დაგასწარით! პროვინციელის სააღდგომო "სფიჩი" - როგორი იქნებოდა რეალობა, თბილისელები რომ "მიეთრეოდნენ" სოფლად? - კვირის პალიტრა

დაგასწარით! პროვინციელის სააღდგომო "სფიჩი" - როგორი იქნებოდა რეალობა, თბილისელები რომ "მიეთრეოდნენ" სოფლად?

ლი ლე ლა ლო ლუ და ასე დაუსრულებლად…

ლასი და თანაც მაგარი იყო, პირველი შემოლაწუნება, ჩემთვის. პრინციპში ყველამ ხომ, მის სიმაგრესა თუ სირბილეზე გავავლეთ ზღვარი ტფილისელობასა და სოფლელობას შორის. მაგრამ ლ’ს რა უჭირს... აი, მენტალობას კი ვერაფერს ვშველით, ურთულესი სამკურნალო გამოდგა. ეჰ, არადა, ლასი ყველაზე ზედაპირული და ადვილად გადასალახავი მიჯნაა. თორემ, ისე ამ დილეტანტიზმს მიღმა, "შემოლაწუნებების" უსასრულო ლაბირინთი და ჩახლართულ-ჩახვეული, ჩვენს მიერვე თვითნებურად გავლებული "დე ფაქტო საზღვარია".

მოკლედ, მე ჩემსას ვიტყვი და თქვენ თქვენი იფიქრეთ…

რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო სექტემბერ-ოქტომბრის გასაყარზე, ჩამოდგა ჩემი კასპი-თბილისის მატარებელი და ერთი ჩემოდნით, დიდი იმედებითა და დიადი მიზნებით, თან დართული შიშნარევი ფიქრებით, ახალი ეტაპის დაწყებასა და ახალ გარემოში დამკვიდრებას რომ ახლავს ხოლმე... და მეც დავადექი გზას...

"ჟურნალისტიკა კაცების საქმეა, ქალებს იმიტომ გჭირდებათ, რომ სარფიანად გათხოვდეთო", - ასეთი სექსისტური პათოსით სავსე მისასალმებელი სიტყვით დაგვხვდენენ უნივერსიტეტის გაცნობით შეხვედრაზე (ნუ, მე ეს სარგებელიც ვერ მივიღე პროფესიისგან ). მეტი არც არაფერი მახსოვს - ეს იყო ყველაზე დასამახსოვებელი და ძალიან გამაბრაზებელი ფრაგმენტი იმ დღიდან. შემდეგ იყო პირველი ლექცია: როგორ არ ვიჩქარე, მაგრამ მაინც დაგვიანებით შევვარდი. დამთავრდა პირველი სასწავლო დღე, მე კი ზუსტადაც არ მახსოვდა გზა სახლისკენ დასაბრუნებელად (მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ხშირად და დიდი ხნიანი დარჩენებით ვსტუმრობდი ხოლმე თბილისს).

საბედნიეროდ, თანდაყოლილი ინტუიცია და ორიენტაციის კარგი უნარი მაქვს და იმ დღეს ადვილად გამოვაგენი უკან. სწორედ იქიდან იწყება და დღემდე გრძელდება "გაგნებების" უგრძელესი სერიალი ჩემს ყოველდღიურობაში. მოკლედ, პირველი დღის შემდე, მთელ თვეს მაინც გასტანა სწორხაზოვანმა სიარულმა სახლიდან მეტრომდე, იქიდან უნივერსისტეტამდე და პირიქით. ამ დროს, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ კომპლექსის გამო სხვებს არაფერს ეკითხები, მხოლოდ აბრები და მშობლების ახსნილი უნდა დაიმახსოვრო. აბა, ყველას ხომ არ გააგებინებ რომ ახალი ხარ და ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცი ქალაქში. მერე თანდათან იმატებს სითამამე და იწყება ახალ ქუჩებზე და არა მხოლოდ მათზე გადახვევები. ყველაზე დიდი დოზით კი მოტივაცია - შენზე წინ მყოფებისთვის დაწევის, მეტიც, გასწრების სურვილი. ამას მოსდევს ლექტორების მაღალი შეფასებები და "დააბგონებაც" მალევე გამოდის.

რა აღარ იყო და არა იყო რა, იყო დამარცხებებისა და გამარჯვებების მორიგეობა. იყო პირველი სტუმრობა საჯარო ბიბლიოთეკაში ჯგუფურად, ერთმა იცოდა გზა და ყველა გაგვიყოლა. ერთად წავედით თბილისობაზეც - ფეხით მოვიარეთ მეიდანი და მისის უდიდებულესობა შარდენი, ასე შევდგით ფეხი ნამდვილ ტფილისში... იყო კაფეები, თეატრები, კონცერტები, სავაჭრო ცენტრები… მეტყველებაზე მუშაობა და მოდურ სტილს აყოლა. არაზღვარგადასული კლასგარეშეებიც: გართობა და მოლხენა - თბილისელობად მონათვლის ეგიდით. იყო მიკროფონისა და კამერის პირველი აღება და გასვლა საზოგადოებაში.

იყო პირველი სიუჟეტი უცხოელ სტუდენტებზე და ამით პირველი ახლო შეხვედრა ფერადკანიანებთან. მათთან, ვინც მანამდე მხოლოდ ეკრანზე გყავს ნანახი...

უცხოელების გარიყვაზე აკრეფილმა და აზარტში შესულმა პერიფერიელმა, სადიპლომოდაც ჩინელების ქართული ცხოვრება ავირჩიე: მათ საპოვნელად მარტომ მოვიარე მთელი თბილისი და მისი შემოგარენი: დაწყებული ლილოდან - მათი ბაზრობიდან; გაგრძელებული ავჭალის კიდემდე - გვირაბი რომ გაჰყავდათ და დამთავრებული თავისუფალი უნივერსიტეტით - ჩინელი ლექტორებისა და ჩინური ენის შემსწავლელი ქართველი სტუდენტების გაცნობით. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ გავტკეპნე თბილისის ყველა კუთხე-კუნჭული და მაგრად დავამუღამე დედაქალაქი. ახლა თამამად ვხუმრობ ხოლმე, ეს თბილისელები არ სწვალობთ ქალაქს, თორემ ჩამოთრეულებმა ყველა ჩიხი თვალდახუჭული ვიცით-თქო.

ეს მოწონებული მაღალქულიანი სადიპლომო ნამუშევრი დასაქმების გარანტი გახდა და სოფელში მიბრუნებას გადარჩენილმა, სწავლის დამთავრებისთანავე დავიწყე კიდეც მუშაობა, ლექტორის რეკომენდაციით. სამსახურშიც იყო პირველი დღე და ყველაფერი პირველი, რაც მას ახლავს: შექება, შენიშვნა, კოლეგიალობა, იმედგაცრუება, სამუშაო პოზიციების ცვლა და დღემდე ასე…

გამოგიტყდებით და პირადად ერთი წამითაც არავისგან მიგვრძნია დისკრიმინაცია წმინდა წყლის სოფლელობის ნიშნით, მითუმეტეს მტკივნეულად და დიდი დოზით. მომიტევეთ და ამას ჩემს სასარგებლო ქულად ვიწერ: ჩემი გულწრფელობის და ბუნებრივობის ხარჯზეა - ვარ ყველასთან ისეთი, როგორიც საკუთარ თავთან. შეუნიღბავი, ღიმილიანი კომუნიკაბელურობით, მოჭარბებული იუმორითა და არანაირი სოფლელობის კომპლექსით, სოფელშიც და ქალაქშიც. ასეა, პროვინციელმა ბელამ როგორი განწყობითაც მივაკითხე, ისე დამხვდა და დამახვედრა აქაურები დედაქალაქმაც.

ვაღიარებ, მე მანამდეც გამიმართლა - "ქალაქივით" სოფელში გავიზარდე, ჩვენამდე მალევე აღწევდა ყველაფერი, მისვლა-მოსვლაც ხშირი გვქონდა დედაქალაქთან და კომუნიკაციაც თბილისელ დამსვენებლებთან. ჩემს სოფელში დიდად შესამჩნევი არც კილო გვაქვს, მაქსიმუმ ერთ ზედმეტ ი ან ა-ს თუ მივამატებდი სიტყვებს (დედაი, მამაი… :დ). ზემოთ ნახსენები ლას - ის არ იყოს და განსხვავება ჩემს სოფელსა და თბილისს შორისაც ბოლოსართებზე გადის: თბილისელები თუ გაკვირვების ნიშნად იყენებენ ტო-ს, ჩემთან ვიცით - ჩო. გნებდებით! თქვენგან, დახვეწილი ტემბრით, ბევრად თანამედროვედ ჟღერს - "რას ბაზრობ, ტო", ვიდრე "გოიმური" ტონით, "კარენოი სოფლელისგან" - "ჩოოო, აბა, რას იძახი ბიჯოო".

გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ ჩამოთრეულებზე მთელი წელი წუწუნებენ, მაგრამ სააღდგომოდ განსაკუთრებით მაღალხმაზე. ამასობაში, ხოხობიც მილიონჯერ ჩავახრჩეთ და მისი დეიდაშვილ-მამიდაშვილობაც მრავალჯერ მივიწერეთ, თაობების გადათვლითაც კარგად გავავარჯიშეთ სკოლაში ნასწავლი არითმეტიკა (კარგია 8-მდე თვლა მაინც არასდროს დაგვავიწყდება)

ისიც დავიზუთხეთ, რომ ილია, აკაკი და გენიოსების უმრავლესობა ჩამოთრეულები იყვნენ.

უკვდავი გენიოსები იქეთ იყოს (მაინც არ შეგვდის მათი შეგონებები ტვინში) და ცოცხალი რიგითები, წელსაც წავეთევით… თავისუფლად ისუნთქებთ, საცობებს აირიდებთ, თუ მოგინდათ, შუა ქუჩაშიც ივლით "გორელებივით", ჩემიანებისგან დაცლილ და თქვენიანების ამარა დარჩენილ დედა/ქალაქში. მოიცათ, ცოტა ძაან ნუ გაგიხარდათ - დროებითია! ეს დღეები გაივლის და მერე ისევ გადაიჭედება ჯერ მაგისტრალი, მერე ქალაქი საცობებით. და ასე წრეზე, ყოველწელზე. ასე კამათებით მოვედით აქამდე და ჩვენი "ნიჭიერება" რომ ვიცი, კიდევ შორს წავალთ. არ ვაპირებ დავას ამაზე, მე სულ სხვა მხარეს მინდა გაგახედოთ.

ერთხელ მაინც თუ გიცდიათ, დაგენახათ, როგორი იქნებოდა რეალობა, თბილისელები რომ "მიეთრეოდნენ" სოფლებში?!

გინდათ სცადოთ? - გამომყევით, პროვინციის აივნისკენ, თანაც სუფთა ჰაერზე…

ჩახვიდოდით თუ არა სოფელში, მაშინვე მოგროვდებოდა მთელი უბანი თქვენს ჭიშკართან. ბარგსაც ჩამოგალაგებინებდნენ, დამტვერილი სახლის მილაგებაშიც მოგეხმარებოდნენ და ცოტასაც წაიჭორავებდნენ სოფელში თქვენი მიბრუნების მიზეზებზე.

გათხოვებდნენ ყველა საოჯახო თუ სამეურნეო იარაღს, რაც კი დაგჭირდებოდათ და არ აღმოგაჩნდებოდათ კარ-მიდამოზე. მერე სათითაოდ ყველა მიგიპატიჟებათ ყავაზე, ბონუსად სოფლის ნობათით გაწყობილ სუფრასაც დაგახვედრებათ. რიგ-რიგობით, სახლშიც შემოგაწვდიდნენ რძის ნაწარმსა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

თქვენი ეზოს ამწვანების მერე, მიწის დასამუშავებლადაც გამოგყვებოდნენ და თქვენც მიგიხმარებდნენ. გასწავლიდნენ ხეზე ასვლასაც და სოფლის მეურნეობის "აი, იასაც"...

დამკვიდრდებოდით და თქვენც მოიყვანდით ბოსტნეულსა თუ მარცვლეულს, დაკრეფდით ხილს. მერე მოგინდებოდათ, თქვენც გყოლოდათ ქათმები, ძროხები და ა.შ. ყოველ დილას ნახირში გააგდებდით ძროხას და მეზობლებთან ერთად ყავაზე გააგრძელებდით დილას. იქნებოდა თონეში პურის ერთად ჩაკვრები, იქვე ნაუცბათევად გაშლილ სუფრასთან.

