ჩემი ევროპელი ბებია, ანუ როცა დასავლეთი არც ისე შორსაა...
09-03-2017
ჩემი ევროპელი ბებია, ანუ როცა დასავლეთი არც ისე შორსაა...
ვიდრე საქართველო ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი გახდება და სანამ მისი პირველი მოქალაქე ამ თავისუფალ მიწაზე უვიზოდ შეაბიჯებს, ვიდრე ქართული მართლმსაჯულება, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭოურ მართლმსაჯულებასავით ერთსულოვანი იქნება და სანამ ის არ მიხვდება, რომ სიმართლე უვიზოდ მოგზაურობს, ვიდრე ქართველებს ჩვენი ქვეყანა ყველასაგან დავიწყებული გვგონია და სანამ ჩვენ არ ვიგრძნობთ, რომ ის უფრო დიდია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია, მოვყვები ერთ ამბავს, რომელიც ისევეა ქართული, როგორც ევროპული.

მარტინ და ჰელგა მორიცები
ბავარიულ
ქალაქ გიუნცბურგში ცხოვრობდნენ. ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი ილმა, რომელსაც მეგობრის ბიძაშვილი, საშობაო ზეიმზე პოლონეთიდან სტუმრად ჩამოსული ნაუმი დანახვისთანავე შეუყვარდა. მიუხედავად მამის სურვილისა, რომელმაც ქალიშვილსა და პოლონელ სასიძოს საცხოვრებლად ბავარიაში დარჩენა შესთავაზა, ახალშეუღლებული წყვილი ქორწინებისთანავე, კრაკოვში, ლასტოვეცკების მშობლიურ ქალაქში დაფუძნდა. ნაუმსა და ილმას შვიდი შვილი შეეძინათ -
ექვსი ვაჟი და ერთი ქალი - ალექსანდრა.

როცა ალექსანდრა ჩვიდმეტი წლისა გახდა, იაგელონიის უნივერსიტეტში, ქიმიის შესწავლა დაიწყო. მალე გაიცნო ქართველი სტუდენტი, რომელმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. საქმე ისაა, რომ ნიკო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, საუბრის მანერისა და ენაწყლიანობის წყალობით, ხშირად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ ამბავს ალექსანდრა დიდ ყურადღებას არ უთმობდა, ვინაიდან მოსწონდა დარიუსი და უცხოელ ყმაწვილს სერიოზულად არც კი აღიქვამდა. თუმცა სხვაგვარად ფიქრობდა ნიკო, რომელმაც საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ გოგონა ხელიდან არ გაეშვა.

მაშინ, როდესაც დარიუსი ალექსანდრას სილამაზით შორიდან ტკბებოდა და მასთან ახლოს მისვლასაც ვერ ბედავდა, ნიკო ალექსანდრას დაუფარავად ეტრფოდა და ყოველ ცისმარე დილას ყვავილებს ჩუქნიდა, საღამოობით კი, სახლში აცილებდა ხოლმე. მუდმივმა ყურადღებამ და ნიკოს მეტყველმა თვალებმა თავისი ჰქნა და პოლონელ გოგონას ქართველი ბიჭი შეუყვარდა.

ვინაიდან ნიკოს არცერთი საქმის გადადება არ უყვარდა, ბევრი არ უფიქრია და ერთ საღამოს სატრფოს ოჯახს ხელის სათხოვნელად ეახლა. პან ლასტოვეცკის ქართველი სასიძო, მხოლოდ სითამამისა და ემოციურობის გამო, არ მოსწონებია. საქმე ისაა, რომ მას ქართველი დედა ყავდა, რომელიც იმდენად ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომ კარგად არც კი ახსოვდა. მაშინ ის მხოლოდ ხუთი წლის იყო. თუმცა ბუნდოვნად ახსოვდა დედის სურნელი და გულღია სიცილი, რომელიც ნიკომ თავისდაუნებურად მოაგონა. დედისა და ბებიის ხსოვნიდან გამომდინარე, ამ ოჯახში ქართველები ყოველთვის შინაურებივით უყვარდათ.

მიუხედავად ქართველთა მიმართ კეთილგანწყობისა, ალექსანდრას ექვსი ძმიდან არცერთი არ აღფრთოვანებულა დის ნიკოზე გათხოვების სურვილით, თუმცა ყველაფერი მაინც ოჯახის თავმა გადაწყვიტა და ერთადერთ ქალიშვილს ქართველზე გათხოვების ნება დართო.

საქართველოში წამოსვლამდე, ილმამ ქალიშვილს საოჯახო ალბომიდან ამოღებული ფოტოები ჩაულაგა ნაპოლეონის პორტრეტით დამშვენებულ იმ ვერცხლის ყუთში, რომელიც ილმას ბებია იზაბელმა ბავარიაში დიჟონიდან მზითევად ჩამოიტანა.

ოცდაათიანი წლების თბილისმა, ისევე როგორც თავის დროზე ნიკომ, ალექსანდრაზე უცნაური შთაბეჭდილება დატოვა. მას მატარებლიდან გადმოსვლისთანავე გაკვირვებია, თუ, რა შორს იყო ევროპიდან საქართველო. კრაკოვთან შედარებით აქ ხალხიც განსხვავებული იყო, კლიმატიცა და შენობებიც.

ალექსანდრამ მალე, სულ რაღაც წელიწადში ისწავლა ქართული წერა-კითხვა, რადგან ესმოდა, რომ სხვანაირად ამ უცხო ქვეყნის სწორად აღქმა და გათავისება ძლიერ გაუჭირდებოდა. ორიოდე თანხმოვანს თუ არ ჩავთვლით, იმდენად კარგი ქართულით მეტყველებდა, რომ ნიკოს სიხარული ცას წვდებოდა.

ახალგაზრდა წყვილს მიყოლებით სამი ვაჟი შეეძინა. ალექსანდრა დაბადებიდან ხუთი წლის განმავლობაში, ბიჭებს მხოლოდ ქართულად ელაპარაკებოდა და ღიმილით ამბობდა, რომ ამათ ქართულ ფსიქიკას ვუფრთხილდებიო.

ჩამოსვლიდან ორმოცი წლის შემდეგ, როცა ალექსანდრასა და ნიკოს მესამე ვაჟი, ბიძაჩემი, ოცდაჩვიდმეტი წლისა გარდაიცვალა, ოჯახთან ერთად მთელი ნათესაობა გლოვამ მოიცვა. ტიროდა და ქვითინებდა ყველა, ვისაც ჩვენთან რაღაც მაინც აკავშირებდა. მხოლოდ ალექსანდრა ჩანდა მშვიდი და აუღელვებელი. მას არც თვალები აცრემლებია და არც თავში წაუშენია ხელი. როცა მამაჩემმა საკუთარ დედას გაოცებულმა ჰკითხა, რატომ არ ტირიო, მან კითხვას კითხვითვე უპასუხა, ნუთუ ეს რამეს შეცვლისო. ამგვარი პასუხი ჩემთვის, შვიდი წლის ბიჭისთვის, არა მხოლოდ უცნაური, არამედ აუხსნელიც იყო.

დაახლოებით ათი თუ თერთმეტი წლის შემდეგ, როცა გურამ რჩეულიშვილის "სიკვდილი მთებში" პირველად წავიკითხე, გაოცება ვერ დავმალე და ყველაფერს მივხვდი. ალფრედ კურელას, გერმანელ მწერალს, ცოლის ხევსურეთში დაღუპვაზე ზუსტად ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორც ბებიაჩემს შვილის სიკვდილისას. ამიტომ ბიძაჩემის გარდაცვალებისას გაურკვეველი ემოციები ბებიაჩემს საბოლოოდ ვაპატიე და მივიღე ისეთი, როგორიც იყო. ამის მაგალითი თავად ბებია ალექსანდრამ მომცა, რომელმაც ქართველები მიგვიღო ისეთებად, როგორებიც ვიყავით.

მერე თანდათან გამახსენდა ისიც, რომ ქართველ ბებიათაგან განსხვავებით შვილიშვილებს არასოდეს გვაძალებდა საჭმელს, არ გვათამამებდა და ერთსა და იმავეს ორჯერ არასდროს გვიმეორებდა. ჰქონდა თავისი წესები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ ცვლიდა. ყოველთვის ყურადღებით კითხულობდა პროდუქტებზე მიწებებულ ინტრუქციებს და იშვიათად ხუმრობდა. რომელიმე საქმის დაწყებამდე ისე საფუძვლიანად ემზადებოდა ხოლმე, რომ შვილიშვილებს სიცილად არ გვყოფნიდა. ვერ ვიტან სიურპრიზებს და იმიტომო, - ასე გვიხსნიდა ხოლმე.

