სამშობლოში გვჭირდებით! - ფიქრი ჩემს ძმაკაც "ლიმონასა" და ქვეყნიდან გადახვეწილ სხვა თანამემამულეებზე - კვირის პალიტრა

სამშობლოში გვჭირდებით! - ფიქრი ჩემს ძმაკაც "ლიმონასა" და ქვეყნიდან გადახვეწილ სხვა თანამემამულეებზე

დავითი თბილისელია, რომელსაც ჯერ არ უნახავს ევროპული პეწით შეკმაზული აღმაშენებლის გამზირი, ანუ ქუჩა, რომელზეც, მისი ასწლოვანი სახლის ფანჯრები კვლავაც ძველებურად გამოდის. ის, ოჯახთან ერთად უკვე ამერიკაში ცხოვრობს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმაკაცი "ლიმონა" საქართველოს გარეშე ამდენს გაძლებდა. მასთან ერთად, ჯარისკაცის ფარაჯით, ყაზახეთის სტეპებში ორი წელი გავატარე და ზედმიწევნით ვიცი, რას ნიშნავს მისთვის აქაურობა.

ერთ მშვენიერ დღეს, სხვადასხვა მიზეზთა თუ უმიზეზობათა გამო, დათომ უცხო ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა და უკვე იქ ჩასულმა, დროის არცთუ მცირე მონაკვეთის შემდეგ, ყოფითი შვებაც იგრძნო. არ ვიცი, უკან დაბრუნების შემდეგ, რას ეტყვის ის თავის ქვეყანას ახალს და რას ეტყვის ქვეყანა მას, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, რომ დავითი იქნება იქ, სადაც ის აუცილებლად უნდა იყოს.

უცხოეთში, ჩემი მეგობრის მსგავსად, არცთუ უმიზეზოდ გადახვეწილ თანამემამულეთა შესახებ, ყველამ ყველაფერი ვიცით და ამაში არც არაფერია გასაკვირი, ვინაიდან ყოველი მეოთხე ქართველი, ანუ თითქმის ყოველი ქართული ოჯახის ერთი წევრი საზღვარგარეთ იმყოფება. ეს ხალხი საკუთარი ოჯახებისათვის თავდადებულ იმ ადამიანთა რიგშია, რომელთაც ცხოვრების მიზნად ახლობელთა შველა და სიძნელეებთან ბრძოლა გაუხდია.

როდესაც ამ ადამიანებზე ვფიქრობ, ცოტა არ იყოს მიკვირს ან შეიძლება მეჩვენება კიდეც, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მტკივნეულ საკითხზე მსჯელობას დამნაშავესავით გაურბის. ამასთანავე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს თემა ყველა ჩვენგანს აფორიაქებს. ამ კეთილშობილ ხალხზე მუდმივი ფიქრი აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ უკან ჩამოსულებს თვალებში თამამად ჩავხედოთ.

როცა ოთხმოცდაათიანების ზღურბლზე საზღვრის მიღმა სამუშაოს შოვნა შესაძლებელთან ერთად ხელსაყრელიც გახდა და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან სიახლით აღტკინებულ ქართველთა ცოცხალი რიგები დადგა, ბევრს გვეგონა, რომ ევროპასა თუ ამერიკაში მცირე წამუშავების შემდეგ "სერიოზულ" ფულს იშოვიდი ადამიანი, შემდეგ იყიდდა "მაგარ" ბინას, "საკაიფო" მანქანას და საფუძველს ჩაუყრიდა პატარა, მაგრამ სერიოზულობის პრეტენზიით აღსავსე ბიზნესს.

ამგვარ ისტორიაში ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად მოვყევი მეც.

ერთ საღამოს, ახლობელმა მითხრა, რომ მის ახლობელს გერმანიაში ჰყავდა ახლობელი, რომელიც აქედან ორასკაციანი სამუშაო ჯგუფის წაყვანას აპირებდა, რომელიც ჩასვლის შემდეგ, ორი მიმართულებით უნდა განაწილებულიყო. ერთი ნაწილი სამუშაოდ წავიდოდა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, რაინალდ-პფალცის მიწაზე, ქალაქ ლანდაუში (Landau) , მეორე ნაწილი კი - ჩრდილოეთ გერმანიაში, სამხრეთ საქსონიის მიწაზე, ქალაქ კუქსჰაფენში (Cuxhaven). პირველში სამშენებლო სამუშაოები იყო, მეორეში კი, თევზის საკონსერვო ქარხანა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ საკონსერვო ქარხანაში მუშაობა გაცილებით მიმზიდველი ჩანდა, თუმცა თითოეული ჩვენგანის შრომითი მომავალი მხოლოდ გერმანელი შეფის (Führer) კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

მოკლედ, როგორც მაშინ ხდებოდა, ამგვარი "ნაკოლის" შესახებ ყველამ ყველას გააგებინა და შევგროვდით ორას კაცამდე, რის შემდეგაც ყველა პოტენციურმა ემიგრანტმა ევროპის ყველაზე მოწესრიგებულ ქვეყანაში წასასვლელად ორას-ორასი დოლარი გავიღეთ.

თუმცა მოხდა ისე, რომ არც არაფერი მოხდა. ჩვენდა საბედნიეროდ, სავარაუდო დამსაქმებლის აქაურმა მეგობარმა, რომელიც მისივე თქმით, გერმანელის მიერ ორმოცი ათას დოლარში უსინდისოდ იქნა "გადაგდებული", ისინდისა, საკუთარი ბინა გაყიდა და ქართველ მშრომელთა არშემდგარ ჯგუფს (Die Arbeitsgruppe) გადახდილი ფული უკან დაგვიბრუნა. მოგვიანებით ძლიერ იმედგაცრუებულმა ახლო მეგობარმა სინანულით მითხრა, რომ ამ ფულად ის ოცნება უღირდა, რომელიც სამ თვეს გრძელდებოდა.

ახლანდელი გადასახედიდან ძნელია იმის თქმა, ვის უფრო გაუმართლა: ჩვენ, რომლებმაც წასვლა ვერ მოვახერხეთ, თუ მათ, ვინც, მიუხედავად მრავალი სირთულისა, გამგზავრება მაინც შეძლო და სამშობლოში დღემდე არ დაბრუნებულა.

მეტ-ნაკლებად დამთრგუნველი შრომისა და ჯაფის შედეგად, ზოგიერთმა მათგანმა, უმეტეს შემთხვევაში აქ დარჩენილ ოჯახის წევრთა გონივრული თანადგომით, რაღაც მატერიალურ კეთილდღეობას მართლაც მიაღწია, თუმცა საამისოდ ისეთი მორალური საზღაური გაიღო, რომ ამ სიკეთით ტკბობა ცოტა არ იყოს ეძნელება.

თუმცა არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც, მიუხედავად უმძიმესი შრომისა და მეტისმეტად რთული პირობებისა, ჩამოსვლას არ ჩქარობს. ისინი გზავნიან ფულს, რომლითაც მათი ოჯახის წევრები სხვადასხვაგვარი მატერიალური სიკეთით სარგებლობენ.

თვით ამ გადახვეწილი ხალხის უმეტესი ნაწილისათვის კი, რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს მომავალი ცხოვრებისა და მატერიალური უსახსრობის შიში, რომელიც ბუნებრივად, მათთვის მხოლოდ საქართველოსთან ასოცირდება.

გულდასაწყვეტია, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, ოჯახის წევრებთან კავშირს მხოლოდ ვირტუალურად ინარჩუნებენ, უკან დაბრუნების ნაცვლად, ახალ და ახალ სამუშაოს ეძებენ. უმრავლესობას აქვს აბსტრაქტული შიში იმისა, რომ ემიგრანტულ შრომაზე უარით, უსახსროდ დატოვებს ძვირფას ადამიანებს, რომელთაც, მიუხედავად კეთილი მიზნებისა, ფუნქციას თავადვე უკარგავს.

ჩვენ, აქ დარჩენილ ქართველ ხალხს ეს ადამიანები გვჭირდება აქ. მათ, იქ წასულ ქართველ ემიგრანტებს სჭირდებათ საქართველოში დაბრუნება იმაზე მეტად, ვიდრე ეს ჩვენ, აქ დარჩენილებს წარმოგვიდგენია, თუმცა ამის მოგვარებას აქ, ამ პატარა ქვეყანაში, ისეთი სამუშაო ადგილები სჭირდება, რომელთა გაჩენისთანავე ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი თავის რჩენის პრაქტიკული შესაძლებლობა მიეცემა და სამუშაოს საძებნელად ცხრა მთას იქით აღარ წავა.

ამგვარ გარემოს კი სჭირდება კარგი კანონები, რომლებიც ჯერ არ დაგვიწერია, მობილიზებული ხელისუფლება, რომელიც კვლავ არ ჩანს და კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებადაც ჯერ ვერ ვიქეცით.

მამუკა ბადრიძის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს