რა ვქნა, როგორ ვუთხრა უახლოეს მეგობარს, რომ ქმარი ღალატობს?! - კვირის პალიტრა

რა ვქნა, როგორ ვუთხრა უახლოეს მეგობარს, რომ ქმარი ღალატობს?!

ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე აქამდე არასდროს ვმდგარვარ. არ ვიცი როგორ მოვიქცე ისე, რომ საკუთარ თავთანაც მართალი ვიყო და უახლოეს მეგობართანაც.

ამ ზაფხულს შვებულების გასატარებლად, მეგობრებთან ერთად, კვარიათში ჩავედი. რთული და დაძაბული სამუშაო წლის შემდეგ პირდაპირ ვნებივრობდი საკუთარი თავისუფლებით, მშვიდი და კამკამა ზღვით, საყვარელი ადამიანებით, რომლებისთვისაც მთელი წელი ძლივს ვიცლიდი. ჩემგან განსხვავებით გოგოებს დილით გაღვიძება ეზარებოდათ, მე კი დილის 8 საათზე უკვე სანაპიროზე ვიყავი და ვცურავდი. ერთ დილასაც, როდესაც ტრადიციულად უთენია წამოვხტი და სასტუმროს კიბეები ჩავირბინე, ეზოში ნაცნობი სილუეტი დავინახე, ის იყო ჩემი უახლოესი მეგობრის ქმრისკენ, რომელიც ჩემკენ ზურგით იდგა, გაღიმებული გავექანე, რომ ორ ნაბიჯში გავიყინე... ჩემამდე ვიღაც ქალი ზურგიდან შემოეხვია, დათოც თითქოს ელოდაო, შემოტრიალდა, ქალი გულში ჩაიკრა, მოურიდებლად აკოცა, მერე კი ხელი გადახვია და ორივე სანაპიროსკენ დაეშვნენ. ეს ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემი სცენა იყო, ვერც მივხვდი როდის შევბრუნდი და გავიქეცი, უკან ჩემი ნომრისკენ. საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, შეიძლება რაღაც მომეჩვენა და მხოლოდ მივამსგავსე-მეთქი, თუმცა ვიცოდი, რომ თავს ამაოდ ვინუგეშებდი. გაღვიძებულ გოგოებს გაუკვირდათ ისევ ნომერში რომ მნახეს, თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ზღვაზე არც მათ გავყევი. მეშინოდა პირისპირ არ შევჩეხებოდი დათოს, არ ვიცოდი, რას მოვიმოქმედებდი...

მე და თეა ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სადარბაზოში გავიზარდეთ, ბაღშიც ერთად დავდიოდი, სკოლაშიც კლასელები და განუყრელები ვიყავით. მერე სხვადასხვა პროფესია და უმაღლესი სასწავლებელი ავირჩიეთ, მაგრამ მაშინაც ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ.

მესამე კურსზე იყო დათო რომ გაიცნო და ერთბაშად შეუყვარდა, ისე, რომ მის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, ასე მგონია, დღემდე ასეა. პირველი ვიყავი, ვისაც გააცნო, მეც მომეწონა, გარდა იმისა, რომ გარეგნულად ერთბაშად ხიბლავდა ადამიანს, საოცრად თბილი და ხალისიანი ბიჭი იყო, ისიც დღემდე ასეა...

ვფიქრობდი, რომ სამაგალითო, სიყვარულით სავსე ოჯახი ჰქონდათ, რომ ჩემ გარშემო მათნაირი ბედნიერი წყვილი სხვა არც იყო.

ორი შვილი ჰყავთ, ერთ-ერთის ნათლია მე ვარ.

ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ გული ლამის გამისკდა იმით, რაც ვნახე...

ცოტა გონს რომ მოვედი, თეას დავურეკე, მოვიკითხე, მითხრა კვირის ბოლოს ბორჯომში მივდივართ მე და ბავშვები, დათოს ისევ არ აძლევენ შვებულებას, ახლაც მივლინებაშიაო... მეტი არაფერი მიკითხავს, ისედაც ყველაფერი ცხადი იყო.

არ ვიცოდი, რა მექნა, ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა უნდა წავსულიყავი ამ სასტუმროდან და საერთოდ კვარიათიდანაც, ამას ადვილად მოვაგვარებდი, რადგან გოგოებს ჩამოსვლის დღიდან ვეუბნებოდი ბათუმში ვიცხოვროთ და იქიდან ვიაროთ მერე თუ მოგვინდება კვარიათში-მეთქი, თუმცა არ დამიჟინია და საბოლოოდ მათ ნებას დავყევი, თუმცა ახალა თუ გავჭედავდი ისევ, აუცილებლად დავითანხმებდი. მაგრამ უპირველესად, გადავწყვიტე, გამერკვია რაიმე სემინარი ან მსგავსი თუ იმართებოდა ჩვენს სასტუმროში, სადაც შეიძლება დათოც იყო, პარალელურად კი ერთჯერადად ერთობოდა. ადმინისტრატორთან ჩავედი და ვკითხე, აქ რაღაც ღონისძიება იმართება თურმე და ჩემი მეგობარი ესწრება-მეთქი, როგორც აღმოჩნდა არანაირი ღონისძიება იმ დღეებში არ ყოფილა, გვარ-სახელი მითხარი იმ შენი მეგობრისო, ვუთხარი, მოძებნა და მამცნო, დღეს ჩამოვიდა მეგობარ ქალთან ერთად, ორი დღე რჩებიანო და სასტუმროს ნომერიც მიმასწავლა. ვუთხარი, მათთან არაფერი წამოგცდეს, სიურპრიზი უნდა მოვუწყო-მეთქი, - კარგიო...

ზღვიდან ამოსულ გოგოებს ნორმალურად მოწესრიგებაც არ ვაცალე, პირდაპირ ვაიძულე ბარგის ჩაწყობა და ბათუმში წასვლა...

რა ბზიკმა გიკბინაო, - მთელი გზა ბუზღუნებდნენ, მაგრამ მათ ბუზღუნს არად დაგიდევდით, თვალებიდან დილანდელი სცენა არ ამომდიოდა. მოკლედ, ჩამშხამდა დასვენება. თბილისში დაბრუნების შემდეგ კიდევ რაღაცები გავარკვიე, როგორც აღმოჩნდა, დათოს ერჯერადი გართობის ობიექტი სულაც არ იყო ქალი, რომელიც კვარიათში ახლდა, უკვე კარგა ხნის რომანი ჰქონდათ...

მათთან მას მერე ფეხი არ დამიდგამს, დათოს დანახვაც არ მინდა, თეას კი როგორ შევხვდე, როგორ შევხედო თვალებში ყოველივე ამის მერე, არ ვიცი. გული მეუბნება ავდგე და ეს ყველაფერი მოვუყვე, მაგრამ დღესაც ისე უყვარს დათო, მეშინია გული ისე არ ვატკინო, მეც შემიძულოს, არადა, როდემდე უნდა იცხოვროს ასე ტყუილში?! ბოლო ხანს ვფიქრობ, დათოს დაველაპარაკო, ვუთხრა რომ ყველაფერი ვიცი და ვაიძულო თვითონ გამოუტყდეს თეას, არადა, ამასაც თითქოს შანტაჟის სუნი დაჰკრავს...

მოკლედ, არ ვიცი, რა ვქნა, დიდ ხანს ასე უმოქმედოდ ვერ დავრჩები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს