თვალისმომჭრელი სისუფთავე, ანუ რატომ არ გვიყვარს ქართველებს ნაგვის სანაგვე ურნაში ჩაყრა? - კვირის პალიტრა

თვალისმომჭრელი სისუფთავე, ანუ რატომ არ გვიყვარს ქართველებს ნაგვის სანაგვე ურნაში ჩაყრა?

დაახლოებით სამი დღის წინ, ორბელიანის მოედანთან მდებარე "კარფურიდან" ნელი ნაბიჯით, ბალზაკის ასაკის, ორი ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი გამობრძანდა. ერთ მათგანს ხელში ეკავა ხელსახოცი, რომელიც ჩემს შორიახლოს, ასფალტზე ისე ბუნებრივად დააგდო, რომ გაოცებისაგან ენა წამერთვა.

დაბნეულმა გვერდი ავუარე და გზა განვაგრძე, თუმცა სადღაც ორ წამში, როცა ბრაზმა ბოლომდე შემიპრო, მივუტრიალდი და ვკითხე, გრძნობდა თუ არა ქაღალდის დაგდებისას სირცხვილს. უმალ მომიგო, მეეზოვე წაიღებსო. თანაც სახეზე წამოწითლდა. მისი პასუხის ლოგიკურობა მეორემაც დაადასტურა, თუმცა სახეზე ალისფერმა მასაც გადაჰკრა. ეს უკვე რაღაცის მანიშნებელი იყო.

ამ ქალაქში ბევრი რამ ხდება, თუმცა ამ მრავალთა შორის უმცირესი ადგილი უკავია თბილისელთა სურვილს, მოიპოვონ მონატრებული სისუფთავე.

აქ ყველაფერი სულმოუთქმელად იცვლება, პოლიტიკაში მოთამაშე ფიგურებით დაწყებული, ქალაქის სხეულზე უხეშად დარჭობილი კორპუსებით დამთავრებული. არ იცვლება მხოლოდ ერთი რამ და რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს არის ჭუჭყი. არა კოსმიური, ბირთვული თუ გამოგონილი, არამედ ჩვეულებრივი, ქაოტური და ბოლოსდაბოლოს უხერხული ჭუჭყი. იმ ქუჩათა ჩამოთვლა რომ დავიწყო, სადაც ის შეპარულა, უფრო სწორად, საიდანაც ის არასოდეს გამოპარულა, უგზო-უკვლოდ დავიკარგებით.

მუდმივად მაწუხებს ერთი ელემენტალური კითხვა: რატომ არ გვიყვარს ქართველებს ნაგვის სანაგვე ურნაში ჩაყრა? არსებობს რამდენიმე პასუხი.

პირველი: ეზარება;

მეორე: ეთაკილება ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა;

მესამე: სანაგვე ურნა, როგორც ასეთი, შორიახლოს არ დგას. ამ პრობლემას სიამოვნებით დავაბრალებდი სანაგვე ურნათა უკმარისობას, თუმცა, ამას უფრო უკულტურობა ჰქვია.

ვიზიარებ იმ ადამიანთა გულწრფელ წუხილს, რომლებიც ხედავენ იმას, რომ ყოფითი კულტურა, როგორც ასეთი, ამ ქვეყანაში გაქრა ან იმდენად მოკრძალებულად დაღოღავს, რომ მისი შემჩნევა უკიდურესად ჭირს. ეს ამბავი არამარტო შემაწუხებელია, არამედ ძნელიც.

ხანდახან მგონია, რომ ჩასაფრებული ვარ, რადგან მშვენივრად ვიცი, რომ ვიღაცისთვის შენიშვნის მიცემა, ან რამეზე აუგის თქმა იმდენად იოლი და ხელსაყრელია, რომ პასუხის გაცემაზე ფიქრიც აღარ გიწევს. თქვი და გაიარე. სათქმელს რა გამოლევს. მიუხედავად ამისა, მაინც არ მასვენებს ფიქრი ნერვიული აქაურ ქუჩებსა თუ მის მოუვლელ კანის უჯრედებში ჩამკვდარ ჭუჭყზე.

რამდენიმე წლის წინ, ვიღაცამ იფიქრა და სისუფთავის წასახალისებლად, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირზე ჩამწკრივებულ ურნებზე ლექსები გაჩნდა. მიუხედავად მასშტაბის სიმცირისა, ეს ამბავი სულაც არ იყო ცუდი. გავიდა დრო და ქალაქში ნარინჯისფერ სანაგვე მანქანებზე ამხედრებულ ნარინჯისფერ კომბინიზონიან მენაგვეთა ლაშქარი გამოჩნდა. მერე დამნაგვიანებელთა აღსაკვეთად ჯარიმებიც დაწესდა, რომელთა სიდიდეც დროგამოშვებით მატულობს, თუმცა მაინც არაფერი გამოდის. ამის შემყურეს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი მიჩნდება, რომ ამ სენთან "კოლექტიური მრეცხავი ვარდოც" ვერას გახდება.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?

არსებობს რომანტიული, არც ისე რთული, მაგრამ დროში გაწელილი გზა, რომელიც ჩვენი მენტალიტეტის ხალხის სარკმლებიდან შეიძლება ცოტა უცნაურადაც გამოჩნდეს.

წარმოიდგინეთ, ქუჩაში მიმავალი გოგონა. არა, ის გოგონა მანქანაში ზის და წითელი მაკაგონით გაწყობილი სალონიდან გამოყოფილი ხელის ნატიფი მოძრაობით ასფალტზე მანდარინის ქერქს აგდებს. მე რომ ყოფითი ვაჟკაცობა ან დიპლომატიური სითამამე მქონდეს, მივალ და ვკითხავ: "გეთაყვა, იცით თუ არა, რომ მანდარინი სასარგებლო ციტრუსია?" ის, რა თქმა უნდა, მიპასუხებს, რომ სწორედ ამიტომაც გეახლებითო. ამ პასუხის შემდეგ, მე უმალ მეორე კითხვას შევაგებებ: "იმაზე თუ გსმენიათ, რომ მანდარინის ქერქი მდიდარია ბეტა-კაროტინით?" - მას გაკვირვების ნიშნად გაუფართოვდება თვალები, მაგრამ მე არაფრისდიდებით არ გავჩერდები და შეფარული ირონიით ვეტყვი, რომ: "ბეტა-კაროტინის მიღება აუცილებელია, როგორც ახალი, ისე მოცუკატო (დაშაქრული) სახით".

როგორც კი მისი თვალები თანაგრძნობით აინთება, ისე, გაკვრით დავძენ, რომ: "სწორედ ეგ კაროტინი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და იდეალურად აწესრიგებს ნერვებს". ამის შემდეგ, ის უკვე კმაყოფილი და მადლიერი სახით მანქანიდან გადმოვა, მანდარინის ქერქს ნაზად აკრეფს, ხელით გაბერტყავს, მხრების სუსტი რხევით, გულში სათუთად ჩაიხუტებს და აცრემლებული თვალებით უღრმეს მადლობას გადამიხდის. მე კი, კმაყოფილი და ოდნავ დაბოხებული ხმით ვუპასუხებ: "არაფერს, გენაცვალე" და ვალმოხდილი ნაბიჯით გავაგრძელებ გზას.

ადამიანებს სხვადასხვა სახის ნაგვის სარგებლიანობის შესახებ ხალისით უნდა მოვუყვეთ. ამისათვის, თუნდაც ავტობუსის გაჩერებებზე გაავებულ მწვანეჟილეტიან კონტროლიორთა ნაცვლად უნდა დავაყენოთ სათნო გამომეტყველების ხალხი, რომლებიც მოქალაქეებს გადასაგდებად განწირული ნაგვის სასარგებლოდ გამოყენების გზებს სიყვარულით აუხსნიან: "ეს პატარა ბილეთი ტყის ნაწილია, შვილო" ან "პატივცემულო ქალბატონო, ბანანის ქერქი ხომ შესანიშნავად აპრიალებს ფეხსაცმელს", "მეგობარო, ამ პურს თუ დაფშვნი და ლამბაქით ფანჯრის რაფაზე დადებ, ბეღურები გვარიანად დაპურდებიან" ან "გენაცვალე, შენ სამყაროს ნაწილი ხარ, სანაგვისა კი არა."

არავითარი ჯარიმა. ხალხს არ უნდა ეშინოდეს მათი. ხალხს უნდა უყვარდეს ისინი. ისინი ხალისით ივლიან ქუჩებსა თუ ეზოებში, თავაზიან, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევენ საკვებისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ფაჯრიდან გადმოყრას.

ერთი რევოლუციონერი კაცის თქმისა არ იყოს, არის კიდევ ერთი გზა, რომელიც მნიშვნელოვანია იმით, რომ წაუგებელია და კიდევ იმით, რომ მის გარდა არც აღარაფერი გვრჩება. ძალიან სწრაფად, დროის ყოველგვარი გაწელვისა და ბიუჯეტის სიმცირეზე ლაპარაკის გარეშე, სექტემბრიდან მაინც, ყველა საჯარო სკოლაში დაინერგოს ახალი საგნის "სუფთა გარემოს" სწავლება.

შეიქმნას ამ საგნის მასწავლებლის შტატი. რომლის დაკავებასაც შეძლებს მხოლოდ ის პედაგოგი, რომელიც შესაბამის ტრეინინგს გაივლის. სავარაუდოდ, საკმარისი იქნება, რომ ამ საგნის სავალდებულო სწავლება პირველიდან მესამე კლასამდე გავრცელდეს.

მოვუწოდებ ყველას, ყველას, ყველას, რომ პირველივე შესაძლებლობითანავე, ეს წინადადება მიაწოდოს განათლების მინისტრს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმავეს არ ვეცდები მე.

ორი-სამი წლის შემდეგ, ქუჩებში გამოჩნდებიან ბავშვები, რომლებსაც გულსა და გონებაში, ძვალსა და რბილში, გამჯდარი ექნებათ ცოდნა იმისა, რომ რაც უფრო ნაკლები ნაგავია ქუჩაში, მით უფრო მაღალია კულტურის დონე ხალხში.

მე მჯერა და წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ საჯარო სკოლებში ამ საგნის დამკვიდრებისთანავე, ქვეყანას ეღირსება სისუფთავე, რომელიც თვალისმომჭრელი იქნება.

მამუკა ბადრიძის ბლოგი