მეტად უნდა ეზრუნა და მისი ბრძოლაც სიყვარულისთვის მხოლოდ იწყება... წარმატებები, პატარავ!