"ადვანსირებული" საზოგადოება, ანუ ბარბარიზმით შეპყრობილის "სფიჩი" - კვირის პალიტრა

"ადვანსირებული" საზოგადოება, ანუ ბარბარიზმით შეპყრობილის "სფიჩი"

"ესე ენაჲ (ქართული) შემკული და კურთხეული... მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა..."

"ჩემო ფრენდებო,

ჰიბრიდული ანგლო-ქართულის ფოლოუერთა სახელით ვაანონსებ, რომ ქართულ ნეტსფეისში ძალას იკრებს ახალი მოძრაობა #არაბარბარიზმებს, რომლის წევრებმაც პრიმარულ ტარგეტად ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონის კომპილაცია დაისახეს. მინდა იცოდეთ, რომ ამ ლექსიკონის პრომოუშენი გამოიწვევს ჩვენი ადვანსირებული თიმის შევიწროვებას, რაც უკვე არსებულ ლინგვისტურ მეინსტრიმს დიდ ზიანს მიაყენებს.

ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ევროპისაკენ ასპირირებულ ჩვენს მოსახლეობას ამგვარი ფაზლი საერთოდ არ სჭირდება.

ჩვენი რაივალის მიერ "ბარბარიზმების ლექსიკონის" გამოცემამ ჩემი ფრუსტრირება გამოიწვია, ვინაიდან მეგონა, რომ მშობლიურ ენას ვამდიდრებდი, ამ მოძრაობამ კი, ჩვენს მიერ ინკორპორირებულ სიტყვებს ბარბარიზმები უწოდა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ შემაშინებს, ცდება, რადგან უცხოეთში ისეთი ტოპგანათლება მივიღე, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ მომერევა. ამიტომ, საკუთარ თავს უფლებას მივცემ, რომ ჰიბრიდული ანგლო-ქართულის სასარგებლოდ გავემიჯნო დედა ენას, რომლის მიმართაც, უნდა ვაღიარო, ნელ-ნელა აროგანტული ატიტუდი მიჩნდება.

ამიტომ, ამ ახალი მოძრაობის ჩელენჯით ინსპირირებულმა, ჩემი სიმართლის სავალიდაციოდ, დღეიდან ბრძოლა უნდა დავიწყო. შევქმნი იდეალურ ექშენპლენს, რომლის იმპლემენტაციასაც ყოველდღიურად მოვახდენ.

იმისათვის, რომ ჩემი პროტესტის დესემინირება ხალხში ურგენტულად მოვახდინო, გადავწყვიტე, რომ ვიტალურად მნიშვნელოვანი საკითხის ობზერვაციისა და რითრითების ჩასატარებლად ოფისიდან დროგამოშვებით დეიოფები ავიღო.

ჩვენი რაივალი მოძრაობის წევრებმა, ჰიბრიდფოლოუერების მიმართ სიტუაციის ალარმირების მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ჩემნაირებს მხოლოდ ენის დააფთეიდება უნდათ.

თუ გვინდა, რომ საზოგადოებაზე ჩვენი ტრენდის გავლენა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს, მშობლიურ ენას ჩვენეული კრეატიული ატიტუდი არასოდეს არ უნდა მოვაკლოთ.

ჩემო ფრენდებო და ფოლოუერებო, ველოდები თქვენს ფიდბექებს. მჭირდება ასისტანსი, რათა ეს მოკლე სფიჩი დაალაიქოთ და დააშეაროთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ ერთი თიმი ვართ."

აი, ეს არის მოდური, დროს მორგებული "XXI საუკუნის ქართულით" მოქარგული ტექსტი, შიგ მიკარგ-მოკარგული პომპეზური სიტყვებით.

ახლა კი, იმავე ტექსტს შესადარებლად "მოძველებული და მოდიდან გამოსული" ქართულით შემოგთავაზებთ:

"ჩემო მეგობრებო,

ჰიბრიდული ანგლო-ქართულის მიმდევართა სახელით ვაცხადებ, რომ ელექტრონულ სივრცეში ძალას იკრებს ახალი მოძრაობა #არაბარბარიზმებს, რომლის წევრებმაც უმთავრეს მიზნად ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონის შედგენა დაისახეს. მინდა იცოდეთ, რომ ამ ლექსიკონის პოპულარიზაცია გამოიწვევს ჩვენი განვითარებული ჯგუფის შევიწროვებას, რაც უკვე არსებულ ლინგვისტურ მიმდინარეობას დიდ ზიანს მიაყენებს.

ეს იმდენად მტკივნეული თემაა, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ევროპისაკენ მომზირალ ჩვენს მოსახლეობას ამგვარი თავსატეხი საერთოდ არ სჭირდება.

ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ "ბარბარიზმების ლექსიკონის" გამოცემამ ჩემი იმედგაცრუება გამოიწვია, ვინაიდან მეგონა, რომ მშობლიურ ენას ვამდიდრებდი, ამ მოძრაობამ კი, ჩვენს მიერ შემოტანილ სიტყვებს ბარბარიზმები უწოდა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ შემაშინებს, ცდება, რადგან უცხოეთში ისეთი ხარისხიანი განათლება მივიღე, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ მომერევა. ამიტომ, საკუთარ თავს უფლებას მივცემ, რომ ჰიბრიდული ანგლო-ქართულის სასარგებლოდ გავემიჯნო დედა ენას, რომლის მიმართაც, უნდა ვაღიარო, ნელ-ნელა ქედმაღლური დამოკიდებულება მიჩნდება.

ამიტომ, ამ ახალი მოძრაობის გამოწვევით შთაგონებულმა, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, დღეიდან ბრძოლა უნდა დავიწყო. შევქმნი იდეალურ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ყოველდღიურად განვახორციელებ.

იმისათვის, რომ ჩემი პროტესტი სასწრაფოდ ხალხში გავავრცელო, გადავწყვიტე, რომ ამ არსებით მნიშვნელოვან საკითხზე დასაკვირვებლად და გასვლითი შეხვედრების ჩასატარებლად სამსახურიდან დროგამოშვებით ერთდღიანი შვებულებები ავიღო.

ჩვენი მოწინააღმდეგე მოძრაობის წევრებმა, ჰიბრიდმიმდევართა მიმართ სიტუაციის დაძაბვის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ჩემნაირებს მხოლოდ ენის განახლება უნდათ.

თუ გვინდა, რომ საზოგადოებაზე ჩვენი მიმდინარეობის გავლენა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს, მშობლიური ენას ჩვენეული შემოქმედებითი დამოკიდებულება არასოდეს არ უნდა მოვაკლოთ.

ჩემო მეგობრებო და ბლოგის მიმდევრებო, ველი თქვენს გამოხმაურებებს. უმორჩილესად გთხოვთ, ეს მოკლე სიტყვა მოიწონოთ და გააზიაროთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ".

ამ წერილის შემდეგ, ალბათ უპრიანი იქნება, რომ ჰიბრიდული ანგლო-ქართულით ამეტყველებულ ქართველებს შევთავაზო მცირე ამონარიდი თერთმეტი საუკუნის წინანდელი ქართული ტექსტიდან:

"ესე ენაჲ (ქართული) შემკული და კურთხეული... მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა..."

გაცილებით ადრე, ბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადზე წარწერის გაჩენისთანავე, ქართველის ცნობიერებაში იშვა ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ჩვენგანი, მხოლოდ იმისთვის არ დაბადებულა, რათა ქართულ ენას დამუქრებული საფრთხე დაივიწყოს ან გულში ჩაიკლას, არამედ იმისათვის, რომ ამის შესახებ ხმამაღლა, მთელი ძალით, ძარღვების დახეთქვამდე იყვიროს.

მამუკა ბადრიძის ბლოგი