ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს! - კვირის პალიტრა

ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!

ბოლო ხანს ხშირად მესმოდა, რომ ქალაქში ჯიბის ქურდები მომრავლდნენ, მაგრამ ამაზე ნამდვილად ვერ დავწერდი, ერთი კვირის განმავლობაში ორ შემთხვევას რომ არ შევსწრებოდი. ორივე შემთხვევა სამარშრუტო ტაქსიში მოხდა, ერთი 135-ში, მეორე კი 2-ში.

პირველი შემთხვევისას ყაზბეგის გამზირის ბოლოში ტრანსპორტში ავედი თუ არა, დავინახე, ნახევრად ცარიელ სამარშრუტოს შუაში ახალგაზრდა კაცი იდგა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული და უცნაურ ბარიერს ქმნიდა იმათთვის, ვინც უკანა მხარეს გადასვლას ცდილობდა. მათ შორის ვიყავი მეც, ვუთხარი, - გადაწეულიყო, - ზრდილობიანად მომიბოდიშა, - ჩავდივარ და იქნებ თქვენ გადახვიდეთო, რა თქმა უნდა, წვალებით გადავლახე "რუბიკონი" და უკან დავაჯექი, ნელ-ნელა სამარშრუტო ხალხით გაივსო, რატომღაც ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, მალე ჩავდივარო, ისევ ისე იდგა...

მარჯანიშვილის მეტროსთან, სამარშრუტო ახალი დაძრული იყო გაჩერებიდან, ვიღაც ისევ რომ აყვირდა, - გააჩერეთ! გააჩერეთო!.. ამ მომენტიდან ცოტა ხანში, ქალმა, რომელიც ჩემ წინ დაჯდა, აღმოაჩინა, რომ ჩანთა გახსნილი ჰქონდა, მალევე კი ნახე ისიც, რომ საფულეც ამოეცალათ.

ქალი ტიროდა, - სხვისთვის მისაცემი ფული მქონდაო, გარშემო მგზავრებმა უცებ გაიხსენეს ქურთუკმოსხმული მამაკაცი, რომელიც უცნაურად იყო გახირული და ფაქტობრივად, ყველა ამსვლელ-ჩამსვლელს უშლიდა ნერვებს, მერე კი მოულოდნელად ლამის ყველას გადაურა და საოცარი სისწრაფით ჩავიდა სატრანსპორტო საშუალებიდან, როგორც აღმოჩნდა, ფეხზე დგომისას ქალის გვერდით სწორედ ის მამაკაცი იდგა...

იქვე ითქვა, რომ ეს წვრილი ქურდბაცაცები ქურთუკს ვითომ შემთხვევით აფარებენ ჩანთას და ისე "მუშაობენ".

ეს რომ ნამდვილად ასეა, უკვე მეორე შემთხვევაში საკუთარი თვალით ვნახე. ამჯერად სამარშრუტოში ასულს, ეგრევე თვალში მომხვდა ზუსტად იგივე სცენა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული კაცი, ოღონდ ამჯერად მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ვითომ ჩასვლას აპირებდა, ხელში 5 -ლარიანი ეჭირა.

ვინაიდან, ასეთ ვითარებას ორიოდე დღის წინ, ერთხელ უკვე შევესწარი, 35-წლამდე მამაკაცი ჩემი დაკვირვების ობიექტად იქცა. კაცი  ქალს, რომელიც თითო სკამის ჩაყოლების მხარეს იჯდა, თავზე ედგა. იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ჩადიოდა, სამარშრუტოს ვიწრო გასასვლელში ვითომ სხვისთვის ადგილის დასათმობად ისე გადაიხარა, რომ ქალის კალთას, სადაც ჩანთა ედო, მთლიანად გადააფარა ქურთუკი და ის იყო შეუდგა საქმე, რომ მოვქაჩე და ვკითხე - რას შვრები-მეთქი? - მობრუნდა შეშლილი სახით, - რა შენი საქმეაო? - კბილებში ჩუმად გამოსცრა და სასწრაფოდ დაიძრა კარისკენ. ქალს ვუთხარი, - ნახეთ, ყველაფერი თუ გაქვთ ადგილზე-მეთქი, - შეშინებულმა დაიწყო ჩანთის თვალიერება, გახსნაც ვერ მოესწრო ქურდბაცაცას, რომელიც ვიდრე დანარჩენი მგზავრები გონს მოვიდნენ, სასწრაფოდ ჩახტა სამარშრუტოდან.

მოკლედ, სავარაუდოდ, იგივე ვითარება იქნება ავტობუსებშიც, შესაძლოა, მეტროშიც, ამიტომ ვინც მგზავრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაფრთხილდით... როგორც ჩანს, ჯიბის ქურდები სოკოებივით მომრავლდნენ, ჩვენს სამართალდამცავებს კი სძინავთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს