მიხას ომი, ანუ კაცი 1993 წლის 16 მარტიდან - კვირის პალიტრა

მიხას ომი, ანუ კაცი 1993 წლის 16 მარტიდან

საქართველოს ისტორიაში არის მაგალითები, რომელთა გახსენებაც საკმარისია საიმისოდ, რომ სიამაყემ შეგიპყროს. ოცდაოთხი წლის წინ, მდინარე გუმისთაზე გამაგრებულმა ქართველებმა სოხუმის ასაღებად დაძრული ფართომასშტაბიანი შეტევა იმგვარი ვაჟკაცობითა და თავგანწირვით მოიგერიეს, რომ 1993 წლის 15-16 მარტი აფხაზეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საბრძოლო ოპერაციად იქცა.

მიხაც გუმისთაზე იბრძოდა. ამიტომ მასზე მოგიყვებით.

ის სოხუმელი ომის ვეტერანია, რომელიც უკვე საკუთარ სახლში ცხოვრობს. ადრე სხვაგან ცხოვრობდა და ოცნებობდა ისეთ სახლზე, რომელშიც ახლაა. მიხა ჰყავს ცოლი, რომელიც უყვარს და უცხოეთში მცხოვრები შვილი, რომელიც ენატრება.

სახლის წინ აქვს პატარა ბოსტანი, რომელშიც ბევრი არაფერი მოდის, მაგრამ ბოსტანი რომ ჰქვია, ის უხარია. რამდენიმე პატარა, მაგრამ ხასხასა წითელი პომიდორი შავი მიწიდან ხანდახან ისე ამოხეთქავს ხოლმე, რომ თავი ბედნიერი ჰგონია.

ბოსტნის ბოლოში კაკალია, რომელიც ახლახანს დარგო. ვიღაცამ კაკალი დაუწუნა, ჩრდილი ნაყოფს გაგიფუჭებსო. ამაზე გაეცინა და ამის გაზრდამდე სახლში დავბრუნდებიო, - უთხრა.

როცა ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა იყო, ჯარში წაყვანილი მიხა საზღვაო ფლოტში აღმოჩნდა, სადაც ბევრი რამ ისწავლა და იქიდან ისეთი კუნთმაგარი დაბრუნდა, რომ აფხაზეთის ომის დაწყებისას, იარაღს ლამის პირველმა მოჰკიდა ხელი.

მიხას აფხაზი ძმაკაცებიც ჰყავდა, რომლებთან ერთად ყავის დასალევად "ბრიხალავკაშიც" დადიოდა, აგუძერას პლიაჟზე კარტსაც თამაშობდა, კელასურის ტყეებშიც ქეიფობდა, სინოპის სანატორიუმებთან რუს "ნაშებსაც" აბამდა და "ტურბაზელ" ბიჭებთან საქმეებსაც არჩევდა. უყვარდა მიხას აფხაზი ძმაკაცები, მაგრამ უფრო მეტად უყვარდა სამშობლო.

ეს სიყვარული იყო დამნაშავე იმაში, რომ მხარზე ავტომატი გადაიკიდა და ნელ-ნელა ომიც ისწავლა. მერე კი ისეთი მეომარი გახდა, რომ ხანდახან ავიწყდებოდა ხოლმე, რომ ერთ დროს უომრადაც ცხოვრობდა.

როცა მიხამ უიარაღო გაგრელი ქართველების დახოცვის ამბავი გაიგო და საკუთარი თვალით იხილა შრომა-ახალშენიდან ჩამოსვენებული გვამები, ისე გამწარდა, რომ ორი დღე-ღამე ჰაუბიცებს შეუჩერებლად ისროდა, რომელთა ხმაზეც ყურებიდან სისხლი სდიოდა. მერე კი, როცა სიჩუმემ შეაჩერა, მიხვდა, რომ დაყრუვდა.

მიხა პირველად რომ დაიჭრა, უცებ გაშეშდა და ტკივილზე მეტად უძლურება ეტკინა. ადგილიდან ვერ წამოდგა და ყელში ბურთი მოაწვა, როცა მისი უკრაინელი ძმაკაცი მოალყე მტრებს ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდა: "Когда это мы Хрузины сдавались?"

ომისას, ერთხელ უზომოდ ამაყიც კი იყო მიხა, როცა შუაგულ მარტში, გუმისთაზე მტერს გაჩენის დღე აწყევლინა. ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან მიერიშე მომხვდურს ქართველებმა მაშინ ოთხას კაცამდე მოუკლეს, ათასამდე კი დაუჭრეს.

მერე კი, როცა ჭუბერისაკენ მიმავალს საკუთარმა მამამ სახლის დატოვებაზე უარი უთხრა, მიხა დაიბნა და გონება ისე აემღვრა, რომ სახლში, მეხუთე სართულზე ტყვიამფრქვევი აიტანა, ფანჯარაზე დაამონტაჟა და მშობელ მამას მტრების განადგურების სიტყვა დაუგდო.

