საბრალონი, ანუ როცა სხვისი უბედურება გახარებს - კვირის პალიტრა

საბრალონი, ანუ როცა სხვისი უბედურება გახარებს

თუ ქუჩაში ვინმეს გააჩერებ და თავაზიანად ჰკითხავ, არის თუ არა კეთილშობილი ადამიანი, გაჩერებულთა ოთხი მეხუთედი მცირეოდენ უხერხული, მაგრამ ტკბობაშეპარული ღიმილით გიპასუხებთ, რომ ალბათ არის. ამის შემდეგ, ალბათ უფრო საინტერესო იქნება პასუხი იმაზე, რა არის კეთილშობილება?

ამ კითხვის დასმა, რთულ სინამდვილესა და არეულ დროში, იქნებ არც არის მარტივი, ვინაიდან ამა თუ იმ ღირებულებებზე მსჯელობას, ქართველთა უმეტესობას წაყრუება გვირჩევნია.

არ ვიცი, სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ აქ, ამ შელამაზებულ ქვეყანაში, უამრავ სიავესთან ერთად, სიძულვილიც განსაკუთრებული ვიცით. სწორედ ამ სიკეთისაგან განკერძოებულ ჭაობში აღმოცენდა უკეთურობაზე გაცილებით მდაბალი გრძნობა - სიძულვილით ნასაზრდოები სიხარული, რომელიც იმდენად უჩვეულო, არაადამიანური და არანორმალურია, რომ ამ პათოსით მოსიარულე "სუბიექტებს" ადამიანური პასუხი ალბათ არც უნდა გასცე.

ისინი ალბათ არც უხეშ ფიზიკურ სასჯელს იმსახურებენ, ვინაიდან ბოროტება, რომელიც ამ ბოღმითა და სიძულვილით გაუდაბურებული ადამიანების სულშია ჩაბუდებული, მის მატარებელ სხეულებს შიგნიდან გამალებულად ანგრევს.

ისინი აქ დაიბადნენ. ისინი აქ გაიზარდნენ. ისინი ჩვენები, ჩვენი პირადი ნაძირლები არიან. ზოგი ასეთი გენეოლოგიურად იშვა, ზოგი თანდათან იქცა ასეთად, ზოგი კი სხვისმა ტრაგედიამ გამოამჟღავნა. ისინი სულაც არ იბადებიან იმ რაოდენობით, რამდენიც მოგვიანებით ხდებიან. მათ მომრავლებას, ჩვენდა საუბედუროდ, ხელს უწყობს ხალხის მასაში გაჯერებული გულგრილობა და გაუხეშებული მორალური კლიმატი, რომელიც ამ გამორჩეულ მიწაზე მოჭარბებულად სუფევს.

რატომ უნდა უხაროდეს ერთ "ადამიანს" მოყვასის ენით აუწერელი მწუხარება ან რატომ უნდა დაწეროს ამ ლუციფერული სიხარულის შესახებ სოციალურ ქსელში? იქნებ ჯობდა, საკუთარი მახინჯი ფანტაზია საკუთარ მახინჯ სულში ღრმად ჩაემარხა და ამის შესახებ არც არავის გაეგო, ვიდრე მისი სიმახინჯე მისთვისვე არ გახდებოდა აუტანელი.

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ შვილის დამკარგავ მშობელს ირონიული კომენტარითა თუ მონატრებული გამარჯვების ყიჟინით გულს უარესად მოუკლავს?

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ შვილმკვდარი დედა "ფეისბუკზე" საკუთარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ კომენტარებს კითხულობს ან ვინმეს ეყოფა თავხედობა და მას ამ უზნეო კომენტარების შესახებ ეტყვის?

ნეტა თუ ამბობს რომელიმე მათგანი აღსარებას? და თუ ამბობს, შვილდაკარგული მშობლის ლანძღვა როგორღა უნდა მოინანიოს?

ნუთუ რომელიმე მათგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უთქვამს, რომ ქრისტიანია? და თუ უთქვამს, ამის მერე როგორღა იტყვის ამას?

ნუთუ რომელიმე მათგანს არ ჰყავს შვილი და ვერ ხვდება, რომ გაუბედურებული მშობლის განქიქებით, საკუთარ ბავშვს ხვალინდელ დღეს უსულგულოდ უკლავს?

ნუთუ რომელიმე მათგანს ჰგონია, რომ თუ არ მოსწონს რომელიმე ფილმი, რომელიმე ნახატი, რომელიმე ლექსი ან რომელიმე სატელევიზიო გადაცემა, ზემოჩამოთვლილ სიკეთეთა ავტორს, თავსდატეხილი უბედურების ჟამს, სულში უნდა ჩააფურთხოს?

ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ სულში ჩაკირულმა ბოღმამ და დაგროვილმა გესლმა, ნუთუ ვერ ხედავთ?

რომელმა დედამ გიმღერათ ნანა, ან რომელმა მამამ გატარათ მხრებით, ვისთან მეგობრობთ და გიყვართ თუ არა ვინმე? რომელ სახლში ხართ ბედნიერები და ენატრებით თუ არა ვინმეს?

ან იქნებ ვინმემ ამისხნას, გამარკვიოს, განმიმარტოს, განსაზღვროს ან ნათელყოს, რატომ უნდა თავმომწონეობდეს ამბიციური ინტერნეტგვერდი იმით, როგორ მდგომარეობაშია შვილის დამკრძალავი მშობელი. როგორ გგონიათ, როგორ მდგომარეობაში იქნება?

ან რატომ ვრცელდება ვირტუალურ სივრცეში გამოსვენების ამსახველი ის ვიდეო, რომელსაც თავად გამავრცელებელი შემაძრწუნებელს უწოდებს. ჰოდა, თუ შემაძრწუნებელია ნუ დადებ, და თუ დადე, მაშინ ნუ უწოდებ შემაძრწუნებელს.

ამ ყველაფრის შემდეგ, უმორჩილესად ვთხოვ საიტის ადმინისტრაციას, დაუშვან გამონაკლისი და ჩემი მისამართით გამოგზავნილი შეურაცხმყოფელი, დისკრედიტაციის მქონე, მაგინებელი და მაძაგებელი კომენტარები არ წაშალოს, ვინაიდან მე ამას უემოციოდ მივიღებ და ყოველგვარი ფიქრის გარეშე, ამ გაუკუღმართებული ცნობიერების ხალხს ისეთ პასუხს გავცემ, რომ არასოდეს დაავიწყდებათ.