"ყვითელი, ბლანტი შხამი", ანუ როგორ მივედი ინფარქტამდე
22-04-2017
"ყვითელი, ბლანტი შხამი", ანუ როგორ მივედი ინფარქტამდე
ჩვიდმეტი წლის წინ, "ლაგუნა ვერეს" ჯერ კიდევ მოქმედ აუზში ცურვისას, როცა მეორე კილომეტრის დასრულებას თითქმის აღარაფერი მეკლდა, გულის სიღრმეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. წყალზე მოტივტივე ნარინჯისფერ ბილიკს შიშით ხელი ვტაცე და საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ სიგარეტს აღარასოდეს მოვწევდი. სხვა გზა არ იყო, ვინაიდან "მოცურავის რეჟიმი" ვერ ერგებოდა იმ ცხოვრების წესს, სადაც სიგარეტს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

აუზიდან გამოსულმა, ქურთუკის ჯიბიდან ღერნაკლული სიგარეტის კოლოფი ამოვიღე და სანაგვე ურნაში მოვისროლე. მის გარეშე რამდენიმე
დღე გავძელი და როცა დავრწმუნდი, რომ ჩემს გულს "აღარაფერი ემუქრებოდა", სიგარეტი ისევ ვიყიდე.

ასე გაიარა ნიკოტინით აღსავსე ხუთმა წელმა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა წუთიერი სიამოვნება, სიკვდილის შიში და თამბაქოს დანებების სურვილი. ასე ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი რთული დღე, როცა ავტობანზე დიდი სისწრაფით მიმავალს გულმა
ისე დამარტყა, რომ მანქანა როგორ გადავიყვანე გზის პირას, ან საერთოდ როგორ გავჩერდი, დღესაც არ ვიცი.

მახსოვს მხოლოდ რამდენიმე დეტალი: სასწრაფოს ექიმის ხელის სიგრილე, მოყანყალებული სასწრაფოს მანქანა და რაიონული საავადმყოფოს კედლების სიყვითლეშეპარული ფერი.
როგორც იქაურმა ექიმმა ივარაუდა, არასასურველი მდგომარეობა თბილისშიც დადასტურდა. კლინიკიდან გამოწერამდე ერთი საათით ადრე, მკურნალმა ექიმმა სხვათა შორის მითხრა, რომ ყოველი მესამე მწეველი სიცოცხლეს ინფარქტით ამთავრებსო. როცა ჩემი შეშფოთებული თვალები დაინახა, დაამატა, რომ ეს შენ არ გეხება, ამჯერადო და ახალმოკიდებულ სიგარეტს ღრმა ნაფაზი დაურტყა.
ინფარქტი ალბათ არც მაშინ მემუქრებოდა, როცა პირველი სიგარეტი მოვწიე. აქ საკვირველი ისაა, რომ ადგილი, სადაც პირველი ნაფაზი დავარტყი, იმდროინდელი თბილისის სპორტული სიამაყე, "დინამოს" სტადიონი იყო. თუმცა ბუნებრივი იყო ის, რომ ტრიბუნებიდან, რომელიც გაჭედილი იყო სხვადასხვა ასაკისა თუ გამოცდილების გულშემატკივრებით, მცირე შენიშვნა ან კეთილგანწყობილი რჩევა არავის მოუცია. მიზეზი ამისა იყო ის, რომ მათ უმეტესობას უკვე გავლილი ჰქონდა ნიკოტინით მოქარგული გზა, რომელზეც ხველებ-ხველებით პირველ ნაბიჯებს ვადგამდი.

სტადიონზე სიგარეტის მოწევა აკრძალული რომ ყოფილიყო, იქნებ მე და ჩემს თანაკლასელებს არც არასოდეს მოგვეწია, რადგან მიუხედავად სურვილისა, კანონის დარღვევა და, მით უმეტეს, ჯარიმის გადახდა, სულაც არ იყო ჩვენი მიზანი. თანხა, რომლის გაღებაც ჩვენი შესუნთქული ნაფაზების საფასურად, ჩვენს მშობლებს მოუწევდათ, იმგვარ დისკომფორტს მოგვიტანდა, რის შემდეგაც ყმაწვილკაცური ძალისხმევით მოპოვებული დამოუკიდებლობა ბუნებრივად ქრება ხოლმე.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ალბათ სადღაც მაინც მოვწევდი, ვინაიდან სიგარეტთან სიახლოვე იმდროინდელი მოზარდისათვის ნიშნავდა არა მარტო ზრდასულობას, არამედ იმასაც, რომ ვიღაც თანატოლის თვალში შემდგარი მამაკაცი იყავი. მიუხედავად ამისა, მალულად მოწევა ვერაფრით იქნებოდა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გაბოლება ოთხმოცი ათასი კაცის თვალწინ.

როგორც მაშინ მეგონა, მოწევის მიზანი გასინჯვა იყო, რადგან თხუთმეტი წელი ის ასაკია, როცა გგონია, რომ ყველაფერი იცი, ან უნდა იცოდე. როგორც ჩემმა კლასელმა და უკვე "გამოცდილმა მწეველმა" შენიშნა, მარტო "მალბოროს" მოწევა, რა პონტიაო. მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ჯერ "ერთკუზიანი ქემელი" გავსინჯე, რომელსაც მოყვა "თეთრი მალბორო", ჯერ კიდევ "უპწიჩკო ვინსტონი", "მენთოლიანი სალემი" და უბრალოდ "ნიუპორტი".

სინჯვა ნელ-ნელა ჩვევაში გადაიზარდა და მწეველობის გარიჟრაჟზე დაგემოვნებული უცხოური თამბაქო თანდათანობით აქაურმა "კოსმოსმა" და "კოლხეთმა" ჩაანაცვლა. მერე კი, როგორც ერთი პროზაული გმირი ამბობს, ყოველდღიურად ხდებოდა ისე, რომ "ყვითელი ბლანტი შხამი ნელ-ნელა წვებოდა ჩვენს სხეულებში".

