როცა შვილის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი ხალხის აზრია... - კვირის პალიტრა

როცა შვილის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი ხალხის აზრია...

ამ ერთი თვის წინ წავიკითხე ინფორმაცია, რომ მენტალური პრობლემების მქონე ქალი, რომელმაც თავის დაცვა ვერ შეძლო, ჯგუფურად გააუპატიურეს, მისი ოჯახი კი, იმის მაგივრად, რომ დამნაშავეების დასჯის მიზნით ყველაფერი გაეკეთებინა, "სირცხვილის ჩამოსარეცხად" ქალის ერთ-ერთ მოძალადეზე დაქორწინებას მოითხოვდა...

ამ ამბავმა შემძრა, დიდხანს ვფიქრობდი რა და როგორ დამეწერა საზოგადოებაზე, რომლის მნიშვნელოვან ნაწილში დღემდე ვერ გაურკვევიათ, რომ მოძალადეობაა სირცხვილი და არა მსხვერპლად ყოფნა; სადაც მშობლები დღემდე უნგრევენ შვილებს ცხოვრებას არასასურველ, მოძალადე მამაკაცზე დაქორწინებით, შემდეგ კი ლამის ტრაგედიის ზღვარზე აიძულებენ ოჯახის შენარჩუნებას იმის შიშით, ხალხი რას იტყვის?!

მაინც ვინ არის ეს "ხალხი"?

რატომ შეიძლება ვიღაც მეზობელი ვასასის აზრი იმაზე მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე შვილის ბედნიერება, მომავალი?!

  • ეს ის ხალხია, ნებისმიერს, კრისტალური რეპუტაციის ადამიანსაც კი ადვილად უძებნის ხინჯს... ან საკმარისი სიმაღლე არ გაქვს ან მათთვის მისაღები ცხვირის სიგრძე; ან ზედმეტად ბედნიერი ხარ და შურისგან რას აღარ ჩაიდენს, ან ზედმეტად უბედური და მზად არის საკუთარი უპირატესობა შენი ზღვარგადასული სიბრალულით გამოხატოს...
  • ეს ხალხი მოძალადეა და ნებისმიერ ინდივიდს მოძალადედ აქცევს, ვინც მზად არის მათი აზრისთვის მიწაზე იხოხოს, "დაიკიდოს" პირადი ბედნიერება, უარი უთხრას სიყვარულს ან კიდევ, სხვა აიძულოს და უარი ათქმევინოს.
  • ეს ის ხალხია, ვინც როცა კაცი ცოლს კლავს, მზად არიან ქალის ქცევაში ეძებონ ხინჯი და ილაპარაკონ, რომ ისიც არ იქცეოდა თურმე სათანადოდ - "მიზეზს აძლევდა", თითქოს მკვლელობას რაიმე გამართლება ჰქონდეს.
რატონ ეშინიათ მშობლებს, რომ შვილმა (ძირითადად გოგონამ) სირცხვილი არ აჭამოს და ამის პრევენციისთვის ხშირად ისეთ ძალადობრივ ხერხებს მიმართავენ, რომ თვითონვე უბიძგებენ ნაჩქარევი, გაუაზრებელი ნაბიჯის გადასადგმელად...

მიიხედ-მოიხედეთ ირგვლივ, თქვენს სანაცნობოში ტირანი მამის ან ძმის გამო რამდენმა ქალმა დაინგრია ცხოვრება, როდესაც მათგან თავგარიდების მიზნით ისევ ტირანი კაცის გვერდით აღმოჩნდა.

მორალური კანონების დადგენა სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვის, ადვილია!

იქნებ, მოგვეხერხებინა და როგორმე საკუთარი თავიდან დაგვეწყო...

ან ბოლოს და ბოლოს ყურადღება არ მივაქციოთ ამ ყოვლისმცოდნე "ხალხის აზრს"!

თუ ჩვენ არ მოვუსმენთ, ერთ მშვენიერ დღეს ყველა იმ ვასასის, რომელიც მეტი თუ არა, ერთი, ყველა კორპუსში, უბანში, სოფლის ორღობეშია ჩასაფრებული, დაეკარგოს სხვისი თვალთვალის სურვილი და საკუთარ ცარიელ ცხოვრებაზე დაფიქრდეს, სხვაზე ფიქრსა და გაჭორვაში რომ გაეპარა...

ოღონდ კი ხალხმა არაფერი თქვას... - მოძალადე მამაკაცები და არანაკლებ მოძალადე საზოგადოება