მიხას იარაღი არც სოხუმის დაცემის მერე გადაუგდია – პარტიზანებს შეუერთდა და თავზეხელაღებულ ოპერაციებში მონაწილეობა ცხოვრების წესად გაიხადა. პარტიზანობისას მიხა ერთხელ სოხუმის რესტორანშიც იყო და "მრავალჟამიერიც" იმღერა. ქართულ სიმღერას რამდენიმე ბიჭი შეეწირა, მიხა კი გადარჩა და ამის გამო გული უსაშველოდ დასწყდა.

მიხა საკუთარ თავს ვერც იმას პატიობს, რომ არ აღმოჩნდა სოხუმში დარჩენილ უკანასკნელ ქართველთა შორის, რომლებმაც დაჩოქებას სიკვდილი არჩიეს. მას დღემდე გულს უკლავს და აჩრდილივით დასდევს: "Ни за что в жизни"...

ას დღემდე არ ავიწყდება ომისაგან ნატანჯი კაცის სახე, რომელმაც ბაბუშერის აეროპორტის ჭურვის ნამსხვრევებით ამოჩორკნილ კედელზე სისხლით დააწერა "Мы еще вернёмся". და ხანდახან იმაზეც ფიქრობს, რომ იქნებ, იმ სიტყვების დაწერა ქართულად სჯობდა?

ბრძოლებისაგან გადაღლილი და ჭრილობებისგან ნატანჯი მიხა დედაქალაქში ჩავიდა. ეს იყო ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და მიხასნაირების დანახვის გამო თითისწვერებზე არ დამდგარა. მიხამ იგრძნო ეს და ძალიან ეწყინა.

სოხუმში მიხა პატარა დისშვილთან მეგობრობდა, რომელსაც დათოშკა ერქვა. მათი მეგობრობა თბილისშიც გაგრძელდა, როცა ისინი ერთი პატარა თბილისური ეზოს პაწაწინა ბინაში ერთად ცხოვრობდნენ.

როცა ომისაგან გადაღლილ მიხას ფიქრები ეძალებოდა და რამდენიმე წუთს ხმას არ იღებდა, დათოშკა განაწყენდებოდა ხოლმე, მიხა პატარას თმას უჩეჩავდა და ღიმილით უხსნიდა, რომ ფიქრი მცირე ხნით ყველაფერს ავიწყებდა.

სადღაც, აფხაზეთის ზღვის ტალღებში იძირებოდა ხოლმე ომისაგან აღმოცენებული ტკივილი და ახსენდებოდა მიხას, როგორ უყვარდა Marc Knopfler-ი და მისი უკვდავი "A place where we used to live".

მიხას სოხუმიდან წამოღებული ჰქონდა თანამებრძოლებთან ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტო, რომელთანაც ურთიერთობის უცნაური წესი ჰქონდა, როცა ომს რომელიმეს სიცოცხლე ეწირებოდა, მოკლულის ფოტოს "პასტით" გადახაზავდა ხოლმე.

ერთ დღეს, მიხამ აღმოაჩინა რომ გადაუხაზავი დარჩენოდა ომში დაღუპული, ბავშვობის მეგობარ საშკას სახე. ხოლო, როცა ისიც გადახაზა, მიხვდა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაწყევლილი ფოტოდან გადარჩა, თავად იყო. მერე კი, ერთი ბოთლი არაყი სულმოუთქმელად დაცალა და მწარედ ატირდა.

ერთხელ მიხა ქუჩაში შეზარხოშებული მიდიოდა. ხმადაბლა მღეროდა და ამით ბედნიერი იყო. მერე ვიღაც გამვლელმა შეაჩერა და აქცენტზე ჰკითხა, რომელიც თბილისისთვის უჩვეულო იყო. "Пацан, я говорю с акцентом, думаю с акцентом и пою с акцентом"- ასე უპასუხა მიხამ.

უკვე 2017-ის მარტია. მიხა მოგონებებისგან დაიღალა. ნელ-ნელა მობეზრდა დარდი, მობეზრდა უკან დაბრუნებაზე ფიქრი და თვით სიძულვილიც კი. გუშინ ისრაელიდან შვილმა დაურეკა და ქორწილში დაპატიჟა.

წავა მიხა ისრაელში, შვილსაც გემრიელად ჩაეხუტება და სიძესაც. კარგადაც იქეიფებს და იქაურობასაც ნახავს. უარი არც უფიქრია, რადგან მშვენივრად იცის, რომ შვილის ქორწილში წასვლა უცილებელია, გარემოს გამოცვლა კი, კარგი.

მერე კი... მერე კაცმა არ იცის, რა მოხდება.

მამუკა ბადრიძის ბლოგი