წერილი გამოცხადებულ სიკვდილამდე - კრიმინალური საკითხავი - კვირის პალიტრა

წერილი გამოცხადებულ სიკვდილამდე - კრიმინალური საკითხავი

თანამედროვე ყოფა საკუთარი მხრებით უამრავ ტკივილს ატარებს. ზოგს ერევა, ზოგს კი, ვერა. ამ ყოველდღიურ ბრძოლაში ბუნებრივად ჩნდება ისეთი ცენტრები, სადაც ფსიქოლოგიური უძლურებითა თუ ნარკომანიით დამძიმებულ ადამიანებს მენტალური ბალასტის მოცილებაში პროფესიონალები ეხმარებიან.

მრავალთაგან ერთ ასეთს განაგებს კახა, რომელიც სოციალური ფსიქოლოგი და წარმატებული მეცნიერია. კლინიკას ჰყავს პაციენტები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პერიოდული, მცირე ნაწილს კი სისტემატური დახმარება ესაჭიროება.

აქ მოდიან ან მოსვლას აპირებენ ადამიანები, რომელთა სულიერი მდგომარეობაც ხანდახან იმდენად მძიმეა, რომ მათი სტრესიდან გამოყვანას ხანგრძლივი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ზოგი მათგანი ცენტრში მისვლას ერიდება და ანონიმურ სატელეფონო კონტაქტს ამჯობინებს. ზოგი კი, დახმარების მისაღებად, წერილს ელექტრონულ მისამართზე აგზავნის. თუმცა ხანდახან ხდება ისე, რომ მიუხედავად სურვილისა და მცდელობისა, ადამიანის შველა შეუძლებელი ხდება.

ამ ცოტა ხნის წინ, ცენტრმა მიიღო ხმოვანი წერილი, რომლის ავტორისა და წერილის წარმომავლობის დადგენა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. კახამ, რომელიც ჩემი მეგობარია, ავტორისა თუ მისი შემდგომი ბედის გარკვევის იმედით ამ წერილის გასაჯაროება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ წერილის ეპიზოდების ნამდვილობის, ავტორის ვინაობისა თუ არსებობის დადასტურება შეუძლებელია, მისი გამოქვეყნება, რაღაც შედეგს ალბათ მოიტანს.

აი, ეს წერილი:

"თქვენს შესახებ ჩემმა ძმაკაცმა დემეტრემ მომიყვა. ინტერესიანი და განათლებული ბიჭია, თუ სადმე რამე ხდება, ყველაფრის აზრზეა. იცის ის ამბავი, წამალს რომ ვეთამაშები და მაგრა განიცდის. მაგან მირჩია, თქვენთან მოვსულიყავი, აუცილებლად გიშველიანო. მე მოსვლა ცოტა არ იყოს მეძნელება, ამიტომ გადავწვიტე ჩემი კაიფის ამბის ჩაწერა და თქვენთვის გამოგზავნა.

ვიდრე მოიფიქრებთ, როგორ მიშველოთ, მარცხენა მკლავზე შემოვიჭერ რეზინის ზონარს და...

დღეს უკვე მეოთხედ ვეკონტაქტები ამ გოთვერნობას. პირველ ჯერზე მოვწიე და მაგრად გამისწორდა. ცუდი ისაა, რომ კაიფი დიდხანს არ გრძელდება, დიდი-დიდი თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი, ჰა-ჰა ორმოცი წუთი. სადღაც ორ-სამ საათში ისე მაგრად მომინდა, რომ კინაღამ გავაფრინე. კიდევ კარგი, ბევრი ვიყიდე. ერთი ჩეკი 60 ლარი დამიჯდა.

მეორე ზახოდზე ცხვირით შევიყნოსე. ისე გამოვსირდი, რომ ცალ ფეხზე ხტუნვა დავიწყე. ხელში ვითომ ჩემი დის სახტუნაო მეჭირა და ეგეთი რამეები. მერე კი, როცა უკვე ვენაში შევიშხაპუნე, ისეთი "მოვიდა", რომ მოწევა და შეყნოსვა სულ დამავიწყდა. ამიტომაც, მეოთხე ჯერზე ისევ ვენაში ვარჩიე.

რა კარგი რამე ყოფილა ეს დედააფეთქებული. თან რა იაფად ვიყიდე. ეგ უკვე ვთქვი. რომ იცოდეთ, როგორ დავითრიე, სიცილით მოკვდებით. ეგეთი რამეები ალბათ არ გიკვირთ, მაგრამ მე ჩემსას მაინც ვიბაზრებ. ბიჭებმა მითხრეს ეს ბიო თუ იბიოამფეტამინი უმაგრესი რამეაო. თანაც უპრობლემოდ იყიდი, ვერც პატრული დაგიჭერს და ვერც ვერავინო. აუფ, ნელ-ნელა წამოვიდა...

მოკლედ, ინტერნეტში უნდა შეხვიდე და წამალი მოითხოვო. მერე წამლის ბარიგა, სიაფანდი "ნიკით" გეკონტაქტება და მაყუთის წინასწარ ჩასარიცხად პირად ანგარიშს გეუბნება. მერე ინტერნეტით ან ფეიბოქსიდან უნდა ჩარიცხო. როგორც კი ფული დაუჯდება, წამალს შენს სახლთან ახლოს მოგიტანს. მე, მაგალითად ჩვენს სადარბაზოში, კიბეზე დამიდეს. მესიჯი მომწერეს. ჩავედი და ავიღე. მეტი რა გინდა.

აუ, რა მაგრად წამოვიდა. ცოტა შემეშინდა, ხო იცი. ახლა ისიც გამახსენდა, რომ ამ ახალ წლებზე საბურთალოზე, დიდუბესა და ნახალოვკაში ხუთი თუ ექვსი ბიჭი მოკვდა. ეტყობა დოზები აერიათ. მე მაგარი თვალი მაქვს და ეგეთი რამე არ მემუქრება. ცოტა ცუდად ვარ და რაღაცა უცნაურობები დამეწყო. ეს დედაჩემი სადღა წავიდა, სულ სახლშია ხოლმე, რაღაცას იჩალიჩებდა. მგონია, რომ გადავიწვი და ძალა გამითავდა, ჩემი გული თითქოს სადღაც ვარდება და ჩერდება...

ცოტა გადამიარა. საათს შევხედე. უკვე ცხრაა. მოდი ტელევიზორს ჩავრთავ. ვაა, ტრამპიც გაიჩითა. ეს კაცი მევასება. რაღაც პრესკონფერენციაა. გვერდით გერმანელი ანგელა უზის, რომელიც ეხვეწება ხელი ჩამომართვიო. დონალდა კი ისეთი სიფათით ზის, ვითომ არაფერი ესმის. რა მაგარი როჟაა. მაგაზე გამიგია, რომ თითქოს მექსიკელი გეები და ფემინისტკები ევასება, თუ არ ევასება. ერთი კი, ნაღდი ვიცი, რომ ქართველები მაგრად უყვარს, მაგრამ ამაზე თურმე სპეციალურად არ ბაზრობს. ვიღაცას კიდევ გონია, რომ არ ვაინტერესებთ.

ისევ ცუდად ვარ, თავი მისკდება. სუნთქვა ამიჩქარდა, მუცელი ამტკივდა. თითქოს გულიც მერევა. რაღაც ურჩხულები მეჩვენება, სადღაც ძალით მიმათრევენ. მე არ მივყვები. ჩემს სახლში მინდა, ჩემს სახლში, რომლის ყველა კედელი გაშავებულია, რომლებიც ნელ-ნელა ვიწროვდებიან. იქნებ სასწრაფო გამოვიძახო. არა, არ მინდა. ექიმები მტრები არიან. მტრები არიან ექთნებიც და მაგათი მძღოლიც. ეგ მძღოლი კიდე პოლიციის აგენტია.

ქუჩაში ვიღაც ბავშვს ეძახის. ეს ქალი ჩემი მეზობელია. მე და მისი ნიკალა კლასელები ვიყავით. ჰოდა, დედამისი მის პატარა დას ეძახის. ოჯახში ხუთი ბავშვია. ეს ქალი აღარ ჩერდება. ხმა როგორ გაფუჭებია, ნეტა რა დაემართა. ალბათ კვდება, თორემ ხმა რატომ გაუფუჭდებოდა. ნეტავ ვინ მიხედავს მის შვილებს?

თავბრუ მეხვევა და თვალები მებინდება, თითქოს გონებას ვკარგავ.