უნივერსიტეტში სწავლისას სიგარეტი იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ის არც არავის ეგონა სასიკვდილო, რადგან ეწეოდა თითქმის ყველა და თითქმის ყველგან. ზოგიერთი საკუთარ შეუმცდარობაში დარწმუნებული ლექტორი კი აუდიტორიაში მოწევასაც არ თაკილობდა ხოლმე, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აკრძალვათა უქონლობა იწვევდა მდუმარე წახალისებას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა იმას, რომ ყვითელი ბლანტი შხამი ნელ-ნელა ჩაწოლილიყო ჩვენს სხეულებში.

მერე იყო საბჭოთა ჯარი, ანუ ადგილი, სადაც სიგარეტს თითქმის საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. იმას, ვინც საბჭოთა ჯარის შესახებ არაფერი იცის, შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ იქ სიგარეტის მოწევა შეზღუდული და დასჯადიც კი იყო. სიგარეტის მოსაწევად არსებობდა სპეციალური "კურილკა", რომელში მოხვედრაც, ცოტა არ იყოს, რთული იყო, ვინაიდან ყოველთვის ჯარისკაცებით იყო სავსე.

"კურილკა", ისევე როგორც საბჭოთა ჯარის მრავალი უკეთურება, მართლა დამამცირებელი იყო. რკინის ცხაურით შემოსაზღვრული მცირე ტერიტორიის ცენტრში დამონტაჟებული იყო საკმაოდ მასიური ურნა, რომელშიც სიგარეტი უნდა ჩაგეგდო. იქ ეს არავის აღიზიანებდა და მოწევის სურვილს არათუ ანელებდა, ახელებდა კიდეც. ამისაგან განსხვავებით, სულ სხვაა, როცა შეზღუდვა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ყოფაში გვხვდება.

როცა ქვეყანაში სხვადასხვა ადგილას სიგარეტის მოწევის აკრძალვა იგეგმება, ეს კარგია, თუმცა, მიუხედავად ამ სამომავლო სიკეთისა, გადამლაშებაც არ ივარგებს. როცა არსებობს აკრძალვა თუ შეზღუდვა, მისი გადალახვა სხვადასხვა ადამიანისაგან განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, რომლისთვისაც ყველა ვერ იქნება მზად.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სიგარეტის საწინააღმდეგო კანონი, საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენდა, ანუ არამწეველთა გასახარად, მართლაც კარგი გამოუვიდეს. ეს კი, ახალი სამთავრობო ქალაქისა და ჰორიზონტის ყველა მიმართულებით მრავალმილიარდიანი კურორტების აშენებამდე, სულაც არ იქნება ურიგო.

ბოლოს და ბოლოს, ეს გამოიწვევს მწეველთა შემცირებას, რაც შეანელებს სიგარეტის წარმოებას და შეასუსტებს ქაღალდზე მოთხოვნას, რაც ხელს შეუშლის ტყეთა გაჩეხვას.

ამ ყველაფრის შემდეგ, სიცოცხლეს შეინარჩუნებს მრავალი ხე, რომლებიც, ჩვენ თუ არა, ვინმეს სადმე მაინც გამოადგება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

მამუკა ბადრიძის ბლოგი
ალექს
09 მაისი 2018 21:22
სიგარეტი აკვიგრძალეს,მალე ნარკოლიბერალიზაციას მივიღებთ,მაგრამ როდის? მანამდე რა ვაკეთოთ? არც მოვწიოთ ,არც ვიკაიფოთ.ხომ ხედავთ ფხიზელი თვალით ვერ უყურებთ ამ უაზრო ცხოვრებას.ეს ყველაფერი რათქმა უნდა ხუმრობით.ეხლა სერიოზულად,ამიხსენით ლოგიკა სად არის ,ესეიგი სიგარეტი კლავს,ნარკოტიკი კი გვიხანგძლივებს სიცოცხლეს?საერთოდ თუ ხართ გონზე? რა აბდაუბდა რაღაცას ბოდავთ.თუ აკრძალვაა ორივე აიკრძალოს.თუ დაშვებაა ნარკოტიკის მოხმარება მაშინ სიგარეტმა რა დააშავა.ასეთ თეორიას თუ გავყვებით მაშინ ავტომანქანით სიარული აკვიკრძალეთ,ვერ ხედავთ რამდენი ადამიანი იღუპება ავტოავარიით.იმათზე მეტი 1000-ჯერ ვიდრე სიგარეტით.ხოდა გეყოთ სისულელეების ბოდვა,უფრო მეტად სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში და იმას მიხედეთ.ქვეყანა ახალგაზრდობა შეეწირა ნარკოტიკს და ამაზე იფიქრეთ და არა იმაზე როგორ დავაკანონოთ კაიფობა,მართლა გონს მოეგეთ სანამ დროა.

17 ივნისი 2017 09:47
სიგარეტის აკრძალვა და ნარკოლეგალიზაცია ერთმანეთთან როგორ ჯდება?
datiko48
24 აპრილი 2017 07:53
სიგარეტის მოწევა დავიწყე 14 წლისამ 1962-ში,გავიდა 55-ტი და ისევ ვეწევი,ოღონდ გადავედი ჩიბუხზე და სუფთა თამბაქოზე,რადგან დღეს ქართული თამბაქო იყიდება საზღვარგარეთ,ხოლო აფრიკიდან შემოაქვთ მოწამლული რადიაციით თამბაქო,რაზედაც ტეხავენ დიდ თანხებს!!!