ყოველი პენსიის მიღებისას, ფულს ზედმიწევნით ყურადღებით ითვლიდა, მერე კი ფოსტალიონს ფეხის ქირად მანეთიანს ჩუქნიდა. როცა მარტო რჩებოდა, თავისთვის ბუტბუტებდა ხოლმე, ამის გაკეთება კანონით სულაც არ მევალებაო.

ის იმდენად ხელმომჭირნე ადამიანი იყო, რომ ყოველთვის ჰქონდა დანაზოგი, რომლითაც მისი შთამომავლობა "ბოროტად" ვსარგებლობდით. განუწყვეტლივ გვიმეორებდა, ფულის "კადრი" (ანუ ყადრი) უნდა იცოდეთ, ციდან როდი ცვივაო. ამ წინადადებას მოსდევდა ტრადიციული სამწამიანი პაუზა, რომელიც წყდებოდა ჩემი უყაირათო და მოქეიფე პაპის სევდიანი გახსენებით: "ეჰ, ნიქო, ნიქო."

საშინლად ვერ იტანდა დაგვიანებას. ერთხელ, სასამართლოში მოწმედ დაიბარეს და რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როცა მოსამართლემ პროცესზე მისვლა ნახევარი საათით დააგვიანა. სახლში დაბრუნებულმა სინანულით ისღა თქვა, ისე შორს არის ევროპიდან აკაურობა (აქაურობა), რომ წარმოდგენაც ჭირსო.

ამ ამბის შემდეგ, დაახლოებით ოთხი ათეული წელი გავიდა. ჯერ ჩრდილოურ მზეს შევეფიცხეთ, რომელმაც ვერაფრით გაგვათბო, ვინაიდან სხვისი გათბობა არც არასდროს ყოფილა მისი ბუნება. ახლა უკვე ევროპას შევყურებთ, რადგან ჩრდილოეთი უკვე წარსულია და ყველა ჩვენგანმა იცის, რომ იმის ახდენას, რომელსაც სულხან-საბას ნატვრა ჰქვია, ბევრი არაფერი უკლია.

თუმცა, ნატვრის ახდენას აქვს ერთი მარტივი წესი: თუ რაღაც ძალიან გინდა, ამისათვის მზად უნდა იყო. უნდა იცოდე, რომ თუ ევროპელობა გწადია, პატივი უნდა სცე საკუთარ კანონებს, მიუხედავად იმისა, გაწყობს თუ არა, პატივი უნდა სცე თავისუფალ სიტყვას, მიუხედავად მთქმელის ღირსებისა თუ წარსულისა, პატივი უნდა სცე კონსტიტუციას, მიუხედავად იმისა, რისი სურვილი გაქვს და ვისი სული გსურს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჭრიალით გახსნილი დასავლური ჭიშკარი აღარასოდეს ჩაიკეტება.

მამუკა ბადრიძის ბლოგი
მარი
06 აპრილი 2017 17:30
მომწონს ეს ბლოგი,მადლობა მამუკას!ევროპა არასოდეს არ მიიღებს ეხლანდელ გაუბედურებულ ქართველს!ვინც მოასწრო და წავიდა,მხოლოდ ისინი გადარჩებია,დანარჩენი კი განწირულები არიან შიმშილისათვის!!!.არა აქვს მნიშვნელობა დიპლომი რამდენი აქვს,ან ტაქსისტია,ან მოვაჭრე ან კიდე მუშა.საქართველოს არ ყავს ნამდვილი პატრიოტი არაააა,რომელიც წაიყვანს ქვეყანას აღმშენებლობის გზაზე!თუ ვინმე ასეთი გამოჩნდება,მაშინვე დაუწყებენ ლანძღვას და გინებას!ქართველს რამდენი დიპლომიც არ უნდა ქონდეს საქართველოში აღებული იგი მაინც ვერ ააშენებს ქვეყანას!!!რადგან მას განვითარება არა აქვს.იცის მხოლოდ წიგნებიდან და არც კი იცის რომ მისი განხორციელება შესაძლებელია!ანუ არ უნახია და ვერც ნახავს საქართველოში!!!
natalia
10 მარტი 2017 19:43
kargi statiaaaa shors vart evropidan da sakmaodac mama papis fesvebidan
მანანა
10 მარტი 2017 13:45
სკოლებში სადღა ტარდება შრომის გაკვეთილები, ბავშვებმა მიწაზე მუშობის ყადრი არ იციან, ყველას უმაღლესი განათლება უნდა