ნეტა დედაჩემი სად არის? სად და, ამერიკაში. მეორე კლასში რომ ვიყავი, მაშინ წავიდა. ვალებს გადავიხდი და მალე ჩამოვალო. გადაიხადა, მაგრამ მაინც არ ჩამოდის. სკაიპით სულ ამერიკელებს აგინებს, მაგრამ მაინც არ ეთმობა იქაურობა. ალბათ მატყუებს. იქ არც ისე ცუდია, როგორც ყვება. თხუთმეტი წელია, არ მინახავს. სახლში რომ ყოფილიყო, ამ საზიზღრობას როგორ მოვიტანდი?

ძალიანაც კარგი, რომ წავიდა. თუ უნდა, სულ ნუ დაბრუნდება, მთავარია ფული აგზავნოს. ნეტა რამდენი სახლი უნდა იყიდოს? სამი უკვე იყიდა, ახლა მეოთხეზე წვალობს. ნეტა თუ ვნახავ? ისე აქ როცა იყო, სულ მეჩხუბებოდა. რაც უნდა გამეკეთებინა, არასოდეს მეტყოდა, მაგარი ხარო ან რა ჭკვიანურად მოიქეციო. სულ იმას მეუბნებოდა, რომ უტვინო, უსინდისო და შემარცხვენელი ხარო.

ვაიმე, თითქოს მუცელს ვიღაც მიფატრავს და ჩემს ნაწლავებს ჯიჯგნის. რაღაც ხმები მესმის, სხვადასხვაგვარი. ვიღაც მეუბნება, რომ ჯოჯოხეთში წასასვლელად უნდა მოვემზადო და სპეციალური კბილის ჯაგრისი უნდა ვიყიდო. კიდევ ცხენიც უნდა იყიდო, იქ მანქანით წასვლა არ შეიძლებაო. მეორე მეუბნება, შენისთანა დამპალი საიქიოში არავის სჭირდებაო.

ოთახის კუთხეში ვიღაც ქალი დგას. არ ვიცნობ. მაღალია, აქვს შეზნექილი წელი და მრგვალი, მკვრივი ტრ..., მკერდსაც არა უშავს, წაისექსებს. სახე კი, უტეხავს: აქვს ნარინჯისფერი თვალები, მომწვანო სახე და მე რომ მჭირდება, იმ ცხენივით დიდი კბილები. თვალებში მიყურებს და მიახლოვდება. ჩერდება და მესამეზე რომ ქეთინო ცხოვრობს, იმისი ხრინწიანი ხმით მეუბნება, მიყვარხარო.

ეს მამაჩემი სადღა დაეთრევა? ნეტა სამსახური მაინც ჰქონდეს. ან ამ ტოტალიზატორში სიარულით არ დაიღალა? ერთხელ წააგო, გადაუხადა დედაჩემმა, მეორედ წააგო - გადაუხადა. შე დებილო, რამდენჯერ უნდა გადაგიხადოს ცოლმა, რომელიც თხუთმეტი წელია, არ გინახავს. ნეტა თუ რცხვენია? ახალი მანქანით დარბის, მგონი ვიღაცასაც ხერხავს. მაგას ალბათ ჩემი სიკვდილი უნდა.

მე ისიც ვიცი, რომ ტიპი, ვისგანაც ინტერნეტით წამალი ვიყიდე, მამაჩემია. ეგ დამპალი იქნება, აბა სხვა ვინ უნდა იყოს? მოიყვანს მერე თავის გომბიო ნაშას ჩვენს სახლში და გააკეთებენ თავისნაირ დებილებს. მე კიდე საპნის ბუშტივით გავქრები.

ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემს გამო წავიდა დედაჩემი. მე გამოვაშტერე მამაჩემი. მე გავუფუჭე ხასიათი ჩემს უმცროს დას ისე, რომ ბავშვი დასანახად ვეღარ მიტანს. იმიტომ, რომ ლუზერი ვარ და კრეტინი.

ბატონო კახა, ჩემს ლაპარაკს ალბათ არ წაშლით და როგორმე დამეხმარებით. თუ გნებავთ, სხვებსაც მოასმენინეთ. იქნებ, ხალხმა გაიგოს, ეს ბიოამფეტამინი რა დედა...

ნელ-ნელა ვძიმდები, უჰჰჰ... მგონი ვკვდე..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

მამუკა ბადრიძის ბლოგი