მოკლედ, გაუხარდებოდათ და მიგიღებდნენ სრულფასოვან "თანასოფლელად", თუ თქვენგანაც იგივეს მიიღებდნენ, არც ყოველწამს წამოგაძახებდნენ "ჩათრეულობას". შემდეგ უკვე თქვენზე იქნებოდა, როგორ ადამიანობას გამოიჩენდით - ჩაებმეოდით თუ არ სოფლის ფერხულში. ის უპირატესობაც არ დაივიწყოთ, ყოველ დილას სუფთა ჰაერზე რომ გაიღვიძებდით და კი დაიღლებოდით საქმეებით, მაგრამ მაინც მეტი თავისუფლება გექნებოდათ ყოველდღიურ გრაფიკში, მეტი ურთიერთობები. კაით რა, ახლა არ თქვათ, რომ ეს არ სჯობს, "ფეისბუკში" ფერმის თამაშს და იქ ტყუილ ხვნა-თესვას?!

თუ დოზაზე მეტად გაგიმართლებდათ, თქვენი სოფლად დაბრუნება ჩემს სოფელში მოხდებოდა და ამ უკვე კარს მომდგარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც განსხვავებულად იზეიმებდით. მთელი კვირის სამზადისი, დიდ შაბათს კულმინაციად სოფლის ცენტრში იქცეოდა. ახალგაზრდებისგან საგულდაგულოდ მოგროვებული საბურავები და "ფიჩხები" ლიტანიობას დიდ კოცონად დაინთებოდა, სადაც მთელი სოფელი შეიკრიბებოდა, თავის თბილისიდან ჩამოყვანილი სტუმრებიანად. დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს თბილად მოიკითხავდნენ, გაიცნობდნენ ახლებსაც, ლიტანიობის მერე ეკლესიაში დაათენდებოდათ და მიულოცავენდნენ აღდგომას ერთმანეთს, საბურავების კოცონისგან გამურულები. კვირსაც გააგრძელებდნენ დღესასწაულს.

ორშაბათს კი მიცვალებულებს მიაკითხავდნენ, ჭირისუფლები გადავიდოდნენ ერთმანეთთან საფლავიდან საფლავზე, შენდობის სათქმელად. და რა დაგიშავდებოდათ ამით თქვენ?! თქვენ, რომელსაც ადრე შეიძლება კარის წინ მცხოვრები მეზობლისთვისაც კი არ მიგელოცათ მთავარი დღესასწაული. ეკლესიაში გაგეთენებინათ და დიდ მარხვა შენახულებს, იქიდან გამოსვლისთანავე, ღამენათეზევე, დაგეწყოთ "ფეისბუკზე" პოსტვა, პროვინციელებისგან დაცლილი ქალაქის ტკბობით გამოწვეულ სიხარულზე. ბევრი რომ არ გავაჯაზო, ჩემი სოფლის სააღდგომო სანახაობით თუ არ შეგემატებოდათ, არც არაფერი დაგიშავდებოდათ.

ალბათ დაიღალეთ, მაგრამ სანამ მოგილოცავდეთ, კიდევ პატარა "სფიჩს" მოვცხებ:

სოფლელობა ლოკაციურობაა თუ აზროვნება? მომკალით და მე მაინც მგონია, რომ ამ სიტყვაში უმრავლესობა დაკნინების, იგივე "კალოშების" დატვირთვას დებს. არადა კალოში, ძვირადღირებული "დემნა გვასალიების" დახურული ვარიანტია, სოფლის ტალახში გამოსადეგად მოგონილი. და მგონია, რომ იმას, ვისაც აზროვნებაზე ხაზგასმა სურს ამ სიტყვით, ეს სიტყვა არც მოადგება ენაზე, თუ აზროვნებს. კაცმა რომ თქვას, არც ჯდება ლოგიკაში, სოფელი/ქალაქი და აზროვნება. ან აზროვნებ ან არა, სოფელშიც და ქალაქშიც.

ამ საახალაწლოდ, ერთი ქალი ამბობდა, დაადგეს შემწვარი გოჭის ხორცი ყელზე ყველას, ვინც ამ ხალხზე ძალადობსო. მეც დავესესხები: კუჭზე მალამოდ და ტვინის უჯრედებზე მკვებავად დაგედოთ, სოფლის ეკოლოგიურად სუფთა ნობათი ყველას, ვისაც სოფელი დამაკნინებლად გეჩვენებათ.

მოკლედ აგიხსნით:

ძაან მორწმუნეებს: თუ მარადიული ცეცხლისგან განსხვავებით, მარადიული ჭეშმარიტება თქვენზე არ გადმოვიდა, მეხსიერებას მაინც მოუხმეთ. სააღდგომო სანთლის დანთების შემდეგ, ვიდრე დაცლილ თბილისსა და წათრეულ სოფლელებზე იღადავეთ, გაიხსნეთ ქრისტე. ზძე ღვთისა, რომელიც ცხოველთა სადგომში, ბაგაში და თანაც სხვის ბაგაში, დაიბადა. იქნებ, ამან მაინც აგიხილოთ თვალები ან ჭეშმარიტად მაინც "ირწმუნოთ".

ძაან "პატარებისთვის" კი: სოფელსა და ქალას შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია, ტერიტორიისა და შენობების სიდიდეებში. თან, სოფელში გლეხს დრო არ რჩება მუდმივად სარკეში ყურებისა და მაღალი მატერიებისთვის, პრაქტიკულ საქმეზეა ორიენტირებული. ამიტომაცაა ზოგჯერ თქვენზე უმანერო ან ზედემტად ბუნებრივია საუბარში. თქვენ კი რა, ერთნაირად აწყობილი ნაკვთებით, ერთნაირად დაყენებული ხმით, ერთ სტილსა და ერთ ტონალობაში გვესაუბრებით. იქნება და იქ, შემორჩენილი ბუნებრივობა და მაშასადამე ინდივიდურობა მეტად დასაფასებელია, ვიდრე თქვენი სრწორხაზოვანი ერთნაირობა, მიღებული ეტიკეტის არდარღვევის შიშით.

თანადედაქალაქელებო, მთავარია ნამდვილები, გულწრფელები და ჭეშარიტად ინდივიდუალურები ვიყოთ, უფრო მეტად ადამიანურები - სოფელშიც და ქალაქიც.

დიალექტებსა და მანერებს იქეთ რომ გავცდეთ, ამ ორ ლოკაციელებს შორის ერთადერთი განსხვავებაა, თქვენ ბევრად ნაკლები და ჩვენ ასმაგად მეტი ძალისხმევა, მუშაობა და ბრძოლა გვჭირდება, ერთი და იგივე შედეგის მისაღწევად.

ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის უკვე დამკვიდრებული გარემო, ჩენთვის სრულიად ახალია. (აი, მაშინ კი, თუ ერთად წავიდოდით, ნიუ-იორკში, ორივეს ერთნაირად დაგვეღლებოდა კისრები, ცათამბჯენებზე მიშტერებულებს :დ ) მაშინ, როცა თქვენ ყველა ადგილი იცით და მთელი სანაცნობოც გვერდით გყავათ, ჩვენ მაშინ ვიწყებთ, ქალაქის ათვისებაც და სანაცნობო წრის "შემოვლებასაც". და მე მეჩვენება, რომ თქვენ, ხოხბის სოფლელებთმოძულე შთამომავლებო, სწორედ ამის გამო მოგდით ბრაზი, მოცემულობების ასეთი დისტანციის მიუხედავად, მაინც მახლობელ "ლეველებზე" ვართ, ერთნაირად კონკურენტუნარიანები.

უფრო მეტიც, შეიძლება ჩვენ უფრო ადვილადაც ვიშოვოთ სამსახური, ვიდრე თქვენ. აბა, ეხლა ყველა სამსახურს ხომ არ იკადრებთ, მხოლოდ ტოპპოზიციებია თქვენი, ჩვენ კი ყველაზე დაბალ პოზიციასაც კი საკუთარ მიღწევად ვთვლით და მადლობლებიც ვართ ამით. ასეთი პირველი ჩემთვის რეპეტიტორობა იყო, კარგი გამოცდილება კი მივიღე, მაგრამ ძალიან დამღლელიც: ლექციების შემდეგ სხვა რომ უნდა ამეცადინო და იქიდან კიდევ შენი სამეცადინოსთვისაც შეირჩინო ენერგია. გამოგიტყდებით და მეც არ დავიტვირთვდი თქვენს ადგილზე თავს, როცა სახლი, საჭმელი და ჩასაცმელი უფასოდ მოგდის. რა თქმა უნდა ჯობს, მთელი ახალგაზრდული ენერგია სწავლაში და გართობაში ჩადო, მაგრამ თქვენ თითქოს მოდუნებულები ხართ. ამონახსნის გარეშე რჩება ამოცანა, მაინც რატომ არ ხართ თქვენ კონკურენციაშიც და მენტალურ განვითარებაშიც ბევრად უფრო წინ, ვიდრე ჩვენ ამდენ ძალისხმევა აკიდებულები? - მეტად, არ ინდომებთ!

თვალსაჩინოებისთვის, თუ შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ და ერთი პატარა სიტუაცია, საკუთარ ფიქრად წარმოიდგინეთ, წამით:

დგახარ მრავალსართულიანი კორპუსის ძირში, იყურები ზემოთ და ნატრობ, - რა დაშავდება, თუ ერთი ფანჯარა იქნება შენი, სულ რაღაც ერთი და არა მეტი. ასეთ დროს გეჩვენება, რომ ბევრად გამარტივებული და კომფორტულებული იქნებოდა ცხოვრება - ბევრად მეტს შეძლებდი. ვიცი, სისულელა, მაგრამ ეს იმდენად ჭეშმარიტებად გეჩვენება, როგორც იცი, რომ დედა ყველაზე მეტად გიყვარს. ვერასოდეს გაიგებთ და არც გისურვებთ ამის შეგრძნებას. ნუ შეგეცოდებით, ეს განცდა მხოლოდ გზის დასაწყისშია, მერე კი მას მოსდევს მთების გადადგმის და ამისთვის, ორმაგად და მეტადაც შრომის ეტაპი. ერთადერთი მჭრელი იარაღის - მოტივაციის ამარა.

შეიგრძენით როგორია?! - თუ თქვენც მაგრად გეტკინათ, გილოცავთ, თქვენ უკვე გაქვთ საკმარისი მოტივაცია და შანსი ბევრად უკან ჩამოგვიტოვოთ "ჩამოთრეულები".

პ.ს არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ ჩათრეულობამაც აზარტში იცის შესვლა, მაგრამ ისე გამოვიდა რომ, ჯერ იყო და კასპის სოფლიდან ისევ სოფელ დიღომში ჩამოვეთრიე, მერე იქედან საბურთალოზე გადმოვეთრიე და ახლა აქედან "მესამე გზის ჩათრეულობაზე" ჩამითრია ფიქრმა - ევროპკენ, წინ ახალი გამოცდილებისა და ახალი თავგადასავალისკენ. ჯერ კიდევ იბრძვის ჩემში პატრიოტიზმი, მაგრამ თუ ბოლოს მაინც გაიმარჯვა ეგოიზმმა, ჩემი მატარებელი ახლა ევროპისკენ დაიძვრება და უკანაც აღარასოდეს დაბრუნდება. მხოლოდ აღდგომებზე სტუმრად… თუ, რა თქმა უნდა, დამცალდა და ამ წერილის გამოქვეყნებისთანავე, არ ამომიქოლეს თბილისის შემოსასვლელი და ამ აღდგომებზე ისევ "ჩამირტყეს ვიზა" იგოეთის გზაგამტარზე.

მრავალი ბედნიერი აღდგომა გაგთენებოდეთ. ყოველ ამ დღეს ჩვენში დაითრგუნოს ბოროტი და ხელახლა იშვას წინაზე უკეთესი ადამიანი, მეტი სიყვარულისა და სითბოს გაცემით. გვესწავლოს სხვისთვის ცოდვების მიტევება და პატიება. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ავტორის სხვა ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ: #მახრჩობელა